"დამიგდეთ ყური, ბაბუა, უყურეთ ღმერთსა, რა უყოს მტერსა!.."
29-04-2013
"დამიგდეთ ყური, ბაბუა, უყურეთ ღმერთსა, რა უყოს მტერსა!.."
მასზე ლეგენდები დადიოდა. მან ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დროს, როდესაც პირჯვრის გადაწერაც კი დიდ ვაჟკაცობად ითვლებოდა, იტვირთა პილიგრიმობა და 37-ჯერ ჩამოვიდა ქუთაისიდან თბილისში ფეხით. "სადაც დამიღამდებოდა, იქ წამოვწვებოდი, ბაბუა, არ მეშინოდა არაფრის, არც ფული მქონდა და არც ვალი. დავდიოდი ასე და ვქადაგებდი უფლის სიტყვასო..."

მისი გამონათქვამები ხალხში ელვის სისწრაფით ვრცელდებოდა და მოწამეთაში, სადაც მამა გიორგი მოღვაწეობდა, არ ილეოდა მასთან მიმსვლელი არასდროს. რას აღარ სთხოვდნენ, გამოჯანმრთელებას, შეწევნას, გასაჭირიდან დახსნას თუ მათი
სულებისთვის ლოცვას... ის ყველას ღირსეულად იღებდა და ისტუმრებდა. მისი ღირსების ხაზგასმული დასტური კი ის იყო, რომ თვით ავი განზრახვით მასთან მისული ადამიანებიც კი იმედცემულნი ბრუნდებოდნენ, სინანულით სავსენი, რომ ამ საოცარ მოძღვარს აქამდე არ იცნობდნენ...

მას გიორგი ერქვა, მამა გიორგი (ბასილაძე)  ყველას იმედი და ჭირის მოზიარე,
რომელმაც გასულ კვირას დაასრულა მიწიერი სიცოცხლე და ზეციურ საქართველოში მიეახლა სულკურთხეულ წინაპრებს, როგორც ღირსეული და ვალმოხდილი სულიერი მამა, აღსრულების შემდეგაც რომ არასოდეს მიატოვებს თავის შვილებს და სამშობლოს.
პირველად ამ ხუთიოდე წლის წინ გავიცანი მამა გიორგი. უცხოეთიდან გზავნილის მიტანა მთხოვეს მასთან და სახლში ვესტუმრე. დღესაც მახსოვს ის მღელვარება, როდესაც მისი სახლის კარი შევაღე სოფელ ჭოგნარში. იჯდა ღუმელთან, ლამპით მკრთალად განათებულ ოთახში, მაგრამ თავად ანათებდა კაცი(!). ძალაუნებურად დავიჩოქე და ხელზე მთხვევა დავაპირე. თვალები გადამიბრიალა: - ადექი ზეზე, რას კადრულობ, თუ იციო... მერე საოცრად თბილად გამიღიმა და მითხრა: - მოდი ქიზიყელო, თითო ჭიქა ავწიოთ და იმ საქართველოს სადღეგრძელო დავლიოთ, მე და შენ რომ გვინდაო...

მას შემდეგ, თითქმის არ ყოფილა შემთხვევა, ჭოგნარის გადასახვევთან ჩამევლო და მამა გიორგი არ მომენახულებინა. ის არასოდეს საუბრობდა მაღალფარდოვანი ტირადებით ანდა მეცნიერული ლექსიკით. ის მუდამ გესაუბრებოდა "შენს ენაზე", უბრალოდ და გასაგებად, მაგრამ იმავდროულად, აუცილებლად მიგქონდა განცდა, რომ ბრძენს ესაუბრებოდი. რამდენჯერ ყოფილა შემთხვევა, მისი საუბრის დეტალები გამხსენებია თვეების შემდეგ, ზუსტად იქ და იმ ვითარებაში, როდესაც დილემის წინაშე ვმდგარვარ და ერთადერთი სწორი გზა მომიძებნია მამა გიორგის მეშვეობით...

არასოდეს გამოგიშვებდა ისე, რომ არ გეტრაპეზა. თავად სულ ოდნავ მოიციცქნიდა მჭადს და მოსვამდა ღვინოს, შენ კი სამ ჭიქას აუცილებლად დაგალევინებდა. გათქმევინებდა უფლის სადიდებელს, დაგალოცინებდა დედაეკლესიას ჩვენი უწმინდესი პატრიარქის წინამძღოლობით და სამშობლოს სადღეგრძელოსაც შეგასმევდა. წამოსვლისას, აუცილებლად გამოგატანდა პურსა და ღვინოს. თითქოს ნაზიარები მოდიოდი მისგან, განწმენდილი და იმედით სავსე...

მის სასწაულებზე ბევრი ლაპარაკობს. თავად არ უყვარდა ამაზე საუბარი, თუმცა თავადაც არაერთხელ შევსწრებივარ და საკუთარ თავზე გამომიცდია მამა გიორგის მადლი. ერთხელ სტუდია "გუთანის" ბიჭები ზუგდიდში მივდიოდით ჩვენი ფილმის პრეზენტაციაზე. გზად შევუარეთ მამა გიორგის. თავის სენაკში გვიხმო, საწოლში იწვა. ჩამოვსხედით და ჩვეულებისამებრ დაგვმოძღვრა. საუბარი ისეთი იცოდა, ვერ მოსწყდებოდი ვერაფრით. საათზე რომ დავიწყეთ ყურება, გვითხრა: - ვიცი, ბაბუა, ზუგდიდში მიდიხართ, მარა მეიცადეთ პატარა ხანს, სად გეჩქარებათ, გზაზე შეფერხება გელით და ჩემთან საუბარი არ გირჩევნიათო?..

მაინც არ დავიშალეთ, დავემშვიდობეთ და ფეხი ავიჩქარეთ, მაგრამ სად წახვალ, არ იქოქება მანამდე იდეალურად მომუშავე მანქანა. გამობრძანდა მამა გიორგი ჭიშკარში, გადმოგვხედა და ღიმილით გვკითხა: - რაო ბაბუა, არ იქოქება ეგ მანქანა ხომ?.. რომ გამეიქეცით, რავა, არ იცოდით, რომ არ გაგიშვებდით უპურ-მარილოდო?.. დაუძახა ბავშვებს, მოარბენინეს ხელად ღვინო და პური, ჩაგვიწყეს საბარგულში. გაგვაფრთხილა: - სანამ სახლში არ ჩახვალთ, არ დალიოთ ეს ღვინოო, მერე გადაგვსახა ჯვარი და დაიქოქა მანქანაც(!)... ვიდრე დავიძვრებოდით, მაინც გვითხრა ღიმილით: - გაჩერებულიყავით კიდევ პატარა ხანს, მაინც ნელა მოგიწევთ სიარულიო და მშვიდობის გზა გვისურვა. ისე აგიხდათ ყველაფერი, როგორც მისი ნათქვამი აგვიხდა გზაზეც და ღვინოზეც. ჯერ იყო და ქუთაისის გზაზე რაღაც ველორბოლა ტარდებოდა და მათ ვდიეთ კუს ნაბიჯებით, მერე კი უკვე ზუგდიდიდან მობრუნებულებმა, რიკოთზე წახემსება და მამა გიორგის ღვინის დაჭაშნიკება მოვინდომეთ, მაგრამ ვაი, ამისთანა დაჭაშნიკებას, ისეთი ძმარი აღმოჩნდა, ყვავს დააჩხავლებდა. ჩავასხით უკანვე და გავაგრძელეთ გზა. სახლში მისულებმა ხელახლა გავსინჯეთ ის ღვინო და დიდება შენდა უფალო, რა ძმარი, რის ძმარი, ნაღდი ღვინო არ დაგვხვდა(!)..

კიდევ არაერთი მსგავსი შემთხვევა შეგვიძლია გავიხსენოთ, თუმცა ახლა ყველაზე მეტად მამა გიორგის საოცარი სიტყვები მახსენდება საქართველოზე, რომელმაც სწორედ მაშინ აავსო ჩვენი გულები იმედითა და სიყვარულით, როდესაც თითქმის აღარ ჩანდა ხსნა: -
დამიგდეთ ყური, ბაბუა! საქართველოს გადარჩენისა და გაერთიანების გასაღებს ტყუილად დაეძებს ბევრი ამერიკაში და ბევრიც რუსეთში, ეს გასაღები აქვეა, საქართველოში და თითოეულ ქართველში... ჩვენ საზეპურო ერი ვართ, საქართველო ქრისტეს ქვეყანაა და ქრისტე არ დათმობს მას. ღმერთი მსოფლიოს დაანახებს ქართველების ნამდვილ სახეს და ეს მალე იქნება. საქართველო წმინდანთა სამჭედლოა, ბაბუა და ჩვენ დამხობა არ გვიწერია... საქართველო ყველა დაკარგულ მიწა-წყალს დაიბრუნებს, დაიმახსოვრეთ ეს! უყურეთ ღმერთსა, რა უყოს მტერსა!..
მარი
11 ნოემბერი 2017 16:46
იქ გაუმარჯოს მამა გიორგის,სადაც არს!
რუსუდანი
19 სექტემბერი 2017 20:16
ღმერთმა ნათელში ამყოფოს მისი სული.ყველა ქართველის ოცნებაა დავიბრუნოთ ჩვენი საქართველო გამთლიანებული და გაბრწყინებული
19 სექტემბერი 2017 12:59
სანთელი და ნათელი არ მოაკლოს უფალმა მამა გიორგის. დაილოცოს უფალო შენი სახელი, ამინ.

რედაქტორის რჩევით