”მამა შიომ გამიმეორა: "პატრიარქო, პატრიარქო!"... - ექსკლუზიური ინტერვიუ პატრიარქთან - კვირის პალიტრა

”მამა შიომ გამიმეორა: "პატრიარქო, პატრიარქო!"... - ექსკლუზიური ინტერვიუ პატრიარქთან

რას იხსენებს პატრიარქი თავის მოძღვარზე

"მეუფეო, აღსარებისთვის მოემზადე!"

"მამა შიომ პატრიარქობა მიწინასწარმეტყველა"

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია II-ს თავის სულიერ მოძღვარზე, არქიმანდრიტ შიოზე (ძიძავა) ესაუბრა სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი). ინტერვიუ ჩაწერილია 2012 წლის 27 დეკემბერს.

- დაგვლოცეთ, უწმინდესო და უნეტარესო მეუფეო! უპირველესად, მინდა დიდი მადლობა მოგახსენოთ იმისათვის, რომ გამონახეთ დრო და დაგვთანხმდით ამ საუბარზე. რაც დრო გადის, მით უფრო იზრდება ინტერესი თქვენი სულიერი მოძღვრის, არქიმანდრიტი შიოს პიროვნებისადმი და ეს ინტერესი განსაკუთრებით აქტუალურია ახლა, როდესაც ჩვენ აღვნიშნავთ თქვენს საიუბილეო წელიწადს - პატრიარქობიდან 35-ე და დაბადებიდან მე-80 წლის ღირსშესანიშნავ თარიღებს. მრევლს სურვილი აქვს, მეტი იცოდნენ თქვენი მოძღვრისა და თქვენთან მისი ურთიერთობის შესახებ.

როგორ გაიცანით მამა შიო, როცა ბათუმ-შემოქმედის მღვდელმთავარი ბრძანდებოდით?

- მამა შიო ძიძავა არაჩვეულებრივი პიროვნება იყო. ის არ ჰგავდა სხვა სასულიერო პირებს; იყო ძალიან უბრალო პიროვნება და ამასთან ძალიან განათლებულიც.

სემინარია ჰქონდა დამთავრებული რევოლუციამდე და როგორც ვიცი, რომელიღაც გამომცემლობაში მოღვაწეობდა, ჟურნალისტი იყო.

სენაკში პატარა სახლი ჰქონდა - ერთი ოთახი და მიწის ნაკვეთი. მამა შიოს შვილიც ჰყავდა, მაგრამ მასთან კავშირი გაწყვეტილი ჰქონდა, რადგან მიაჩნდა, რომ ის ურწმუნო ადამიანი იყო. მასთან არავითარი მიმოსვლა და მიმოწერა არ ჰქონია.

მამა შიო ახლოს გავიცანი, როდესაც უწმინდესი და უნეტარესი ეფრემის ლოცვა-კურთხევით ბათუმში ჩამოვიდა. ეპარქიაში მოძღვრების ნაკლებობას განვიცდიდით და მამა შიო მარხვებში გვეხმარებოდა. ძალიან მომწონდა მისი უბრალოება. იმდენად თავმდაბალი იყო, ზოგიერთი დასცინოდა კიდეც.

- ხომ არ სალოსობდა?

- დიახ, რა თქმა უნდა, სალოსობდა და ამას თვითონაც ამბობდა: "მე სალოსი ვარო." იმ პერიოდში იგი მამა კონსტანტინეს (ქვარაია) სულიერი შვილი იყო. არქიმანდრიტი შიოც და არქიმანდრიტი კონსტანტინეც თეკლათის დედათა მონასტერში მოღვაწეობდნენ და ამავე მონასტერში განისვენებენ.

ვთხოვე, ჩემი მოძღვარი გამხდარიყო და იმ დროიდან აღსარებებს მას ვაბარებდი.

- რამდენ ხანს ცხოვრობდა მამა შიო ბათუმში? თუ სენაკიდან ჩამოდიოდა ხოლმე?

- მარხვებში ჩამოდიოდა და რჩებოდა, მაგალითად, 1 თვით და მერე კვლავ სენაკში ბრუნდებოდა. ასე ამბობდა: "სენაკში სახლი მაქვს, რომლის კარი არასოდეს იკეტება და თუ ვინმე მივა, თავისუფლად შეუძლია შევიდეს და მოისვენოს". მისი სახლი სულ ერთი პატარა ოთახისგან შედგებოდა, სადაც ორი რკინის საწოლი, მაგიდა და რამდენიმე სკამი ედგა, სხვა არაფერი - არც თეთრეული ჰქონდა და არც სხვა კომფორტი. ასეთი ცხოვრების წესი წარმოაჩენდა მის სიმდაბლეს და უბრალოებას. ძალიან ფაქიზი პიროვნება იყო. მახსენდება, როგორ იბარებდა ჩემგან აღსარებას.

როცა შეამჩნევდა, რომ ძალიან ვწუხდი ჩემს ცოდვებზე, აუცილებლად გამამხნევებდა და მეტყოდა: "მეუფეო, ღმერთმა შეგინდოს, მეც ჩამიდენია ასეთი ცოდვა".

დარწმუნებული ვარ, მას ასეთი რამ არასდროს შემთხვევია, მაგრამ ჩემთვის მდგომარეობა რომ შეემსუბუქებინა, თვითონაც იბრალებდა ჩემს ცოდვებს.

მოგვიანებით, როდესაც სოხუმში გადამიყვანეს, მამა შიო იქაც ჩამოდიოდა. ცხუმ-აფხაზეთის ეპარქიაში სამღვდელოება არ გვაკლდა, ამიტომ მხოლოდ აღსარების მისაღებად გვეწვეოდა ხოლმე.

მახსენდება, ერთხელ, მისი მორიგი ჩამოსვლის დროს, შევნიშნე, რომ ჯვარი შავ ბაფთაზე ჰქონდა შებმული და ვკითხე: "მამა შიო, ჯაჭვი რა უყავი?" მიამბო, რომ მისი ჯაჭვი მეზობლის ქალს მოეწონა და ნაწილი მოაწყვიტა; იგი ისე დამოკლდა, აღარ შეიძლებოდა ტარება, ამიტომ მთლიანად ვაჩუქე მეზობელსო. ეს ამბავი რომ შევიტყვე, მამა შიოს ჯაჭვიც ვაჩუქე და ახალი ჯვარიც...

განსაკუთრებით საოცარი იყო მისი ცხოვრების უკანასკნელი პერიოდი. წესად მაქვს, რომ დიდ ხუთშაბათს განსაკუთრებით ვემზადები ზიარებისთვის და ოთხშაბათს აუცილებლად ვაბარებ აღსარებას. ეს კარგად იცოდა მამა შიომ. მახსოვს, იგი უკვე ცუდად იყო, ამიტომ აღარ ველოდი მის ჩამოსვლას. რეზიდენციის ეზოში ვიჯექი, უეცრად მოვიხედე და ვხედავ, ორ ადამიანს მოჰყავს უძლური მამა შიო. გავიფიქრე, ნეტავ რა საქმე აქვს, რომ ასეთი ავადმყოფი შეწუხდა-მეთქი. ის კი მოვიდა და მითხრა: "მეუფეო, აღსარებისთვის მოემზადე!" წარმოიდგინეთ, ასეთი მძიმე ავადმყოფი ჩემთან აღსარების მისაღებად ჩამოვიდა! აღსარება ვუთხარი. ძალიან მძიმედ იყო, მოძრაობა უჭირდა, თითქმის ვერ დადიოდა. ვიფიქრე, ალბათ დარჩება-მეთქი, მაგრამ არ დარჩა. იმავე დღეს უკან წაიყვანეს... ამ ამბის შემდეგ ერთი კვირის თავზე სოხუმში დები შუშანიები და მათთან ერთად სხვა მორწმუნეები ჩამოვიდნენ. შუშანიებმა მითხრეს: "მამა შიო ძალიან ცუდადაა და სულ იძახის: "მეუფე, მეუფე!" ალბათ, თქვენ გიხმობთ და არავის იკარებს". სასწრაფოდ მის მოსანახულებლად გავემგზავრე, თან დეკანოზი მაქსიმე კონცევიჩი წავიყვანე; ყოველი შემთხვევისთვის, თან წავიღეთ წმინდა ზიარება. მამა შიოსთან ჩავედით, მძიმედ იყო. მუცელი აწუხებდა და ტკივილისგან ყვიროდა. მისი შვილი იყო ჩამოსული, რომ მამის მემკვიდრეობა მიეღო. მამა შიოს კი არაფერი ჰქონდა, იმ პატარა ბინის გარდა.

საჩქაროდ მოვუხმეთ მამა კონსტანტინეს, რომ ავადმყოფი ეზიარებინა. მამა კონსტანტინემ თავი შეიკავა მისი ზიარებისგან: წყალი აქვს დალეული და არ შეიძლებაო. ვცადე, დამერწმუნებინა, რომ ყველა შემთხვევაში შეიძლებოდა მძიმე ავადმყოფის ზიარება, მაგრამ ვერაფრით დავაჯერე.

ბოლოს შევედი მამა შიოსთან და ვკითხე: "მამაო, გინდა, მე თვითონ გაზიარებ?" უმალ დამთანხმდა: "ჰო, ჩქარა, ჩქარა, ჩქარა!" ეშინოდა, უზიარებლად არ გასულიყო ამ ქვეყნიდან. ლოცვებს ვუკითხავდი, თან ვშიშობდი: ვაითუ ზიარება ვერ მოასწროს-მეთქი და სულ ოფლში ვიწურებოდი.

ღვთის წყალობით, მამა შიო ეზიარა. მე გვერდით სკამზე მივუჯექი, მაშინ მან პატრიარქობა მიწინასწარმეტყველა. გადმომხედა, ხელი შემახო მუხლზე და მომეალერსა: "ჩემო პატრიარქო!" "მე პატრიარქი არ ვარ, მიტროპოლიტი ვარ-მეთქი", - შევუსწორე. მან კი კვლავ გამიმეორა: "პატრიარქო, პატრიარქო!"... მამა შიო იმ ღამითვე გარდაიცვალა. რომ არ მეზიარებინა... თუმცა არ ვიცი, შეიძლება, ღმერთს არ გაეყვანა უზიარებელი...

- მიგვაჩნია, რომ მამა შიო  XX საუკუნის ერთ-ერთი დიდი მოღვაწე იყო, აღმსარებელი და უთუოდ დიდი პიროვნება! გარდა ამისა, ასეთი დიდი სულიერი შვილი ჰყავდა თქვენი სახით. თავისი მოძღვრობით დიდი წვლილი შეიტანა მომავალი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის აღზრდაში! ეს განსაკუთრებით საამაყოა სენაკის და ჩხოროწყუს ეპარქიის მკვიდრთათვის, საიდანაც იყო იგი წარმოშობით და სადაც მოღვაწეობდა. როგორ ფიქრობთ, შესაძლებელია დადგეს საკითხი მისი კანონიზაციის შესახებ?

- მახსოვს, ჯერ კიდევ არქიმანდრიტი ვიყავი, ორი ჯვრით დაჯილდოებული, როდესაც უწმინდესისა და უნეტარესი ეფრემის ლოცვა-კურთხევით წმინდა სინოდში შემიყვანეს სათათბირო ხმის უფლებით. ამიტომ ყველა საკითხზე შემეძლო აზრი გამომეთქვა. მაშინ ვთხოვე კათოლიკოს-პატრიარქს, რომ მამა შიოსთვის არქიმანდრიტის წოდება მიენიჭებინათ. იმ დროს იგი იღუმენი იყო. პატრიარქი დაფიქრდა და მითხრა: თუ მამა შიოს არქიმანდრიტის წოდებას მივცემთ, მაშინ მისი მოძღვარიც, მამა კონსტანტინეც უნდა დავაჯილდოოთ. მაშინ, ორივე დააჯილდოეთ-მეთქი, ვთხოვე; და ასეც მოხდა.

- გამოდის, რომ თქვენ ეპისკოპოსობამდეც იცნობდით მამა შიოს?

- კი, ვიცნობდი, ჩამოდიოდა ხოლმე ჩვენთან...

მახსოვს, ექიმებმა მირჩიეს მენჯის სანატორიუმში მემკურნალა. მაშინ ბათუმის მიტროპოლიტი ვიყავი და მამა შიოსთან უკვე ახლო ურთიერთობა მქონდა. ერთი დღით ადრე გავემგზავრე, სენაკში მამა შიოსთან ჩავედი. იმ ღამეს მასთან უნდა დავრჩენილიყავი. ეს ამბავი მეზობლებმა რომ შეიტყვეს, აღარ მოგვასვენეს. იცოდნენ, მამა შიოს არავითარი პირობები არ ჰქონდა, ამიტომ გვთხოვდნენ: ჩვენთან წამობრძანდით და მოისვენეთო, ყველა გვეპატიჟებოდა. მტკიცედ ვუთხარი: მამა შიოსთან უნდა დავრჩე-მეთქი. მაშინ მეზობლებმა მამა შიოს სახლის დალაგება დაიწყეს. ჩვენ ეზოში ვისხედით, მათ კი სულ მორეცხეს და დაწმინდეს იატაკი და კედლები. ბოლოს ლოგინი და თეთრეული მოგვიტანეს.

მახსენდება კიდევ ერთი ასეთი შემთხვევა. იყო ერთი ბერი, წარმომავლობით თავადი - ისაია ჩიქოვანი. მამა შიომ იმ ბერთან ერთად მენჯის სანატორიუმში მომინახულა. ექიმებმა დაინახეს თუ არა, ატეხეს ყვირილი "ძიძა მოდის!" ძალიან უყვარდათ იგი; უნდოდათ, ჩვენთვის პატივი ეცათ და 3 ჭიქა რძე მოგვართვეს. პეტრე-პავლობის მარხვა იყო. მამა შიომ ლოცვა თქვა, მე ვაკურთხე და რძე დავლიეთ. ბერი რძეს არ შეეხო და თვალებზე ხელი აიფარა - ვითომ ვერ ვხედავ, როგორ სვამთო. მამა შიო მომიბრუნდა და მითხრა: არ გეწყინოს მისგან, მეუფეო, ჯერ იმ სიმაღლეზე არ არის, რომ რძე დალიოსო...

მიმაჩნია, რომ მამა შიოს წმინდანად შერაცხვა ჯერ ადრეა. მაგრამ ვფიქრობ, მისი კანონიზაცია ადრე თუ გვიან მაინც მოხდება.

მახსოვს, როცა აღსარების შემდეგ შენდობის ლოცვას წამიკითხავდა, მომეხვეოდა და მეტყოდა: "მეუფეო, ახლა შენ ანგელოზი ხარ, ცოდვები გეპატია!" ძალიან მახარებდა ეს სიტყვები და მისი ასეთი მოწყალება.

...მე დიდად დავალებული ვარ მამა შიოსგან...

მამა შიო საოცრად მოწყალე იყო ადამიანების მიმართ. მისი მოძღვარი, მამა კონსტანტინე, უფრო მკაცრი და მომთხოვნი იყო და ცოტა დისტანციურიც, ადვილად არ იკარებდა ადამიანებს. მამა შიო კი ღია, უშუალო ადამიანი იყო, ნებისმიერს შეეძლო მასთან მისვლა.

შემოწირულობას თუ მიიღებდა, მაშინვე მეზობლებს ჩამოურიგებდა ხოლმე. დარწმუნებული ვარ, ახლა განსაკუთრებით ლოცულობს ჩვენთვის და საქართველოსთვის!

- მინდა ასევე შეგეკითხოთ სენაკში მოღვაწე დებზე, იღუმენია ფავსტოსა და სქემონაზონ აკეფსიმა შუშანიებზე. იქნებ ორიოდე სიტყვა მათზეც გვითხრათ?

- სულ ერთ-ორჯერ შევხვედრივარ დებ შუშანიებს. ფავსტო იღუმენია იყო, აკეფსიმე - სქემონაზონი. აკეფსიმე ჩუმი იყო; ფავსტო - უფრო აქტიური; ნაკითხი, განვითარებული ადამიანი იყო. ბევრი რამ იცოდა და ახსოვდა, მაგრამ ცოტა ამაყიც იყო.

დები შუშანიები დიდი მოღვაწეები იყვნენ. მათ, ფაქტობრივად, გადაარჩინეს ღირსი ალექსის (შუშანია) ბერის სავანე.

მოამზადა მარიამ გაგუამ