წმინდა გიორგი ქართველთა მფარველი და მათი მთავარი საჭურველი
06-05-2013
წმინდა გიორგი ქართველთა  მფარველი და მათი მთავარი საჭურველი

"კვირის პალიტრა" კვლავაც არ არღვევს ტრადიციას და თავის მკითხველს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს ხატითა და მაცხოვრის საფლავიდან გადმოსულ მარადიულ ცეცხლზე თავმომწვარი სანთლებით ულოცავს.

"კვირის პალიტრის" სააღდგომო საჩუქარი არქიმანდრიტმა იოანემ აკურთხა, რომელიც მცხეთის წმინდა გიორგის სახელობის მონასტერში მსახურებს, - იქ, სადაც დამზადდა თქვენთვის მოძღვნილი სანთლები.

არქიმანდრიტი იოანე:- პირველ რიგში მინდა მოგილოცოთ თქვენ და სრულიად მართლმადიდებელ ერს ბრწყინვალე აღდგომა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი. მინდა დიდი პატივისცემა გამოვხატო მედიასახლ "პალიტრის" მიმართ, რომელიც უკვე მერამდენე
წელია, ძალისხმევას არ იშურებს, რომ სანთლითა და ხატით მიულოცოს აღდგომა ქართველ ერს. სანთლები დამზადებულია ჩვენი უწმინდესის მშობლიურ სახლში, რომელიც 2003 წლიდან დიდმოწამე გიორგის სახელობის მამათა მონასტერია. ეს სანთლები თავმომწვარია უფლის საფლავზე სასწაულებრივად გარდამოსული ცეცხლით...

ხატი ამჯერად წმინდა გიორგისია, დაწერილია ბერძნულ მონასტერში საუკუნეების უკან და სასწაულმოქმედია.

საგულისხმოა, რომ სწორედ წმინდა გიორგი ითვლება საქართველოს განსაკუთრებულ მფარველად და ქართველი ერიც განსაკუთრებულად სასოებს ამ დიდი წმინდანის მიმართ. ვუსურვებ ყველას წმინდა გიორგის მეოხებასა და შემწეობას უფლის წინაშე, გაძლიერებას რწმენასა და უფლის სიყვარულში. ახლა ეს განსაკუთრებულად გვმართებს..."

რაკი წელს აღდგომის მეორე დღე გიორგობას დაემთხვა, თქვენს ოჯახებში წმინდა გიორგის ხატი შემობრძანდა. ეს არის სამარინას მონასტრის XVI საუკუნის ბერძნული ხატი. მას დრამატული თავგადასავალი აქვს: ოსმალეთმა საბერძნეთი რომ დაიპყრო, ხატი ქვეყნიდან გაიტანეს. ის ლონდონის მუზეუმში მოხვდა, სადაც 2009 წლამდე ინახებოდა. ოთხი წლის წინ მოახერხა ქვეყანამ თავისი სულიერი განძის დაბრუნება და იმ მონასტერში დაბრძანება, საიდანაც ოდესღაც გაიტანეს.
ხატს საინტერესო აღწერილობა აქვს, მასზე გამოსახულია როგორ განგმირავს შუბით წმინდა გიორგი გველეშაპს, რომელიც ქალაქ ლასიას მახლობლად ტბას დაეპატრონა და მუსრს ავლებდა მოსახლეობას. წმინდანის პირისპირ დგას გველეშაპს გადარჩენილი მეფის ასული, მარჯვნივ, კოშკიდან კი თავად ლასიის მეფე და დედოფალი იყურებიან და შვილის გადარჩენით განცდილ სიხარულს გამოხატავენ.
წმინდა გიორგის ცხოვრებაში დაწვრილებით არის აღწერილი გველეშაპის განგმირვის სასწაული: ქალაქ ლასიას კერპთმსახური მეფე სელინოსი იმავე პერიოდში ცხოვრობდა, როცა რომს  ულმობელი წარმართი დიოკლეტიანე მართავდა, ისიც ულმობლად უსწორდებოდა ქრისტიანებს. ამ ბოროტების საზღაურად უფალმა ლასიას გველეშაპი მიუვლინა.

მეფემ ქალაქის მცხოვრებლებს უბრძანა, თავიანთი შვილები რიგრიგობით შეეწირათ მხეცისთვის და აღთქმა დადო, - როდესაც ჩემი ჯერი დადგება, ჩემს ერთადერთ ასულს გველეშაპს მივგვრიო. ეს დღეც დადგა. შეწუხებული მამა ყველას ვედრებდა, - ყველაფერს დავთმობ, ტახტსაც კი, ოღონდ ჩემს ასულს ეს მძიმე ხვედრი ააცილეთო. არავინ შეისმინა სასტიკი მეფის მუდარა. სამსხვერპლოდ გამზადებული ქალი ელოდა ტბიდან გველეშაპის გამოსვლას, ღვთის ნებით, იქ გაიარა კაბადოკიისკენ მიმავალმა წმინდა გიორგიმ. ატირებული ქალისაგან მწუხარების მიზეზი რომ გაიგო, დაამშვიდა ქალი, რომ ჭეშმარიტი ღმერთის სახელით იხსნიდა მას ბოროტი მხეცისაგან.

როცა გველეშაპი გამოჩნდა, წმინდა გიორგიმ გამოსახა მასზე ჯვარი და ისევ შეევედრა უფალს: "უფალო ღმერთო, გადააქციე ეს მხეცი ჩემს მორჩილად". სულიწმინდის შეწევნითა და მისი ლოცვით ბოროტი ვეშაპი წმინდანის ფეხებთან დაეცა. წმინდა გიორგიმ ქალს უბრძანა, შემოეხსნა სარტყელი, ყელზე მოება მხეცისთვის და წაეყვანა ქალაქში. ამ სანახაობით დამფრთხალი მოქალაქენი წმინდანმა დაამშვიდა: "იწამეთ უფალი ჩვენი იესო ქრისტე, ყოვლად ძლიერი ჭეშმარიტი ღმერთი და მე მოვკლავ ამ ვეშაპს". მეფემ და მისმა ქვეშევრდომებმა შეჰღაღადეს: "გვწამს მამა, ძე და სული წმინდა". წმინდა გიორგიმ იშიშვლა მახვილი, მოკლა გველეშაპი და ქალიშვილი მამას დაუბრუნა. ხალხი დაემხო წმინდანის წინაშე და ჭეშმარიტი ღმერთი განადიდა.

გველეშაპის განმგმირავი წმინდა გიორგის სახე არის ქრისტეს ეკლესიის ბოროტებასა და ცოდვაზე გამარჯვების სიმბოლო, ხოლო ხატი, რომელზეც იგი დიოკლეტიანეს, ქრისტიანთა მდევნელსა და მწამებელს, კლავს, არის სიმბოლო ეკლესიის გამარჯვებისა ხილულ მტრებზე, რომლებიც ქრისტიანობას ცეცხლითა და მახვილით ებრძოდნენ.

სამარინას წმინდა გიორგის ხატზე კიდევ ერთი საინტერესო ფიგურაა: წმინდანს უნაგირზე პატარა ბიჭი ჰყავს შემოსმული. ეს კიდევ ერთი სასწაულებრივი გამოხსნის ისტორიაა. მონობაში მყოფი ყმაწვილის დედა გულმხურვალედ ევედრებოდა წმინდა გიორგის შვილის დაბრუნებას. შეისმინა გლახაკთა ხელის აღმპყრობელმა მისი ვედრება და შვილი მშობელს დაუბრუნა...

წმინდა გიორგი  303 წლის 23 აპრილს (6 მაისს ახ. სტ.), პარასკევ დღეს, დილის 7 საათზე მოწამებრივად აღესრულა. ცნობილია, რა სასტიკად აწამა ის დიოკლეტიანემ. სხვადასხვა სატანჯველს შორის უსასტიკესი მაინც ბორბალზე წამება გახლდათ, რომელიც სპეციალურად წმინდანის საწამებლად შექმნეს: მათ შიშველი გიორგი დააკრეს მბრუნავ ურმის თვალზე, რომლის ქვეშაც წვერბასრი რკინის მახვილები იყო. როდესაც ბორბალი დაატრიალეს, წმინდანის სხეული ნაკვეთ-ნაკვეთ დაიჭრა... ლოცვითა და ღვთის სასოებით განმტკიცებული მოწამე მხნედ დაითმენდა საშინელ ტანჯვა-წამებას: პირველად ხმამაღლა მადლობდა უფალს, ხოლო შემდეგ, როგორც მძინარე, დადუმდა და გულში ლოცულობდა. დიოკლეტიანემ და მისმა მეგობრებმა იფიქრეს, მოკვდაო და ხმა აღიმაღლეს: "სად არის გიორგის ღმერთი, რატომ არ მოვიდა და დაიხსნა იგი ჩვენი ხელიდან?" მეფის ბრძანებით, დაჭრილ-დაკუწული მოწამე ურმის თვალზე დატოვეს და სასამხროდ წავიდნენ.

იქნებოდა დილის 10 საათი, როდესაც ზეციდან ხმა მოისმა: "განმხნევდი, გიორგი, და განძლიერდი, რამეთუ მრავალი მიწამებს შენს გამო". ამ ხმის გაგონებაზე მცველები გაიქცნენ. უეცრად გამოჩნდა უფლის ანგელოზი, გიორგი ჩამოიყვანა სატანჯველი ბორბლიდან, სრულიად განკურნა, ეამბორა და უთხრა:

"გიხაროდეს, გიორგი, განძლიერდი და გწამდეს იესო ქრისტესი, რომელიც მოგანიჭებს მოწამეობის სრულ გვირგვინს".

საქართველოსთვის, რომელსაც დღენიადაგ უწევდა თავდაცვა მომხდური მტრისაგან, თეთრ ცხენზე ამხედრებული წმინდა გიორგი ყველაზე ახლობელი გახდა. მის სახელზეც ყველაზე მეტი სალოცავი ააგეს ჩვენმა წინაპრებმა.

ეს სიყვარული მსოფლიოსთვის გახდა ერთგვარი ნიშანსვეტი, რომლის მეშვეობითაც ქართველების იდენტიფიცირებაც კი ხდებოდა წარსულში. საეკლესიო გადმოცემით, ლათინები ქართველებს "სარტყლის ქრისტიანებს" ეძახდნენ და გულისხმობდნენ იმ სარტყელს, გიორგიმ რომ შეკრა ვეშაპი.
ერთხელ, უსჯულო მტრის შემოსევისას, ქართველთა მცირერიცხოვანი ლაშქარი დაბანაკებულა იმ მთის ძირში, რომლის წვერზეც წმინდა გიორგის ეკლესია იდგა. ქართველები გულმხურვალედ ევედრებოდნენ წმინდა მოწამეს შეწევნას. გარიჟრაჟზე ყველამ დაინახა მხედარი, რომელიც შურდულივით დაეშვა მთის წვერიდან, მისმა სიმარდე-სიმამაცემ მტერს თავზარი დასცა და დიდი ნაწილი უკუიქცა. ქართველებმა ადვილად დაამარცხეს მტერი. გამარჯვების შემდეგ მამაცი მეომარი, რომელიც მთის წვერიდან დაეშვა, მხედართმთავარმა შავი ნაბდით დააჯილდოვა. როდესაც ყველანი სამადლობელი პარაკლისის გადასახდელად ტაძარში შევიდნენ, შავნაბდიანი მხედარი გაბრწყინდა და ყველამ შეიცნო წმინდა დიდმოწამე გიორგი. მას შემდეგ ამ მთას შავნაბადას მთას უწოდებენ, ხოლო მთის წვერზე აშენებულ ეკლესიას, შავნაბადას წმინდა გიორგის ეკლესიას.

წმინდა გიორგი ფარავდეს სრულიად საქართველოს, მან მოგვცეს ძალა, დღენიადაგ ვიბრძოლოთ სულიერი ამაღლებისათვის...
sofio
07 მაისი 2013 13:21
გილოცავთ აღდ
გომას!გილოცავთ გიორგობას !გაიხარეთ ნამდვილი სულიერი სიხარულით ქართველებო და ყველა მართმადიდებლებო!წმინდა გიორგი გვიფარავდეს და მეგზური იყოს ჩვენს ცხოვრებაში!
KOBA
07 მაისი 2013 13:14
გილოცავთ მაცხოვრის აღდგომას და გიორგობას!

წმინდა გიორგის ნათესაობა კაბადოკიაში დასახლებული ქართველი ან ქართველი ებრაელები იყვნენ ალბათ სვანეთიდან სადაც იმპერიის ლეგიონი იდგა, სადაც დაწინაურდა გიორგის მამა სახელად მზეჭაბუკი და პონტოს (შავი ზღვის) მხედართმთავარი გახდა, აქედანაც გიორგის ბიძაშვილის წმინდა ნინოს განსაკუთრებელი სიყვარული ჩვენი მიწაწყლისადმი და ღვთის დავალება იბერიის განათებაში!
ერთ დროს ქართული(ივერიული)დასახლება გალილეაშიც იყო კაბადოკიაში და იერუსალიმში!

გასაკვირია რო ჩვენი ეკლესია არ ეძებს ამის მტკიცებულებებს!
თუმცა სომხებმა და ბერძნებმა ჩვენ ბევრი რამ დაგვავიწყებინეს!
ბერძნებმა შეძლეს და გიორგის სახელთან დაკავშირებით ჩვენი ებერის(ივრის)
dato1993
06 მაისი 2013 17:17
მთლიანად საქართველოს, ვულოცავ გიორგობის ბრწყინვალე დღესასწაულს ასევე თქვენს რედაქციასა და მთლიან კოლექტივს, რადგან თქვენი გაზეთი მუდამ სიმართლესა და ობიექტურობის განსახიერება იყო და მუდამ ხალხის გვერდით იყო

რედაქტორის რჩევით