ილია მეორე: "ჩვენ დავდექით უფსკრულის პირას და მეტიც, ამ უფსკრულში გადავიხედეთ" - კვირის პალიტრა

ილია მეორე: "ჩვენ დავდექით უფსკრულის პირას და მეტიც, ამ უფსკრულში გადავიხედეთ"

"კვირის პალიტრა" სააღდგომო ნომერში, წმინდა სანთელთან და წმინდა გიორგის ხატთან ერთად, შემოგთავაზებთ ფილმს "მიწის სჯული"

"ვზივარ ზღვის ნაპირზე და თვალცრემლიანი გავცქერი დასალიერს. იქ, ჩადაისებული სხივების მიღმა, უსაშველოდ შორს, მეგულება ჩემი სამშობლო -  საქართველო... ცამეტი წელია, ჩემს მშობლიურ მიწაზე ფეხი არ დამიდგამს. აქაურობა გასამოთხებული ჯოჯოხეთია ჩემთვის, ჩემი ბედკრული ქვეყანა კი გაჯოჯოხეთებული სამოთხე... არაფერი მახარებს უცხო მიწაზე. გარეგნულად თითქოს მხნედ ვართ ემიგრანტები და კარგად ვცხოვრობთ, სინამდვილე კი იმდენად შემზარავია, სულით ხორცამდე შეგძრავს კაცს: ფესვსმოწყვეტილნი და გულგამოცლილნი ტანჯვით მივათრევთ ჩვენს ყოფას და რაც ყველაზე მთავარია, არ ვიცით, როდის გვეღირსება უკან დაბრუნება. წლები კი გარბის... და ჩვენი ცხოვრება სხვა არაფერია, თუ არა თავისუფალი კატორღა, სულსა და გულს რომ ადებს მონატრების ბორკილებად."

-”ეს მცირე ამონარიდია ერთი ქართველი ემიგრანტის დღიურიდან, სადაც გადმოცემულია ის გაუსაძლისი ტკივილი და ნოსტალგია, რომელიც სამშობლოდან მოწყვეტილ, ლუკმაპურის საშოვნელად დედამიწის ოთხივ კუთხეში გადახვეწილ ჩვენს თანამემამულეებს საკუთარი ჩრდილივით სდევთ თან. არც ამ სიტყვების დამწერის ვინაობას აქვს მნიშვნელობა და არც იმას, რომელ ქვეყანაში დაიწერა ეს ცრემლიანი სტრიქონები. მთავარი ისაა, რომ როგორმე მოვახერხოთ და თვალი გავუსწოროთ იმ შემზარავ რეალობას, რომელშიც ცხოვრობს მილიონ-ნახევარი ქართველი ემიგრანტი, ჩვენი საჯიშე თაობა, რომელთა შრომა, ნერვები და ენერგია უღვთოდ ეწირება გადამთიელთა მონურ სამსახურს. მათ ნაცვლად კი ჩვენს სამშობლოში უწყვეტ ნაკადად ჩამოდიან და სახლდებიან  უცხოტომელნი, ჩალის ფასად ყიდულობენ ჩვენი წინაპრების სისხლით გაპოხილ მიწას და ასე თუ გაგრძელდა, ვინ იცის, მალე ჩვენივე სამშობლოში გვაქციონ ქართველნი ემიგრანტებად.

სწორედ ამ მწარე რეალობას ასახავს დოკუმენტური ფილმი "მიწის სჯული", რომელიც სტუდია "გუთანმა" ჩვენი უწმინდესი პატრიარქის ლოცვა-კურთხევით ამერიკაში გადაიღო და ქართველ მაყურებელს ტკივილიან საფიქრალად შესთავაზა.

ფილმში ქრონოლოგიური სიზუსტითაა გადმოცემული ქართველი ემიგრანტების პირველი, იმედიანი ნაბიჯები უცხო მიწაზე და წლების მერე, უსაშველო ნაღველად ქცეული ყოფა ჩვენი თანამემამულეებისა, რომლებიც, მძიმე შრომით გადაქანცულნი, ხშირად ამაოდ ცდილობენ იმ ჭაობიდან ამოსვლას, რომელშიც ბედის უკუღმართობით თუ საკუთარი ნებით ჩაიძირნენ. თურმე არც ისე იოლი ყოფილა, როგორც ერთი შეხედვით ჩანს, ემიგრანტობის ბორკილებიდან თავდახსნა. თითქოს გადალახეს ყველაზე მძიმე ეტაპი, დანაზოგიც აქვთ, პატარა საქართველოც მოიწყვეს უცხოეთში, მაგრამ ვეღარავინ აუნაზღაურა ის დაკარგული წლები, რასაც  შვილებთან, მშობლებთან, სამშობლოსთან ურთიერთობის ბედნიერება ჰქვია.

ქართველზე სევდიანი ემიგრანტი ძნელად თუ მოიპოვება დედამიწის ზურგზე. ის ყველაზე მძიმედ განიცდის უსამშობლობას, თუმცა, იქნებ პარადოქსულადაც ჟღერს, რომ ჩვენი თანამემამულეები, იმავდროულად, რაღაც აუხსნელი სიჯიუტით კვლავ უცხოეთში რჩებიან(?!).

მათი უმრავლესობის პასუხი ერთნაირია: საქართველოში ბოლო ათწლეულების გაუსაძლისმა ეკონომიკურმა ყოფამ და ოჯახების გადარჩენისთვის ზრუნვამ გადახვეწა ისინი ცხრა მთას იქით. ნამდვილად ასე იყო და ისიც სათქმელია, რომ სწორედ ქართველი ემიგრანტების უმძიმესი შრომით მოპოვებულმა გროშ-კაპიკებმა იხსნა აქ დარჩენილი ადამიანები ფიზიკური განადგურებისგან. თუმცა, არსებობისთვის ულმობელ ბრძოლაში ჩვენი ემიგრანტების დიდ ნაწილს ხელიდან გაექცა ყველაზე სათუთი საზრუნავი - შვილების აღზრდა(!). ქვა უნდა გედოს ადამიანს გულში, უცრემლოდ შეხედო კადრებს, როდესაც ფილმში "მიწის სჯული" ამერიკაში დაბადებული პატარა ქართველები კითხვაზე, რომელია მათი სამშობლო, პასუხად ან ამერიკას ასახელებენ, ანდა ვერაფერს ამბობენ. ნუთუ ღირდა წლების მანძილზე აღებული თანხა იმად, რომ ამ ბავშვებს სამშობლო და ღვთაებრივი ქართული ენა დავიწყებოდათ?!..

როდესაც ფილმი პატრიარქმა ნახა, პირველი რეაქცია მისი ცრემლები იყო და ალბათ, ეს იყო "მიწის სჯულის"”ყველაზე დიდი შეფასებაც.

და ბრძანა პატრიარქმა საოცარი სიტყვები: -

ჩვენ დავდექით უფსკრულის პირას და მეტიც, ამ უფსკრულში გადავიხედეთ.

ასე თუ გაგრძელდა, თუ არ დაბრუნდნენ ჩვენი შვილები საქართველოში, გავა გარკვეული დრო და ისინი ქართველები აღარ იქნებიან...

ჩვენს სულიერ მამას არაერთხელ დაუმოძღვრავს საკუთარი შვილები და როცა მისი სიბრძნე ყურს იქით გავატარეთ, გვარიანად მოვიტეხეთ კიდეც კისერი. როგორც წესი, ამ სიბრძნის ფასს წლების შემდეგ ვხვდებით ხოლმე და ვნანობთ, რომ არ დავაფასეთ უწმინდესის ზრუნვა. აგერ, ახლაც, გვაკურთხებს პატრიარქი: - ჩამოდით, შვილებო, დაუბრუნდით თქვენს ფესვებს, ღვთისმშობლის კურთხეულ მიწას, რადგან საკუთარ სამშობლოს მოწყვეტილი ქართველი ვერსად ნახავს ბედნიერებას, სითბოს და როგორც ფილმის გმირები ამბობენ, იმ გულწრფელ განცდას, როცა ადამიანი გიღიმის და ამ ღიმილში სიყვარულია(!).

როგორც პატრიარქმა ბრძანა, ამ ფილმის გადაღებით დიდი საქმე გაკეთდა და ის უნდა შევიდეს ყველა ქართველის ოჯახში ამ კურთხევის აღსასრულებლად.

"კვირის პალიტრა"”სააღდგომო ნომერში წმინდა სანთელთან და წმინდა გიორგის ხატთან ერთად, ფაქტობრივად, სიმბოლურ ფასად, 3 ლარად შემოგთავაზებთ ფილმს "მიწის სჯული", რომელზეც სტუდია "გუთანის"” სამხატვრო ხელმძღვანელმა რეზო ჩხეიძემ და მთავარმა კონსულტანტმა გია ჭუბაბრიამ გულწრფელად განაცხადეს: - ნახევარ საუკუნეზე მეტია, რაც კინოს სამყაროში ვართ და ასეთი ქართული მუხტით გადაღებული დოკუმენტური ფილმი ჯერ არ გვინახავს და არც გვეგულება ქართველი, "მიწის სჯულის"”ცრემლის გარეშე ნახვა შეძლოს.

დანარჩენს "კვირის პალიტრის" სააღდგომო ნომერთან ერთად იხილავს გაზეთის მკითხველი. ამ ფილმით იგი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვასთან ერთად იმ იმედსაც ეზიარება, "მიწის სჯულის" ფინალური კადრები რომაა გაჟღენთილი და ჩვენი სამშობლოს გადარჩენას რომ ეხება.