ვნების კვირა - "როგორც მე შეგიყვარეთ, ასევე გიყვარდეთ ერთმანეთი"
29-04-2013
ვნების კვირა - "როგორც მე შეგიყვარეთ, ასევე გიყვარდეთ ერთმანეთი"
დიდი მარხვის 40 დღის შემდეგ იწყება ვნების კვირა. მართალია, ეს შვიდეული დამოუკიდებელი მარხვაა, მაგრამ განუყოფელი ნაწილია ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომისწინა მარხვისა.
ვნების შვიდეული მაცხოვრის ამქვეყნიური ცხოვრების უკანასკნელი დღეებია. მას მოჰყვა მისი ჯვარცმა, დაფვლა და აღდგომა. ამ დღეთა გახსენებით ყოველი ქრისტიანი სულიერად ბრუნდება იმ სამყაროში, სადაც უფალი ჯერ კიდევ კაცობრიობის გვერდით იყო.

ვნების შვიდეულის მარხვა განსაკუთრებით მძიმეა და თავისებური - ვნების შვიდეულის შაბათ დღეს, განსხვავებით წლის დანარჩენი შაბათებისგან, აუცილებელია, მკაცრი მარხვა შევინახოთ.
წმინდა მამები გვასწავლიან, რომ ვნების შვიდეულის დღეებით იკურთხება მთელი წლის დღეები. დიდი ორშაბათით იკურთხება მთელი წლის ორშაბათი დღეები, დიდი სამშაბათით - სამშაბათები და ასე შემდეგ. ამიტომაც მნიშვნელოვანია, როგორ გავატარებთ ამ დღეებს.

დიდი ორშაბათი

დიდ ორშაბათს ეკლესია უნაყოფო ლეღვის გახმობას იხსენებს. ეს ლეღვი იმ იუდეველთა სახეა,
რომელთა გულშიც იესო ქრისტემ ჭეშმარიტი ნაყოფი ვერ პოვა - იქ მხოლოდ კანონების მშრალი აღსრულება დახვდა. ამიტომაც ამხილა და დაგმო ისინი. უნაყოფო ლეღვი ასევე იმ ქრისტიანთა სულის სიმბოლოცაა, რომელიც სინანულის ნაყოფს არ ისხამს. ეკლესიაც დიდ ორშაბათს სინანულისკენ მოგვიწოდებს.

ლიტურგიაზე წასაკითხი სახარებით წმინდა ეკლესია ღვთისაგან განდგომილი იუდეველების ბედსა და იესო ქრისტეს მიერ აღწერილ სამყაროს აღსასრულს გვახსენებს. დიდ და მრავალრიცხოვან განსაცდელთა, იერუსალიმის დანგრევისა და სამყაროს აღსასრულის ნიშნების აღწერით ეკლესია მორწმუნეებს ამქვეყნიურ ბოროტებაზე ამაღლებისკენ, სულგრძელობისკენ, სიმშვიდისკენ, მოთმინებისკენ, ლოცვისა და სულიერი სიფხიზლისკენ მოუწოდებს.

დიდი სამშაბათი

დიდი სამშაბათის მსახურებაზე ვიხსენებთ იგავს ათი ქალწულისა და ტალანტების შესახებ და გრძელდება მათეს სახარების ორშაბათს დაწყებული საკითხავი იესო ქრისტეს მეორედ მოსვლის შესახებ. ამით წმინდა ეკლესია კიდევ ერთხელ და საგანგებოდ მოუწოდებს მორწმუნეებს სულიერი სიფხიზლისკენ, ჩვენთვის ბოძებული ნიჭისა და ძალების მართებული გამოყენებისკენ, განსაკუთრებით კი - მოწყალებისკენ.

დიდი ოთხშაბათი

ეს იუდას მიერ ქრისტეს გაცემის დღეა.
ოთხშაბათი ღამე მაცხოვარმა ბეთანიაში გაატარა. აქ, სიმონ კეთროვნის სახლში, იმ დროს, როცა მღვდელმთავრებს, მწიგნობრებსა და უხუცესებს იესოს მოტყუებით შეპყრობა და მოკვდინება ჰქონდათ გადაწყვეტილი, უცხო დედაკაცმა ძვირფასი ნელსაცხებელი ინახით მჯდომ მაცხოვარს უხვად დაასხა თავზე, რითაც, როგორც თავად მაცხოვარმა ბრძანა, იგი დასაფვლელად მოამზადა.
აქვე, დედაკაცის უანგარო საქციელის საპირისპიროდ, იესო ქრისტეს თორმეტთაგან ერთ-ერთი მოწაფის, იუდა ისკარიოტელის უმადურ სულში ჩაისახა ბოროტი აზრი, თავისი მასწავლებელი და უფალი იუდეველთა უკანონო საბჭოსთვის მიეცა. ამიტომ დიდი ოთხშაბათის საეკლესიო მსახურება განადიდებს დედაკაცს, რომელმაც მაცხოვარს ნელსაცხებელი სცხო, იუდას ვერცხლისმოყვარეობასა და გამცემლობას კი კიცხავს და გმობს.

დიდ ოთხშაბათს წყდება დიდი მეტანიები, რომელთაც ეფრემ ასურის ლოცვის, "უფალო და მეუფეო ცხოვრებისა ჩემისაო", დროს ვასრულებთ. ამის შემდეგ, პარასკევამდე, ამ ლოცვას მხოლოდ ბერმონაზვნები აღასრულებენ სენაკებში.

დიდი ხუთშაბათი

იერუსალიმში შესვლიდან მეოთხე დღეს იესომ თორმეტივე მოწაფე შეკრიბა და უკანასკნელად დამოძღვრა: "ნუ იქნება თქვენს შორის ცილობა, ვინ უფრო დიდია, არამედ უდიდესი იყოს, როგორც უმცირესი და წინამძღვარი - როგორც მსახური... მე ვარ თქვენ შორის, როგორც მსახური, თქვენ კი ხართ ჩემს განსაცდელში - ჩემ გვერდით მყოფნი". შემდეგ  ჩაასხა საბანელში წყალი და დაიწყო მოწაფეთათვის ფეხების ბანა: "ხოლო თუ მე, მოძღვარმა და უფალმა, - ამბობს იგი, - დაგბანეთ ფეხები, თქვენც ასევე უნდა ბანდეთ ერთმანეთს ფეხებს, ვინაიდან მაგალითი მოგეცით და ნეტარია, ვინც აღასრულებს ამას". მაგრამ ყველა არ მოინდომებს ამ ნეტარებასა და ღვთის სიყვარულში წილის დადებას... "ერთი თქვენგანი გამცემს მე", - იტყვის უფალი. იუდა დაუნანებლად ტოვებს სერობას, გაურბის მხილებას, ტოვებს ღმერთს და უღმერთო ხდება.

მათთვის, ვინც საკუთარ თავზე მეტად შეიყვარა იგი, როგორც მაცხოვარი, როგორც აღდგომის ცხოვრება და ჭეშმარიტება, ქრისტე აწესებს ზიარების გამომხსნელ საიდუმლოს. "აწ იდიდა ძე კაცისა, და ღმერთი იდიდა; გაძლევთ თქვენ ახალ მცნებას, რათა გიყვარდეთ ერთმანეთი... როგორც მე შეგიყვარეთ, ასევე გიყვარდეთ ერთმანეთი",  ამბობს უფალი. - "არავის აქვს იმაზე დიდი სიყვარული, ვიდრე მას, ვინც სულს დადებს მეგობრისთვის. მე აგირჩიეთ თქვენ და დაგადგინეთ, რათა წახვიდეთ და ნაყოფი გამოიღოთ. აჰა, მოდის დრო, ცოტაც და ვეღარ მიხილავთ მე. მწუხარენი ხართ ახლა, მაგრამ კვლავ მიხილავთ და გაიხარებს თქვენი გული და ვეღარავინ წაგართმევთ სიხარულს. გამხნევდით, მე ვძლიე ქვეყანას", - იტყვის უფალი და გეთსიმანიის ბაღისაკენ გაემართება ზეციური მამის წინაშე სალოცავად, რათა შეავედროს ძეობა თვისი, საყვარელი მოწაფენი და ცოდვით დამძიმებული კაცობრიობა.

დიდი ხუთშაბათის მსახურებაზე ვიხსენებთ იესო ქრისტეს მიერ მოწაფეთათვის ფეხთა დაბანას, საიდუმლო სერობას, გეთსიმანიის ბაღში იესო ქრისტეს ლოცვას და იუდას მიერ მის გაცემას.
სერობაზე მართლმადიდებელი ეკლესიების მღვდელმთავრები ფერხთბანის რიტუალს ატარებენ: როგორც მაცხოვარმა დაბანა ფეხები სერობის დაწყებამდე თავის თორმეტ მოწაფეს, ასევე ბანს ფეხებს მღვდელმთავარი თორმეტ მღვდელმსახურს. ამავე დღეს სიონის საკათედრო ტაძარში სრულდება ფეხთბანის რიტუალი. კათოლიკოს-პატრიარქი იწვევს თორმეტ მღვდელს და ბანს ფეხებს.
დიდი ხუთშაბათი ერთადერთი დღეა მთელი წლის განმავლობაში, როცა, საჭიროების შემთხვევაში, მირონის კურთხევა შეიძლება (ეს მირონი მღვდელმსახურებაში მირონცხების საიდუმლოს შესრულებისას და ტაძრის კურთხევისას გამოიყენება). ამ კვირაშიც მკაცრად ვმარხულობთ, თუმცა  "დიდი ხუთშაბათი", ზეთით ხსნილია, რადგან ეკლესიაში სრულდება სადღესასწაულო წირვა.

დიდ ხუთშაბათ საღამოს სრულდება დიდი პარასკევის ცისკარი, რომლის დროსაც ე.წ. "თორმეტი სახარება", ანუ ოთხი სახარებიდან ამოკრებილი 12 ნაწყვეტი იკითხება. მათში იესო ქრისტეს ის ვნებებია აღწერილი, რომლებიც ჯვარცმამდე შეემთხვა, დაწყებული მოწაფეებთან მისი უკანასკნელი საუბრიდან საიდუმლო სერობაზე, დამთავრებული მაცხოვრის სხეულის იოსებ არიმათიელის ბაღში დაფვლით და მისი საფლავისთვის მცველების მიჩენით.

თორმეტი სახარების მსახურების დასრულების შემდეგ მორწმუნენი ტაძრის შუაგულში დაბრძანებულ ჯვარცმასთან მიდიან, დიდი მეტანიით ემთხვევიან და ტაძარს ტოვებენ. ძველი ტრადიციის თანახმად, სანთელი, რომელიც თორმეტი სახარების კითხვისას ხელში გვეჭირა, ასევე ანთებული უნდა წავიღოთ შინ და შესასვლელი კარის თავზე სანთლის ალის კვამლით ჯვარი გამოვსახოთ. ამისთვის უნდა მოვამზადოთ ლამპარი, რათა სანთლის შინ ჩაუქრობლად მიტანა შევძლოთ.

დიდი პარასკევი

დიდი პარასკევის ღვთისმსახურება იესო ქრისტეს ჯვარცმას, ჯვრიდან გარდამოხსნასა და დასაფლავებას იხსენებს. დიდი პარასკევის სერობა მაცხოვრის ჯვრიდან გარდამოხსნასა და დასაფლავებას ეძღვნება და შუადღისას, ორ საათზე აღევლინება, რადგან სწორედ ამ დროს მიიცვალა ჯვარზე იესო ქრისტე. მსახურების დაწყებამდე ტაძრის შუაგულში მზადდება ამაღლებული, ყვავილებით მორთული სადგამი - "საფლავი", საკურთხეველში კი,  წმინდა ტრაპეზზე, დააბრძანებენ გარდამოხსნას -  მოხატულ ქსოვილს, რომელზეც საფლავში მყოფი მაცხოვარია ამოქარგული.

სვიმეონ ღვთისმიმრქმელის ლოცვის გალობისას შავ, სამგლოვიარო სამოსში გამოწყობილი მღვდელმსახური აკმევს გარდამოხსნას, რომელიც ჯერ კიდევ საკურთხეველშია დასვენებული, "მამაო ჩვენოს" გალობის შემდეგ კი ტროპარის, "მშვენიერმა იოსებ ძელისაგან გარდამოხსნა უხრწნელი გვამი შენი", გალობით მღვდელმსახურები წმინდა ტრაპეზიდან, როგორც გოლგოთიდან, აიღებენ გარდამოხსნას, თავს ზემოთ ასწევენ, საკურთხევლიდან გამოასვენებენ, ტაძარში შემოატარებენ და "საფლავში" დაასვენებენ. ამის შემდეგ სამღვდელოება და მლოცველები დიდ მეტანიას ასრულებენ გარდამოხსნის წინაშე და ეამბორებიან მას.

გარდამოხსნა ტაძრის შუაგულში არასრული სამი დღის განმავლობაში რჩება - მაცხოვარი ხომ აღდგომამდე სამი დღე იყო საფლავში.

დიდი პარასკევი მთელი წლის განმავლობაში ყველაზე მძიმე მარხვის დღეა, როცა მოძღვრის კურთხევით, მორწმუნეთაგან ზოგი მხოლოდ პურსა და წყალს იხმევს.
ძველი ტრადიციის თანახმად, ამავე დღეს, მზის ჩასვლამდე, წითლად იღებება სააღდგომო კვერცხები. კვერცხი, სიცოცხლის სიმბოლოა, წითლად შეღებვა კი იმისა, რომ ჯვარცმული მაცხოვრის სისხლით გამოსყიდულ კაცობრიობას მარადიული სიცოცხლე მიენიჭა. სააღდგომო კვერცხი აუცილებლად წითელი უნდა იყოს, ნებისმიერ სხვა ფერისას ქრისტიანულ ტრადიციასთან არაფერი აქვს საერთო.

დიდი შაბათი


დიდი შაბათის ღვთისმსახურება იესო ქრისტეს ხორცით საფლავში, სულით კი ჯოჯოხეთში ჩასვლას და, ბოლოს, მაცხოვრის მკვდრეთით აღდგომას ეძღვნება. ცისკარზე მღვდელთმსახურები "წმინდაო ღმერთოს" გალობით გარდამოხსნას ტაძრიდან გამოაბრძანებენ, ნიშნად იესო ქრისტეს ჯოჯოხეთში ჩასვლისა და სიკვდილზე გამარჯვებისა, ხალხის თანხლებით ტაძრის ირგვლივ შემოატარებენ. შემდეგ ისევ ტაძარში შეაბრძანებენ და ღია აღსავლის კართან მიიტანენ. ეს იმის ნიშანია, რომ მაცხოვარი განუყოფლად იმყოფება მამა ღმერთთან და თავისი ვნებითა და სიკვდილით კვლავ გაგვიღო სამოთხის კარი.

ბასილი დიდის საღვთო ლიტურგია, ანუ წირვა, ამ დღეს ჩვეულებრივზე გვიან იწყება და მწუხრს უერთდება. მღვდელი საკურთხეველში ტრაპეზთან კი არ მსახურებს, არამედ ტაძრის შუაგულში, გარდამოხსნასთან.

საწინასწარმეტყველოსა და სამოციქულოს წაკითხვიდან იწყება მზადება მაცხოვრის აღდგომის დღესასწაულისთვის. ამ დროს სამღვდელოების სამგლოვიარო შესამოსელი სადღესასწაულოთი იცვლება. მთელ ტაძარში შავი ფერები ნათლით იცვლება. ეს იმის ნიშნად ხდება, რომ მენელსაცხებლე დედებმა დილაადრიან, რიბირაბოზე, მაცხოვრის საფლავზე იხილეს ნათლით მოსილი ანგელოზი და მისგან ისმინეს ხარება იესო ქრისტეს აღდგომის შესახებ.

სადღესასწაულოდ შემოსილი დიაკვანი, როგორც ანგელოზი, გამოდის ტაძრის შუაგულში, გარდამოხსნის წინ და სახარების კითხვით ხალხს მაცხოვრის აღდგომას ამცნობს. წირვის დამთავრების შემდგომ აკურთხებენ ღვინოსა და პურს მლოცველთა სანუგეშოდ და განსამტკიცებლად. ამას "მოციქულთა საქმეების" კითხვა მოსდევს, რაც შუაღამიანის ლოცვამდე გრძელდება.

ღამის თერთმეტ საათამდე აღესრულება შუაღამიანი, რომლის დროსაც იკითხება დიდი შაბათის კანონი, მის დასასრულს კი სამღვდელოება ტაძრის შუაგულიდან აღსავლის კარით უხმოდ გადაასვენებს გარდამოხსნას საკურთხეველში, წმინდა ტრაპეზზე, სადაც ის უფლის ამაღლების დღესასწაულამდე რჩება, ნიშნად იმისა, რომ იესო ქრისტემ მკვდრეთით აღდგომის შემდეგ ორმოცი დღე დაყო ამქვეყნად.
ამის შემდეგ მორწმუნენი სასოებით ელიან შუაღამის დადგომას, როდესაც ჩვენი უფლის, იესო ქრისტეს, ბრწყინვალე აღდგომის უდიდესი დღესასწაული იწყება.  ეს არის უსასრულო სიხარული მარადიული სიცოცხლისა და ნეტარებისა. ეს ის სიხარულია, რომელზეც თვით უფალმა თქვა: "უხაროდეს გულთა თქვენთა და სიხარული თქვენი არავინ მიგიღოს თქვენგან."
katerina
03 მაისი 2013 09:41
დიდება უფალს. დიდება უფალს. დიდება უფალს. ჩვენთან არს ღმერთი.
neriman
02 მაისი 2013 07:59
გმადლობთ ამ ცოდნის მოწოდებისვის!უფალი შეგეწიოთ და გფარავდეთ!
akaki
01 მაისი 2013 10:49
დიდება უფალს, ღმერთმა მოგვცეს მადლი რათა საკუთარი ცოდვები ცრემლით შევიგრძნოთ და გვიყვარდეს ერთმანეთი, როგორც ჩვენ შეგვიყვარა უფალმა იესო ქრისტემ...

რედაქტორის რჩევით