დიდი აღმოჩენა ალავერდში - კვირის პალიტრა

დიდი აღმოჩენა ალავერდში

13 ასურელ მამათაგან დღემდე მხოლოდ 6 მათგანის საფლავია ცნობილი...

ალავერდის სამონასტრო კომპლექსში არქეოლოგებმა განსაკუთრებულ სამარხს მიაკვლიეს. ტაძრის ჩრდილოეთ კედლის კალთაში მწვანე ქვის ზოლით გამოყოფილი საფლავის გახსნამდე ცხადი ხდება, რომ იგი ვინმე დიდებულს ან წმინდანს ეკუთვნის. სხვადასხვა ფაქტორის გათვალისწინებით, არქეოლოგები მიიჩნევენ, რომ განსასვენებელი 13 ასურელ მამათაგან ერთ-ერთის, წმინდა იოსებ ალავერდელის ნეშტის უკანასკნელი სამყოფელია.

სამწუხაროდ, წმინდა იოსებ ალავერდელის შესახებ ისტორია ძუნწად გვაძლევს ცნობებს. ცნობილია, რომ წმინდანი  განუშორებლად ატარებდა ჯვარს, რომელიც გამოთლილი იყო მაცხოვრის ცხოველმყოფელი ჯვრის ხისგან. წმინდა იოანე ზედაზნელის კურთხევით ის კახეთის სხვადასხვა ადგილას ქადაგებდა, ბოლოს ალავერდი აურჩევია და იქ დაუწყია მოღვაწეობა. ერთხელ სრულიად მარტო მყოფი ბერი შემთხვევით შეხვედრია მონადირე დიდებულს და მისთვის ქრისტეს შესახებ უქადაგია. მამა იოსების მადლიანი სწავლებით გახარებულ საერო პირს მე-6 საუკუნეში საფუძველი ჩაუყრია ალავერდის მონასტრისთვის. ამის შემდეგ ბერის მოღვაწეობის ამბავი მრავალთათთვის გამხდარა ცნობილი და მასთან სიარული დაუწყიათ წმინდა სწავლების მოსასმენად. ბევრი მიმდევარი გაუჩენია ბერს იმ დღიდან და მალე მეუდაბნოეთა რიცხვი მნიშვნელოვნად გაზრდილა. მოკლე ხანში კი მეუდაბნოეთა მრავალრიცხოვან კრებულს ალავერდის უდაბნოში სამონასტრო მოღვაწეობა გაუჩაღებია.

KvirisPalitra.Geწმინდა იოსებ ალავერდელი გარდაცვალების შემდეგ მის მიერვე აშენებულ ტაძარში დაუმარხავთ. თუმცა, საფლავის ადგილმდებარეობა დღემდე ზუსტად არ არის ცნობილი.

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ნიკა ვაჩეიშვილი მიიჩნევს, რომ ალავერდის ტაძარში რამდენიმე დღის წინ აღმოჩენილი სამარხი სწორედ ასურელ წმინდა მამას ეკუთვნის.

- მიუხედავად იმისა, რომ ჯერ საფლავის პატრონის ვინაობაზე მხოლოდ ვარაუდს გამოვთქვამთ, მჯერა, რომ მისი გახსნის შემდეგ ჩვენი ვერსია საბოლოოდ დადასტურდება. ამის თქმის უფლებას მაძლევს მრავალი ფაქტორი. საფლავი ყველაზე მნიშვნელოვანი აღმოჩენაა მათ შორის, რაც დღემდე დაფიქსირებულა ალავერდის სამონასტრო კომპლექსის არქეოლოგიური გათხრების დროს. ისტორიულ ძეგლთა დაცვისა და გადარჩენის ფონდის ("ქართუჯგუფი") დახმარებით, კულტურული მემკვიდრეობის სახელმწიფო პროგრამის შესაბამისად, აქ უკვე ხუთი წელია გაცხოველებული სამუშაოები მიმდინარეობს. ამ ხნის განმავლობაში ჩატარდა სამონასტრო კომპლექსის უმეტესი ნაწილის რეაბილიტაცია და რესტავრაცია. უკვე საბოლოოდ აღდგენილია საეპისკოპოსო სასახლე, მარანი, აბანო, სამრეკლო.  მიმდინარე წელს სარეაბილიტაციო და სარესტავრაციო სამუშაოები დაიწყო ალავერდის სამონასტრო კომპლექსის მთავარ ტაძარში, წმინდა გიორგის ეკლესიაში. რეაბილიტაციას წინ უძღოდა არქეოლოგიური სამუშაოები, რომლის დროსაც აიყარა მე-18 საუკუნეში გადაგებული, ამაღლებული იატაკი და სწორედ ამ პროცესში გამოჩნდა უკვე აღნიშნული უნიკალური სამარხი. იგი მე-11 საუკუნეშია აშენებული.

- წმინდანის ნეშტი მე-11 საუკუნეში გადაასვენეს ძველი, მე-6 საუკუნის სამარხიდან?

- შესაძლოა კი არ გადაასვენეს, არამედ ძველი ეკლესიის ფრაგმენტია მოქცეული მე-11 საუკუნის ტაძრის კედლებში. ცნობილია, რომ იოსებ ალავერდელი მის მიერ აშენებულ პირველ ტაძარშია დაკრძალული. მეცნიერები ახლა სწორედ იმ ძველი ეკლესიის ფრაგმენტებს ეძებენ.

- რა გაფიქრებინებთ, რომ საფლავი აუცილებლად წმინდანს ეკუთვნის?

- იგი აშენებულია განსაკუთრებული ქვით და ასევე განსაკუთრებული, მწვანე ქვის ორნამენტებით არის შემკული. ამასთან, როგორც ბევრი წმინდანის საფლავს, აღნიშნულ სამარხსაც აქვს განსაკუთრებული ღია ნიშა. ამ ნიშაში მომლოცველები თითქმის ნახევარი ტანით შედიოდნენ  და მადლის მისაღებად ხელით ეხებოდნენ წმინდანის ჩასასვენებელს. ახლა ეს ნიშაც და სამარხიც მიწით არის ამოვსებული. ჯერ ბოლომდე არ გაწმენდილა.

- მთავარი ტაძრის რესტავრაცია დიდ დროს მოითხოვს?

- არა მხოლოდ რესტავრაცია, ჯერ სარეაბილიტაციო სამუშაოებია დასასრულებელი. ამიტომაც პროექტი ალბათ კიდევ სამ წელს გასტანს.

ტაძარი აშენების შემდეგ ორჯერ აღადგინეს მიწისძვრით გამოწვეული დაზიანებების გამო. პირველად მე-15 საუკუნეში ალექსანდრე კახთა მეფემ აღადგინა, მორიგი რეაბილიტაცია კი 1742 წლის ძლიერი მიწისძვრის გამო, ერეკლე მეორის მეფობის დროს დასჭირვებია წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიას. ძალიან ბევრი დეტალი გადაკეთდა, ამიტომაც ახლა ვაშორებთ ზედმეტ მინაშენებს და პირვანდელ სახეს ვუბრუნებთ. გარე ფასადი წინა საუკუნეებში შელესილი იყო ქვიშისა და ცემენტის ხსნარით, რამაც გამოიწვია ტაძრის ძირითადი ნაწილების, შირიმისა და რიყის ქვის და აგურის დაზიანება. ახლა ეს შელესილი მასა მოიხსნება და კვლავ შირიმის ქვის ფასადი აღდგება. ძეგლი იმდენად მასშტაბურია, რომ სამუშაოები დიდ დროს მოითხოვს..

P.S. თბილისის წმინდა სამების საკათედრო ტაძრის აშენებამდე ყველაზე მაღალი ტაძარი ალავერდის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია იყო. ამჯერად კომპლექსი მნიშვნელოვანი იმითაც ხდება, რომ საბოლოოდ დასტურდება მის კედლებში ქართველთა ერთ-ერთი დიდი წმინდანის, იოსებ ალავერდელის განსასვენებლის არსებობა. 13 ასურელ მამათაგან დღემდე მხოლოდ 6 მათგანის საფლავია ცნობილი.