ივერიის ღმრთისმშობლის ხატის დღესასწაული მახათას მთაზე აღინიშნება - კვირის პალიტრა

ივერიის ღმრთისმშობლის ხატის დღესასწაული მახათას მთაზე აღინიშნება

999 წელს, აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულზე, ათონის მთაზე ივერიის ღვთისმშობლის ხატი სასწაულებრივად მიბრძანდა. ათონელმა მამებმა ხატი მონასტრის მთავარ ტაძარში გადააბრძანეს.

მეორე დღეს, ცისკრის ლოცვის წინ, ეკლესიაში შესულ ბერს ხატი ადგილზე აღარ დახვდა. ბერებმა იგი კარიბჭის კედელზე აღმოაჩინეს და კვლავ უწინდელ ადგილას დააბრუნეს. სასწაული რამდენჯერმე განმეორდა.  მას შემდეგ ხატი თავად ღვთისმშობლის მიერ გამორჩეულ ადგილზე ბრძანდება და იწოდება "პორტაიტისად", ანუ "კარიბჭისად" და რადგანაც მან ქართველთა მონასტერი "ივერონი" აირჩია თავის სამყოფელად, "ივერიის ღვთისმშობელი" ეწოდა.

ივერიის ღვთისშობლის სასწაულმოქმედი ხატის არაერთ ასლს იცნობს მართლმადიდებლური სამყარო. სულ ცოტა ხნის წინ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის კურთხევით კიდევ ერთი ასლი დაიწერა. იდეა არქიმანდრიტ ილიას (ნასიძე) ეკუთვნოდა...

ახლად შექმნილი ივერიის ღვთისმშობლის ხატისთვის სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა სპეციალურად დაწერა ლოცვა ოჯახის კეთილდღეობის სავედრებელი.

"მეოხებითა ყოვლადწმიდისა ღვთისმშობელისა, მთავარანგელოზთა მიქაელისა და გაბრიელისა, ყოველთა ზეციურთა ძალთა და ყოველთა წმიდათა, უფალო, დაიცევ სახლი ესე და მკვიდრნი მას შინა ბოროტისაგან და ყოველთა საქმეთა მისთაგან სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმიდისათა, ამინ! ღმერთო ძლიერო, შენ აკურთხე ოჯახი ესე ... განამტკიცე და განამრავლე ისინი, მოანიჭე ჭეშმარიტი სარწმუნოება, მშვიდობა და სიხარული, სიყვარული და სულგრძელება, რათა წარემართოთ ყოველ კეთილ საქმეთა ზედა და იხარონ ორსავ სოფელსა შინა, ამინ!"

სპეციალურად გამოტოვებულ ადგილზე კი იმ ოჯახის უფროსის სახელი ჩაიწერება, ვის ოჯახშიც მიბრძანდება ძლევამოსილი, სასწაულმოქმედი ხატი პორტაიტისა. პატრიარქის კურთხევით, ეს ხატი თქვენი სახლის კართან უნდა დააბრძანოთ და ის თქვენი ოჯახის მფარველი გახდება.

ათონის წმინდა მთაზე, ბრწყინვალე შვიდეულის სამშაბათს, საკვირველთმოქმედ ხატს ლიტანიობით მიასვენებენ ზღვის ნაპირას, სადაც იგი პირველად გამოაბრძანა ღირსმა გაბრიელმა და იქვე მდგომ ღმრთისმშობლის ეკლესიაში აღასრულებენ საღმრთო ლიტურგიას.

7 მაისს, სამშაბათს, მისი ხსენების დიდ დღესასწაულს მახათას მთაზე მშენებარე ყოვლადწმინდა ივერიის ღვთისმშობლის სახელობის ტაძართან აღნიშნავენ. აქ მობრძანდება საქართველოს პატრიარქი, რომელიც მცირე პარაკლისს გადაიხდის, აკურთხებს ივერიის ღვთისმშობლის ხატებს და ათასობით ადამიანს  საჩუქრად გადასცემს.

მახათას მთაზე მოქალაქეთა მიყვანას უზრუნველყოფს უფასო ავტობუსები, რომლებიც მერიამ გამოყო და მახათას მთისკენ ვარკეთილის მეტროს მიმდებარე ტერიტორიიდან, თავისუფლების მოედნიდან და გადასასვლელი ხიდიდან მოემსახურებიან მსურველებს. ავტობუსები გავლენ 7 მაისს 3 საათიდან.