"გიხაროდენ და მხიარულ იყვენით, რამეთუ თქვენი მესია ერთადერთია" - კვირის პალიტრა

"გიხაროდენ და მხიარულ იყვენით, რამეთუ თქვენი მესია ერთადერთია"

"აღდგომა ქრისტესი - უძვირფასესი ქვაა არამიწიერ საგანძურთა ყელსაკიდში, რომელსაც წარმოადგენს ქრისტეს ცხოვრება დედამიწაზე.

ქრისტე აღდგა, დანო და ძმანო! მიწას არ შეუძლია რაიმე ავნოს მას, და ვერც საფლავი დააკავებს. დაე, აღდგნენ სულნი თქვენნი! დაე, გაბრწყინდეს ღვთის ხატება თქვენში, მიწისგან განწმენდილთა და სასიკვდინე ხრწნისაგან დახსნილთა სულებში! გიხაროდენ და მხიარულ იყვენით, რამეთუ თქვენი მესია ერთადერთია, ვინც სძლია სიკვდილს, რომელიც შიშს ჰგვრიდა მიწაზე ყოველ დაბადებულს", - ბრძანებს წმინდა ნიკოლოზ სერბი.

"კვირის პალიტრა" კიდევ ერთხელ გილოცავთ უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს მკვდრეთით აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს და გთავაზობთ სააღდგომო ამბებს.

ჭეშმარიტად აღდგა უფალი!

1935 წლის აღდგომის დღესასწაულზე, როცა წმინდა პავლეს მონასტრის იღუმენი არქიმანდრიტი სერაფიმე გახლდათ, სავანის სამოცამდე მამა ეზოში გავიდა ქრისტეს აღდგომის სადღესასწაულო მსახურების დასაწყებად. "ქრისტე აღდგა!" შესძახეს სიხარულით ბერებმა.”შემდეგ იღუმენმა ერთ უბრალო, მაგრამ მტკიცე რწმენის მქონე მამა თომას სთხოვა: - მამა თომა, ჩადი საძვალეში და მამათა ძვლებსაც მიულოცე“ქრისტეს აღდგომაო.

- მაკურთხე, მამაო! - უპასუხა მამა თომამ, უმალ საძვალეში შევიდა და შესძახა: - იღუმენმა გამომგზავნა თქვენთან, რომ გითხრათ: "ქრისტე აღდგა, მამებო და ძმებო,“ქრისტე აღდგა!"

განსაცვიფრებელი რამ მოხდა. ძვლები შეირყნენ, ერთი თავის ქალა, დაახლოებით ერთი მეტრის სიმაღლეზე აიწია და მამა თომას მილოცვაზე უპასუხა:

- ჭეშმარიტად აღდგა უფალი!

და სრული სიმშვიდე ჩამოწვა. მამა თომამ ნანახ-გაგონილი ყველას უამბო.

ამ დღეს აღდგომის დღესასწაული განსაკუთრებულად იზეიმეს, ორმაგად მადლობა შესწირეს მკვდრეთით აღმდგარ უფალს და დიდი გულისშემუსვრილებით იგალობეს აღდგომის საგალობელი.

უფლის ვნების მოზიარე

ჰაჯიჯა მარიამი მუსლიმანურ ოჯახში დაიბადა. მისი საახლობლო ჭირმა გაწყვიტა, დარჩა ორი ძმა, რომლებიც სხვა სოფელში გადასახლდნენ. მარიამმა მეგობარი გოგონასგან შეიცნო ქრისტე და ჩუმად მოინათლა. ტაძარში სხვისი ხელით გზავნიდა სანთლებსა და სეფისკვერებს. მისი გაქრისტიანების ამბავი ძმებმა შეიტყვეს, მაგრამ მარიამი უარყოფდა. მეორე წელს მარიამმა აღდგომისთვის შეღება კვერცხები, ჩამოქნა სანთლები, გამოაცხო პასქა და სეფისკვერები. დიდ ხუთშაბათს (მაშინ ის 28 წლის იყო) ტაძარში წავიდა. ამ დროს ძმები მის სახლში შევიდნენ. კვერცხებმა, პასქამ და ანთებულმა კანდელმა დაარწმუნა ისინი, რომ მათი და "გაგიაურებულიყო". შინ დაბრუნებულს ყელში ეცნენ, მერე ტყვიები დაახალეს. დილით მეზობლებმა მარიამი მკვდარი იპოვეს. აღდგომა დღეს გაუთხარეს სამარე და გულზე ვარდი დაარგეს. ყოველ გიორგობას ამ ვარდსა და სხვა ყვავილებს წყვეტდნენ და სამკურნალოდ მთელი წელი ინახავდნენ.

სააღდგომო ტრაპეზი

საბერო ცხოვრების დასაწყისში წმინდა ბენედიქტე ერთ მღვიმეში დასახლდა, სადაც საკვებს თოკით მისი მოწაფე რომანი აწვდიდა. მალე რომანი გარდაიცვალა. სახიერმა ღმერთმა ბენედიქტე უნუგეშოდ არ დატოვა. მოშორებით მცხოვრებ ერთ დეკანოზს, რომელიც სააღდგომო ტრაპეზს ამზადებდა, ღმერთი ხილვით გამოეცხადა და უთხრა: - შენთვის სანუგეშო ტრაპეზს იმზადებ, ჩემი მონა კი ამა და ამ ადგილას შიმშილით კვდებაო. დეკანოზი წამოდგა, აიკიდა საკვები, გადაიარა მთა-ხეობები და მღვიმეში დაყუდებულ ღვთის კაცს მიადგა. ლოცვის შემდეგ დასხდნენ და ყოვლისშემძლე ღმერთი განადიდეს. ტკბილი საუბრის შემდეგ დეკანოზმა უთხრა: "წამოდექი, პური გავტეხოთ, დღეს ხომ აღდგომაა". წმინდა ბენედიქტემ უთხრა: - ჭეშმარიტად აღდგომის დღეა, რადგან შენი ხილვის ღირსი შევიქენიო. კაცთაგან განშორებულმა ბენედიქტემ არ იცოდა, რომ ამ დღეს აღდგომას დღესასწაულობდნენ. დეკანოზმა კვლავ უთხრა: - ჭეშმარიტად, დღეს ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომის დღეა, ამიტომაც მარხვა არ გმართებს, აქ იმისთვის გამომგზავნეს, რომ ერთად გვეჭამა ღვთის ნაწყალობევიო. სულიერი და ხორციელი ტრაპეზით დანაყრებული დეკანოზი თავის ეკლესიაში გაბრუნდა.

მენჯის მთავარანგელოზთა ტაძარი

1885 წელს, როცა თურქთა ლაშქარი ომარ-ფაშას მეთაურობით დასავლეთ საქართველოში შეიჭრა, ერთ ახალგაზრდა თურქ მეომარს ტყვედ მშვენიერი მეგრელი ქალი ჩაუვარდა. უკვე გემით აპირებდნენ გამგზავრებას, რომ შეამჩნია, როგორ ლოცულობდა ქართველი ასული და დასცინა, - თუ შენს ქრისტეს რაიმე ძალა აქვს, შეევედრე, რათა არ გაგვიშვას აქედან და მეც გაგათავისუფლებო. ქალწული შევედრებია ქრისტეს და ულოცავს მენჯის მთავარანგელოზის ტაძრის მიმართ. უეცრად შეცვლილა ამინდი, ზღვა საშინლად აღელვებულა და თურქთა გემი დიდხანს ვერ მოსცილებია ნაპირს. ის თურქი კეთილგონიერი გამოდგა, ტყვე ქალწულისთვის ძმობა შეუფიცავს, გაუთავისუფლებია, თავადაც ქრისტიანობა მიუღია და საქართველოში დასახლებულა; მასვე შეუკეთებია ეს სალოცავი და ტყვიის ფურცლებით გადაუხურავს. წმინდა ალექსისაც (შუშანია) დახვედრია ის სახურავი.

ქრისტეს ხატი

ერთხელ ერთმა რუსმა გენერალმა თურქეთში ლაშქრობიდან ტყვე თურქი ბიჭი წამოიყვანა და თავის მეგობარს მიუყვანა. ბავშვი ძალზე ცოცხალი და გონიერი გამოდგა. მამობილი მის მონათვლას არ ჩქარობდა, სურდა, თვითონვე მიმხვდარიყო ეკლესიის როლს, ქრისტიანობის მნიშვნელობას. ბიჭიც ამასვე ეუბნებოდა: დავიცადოთ, მამიკო, ამის დრო რომ დადგება, მე თვითონ გეტყვიო.

თექვსმეტი წლისა რომ შესრულდა, საოცარი ფერისცვალება მოხდა ყმაწვილის სულში: სადღაც გაქრა მისი მხიარულება, თვალები სევდით აევსო. მამიკო, მალე მოგთხოვ მონათვლას, მაგრამ მანამდე ერთი სათხოვარი მაქვს: საღებავები, ფუნჯები, პალიტრა და კიბე მიყიდე და ნება მომეცი, ჩემს ოთახში არავინ შემოვუშვაო. მამობილმაც სიამოვნებით შეუსრულა თხოვნა.

ყმაწვილი დღისით თავის ოთახში განმარტოვდებოდა ხოლმე, საღამოობით კი მამობილთან მიდიოდა სასაუბროდ. დღითი დღე ფერმკრთალდებოდა, შავ თვალებში არაამქვეყნიური ცეცხლი უკრთოდა. თვის ბოლოს მამობილს სთხოვა, ყველაფერი მოემზადებინა ნათლობისთვის და თავის ოთახში შეიყვანა. ჩამოხსნა საფარველი და კედელზე გამოჩნდა მაცხოვრის უზარმაზარი ხელთუქმნელი ხატი - იესოს უფლის ანგელოზები აღამაღლებდნენ. აი, ეს არის მიზანი, რომლის აღსრულებაც მსურდა, ახლა კი ქრისტეს სარწმუნოებასთან ზიარება მინდაო, - თქვა.

მეორე დღესვე მონათლეს. როცა ეზიარა, ყველა განაცვიფრა არაამქვეყნიურმა სილამაზემ - შინაგანი ფერისცვალება გარეგნობაზეც აესახა. ყმაწვილი მადლობდა მამობილს, - მშობელ მამაზე უკეთესი ხარ, შენ ხომ საუკუნო სიცოცხლე მაჩუქეო. მერე კი დიდხანს ლოცულობდა ხელთუქმნელი ხატის წინ.

მეორე დღეს ყმაწვილი თავის საწოლში გარდაცვლილი ნახეს. ხელები გულზე ჯვრის სახით დაეკრიფა, პირზე კი ღიმილი დასთამაშებდა...