ჩვენ შეგვიძლია ტაძარი ავაშენოთ! - კვირის პალიტრა

ჩვენ შეგვიძლია ტაძარი ავაშენოთ!

25 თებერვალი ივერიის ღვთისმშობლის ხსენების დღეა

"ფონდ "ივერიისთვის" პირველი შემოწირულობა უწმინდესმა თავისი წინაპრების, ქართველი მეფეებისა და პატრიარქების სახელით გაიღო"

ჩვენ ტაძარს ვაშენებთ! არ გვაქვს განსაკუთრებული შემოსავალი, პირიქით, ზოგიერთი ხელმოკლენიც ვართ და მაინც - ჩვენ შეგვიძლია ტაძარი ავაშენოთ, რადგან ამის საშუალება ერის სულიერმა მამამ - უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ მოგვცა თავისი მრავლისმეტყველი წინადადებით: "ყველამ თანაბრად ავაშენოთ, ყველასაგან თვეში მხოლოდ ერთი ლარი შეეწიროს ამ დიდ საქმეს".

თბილისში, მახათას მთაზე, ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარი სწორედ ჩვენი ერთიანობითა და თანასწორობით იქნება განსაკუთრებული. მსოფლიოში ერთადერთი შემთხვევაა, როცა არა რომელიმე ბიზნესმენი ან ორგანიზაცია, არამედ ხალხი, თავისი კეთილი ნებითა და თანაბარი მონაწილეობით ააშენებს უდიდესი მნიშვნელობის ტაძარს. ღვთისმშობლის საკვირველთმოქმედი ხატის სადიდებლად აგებულ სულიერ სავანეში შესულ ყველა დედას შეეძლება შვილს სიამაყით უთხრას:

"ეს ტაძარი მე და შენ ავაშენეთ მთელ საქართველოსთან ერთად!"

ეს მართლაც უნიკალური მშენებლობა და სახალხო აქციაა, რადგან ტაძარს მთელი საზოგადოება, საქართველოში მცხოვრები ხალხი და მთელი ქართული ემიგრაცია ერთად აშენებს. მახათას მთაზე სამონასტრო კომპლექსთან ერთად განთავსდება საგანმანათლებლო ცენტრი, რომელიც ხელს შეუწყობს საქართველოში ქრისტიანული სწავლების გავრცელებას, ასევე თავშესაფარი ობოლი და მზრუნველობამოკლებული ბავშვებისათვის.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისII ლოცვა-კურთხევით, პაატა ბურჭულაძემ დააარსა ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრის მშენებლობის ფონდი "ივერიისა", რომელიც სათავეში ჩაუდგა პროექტს. ფონდისთვის პირველი შემოწირულობა უწმინდესმა თავისი წინაპრების, ქართველი მეფეებისა და პატრიარქების სახელით გაიღო.

ფონდ "ივერიისას" მიერ შემოთავაზებული უნიკალური სქემა ყველა ადამიანს აძლევს აქციაში თანაბარი მონაწილეობის საშუალებას. ნებისმიერი შემომწირველი, შეწირული თანხის ოდენობის მიუხედავად, ლარს სწირავს თავის სახელზე, ხოლო დანარჩენ თანხას თავისი ახლობლების, ოჯახის წევრების, გარდაცვლილი წინაპრების ან სოციალურად დაუცველი ადამიანების სახელზე, ვისაც არ აქვს მატერიალური საშუალება, შეეწიოს ტაძრის მშენებლობას. იქმნება ცოცხალთა და გარდაცვლილთა წიგნი, რომელშიც ტაძრის აღმშენებელი მილიონობით ქართველის გვარ-სახელი ჩაიწერება. ტაძრის მშენებელთა რიცხვი 200 000-ს უკვე გადასცდა.

სწორედ თითოეული ჩვენგანის მონაწილეობის შედეგია, რომ ტაძრის საძირკვლის მშენებლობა დასრულდა.

ჩვენ ვაშენებთ ტაძარს და სულიერი განწმენდის გზით მივდივართ ქვეყნის მშენებლობისკენ...

აქციაში ჩართვა ახლაც შესაძლებელია, ამისათვის საჭიროა, შეავსოთ ის ანკეტა, რომელიც გაზეთს თან ახლავს, ჩაწეროთ თქვენი ოჯახის წევრების გვარ-სახელები, როგორც ცოცხლების, ისე გარდაცვლილებისა. ეს ანკეტა უნდა მიიტანოთ ნებისმიერ ბანკში და მითითებული თანხა ავტომატურად ჩამოგეჭრებათ ანგარიშიდან. თუ ისეთ რაიონში ან სოფელში ცხოვრობთ, სადაც ახლომახლო არც ერთი ბანკი არ არის, მაშინ შეავსეთ ანკეტა და გამოგზავნეთ ფონდ "ივერიისას" მისამართზე: თბილისი, პეკინის ქ. #28. შემოწირულობის გასაღებად კი იმდენჯერ აკრიფეთ ტელეფონის ნომერი 0901 777777, რამდენის ფინანსური შესაძლებობაც გაქვთ. თითო აკრეფილ ნომერზე თქვენი სატელეფონო ანგარიშიდან ერთი ლარი ჩამოიჭრება.

ივერიის ღვთისმშობლის ხატი ქვეყნის მფარველადაა აღიარებული

ეს ამბავი IX საუკუნეში, ბიზანტიის იმპერიაში მოხდა. იმპერიის ტახტზე იჯდა თეოფილე, რომლის ბრძანებით დაიწყო ხატების მასობრივი დევნა-განადგურება. მორწმუნეები სიწმინდეებს მალავდნენ. ხატების მოსაძებნად და გასანადგურებლად მეფემ ყველა სოფელსა და ქალაქში მხედრები გაგზავნა.

იმ დროს ქალაქ ნიკეაში ქვრივი დედაკაცი ცხოვრობდა. მას ერთადერთი ვაჟი ჰყავდა. ქვრივს შინ ესვენა ღვთისმშობლის საკვირველთმოქმედი ხატი, რომელიც მეფის მაძებრებმა იპოვეს. ერთმა მათგანმა ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახებას მახვილი აძგერა და უცებ ხატიდან სისხლმა იფეთქა. ამ სასწაულით თავზარდაცემული მხედარი მოინათლა და ბოლოს ბერადაც აღიკვეცა. მეფის სხვა წარგზავნილებს ქვრივი ფულს დაჰპირდა და სთხოვა, ხვალამდე დამაცადეთო. ქალმა ხატი ზღვის პირას მიიტანა, მხურვალედ ილოცა, ღვთისმშობელს შეწევნა შესთხოვა: - "ზეციურო დედოფალო, შენ მეუფებ ყველა ქმნილებას, შენ შეგწევს ძალა, დაგვიხსნა უსჯულო მეფის რისხვისაგან და იხსნა შენი ყოვლადწმინდა ხატი".

სარწმუნოებით წარმოთქმული ლოცვის შემდეგ ქვრივმა ხატი ზღვაში ჩაუშვა და კვლავ სასწაულის მოწმე გახდა: წმინდა ხატი ზღვის ტალღებზე აღიმართა და დასავლეთისაკენ დაიძრა. ქალმა მადლობა შესწირა წმინდა ქალწულს და ვაჟიშვილს შეევედრა, გაქცეულიყო ბერძენთა ქვეყანაში. ვაჟმა მორჩილად შეისმინა დედის თხოვნა, ბერად აღიკვეცა და ათონის მთის იმ ადგილას დამკვიდრდა, სადაც შემდგომში ივერიის ქართველთა მონასტერი (ივერონი) დაარსდა. სწორედ მისგან შეიტყვეს ამ წმინდა მთის ბინადრებმა ღვთისმშობლის სასწაულთმოქმედი ხატის ამბავი.

ღვთის განგებით, ზღვამ ღვთისმშობლის ხატი ათონის მთასთან მიაცურა.  შეღამებისას, ივერიის მონასტრის ბერებმა ზღვაზე იხილეს ცამდე აწვდილი ნათლის სვეტი - ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატი ბრწყინავდა. ბერებმა რამდენჯერმე ამაოდ სცადეს მისი ამოსვენება. მიახლოებისას იგი ნაპირს შორდებოდა, არავის იკარებდა. ამ დროს ივერთა მონასტერში მოღვაწეობდა ერთი ქართველი ბერი, გაბრიელი. ზაფხულობით ის მიუვალ კლდეებში ცხოვრობდა, ზამთრობით - მონასტერში. ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი ამ წმინდა ბერს გამოეცხადა და უთხრა: - შემოდი ზღვაში, ტალღებზე რწმენით გაიარე და მაშინ ყველა იხილავს ჩემს სიყვარულსა და წყალობას თქვენი სავანისადმი".

გაბრიელი მართლაც ჩავიდა ზღვაში, ტალღებზე, როგორც ხმელეთზე, ისე გაიარა და წმინდა ხატი ნაპირზე გამოიყვანა. იმ ადგილას, სადაც პირველად ხატი დაასვენეს, ცივმა და საამო წყარომ ამოჩქეფა, რომელიც დღემდე მოედინება და მკურნალია. შემდეგ ხატი ეკლესიაში გადააბრძანეს და საკურთხეველში დაასვენეს. მეორე დილით იგი იქ აღარ დახვდათ, კარიბჭის კედელზე აღმოაჩინეს. ბერებმა დიდი მოწიწებით ისევ საკურთხეველში დაასვენეს.

ასე განმეორდა რამდენჯერმე. ბოლოს, ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი ისევ გამოეცხადა გაბრიელ ბერს და უთხრა: - მნებავს, რომ არა თქვენ მიცავდეთ, არამედ მე გიფარავდეთ თქვენ არა მხოლოდ ამქვეყნად, არამედ სამუდამოდ და სანამ ჩემი ხატი ამ სავანეში იქნება, არ მოგაკლდებათ მადლი და წყალობა ძისა ჩემისა, იესო ქრისტესიო".

ბერებმა იქვე პატარა ტაძარი ააგეს და საკვირველთმოქმედი ხატიც იქ დაასვენეს. მას ეწოდა "კარიბჭის ღვთისმშობლის ხატი" და რადგანაც ივერთა მონასტერში ინება დავანება, "ივერიის ღვთისმშობლის ხატიც". ქართველთა სავანეში ამ ხატის მიბრძანება სამართლიანად იქნა გაგებული, როგორც ქართველთათვის ღვთისაგან უდიდესი წყალობის მინიჭება. იგი ჩვენი ქვეყნის მფარველადაა აღიარებული.