30 წლის მამა იოანე უფალმა ბრწყინვალე შვიდეულში გაიყვანა - კვირის პალიტრა

30 წლის მამა იოანე უფალმა ბრწყინვალე შვიდეულში გაიყვანა

"მამა იოანე სულ ციხეში დადიოდა, პატიმრებს აძლიერებდა სულიერად..."

"კვირის პალიტრის" მკითხველმა იცის, რომ ტრადიციულ სააღდგომო საჩუქარს, ხატებსა და სანთლებს, ბოლო წლებში მცხეთის წმინდა გიორგის სახელობის მონასტრის ბერი, არქიმანდრიტი იოანე (გაბრელიანი) აკურთხებდა, ალბათ მისი ფოტოც არაერთხელ გაქვთ ნანახი... ბრწყინვალე შვიდეულში კი, დიდ ხუთშაბათს, უფალმა ინება მისი ამ ქვეყნიდან გაყვანა.

ძნელია ამისი წარმოდგენა ახალგაზრდა, სიცოცხლით სავსე მოძღვარზე. ძნელია გააზრება, რომ მან 30 წლის ასაკში, აღკვეციდან 4 წელიწადში, იმდენის გაკეთება მოასწრო, თითქოს გაცილებით ასაკოვანი მოძღვარი ყოფილიყო და სასულიერო სფეროშიც ათეული წლები ჰქონოდა გატარებული, როგორც სულიერ მოძღვარს.

მამა სამოელი (ზედგინიძე): - ღვთისმსახური უპირველესად ღმერთს უნდა ემსახურებოდეს, მისი მსახურება აუცილებლად კაცთათვის გაწეულ ღვაწლსაც გულისხმობს... უფლის ცხოვრებაც ეს არის: მამის ნება რომ აღესრულებინა, ადამიანებს ემსახურებოდა, რწმენაში აძლიერებდა, წყალობას აძლევდა მათ, ვისაც უნდოდათ ღმერთი ეპოვათ... მამა იოანე ღმერთს ემსახურებოდა და გაჭირვებულებს გვერდით ედგა. ყველაზე მეტად უჭირდათ პატიმრებს, ამიტომ რწმენაში გაძლიერება სჭირდებოდათ. როგორც ღვთის მსახური,  მამა იოანე თავს ვალდებულად თვლიდა, ადამიანების გვერდით მდგარიყო და იდგა კიდეც. შემთხვევით ხომ არაფერი ხდება, მით უმეტეს, ადამიანის გარდაცვალება და განსაკუთრებით - სასულიერო პირისა, ჩვენთვის რომ თვალსაჩინო გამხდარიყო მისი ღვაწლი, უფალმა ბრწყინვალე შვიდეულში გაიყვანა ამ ქვეყნიდან...

ღვთის მორჩილებით მცხოვრები ადამიანი ამ ქვეყნიდან გადის მაშინ, როცა ყველაზე მეტად მომწიფებულია საამისოდ. უფალმა იცის ჩვენი შესაძლებლობები და როცა ადამიანისთვის ყველაზე სასურველი დროა, მივყავართ...

წმინდა გიორგის სახელობის მონასტერში ვცხოვრობდით მე და მამა იოანე, მაშინ ერისკაცი ზვიადი. სწავლობდა ბათუმის სასულიერო სემინარიაში, აქტიურად იყო ჩართული ტაძრის მშენებლობაში მცხეთაში. მის ცხოვრებაში ბევრი რამ მოხდა. მძიმე სნეულება აღმოაჩნდა დედამისს. ისიც მორწმუნე ადამიანი იყო, უნდოდა, უფლისადმი მადლიერება გამოეხატა და ბარბარეს სახელით აღიკვეცა იოანე-თორნიკეს მონასტერში. მამა იოანეს უხაროდა დედის აღკვეცა... თუმცა მონაზონი ბარბარე მალე აღესრულა... მერე მისი ძმის სიცოცხლე ჩავარდა საფრთხეში. მამა იოანე თავზე ადგა ძმას. მკურნალობდა, წამალი მიჰქონდა, ცდილობდა, ღვთის შეწევნა ჰქონოდა - ყოველდღე პარაკლისებს უკვეთდა. ექიმებმა იმედი გადაუწურეს - ვერ გადარჩებაო. ღმერთს სთხოვდა ძმის გადარჩენას და აღუთქვამდა, რომ მისი მსახური გახდებოდა. ამის მერე სასწაულებრივად შემოტრიალდა კახას ჯანმრთელობის საქმე.

ზვიადმა (მამა იოანემ) სემინარიაში გააგრძელა სწავლა. ახლა მამამისი შეიქნა ცუდად. დაემატა კიდევ ერთი განსაცდელი... მამის  დაკრძალვის შემდეგ ბერობა გადაწყვიტა. რამდენიმე ხანში მღვდელი გახდა. უნდოდა, ღმერთი ედიდებინა, გული მიუწევდა ადამიანების დასახმარებლად... 2012 წელს, მამადავითობას, იღუმენი გახდა, მერე უწმინდესმა აიყვანა არქიმანდრიტის ხარისხში.

2009 წლიდან, რაც მღვდელი გახდა, 2013 წლამდე სულ ციხეში დადიოდა, პატიმრებს აძლიერებდა სულიერად. ღვთის წყალობით, რამდენიმე თვის წინ პატიმრები შეიწყალეს და მამა იოანეც გაიყვანა უფალმა ამ ქვეყნიდან.

მამა ანტონი, წმინდა გიორგის სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვარი: - ორი წელი გავატარეთ ერთ მონასტერში. საღამოობით მთელი დღის შთაბეჭდილებებს ვუზიარებდით ერთმანეთს. არც მას ჰყავდა მშობლები, არც - მე. საერთო ბევრი გვქონდა, მონასტერმა შეგვაკავშირა... ის ჩემი სულიერი ძმა იყო, ასეც დარჩება.

გრიგოლ ბენდელიანი, სასულიერო აკადემიის სტუდენტი, მეგობარი: - ბათუმის სემინარიაში რომ ჩავაბარე, ის მაშინ მესამე კურსზე იყო. ერთად ვცხოვრობდით. გარდაცვალებამდე ერთი კვირით ადრე თელეთში ამოვიდა ზეთისცხებაზე. მხნე იყო ყოველთვის, რა ცუდადაც უნდა ყოფილიყავი, გუნებას გამოგიკეთებდა.

მცხეთის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში მამა იოანეს სულიერი შვილები დიდი ტკივილითა და ცრემლით საუბრობენ მოძღვარზე... თურმე შვილმკვდარ დედებს შვილად ჰყავდათ დასახული. უშურველად ემსახურებოდა ყველას, უნუგეშოდ არასოდეს მიატოვებდა...

ნინო ჯალაღონია: - ჩვენი იმედი და საყრდენი იყო. ძალიან მზრუნველი იყო, უამრავი ადამიანი ჰყავს გადარჩენილი, ტაძარში მოყვანილი. ჩემს შვილსაც მამა იოანემ ჩააცვა სტიქარი...

ბაჩო ჯალაღონია: - მონასტერში ერთად ვცხოვრობდით, მერე მან სასულიერო გზა აირჩია. მცხეთაში ახალგაზრდობის უმეტესობა ეკლესიაში მან მოიყვანა, ბერი რომ გახდა, მერე უფროსებსაც აქეთ აჩვენა გზა. ყველა გააერთიანა. ბევრი ჰყავს გადარჩენილი. ლუკმას მოიკლებდა და გაჭირვებულს დაეხმარებოდა... ბევრს შრომობდა. ერთხელ ვუთხარი, ორი-სამი დღე მაინც დაისვენე-მეთქი, არაო, იმათ ვერ მივატოვებო...

ბრწყინვალე შვიდეულის ორშაბათს, დილის 6 საათიდან საღამოს 6 საათამდე საფლავებს აკურთხებდა. მცხეთაში ჭირისუფალი ვერც იგებდა ხშირად, რომ მან მის განსვენებულს საფლავი უკურთხა... მერე ლოტკინზე ადიოდა, იქაც აკურთხებდა საფლავებს, მათ შორის იმ ბიჭებისაც, ციხეში ვისთანაც დადიოდა... ხშირად მეუბნებოდა: ამდენი მიცვალებული უთუოდ შეგვეწევაო. ვერ ვიტყვი, წინათგრძნობა იყო-მეთქი, მაგრამ ახლა რაღაცნაირად მენიშნება მისი სიტყვები...

P.S. ამბობენ, მის დაკრძალვაზე, როცა სამთავროს მონასტრისკენ გადაუხვია პროცესიამ, მგლოვიარეთა ნაკადი ჯერ კიდევ ბებრის ციხესთან იყოო... ზღვა ხალხმა ზღვა ცრემლი გააყოლა მოძღვარს...