არქიმანდრიტი ანთიმოზი (ბიჩინაშვილი) - "თეთრი, შავი, წითელი": - კვირის პალიტრა

არქიმანდრიტი ანთიმოზი (ბიჩინაშვილი) - "თეთრი, შავი, წითელი":

"11 წლის წინ, "უცნობი ბერის" სახელით დაწერილ ჩემს ესეებში ალბათ საზოგადოება დაინახავს რას ვფიქრობდი საკუთარ თავზე. გააზრებული მაქვს, რომ ვარ ცოდვილი და ვაღიარებ ჩემს ნაკლოვანებებს. ის ამბავი კი, რაც ცოტა ხნის წინ, ცნობილი მოვლენების დროს იქცა ჩემი მისამართით სალაპარაკო თემად, გთხოვთ ღმერთს მიანდოთ განსაკითხავად. უფალმა იესო ქრისტემ განგვიკითხოს ყველა. ადამიანები კი ნუ ვიზამთ ამას, რადგან ნათქვამია, როგორც განიკითხავ, ისევე განიკითხებიო. მით უფრო მტკივნეულია, როდესაც ცალკეულ სასულიერო პირზე განაწყენებული საზოგადოება სრულიად ეკლესიას და პატრიარქს განიკითხავს. როდესაც ძალიან მტკივა საქართველოს საფიქრალი, მაშინ ადამიანური მრისხანება მერევა ხოლმე, მეც ჩვეულებრივი მოკვდავი ვარ. მომიტევოს უფალმა" - ამბობს არქიმანდრიტი ანთიმოზი, რომელმაც წმინდა სამების საკათედრო ტაძარში მსახურების დაწყებამდე დავით გარეჯის მონასტერში გაატარა ხუთი წელი. მას დაძაბული ურთერთობა ჰქონდა აზერბაიჯანელ მესაზღვრეებთანაც, რომლებიც გააფრთხილა თავი აერიდებინათ ქართული მონასტრების ტერიტორიაზე პატრულირებისგან, რა დროსაც ზოგიერთი მესაზღვრე შეგნებულად აზიანებდა ფრესკებს. ერთხელ მარტო გადაეყარა ბერი უდაბნოს მონასტრის ტერიტორიაზე მოხეტიალე მესაზღვრეებს, მათ დაუპირისპირდა და კინაღამ ცეცხლსასროლი იარაღის მსხვერპლი გახდა...

"უცნობი ბერი" - ეს სახელი უთუოდ ემახსოვრება "კვირის პალიტრის" ერთგულ მკითხველს. მისი აქ წარმოდგენილი ესეები პირველად 2002-2004 წლებში დაიბეჭდა გაზეთის ფურცლებზე.

ავტორის ნაფიქრი და განსჯანი სახარებისეული სიბრძნით იყო გამსჭვალული, მკითხველს სიმდაბლისა და სინანულის შესახებ კეთილად, კრძალვით შეაგონებდა.

გთავაზობთ ამონარიდს "უცნობი ბერის" - არქიმანდრიტ ანთიმოზის (ბიჩინაშვილი) კრებულიდან "თეთრი, შავი, წითელი":

არავინ და არაფერი

ქვეყნის ერთ მივიწყებულ ქალაქში იყო და არა იყო "არავინ და არაფერი". დახეტიალობდა ქალაქში, არავის იცნობდა, მასაც არავინ იცნობდა.

ერთხელ, სრულიად შემთხვევით, ის შეხვდა ძალიან ლამაზ არსებას, რომელსაც ქალწული ერქვა.

მოხდა სასწაული!

"არავინ და არაფერს" შეუყვარდა ქალწული. გაიგო მისი სახლი და ყოველი დილის ცისკარს, როცა ქალწულს ეძინა, მის სასთუმალთან მდგარ ლარნაკს ვარდებით ავსებდა. დილაობით ქალწულს საოცარი ვარდების სუნი აღვიძებდა. მან არ იცოდა, ვის მოჰქონდა ვარდები და ისე მიეჩვია, რომ ეგონა, აუცილებლად ასე უნდა ყოფილიყო.

ერთხელაც, კვლავ შეხვდნენ ერთმანეთს. "არავინ და არაფერმა", როგორც იქნა, გადალახა რაღაც ზღვარი და უთხრა: "მე შენ მიყვარხარ". ქალწული გაოცდა, თვალებში შეხედა და უპასუხა: "მე შენ არ მიყვარხარ და არც არასდროს შეგიყვარებ, რამეთუ, შენ არავინ და არაფერი ხარ".

ქვეყნის ერთ მივიწყებულ ქალაქში იყო და არა იყო: "არავინ". მან მოიშორა "არაფერი", რამეთუ შეიცნო არსება - ქალი.

სიზმარი

მე ვნახე სიზმარი, გასაოცარი სიზმარი - შენ გეძინა. მე ვიყავი შენს ოთახში. უცბად საშინლად მომინდა შემოვსულიყავი შენში.

...და მე შემოვედი შენში.

შენ ხედავდი სიზმარს, რაღაც ნახევრად აბსტრაქციას, ნახევრად რეალობას. ვუყურე, არ მომეწონა.

ჩავეშვი დაბლა, სულის მიუკარებელ სიღრმეებში... და გავოცდი! უფსკრულის ძირას ვიხილე ჩემი თავი.

მას ეძინა. გავაღვიძე და ვკითხე:

- აქ რას აკეთებ?

- ველოდები.

- რას ელოდები, შე იდიოტო! - გავბრაზდი მე, - აქ არასოდეს ჩამოაღწევს სინათლის სხივი.

მან ბრიყვული თვალებით შემომხედა და დაიძინა.

ამოვედი მაღლა. შენ ისევ იმ ძველ განზომილებაში - ძველ სიზმარში იყავი.

გამოვედი შენგან.

მოვედი შინ. ჩემი სხეული სამშვინველთან ერთად ფშვინავდა. შევედი მასში. ჩავეშვი სულის მიუკარებელ სიღრმეებში, სადაც ხანდახან ჩამოაღწევს სინათლის სხივი და... დავიძინე.

მე ვნახე ამაზრზენი სიზმარი. ვიდექი მუხლებამდე წყალში და წყალი სავსე იყო უამრავი გველით. ისინი ნელ-ნელა მოცოცავდნენ ჩემს სხეულზე, ლამის იყო გამისკდა გული. უცებ, ერთმა გველმა, ყელზე შემოხვეულმა, ყურში ჩამსისინა:

- ნუ გეშინია ჩვენი! ჩვენ შენ არ გიკბენთ, რამეთუ შენ არა გაქვს სხეული.

სატანა

უცნაურმა სიზმარმა გამაღვიძა. პირდაუბანელი და უჭმელი, საწერ მაგიდას მივუჯექი, მინდოდა, სიზმრისაგან აღგზნებული აზრები ქაღალდზე დაულაგებლადვე გადამეტანა.

პირი დავიბანე. შემთხვევით, სარკეში თვალებს წავაწყდი. მოულოდნელობისაგან გავშტერდი - სხვისი თვალები, გაყინული და შეშლილი, სადღაც, ჩემს იქით იყურებოდნენ.

ოთახებში სიმარტოვის აჩრდილი დაძრწოდა, ყველასაგან დაკარგული და მივიწყებული. მსიამოვნებდა აჩრდილის ყურება, ალბათ, მიყვარდა კიდეც. რამეთუ ის იყო ჩემს გულში ნადების ერთადერთი მხილველი და ცხოვრების უაზრობისაგან გარიყულის ერთგული თანამგზავრი...

მარსის თვე იდგა. დავეხეტებოდი ნახევრად დაცარიელებულ ქუჩებში ტრამალის მგელივით და ზიზღნარევი თვალებით ვაკვირდებოდი ქალაქის ცხოვრებას.

ვხედავდი, რომ მხოლოდ იმ მიზნისათვის ვსუნთქავდი, რომელიც ჩემს არსებაში უკვე გაცვეთილიყო, ცხოვრებაც უაზრობად გადაექცია და ყოფნა-არყოფნას შორის მერყეობდა გრძნობებისაგან მიტოვებული ჩემი სხეული.

სხეულიც, ყველაფრისაგან თავისუფალი, ყოფისაკენ იხრებოდა. ალბათ, ჯერ კიდევ ჰქონდა შემორჩენილი ცხოველური ინსტინქტი. არყოფნისაკენ მხოლოდ სული იდგა მყარად, სხეულისაგან დაღლილი და დაქანცული. უნდოდა გასცლოდა იქაურობას და სადღაც, თოვლიანი მთის ძირას "ხმელ წიფელში" გარდაცვლილიყო.

დაბნელდა. ვიგრძენი, რომ ოთახში ვიღაც შემოვიდა. არ ჰგავდა სიმარტოვის აჩრდილს. შავი მოსასხამი ემოსა და სახე სულ არ უჩანდა.

სატანა! - გამიელვა უცბად. თითქოს ველოდი და შიშისაგან სულ გამეყინა ისედაც გაყინული სისხლი.

უფალო იესო ქრისტე, ძეო ღვთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი!

გაუჩინარდა... ჩინარდა...

ოთახის სიბნელეში ცისკრის ოდნავ გახსნილი ჭიშკრიდან სინათლე იპარებოდა. საათის ისრებს ჩასძინებოდათ.

თეთრი, შავი და წითელი

(დაუხვეწავი სცენარი)

პავილიონი. უდაბნოს ბუტაფორია. აღმართულია სამი ჯვარი.

სამყარო ამოტრიალდა. დრო წაღმა დატრიალდა. კაცობრიობის სწრაფვა სიბნელისაკენ - სინათლისაკენ სწრაფვამ შეცვალა. ადრე იესო გააკრეს ჯვარზე. ახლა პირიქითაა - ცოდვას აკრავენ ჯვარზე. სამი გველი უნდა დალურსმნონ: თეთრი, შავი და წითელი.

პავილიონის უკან ფუსფუსია. მსახიობები, გრიმიორები, ცისფერები და სხვა მომსახურე პერსონალი ერთმანეთში არიან არეულები. ლაზღანდარობენ, ჭორაობენ, სიგარეტს ეწევიან.

თეთრი - იზაბელ აჯანი.

შავი - კიმ ბესინჯერი.

წითელი - სილვია კრისტელი, იგივე ემანუელა.

ემანუელას - წითელი კაბა, თმა - მოკლედ შეკრეჭილი.

კიმ ბესინჯერს - შავი კაბა, თმა - ქერა, გრძელი და გაშლილი.

იზაბელს კაბა - ქათქათა თეთრი, აუცილებლად კოჭებამდე. თმა - შავი და გრძელი, უკან შეკრული, ცხენის კუდივით.

სატანა შევიდა გველში. გველი შევიდა ქალში. ქალი შევიდა ადამში.

თეოდორ დოსტოევსკი ერთ-ერთ რომანში ბრძანებს: "ყველა გველი ქალია და ყველა ქალი გველი". სხვაგან იმასაც ამბობს: "სილამაზე გადაარჩენს კაცობრიობას".

არა მგონია. ვნახოთ!

- მზად ხართ? - ისმის რეჟისორის ხმა, - დავიწყოთ.

შემოჰყავთ წითელი. გაფითრებულია. ჯვარზე მიდგმულია ორი კიბე.

- ჯერ არ დალურსმნოთ. თოკებით მიაბით. შემოიყვანეთ შავი.

საოცრად ლამაზია. თავი ამაყად უჭირავს. თვალებში ბოროტი, მაცდუნებელი და დამცინავი მზერა უთამაშებს.

თეთრი ფეხშიშველაა. გველების მეფის, კობრას თვალებზე მეტად მომნუსხველი თვალები, თეთრი სიკვდილი, თეთრი სატანა, ულამაზეს დედოფალთა შორის ულამაზესი დედოფალი.

- ფრთხილად!

აჰყავთ კიბეზე. თოკებით აბამენ.

აჰა, აღსრულდა!

შეხედეთ, მეძავნო და მემრუშენო!

ვინც ქალს ვნებით შეხედა, მან უკვე იმრუშა გულსა შინა თვისსა. და მრუშობს მთელი კაცობრიობა. შეხედეთ ემანუელას, ამ გველს, რამდენჯერ შემოსრიალებულა თქვენში?!

- რა! - არა?! ბჭობა.

- რა ვქნათ, მოვკლათ? - ამბობს რეჟისორი.

- ესენი როგორ უნდა მოვკლათ?!

- შენ რას იტყვი?

- მე? რა უნდა ვთქვა?!

- ცუდია წითელი, - ამთავრებს ბჭობას რეჟისორი.

ალეგორია ამერიკული მხატვრული ფილმისა: "კარგი, ბოროტი და ცუდი".

სასაფლაოს სცენა.

თეთრი, წითელი და შავი სასაფლაოს შუაგულში დგანან. ირგვლივ თვალუწვდენელი სივრცეა, უამრავი ჯვრიანი საფლავით.

დუელი... მზერა... ქალის თვალები. თან, რა თვალები! მუსიკა იგივეა.

თეთრმა იცის, რომ შავს ტყვიები არა აქვს. მთელი ყურადღება წითელზე აქვს გადატანილი. შავმა არ იცის, რომ ტყვიები არა აქვს. წითელი ორივესგან ელოდება ტყვიას. სროლა.

თეთრი კლავს წითელს. შავი გაოცებულია, ხვდება, რომ თეთრმა ტყვიები ამოაცალა. ილანძღება, იგინება.

პავილიონი. რეჟისორი სკამზე უკუღმა ზის. ჩაფიქრებული ჯვარცმულებს უყურებს და სიგარეტს ეწევა. უცებ, დგება. სკამს ხელით მოისვრის და მტკიცე ხმით ყვირის:

- მიალურსმნეთ წითელი!

აღსრულდა ემანუელა - "ჩვენთან არს ღმერთი".

შეხედეთ, მრუშო კაცობრიობავ!

ვითომდა, ქრისტეს მიმდევრებო! შეხედეთ თქვენს ნამდვილ ღმერთს!

- ამათ რა ვუყოთ?

- ჩამოხსენით და გაუშვით.

თეთრი ტირის. შავი - არა. ფრთხილად ხსნიან.

ფინალი. ისევ სასაფლაოს სცენა.

შავს ხელები უკან აქვს შეკრული. ყელზე თოკი აქვს შემოხვეული. ოდნავი მოძრაობა და ჩამოხრჩობილია. თეთრი, თეთრ ცხენზე ამხედრებული, ნელ-ნელა შორდება. შავი ხან ეხვეწება, ხან იგინება.

სროლა. თოკი წყდება.

განძს უყოფს თეთრი შავს, განძს - ნახევარ სასაფლაოს, სამყაროს ცოდვილ სულებს, რომლებში ერთ-ერთი მეც ვარ.

დასასრული.

მრუში დედაკაცი

(იოანე, 8,  3-11)

მაცხოვართან ფარისევლებს მიჰყავთ ჩასაქოლად განწირული ქალი.

ღრიანცელი, გინება და თვალები - მამაკაცის გაბოროტებული, ამღვრეული თვალები, ქვები...

შეშინებული, სიკვდილს თვალებში ჩახედული მემრუშე ქალი.

"ვინ უცოდველ-არს თქვენგანი, პირველად მან დაუტევენ ქვა მაგას ზედა".

მიდიან. ქალი მარტო რჩება უფალთან.

სიტუაციის საოცარი მეტამორფოზა. გაბოროტებული, ჩასისხლიანებული თვალების შემდეგ სულიწმიდით მადლმოსილი, თვით სიყვარულის სინათლით გამთბარი თვალები.

"არავინ განგიკითხა შენ?"

"არავინ, უფალო!"

"არცა მე განგიკითხავ შენ, წარვედ და ამიერითგან ნურღარა სცოდავ".

შესცოდავს კი?!

მეძავნო და მემრუშენო! შეხედეთ უფალ იესო ქრისტეს ამ ქალის თვალებით!

ათი მცნება

ადამიანის ვნებების მამამთავარია ამპარტავნება. ამპარტავნებიდან იბადება განკითხვა. ამპარტავნება ეგოცენტრისტია - მთელ სამყაროს ვატრიალებ ჩემ გარშემო. მე ვარ აღმოსავალი, ათვლის წერტილი. სწორედ ეს არის ადამიანის დაცემული ბუნების არსი. ამ აზროვნებით დაეცა მთავარანგელოზი.

სინამდვილეში ვინ ვარ? უფალო, შემიწყალე!

არაფერი. მტვერი, ნაცარი. გული ფეთქავს ყველას და ყველაფრის განკითხვით.

დილით რომ ვიღვიძებ, ახალგაღვიძებული გონების ათვლის წერტილი განკითხვაა. ამაზე იგება მერე აზროვნების მთელი სისტემა. ამის გამოა ათივე მცნებას რომ ვარღვევ. ვარღვევ ყოველდღე, ყოველ საათში, ყოველ წუთში, ყოველ წამში. გული ფეთქავს, სისხლძარღვები სისხლს აწვდის ათი მცნების საწინააღმდეგოდ.

ვღალატობ უფალს ლოცვის დროს, ჭამის დროს, ძილის დროს...

რასაც გავიფიქრებ, უკვე რომელიღაც კერპის მსახური ვარ.

კვირადღე საუფლოა. კვირა კი არა!

წუთიც არ არის ჩემში, უფალს რომ ეკუთვნოდეს! გული. სულ კლავს ვიღაცას. სულ იპარავს რაღაცას. სულ მრუშობს...

ცოდვის მონა ვარ - ცილისმწამებელი...

ეხ! ფხიზელი კი არა! რომ მძინავს, მაშინაც შურიანი ვარ. ყველაზე დიდი უბედურება ის არის, რომ სინანული არ გამაჩნია. გული გამომშრალია, როგორც უდაბნოში ნაგდები ქვა, რომელსაც ერთი წვეთი ცრემლი არ გააჩნია.

რა ლაკონიურია ახალი აღთქმისეული ათი მცნება...

და შენ, მკითხველო! შენც ჩემნაირი დაცემული ბუნების მატარებელი ხარ! შენც ჩემნაირი...

"გული წმიდაი დაჰბადე ჩემთან, ღმერთო და სული წრფელი განმიახლე გვამსა ჩემსა" (ფს. 50, 10).

შეინანეთ, ადამის შვილნო!

შეინანეთ, ადამიანებო! "რამეთუ მოახლოებულ არს სასუფეველი ცათა".

(მთ. 4,17).

მართა და მარიამი

(ლუკა, 10, 38-42)

უფალი იესო ქრისტე სტუმრადაა ბეთანიელი დების, მართა და მარიამის ოჯახში.

იესო ქადაგებს. მარიამი ზის "ფერხთა თანა იესოსთა",M შეჰნატრის თვალებში და მის იქით არაფერი აინტერესებს. მართა სამზარეულოში ფუსფუსებს: "არა იღვწი, რამეთუ დამან ჩემმან მარტო დამიტევა მე მსახურებად? არქუ მას, რათა შემეწეოდეს მე".

"მართა! მართა! ჰზრუნავ და შფოთ ხარ მრავლისათვის..."

მართა და მარიამი. ქალის ორი განსხვავებული ხასიათი. მარიამი სულიერია, Mნაზი, გულუბრყვილო, მეოცნებე. მართა ხორციელია. რეალისტი. ახლაც ტრაპეზს ამზადებს. ზრუნავს მრავლისათვის. მარიამი მდაბალია, მორჩილი. მართა ამაყი, დედაკაცის დამახასიათებელი თვისებით - "შფოთ ხარ".

"უფალო, არა იღვწი"... - მომაქციეთ ყურადღება, მე მარტო ვაკეთებ ყველაფერს. თქვენ კი მანდ ლაპარაკობთ. უფალს განიკითხავს, ჭკუას ასწავლის. და ეს ყველაფერი თავისი ქალურობით მოსდის და არა სხვა, რაიმე ცუდი განზრახვით.

ეხ, მართა! მართა!

სასუფეველში შესული ავაზაკი

(ლუკა, 23, 39-43)

ჯვარცმა

იესოსთან ერთად ჯვარს აცვამენ ორ ავაზაკს.

ერთი ავაზაკი, რომელიც წარწყმდა და ჯოჯოხეთში შთაჰხდა, გმობდა მას:

"შენ თუ ხარ ქრისტე, იხსენ თავი შენი და ჩვენცა".

"კეთილგონიერი ავაზაკი გაბრაზებული მიუგებდა:

"არცაღა გეშინის შენ ღმრთისა... და ჩვენ სამართლად ღირსი, რომელი ვჰქმენით, მოგუეგების, ხოლო ამან არა რა უჯერო ჰქმნა".

აუტანელი სიცხე. ხელებში და ფეხებში ლურსმნები. და განსჯა, მაინც შეუშლელი, კაცური. მთელი ცხოვრება ქურდობდა, მაგრამ იყო მასში მართალი, ვაჟკაცური. არსებობს აპოკრიფული გადმოცემა, რომ კეთილგონიერი ავაზაკი მაშინდელი იერუსალიმის დამნაშავეთა სამყაროს მაყურებელი იყო.

"და ეტყოდა იესოს: მომიხსენე მე, უფალო! ოდეს მოჰხვიდე სუფევითა შენითა".

"ამინ გეტყვი შენ, დღეს ჩემთანა იყო სამოთხესა".

შემთხვევით არაფერი ხდება. სიკვდილის წინ მას მიეცა სინანული, რომელმაც სასუფეველში შეიყვანა.

ფარისეველნო! ორგულნო! ქურდები და მეძავები გიძღოდეთ თქვენ სასუფევლის გზაზე.

"განათლდი, განათლდი, ახალო იერუსალემ"...

ბრძოლის ველი - დრო-ჟამის ზღვარი...

- შეინანე, ლუციფერ!.. "ნათელი იგი ბნელსა შინა სჩანს" (იოან. 1,5).

ნათლის მთავარსარდალი, მებრძოლი ღვთისა, მიქაელი. ანგელოზთა ლაშქარი, იგივე ციური ძალნი, მათთვის ჩვეულ მწყობრად განლაგებულნი...

მეფე სიცრუისა, ჰაერის ბატონი, ბოროტი ანგელოზების ერთმმართველი ტირანი...

...და იყო ჟამი ბრძოლისა ცათა შინა, ხილული სამყაროს დასაბამამდე და ბოროტის გაჩენამდე.

ნათელი ქურუბიმი, ლუციფერად წოდებული, ამპარტავნებისგან დაცემული.

და სძლია ანგელოზთა სარდალმა მიქაელმა. განიდევნა ნათლის იერარქიიდან "გველი დასაბამისა" და გაიყოლა მოდასე უთვალავი ანგელოზი.

და აჰა! მიზანი - ადამის მოდგმის, ქვეყნის მაწყევრის დამარცხება. ციური და უცოდველი სხეულით შემოსვა. ქალაქი მართალთა - ახალი იერუსალიმი და სამუდამო ნეტარება.

- შეინანე, ლუციფერ! რამეთუ მოახლოვდა აღსასრული სიკვდილისა.

- "რაი არს ჭეშმარიტება?" (იოან. 18,38).

- სინანული.

შეინანა ნინევიამ.

ღმერთი აბრაამისა, ისააკისა და იაკობისა, ღმერთი ცოცხალთა და არა მკვდართა.

ადამი. ადამიანი, ხატად და მსგავსად ქმნილი. ქვეყნის მეუფედ დადგინებული, დამარცხებული და აწ სატანისგან დამონებული. ცოდვილი, გარყვნილი, სისხლის მსმელი, მაგრამ "უფალო, შემიწყალეს" - თქმის შემძლებელი.

...და დადგა ჟამი მეორედ მოსვლისა, ჟამი ჯოჯოხეთის შემუსვრისა და ეშმაკთ ბატონის შეპყრობისა.

სამყარო გაირინდა, გაყუჩდა, უზარმაზარი ბრძოლის წინ, მიწამაც იგრძნო თვისი გარდაცვალების მოახლოება.

და "იქმნა დუმილი ცათა შინა, ვითარ ნახევარსა ჟამისასა" (გამოცხ. 8.1).

- შეინანე, ლუციფერ! - დაარღვია სამყაროს დუმილი მთავარანგელოზმა მიქაელმა.

- სჯობს სიკვდილი.

- სიკვდილი დაბადებაა.

"და იქმნა ბრძოლა ცათა შინა მიქაელ და ანგელოსნი მისნი ჰბრძოდეს ვეშაპს მას და ვეშაპნი და ანგელოსნი მისი ებრძოდეს მათ" (გამოცხ. 12.7).

სამყარო შეირყა, შეზანზარდა. მზე დაბნელდა, დაკარგა ძალა. ძალაუფლებადაკარგული სისხლისფერი გახდა და უსწრაფესად მიწისკენ გაქანდა.

...და დაირღვა ჰარმონია ქვეყანასა ზედა. ვარსკვლავებმაც მიჰბაძეს მზეს. ჯერ ერთმანეთს დაერივნენ, აიზილნენ, მერე, თითქოს პირი შეკრესო, ყველანი მიწისკენ გაქანდნენ.

...და დადგა ჟამი მეორედ მოსვლისა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი.

დიდება შენდა უფალო, იესო ქრისტე, დიდება შენდა!

"ვსცოდე, უფალო, ვსცოდე ცად მიმართ, და არა ვარ ღირს აღხილვად სიმაღლედ მიმართ დიდებისა შენისა". ყოვლად უღირსი მონაი შენი მომიხსენე, უფალო, ზეციურსა ქალაქსა - ახალსა იერუსალიმსა.

"ჰე, მოვედ, უფალო იესო" (გამოცხ. 22,19).