გიხაროდენ, უძლეველო წინამბრძოლო ქართველთა ერისა და მფარველო ჩუენისა ეკლესიისაო... - კვირის პალიტრა

გიხაროდენ, უძლეველო წინამბრძოლო ქართველთა ერისა და მფარველო ჩუენისა ეკლესიისაო...

ქართველებს იმდენად გვიყვარს წმინდა დიდმოწამე გიორგი, რომ წელიწადის ერთ-ერთ თვეს, გიორგობა ვუწოდეთ. ეს სიყვარული კი ჩვენს გულებში მისსავე ბიძაშვილს, წმინდა ნინოს ჩაუნერგავს. საეკლესიო გადმოცემით, მასვე მიეწერება წმ. გიორგის ბორბალზე წამების დღის (ახ.სტ. 23 ნოემბერი). დღესასწაულად დადგენა. ჩვენში გავრცელებული თქმულებით, როცა წმ. გიორგი სიკვდილით დასაჯეს, მისი სხეული 365 ნაწილად დაყვეს და საქართველოს ტერიტორიაზე მიმოფანტეს. სხვა გადმოცემით კი საქართველოში წმინდა გიორგის სახელზე იმდენი ეკლესიაა აშენებული, რამდენი დღეც არის წელიწადშიო...

დანო და ძმანო, სათანადო პატივით ვიზეიმოთ გიორგობა, მივბაძოთ მის სარწმუნოებას და ახლაც ისე შეგვეწევა, როგორც ერთ დროს დიდგორისა და ბახტრიონის ბრძოლებში.

გთავაზობთ წმინდა გიორგის მიერ მოხდენილ რამდენიმე სასწაულს:

***

ათონზე, წმ. გიორგის სახელობის კელიაში მოღვაწეობდა მამა ევლოგე (+1948). ერთხელ, წმ. გიორგის სადღესასწაულო ტრაპეზისთვის თევზი ვერ იშოვა, მაგრამ გული არ გაიტეხა და მთავარმოწამეს მიანდო თავის დღესასწაულზე ზრუნვა. და აი, გიორგობის წინა საღამოს, კელიის კარებზე კაკუნი მოესმა. გაიხედა და რას ხედავს, კარწინ საუკეთესო თევზით დატვირთული ჯორი დგას. ას კილომდე იყო თევზიო, - ამბობდა მამა ევლოგე.

მაინც რა მოხდა? ათონის მახლობელი სოფლის, იერისოს მკვიდრმა ორი ჯორი თევზით დატვირთა და ზოგრაფის წმინდა გიორგის სახელობის მონასტერში წაიღო. გზაში ერთი ჯორი დაეკარგა. ბევრი ეძება... ბოლოს, გაიგო, რომ პირუტყვს თევზი წმ. გიორგის კელიაში მიეტანა...

* * *

სოფელ ქსოვრისში ერთი პატარა სალოცავია, ლაშარის წმ. გიორგის ეძახიან. მისი ძალა თავის თავზე გამოუცდია თბილისის წმ. პეტრესა და პავლეს ტაძრის მოძღვარს დეკანოზ არჩილ მინდიაშვილს. მამა არჩილი ჰყვება: "ყრმობისას, ვიქნებოდი რვა-ცხრა წლისა, ბიძაშვილ გოგონებთან ერთად მთიდან  ვეშვებოდი. სალოცავს რომ გავუსწორდი, ძალიან გამიკვირდა: ან ეს ქვების გროვა რა არის, ან ჯვარი რატომ აღუმართავთ-მეთქი. მათ მითხრეს, - ამ სალოცავს ლაშარის წმინდა გიორგი ჰქვია და დიდი ძალა აქვსო.

მე თავი ავიმაღლე და სალოცავს შევანერწყვე. თუ ძალა აქვს, რამე მიყოს-მეთქი, - ვთქვი თავმოწონებით.

წამოვედით. ექვსი-შვიდი ნაბიჯიც არ გვქონდა გადადგმული, რომ ნათლად დავინახე, სოფელ ილტოზის მხრიდან, სადაც წმ. გიორგის ეკლესია დგას, ცხენზე ამხედრებული წმინდა გიორგი მოდიოდა. ხელში მათრახი ეჭირა. მომიახლოვდა, მხრებზე მათრახი გადამკრა და მრისხანედ მითხრა: - აბა, გამოსცადე, მაქვს თუ არა ძალაო! შეშინებული ვკვნესოდი, "ვაი, დედას" გავიძახოდი. ტირილით ვკითხე ბიძაშვილებს, - თქვენც თუ ხედავთ წმ. გიორგის-მეთქი. იუარეს. დიდმოწამეს მხოლოდ მე ვხედავდი და ტკივილსაც მე ვგრძნობდი. ამის შემდეგ უჩვეულო რამ მოვლენები დამეწყო. სრულიად საღ-სალამათი მოულოდნელად გრძნობას ვკარგავდი და ნემსითღა მაბრუნებდნენ. ძალზე ავად გავხდით მე და ჩემი ძმა აკაკი. ექიმებმა ვერა გვიშველეს რა და როდესაც იმედი გადაეწურათ, მშობლებმა ჩვენი თავი ილტოზის წმ. გიორგის მიუძღვნეს. წავედით სალოცავში. სანთლები აანთეს, ილოცეს, მამალი შესწირეს, მერე შინ წამოგვიყვანეს. ერთი წელიწადი ჩვენთვის თმა არ შეუჭრიათ... მართლაც, იმ დღის შემდეგ, ყოველგვარი წამლობა-აქიმების გარეშე განვიკურნეთ. ერთხელ, სიზმარეულ ჩვენებაში ვნახე წმ. გიორგი, გაჭირვებულთა დასახმარებლად ცხენს მიაგელვებდა. შევთხოვე, მეც შემეწიე-მეთქი. შენთვის არა მცალიაო! - ნაწყენი იყო".

წლების შემდეგ, როცა მამა არჩილმა ეკლესიური ცხოვრება დაიწყო, ეს ამბავი მღვდელმთავარ თადეოზს (იორამაშვილი) უამბო. მეუფე თადეოზი მომავალ მოძღვარს მინდიაშვილთა გვარის სალოცავში, გერის წმ. გიორგის ეკლესიაში გაჰყოლია. მეუფეს დაუმდაბლებია თავი, მასთან ერთად შემოუვლია მუხლჩოქით სალოცავისთვის - შენი ცოდვების ნახევარს მე ავიღებო. ასე შერიგებია წმ. გიორგი მამა არჩილს.

* * *

ერთხელ, პალესტინაში სარკინოზები შეიჭრნენ. მცხოვრებთა ნაწილი ამოხოცეს, ნაწილი - ტყვედ ჩაიგდეს. იწყეს სმა და ლხენა, წმ. გიორგის სახელობის ტაძრის საკურთხეველი, სადაც მისივე წმინდა ნაწილები იყო დასვენებული, საღრეობოდ გაიხადეს. ერთმა მათგანმა მოზიდა მშვილდი და ისარი წმინდა ხატს სტყორცნა. ისარი მაშინვე უკუიქცა და მსროლელს გული გაუპო. სხვა მებრძოლებმა კი დაინახეს, რომ წმინდანის ხატი გაცოცხლდა. ხელი გაშალა და შუბით დაერია მტერს. მომხდური თავზარდაცემული ყვირილით გარბოდა. ერთმანეთს ქელავდნენ და ხოცავდნენ... ვინც თავს გაქცევით უშველა, თავიანთ ქვეყანაში დაბრუნდნენ და წმ. გიორგის ძალაზე მოუთხრობდნენ თანამემამულეებს.

* * *

წმინდა გიორგის ტყვეთა განმათავისუფლებელს უწოდებენ. კუნძულ მიტილენაზე, წმ. გიორგის დიდებულ ტაძარში, დღესასწაულზე უამრავი ხალხი იყრიდა თავს. ეს შეიტყვეს კრეტაზე მცხოვრებმა აგარიანებმა, დაესხნენ თავს ქრისტიანებს და ნაწილი დაატყვევეს. მათ შორის იყო ერთი ყმაწვილი, რომელიც კრეტელმა ავაზაკთა მეთაურმა მსახურად დაიყენა. ამ ყმაწვილის მშობლები შემდგომ გიორგობას კვლავ მივიდნენ წმ. გიორგის ტაძარში, ილოცეს, მერე შინ სადღესასწაულო სუფრა გაშალეს. სტუმრები ნელ-ნელა იკრიბებოდნენ. დედის გულმა ვერ გაუძლო მხიარულებას. დაბრუნდა ტაძარში და წმინდა მოწამეს შეწევნა შესთხოვა, მერე შინ გასწია. ამ დროს მისმა ქმარმა ტრაპეზის წინ ლოცვა წარმოთქვა. განადიდა წმ. გიორგიც. მსახურებს ღვინო უნდა ჩამოესხათ, რომ უცებ მათ წინ დატყვევებული ბიჭი გაჩნდა, ხელში კოკით ღვინო ეჭირა. "სად იყავი, ან აქ საიდან გაჩნდიო", - ჰკითხეს ერთხმად. ბიჭმა უამბო მათ დატყვევების ამბავი და დასძინა, - ღვინო ბატონთან უნდა მიმეტანა, რომ ანაზდად გამოჩნდა ვიღაც მხნე მხედარი, შემომისვა ცხენზე და წამომიყვანა, მერე  კი უეცრად შინ აღმოვჩნდიო.

* * *

სვანეთში ჰყვებიან: შიხრის საძოვრების ადგილას ოდესღაც სოფელი ყოფილა. მოშორებით განმარტოებით უცხოვრია ერთ გაუთხოვარ ქალს, მარიხას. მარიხას გაწვრთნილი ხარები ჰყოლია. დაუდებდა მათ მარხილზე საფქვავს და შიხრის წისქვილში გზავნიდა. ფქვილს კი მეწისქვილე ხარებს მარიხასთან ატანდა. ერთხელ ხარები პატრონთან აღარ დაბრუნებულან. ქალი საძებნელად წამოსულა. შიხრაში საზარელი სურათი დახვედრია - ყაბარდოდან შემოპარულ მტერს სოფელი ამოეხოცა. აღელვებულა მარიხა, მისულა წმ. გიორგის ხატთან. მის წინ თურმე თავს იატაკს ახლიდა და საყვედურით მოთქვამდა: - წმინდაო გიორგი, სად გეძინა, სად დაიკარგა შენი ძალაო. უეცრად ხატი გაცოცხლებულა, მხედარს ელვის სისწრაფით გაუქანებია ცხენი მტრისკენ. ამოვარდნილა ქარიშხალი, სეტყვა, მეხთატეხა და მომხდურთაგან ცოცხალი არავინ გადარჩენილა. უკან დაბრუნებულა წმ. გიორგი, მტრის სისხლით შეღებილ წყალს მიახლოებია. ბრაზით უთქვამს, - ისევ წითელიაო (წერნულდი - სვანურად) და შუბი ჩაურჭვია მიწაში. იქიდან წყაროსთვალს ამოუხეთქავს. ამ წყლით დარწყულებულა მხედარიც და ცხენიც. ეს წყარო დღესაც მოედინება და მას "ჯგურაგის სარგულს" - წმინდა გიორგის წყაროს ეძახიან. იმ წყაროს კი, შიხრაში რომ მოედინება, დღესაც წითელი ფერი დაჰკრავს და მას "წურნულდი" ჰქვია.

კახა კენკიშვილი