"ნუ შიშობ, შენი თვალები ჩემს ხელთააო" - კვირის პალიტრა

"ნუ შიშობ, შენი თვალები ჩემს ხელთააო"

17 დეკემბერს წმინდა მოწამე ბარბარეს ხსენების დღეა. 19 დეკემბერს კი ნიკოლოზობას აღვნიშნავთ. გილოცავთ ამ წმინდა დღესასწაულებს.

წმინდა მღვდელმთავარს, ღვთის მადლით, მრავალი სასწაული მოუხდენია კაცთა სასიკეთოდ. გავიხსენოთ ზოგიერთი მათგანი:

* * *

საბერძნეთის კუნძულ ანდროსზე წმ. ნიკოლოზის სახელობის მონასტერია. ყოველ წელიწადს, ნიკოლოზობას, მონასტრის წინამძღვარი მამა დოროთე მორწმუნეებს პაკეტებით ხორბალს ურიგებს, რომელიც სადღესასწაულო ლიტურგიის დროს იკურთხება. რამდენიმე წლის წინ მასთან ხორბლისთვის მეთევზე მივიდა. მამა დოროთეს ხორბალი გასთავებოდა და წმ. ნიკოლოზის კანდელიდან აღებული ზეთი მისცა. რამდენიმე კვირის მერე ეს მეთევზე საშინელ შტორმში მოხვდა. ნაპირი შორს იყო. მეთევზე სიკვდილს თვალებში უყურებდა. წმ. ნიკოლოზისადმი დაიწყო ლოცვა. უეცრად ზეთიანი ფლაკონი გაახსენდა, ამოიღო ჯიბიდან და ზღვაში ჩაღვარა. ქარი იმწამსვე ჩადგა, ტალღები დაცხრა. მადლიერმა მეთევზემ მადლობა შესწირა წმ. ნიკოლოზს შეწევნისთვის.

* * *

დაახლოებით 70 წლის წინ, ათონზე, ივერონის სკიტში, ერთი ბავშვური უბრალოებით გამორჩეული მონაზონი ცხოვრობდა. ერთხელ გვალვამ ჭა დააშრო. ბერმა თოკი მოაბა წმ. ნიკოლოზის ხატს და ჭაში ჩაუშვა, თანაც ეუბნებოდა: "წმინდაო მღვდელმთავარო ნიკოლოზ, თუ გინდა, რომ შენ წინაშე კვლავ ავანთო კანდელი, ჭიდან წყალთან ერთად ამოდი - შენ ამის გაკეთება შეგიძლია. ხედავ, რამდენი ადამიანი მოდის ჩვენთან, ჩვენ კი წყალი არა გვაქვს, რომ შევთავაზოთო".

მოხდა საოცრება - ჭაში წყალმა თანდათანობით ამოიწია და ზემოთ ამოიტანა წმინდა ნიკოლოზის ხატი. ბერი მოკრძალებით ემთხვია წმინდა ხატს და უკან, ტაძარში შეაბრძანა.

* * *

ჩინეთში, ხარბინის რკინიგზის სადგურში, რუსებმა ოდესღაც წმ. ნიკოლოზის ხატი დააბრძანეს. მის წინ სანთლებს ანთებდნენ და მშვიდობიან მგზავრობას შესთხოვდნენ. მათი მიბაძვით ჩინელებმაც იწყეს სანთლების ანთება. როცა კომუნისტებმა ხატის აღება სცადეს, ჩინელები შეეწინააღმდეგნენ. 1935 წელს ხარბინელებს უფრო გაეღვიძათ ინტერესი ხატის მიმართ. ქალაქგარეთ, მდინარე სუნგარის გვერდით, მთაზე, კომუნისტებმა რაღაცის აშენება განიზრახეს. მთას ძირი ისე გამოუთხარეს, რომ წვერო სახურავივით ეკიდა. ერთხელ, ამ "სახურავის" ქვეშ მოთამაშე ბავშვებს უეცრად ვიღაც თეთრწვერიანი ბერიკაცი გამოეცხადათ და უთხრა, - აქედან სასწრაფოდ გაიქეცითო. შეშინებული ბავშვები თავქუდმოგლეჯილი გამოვარდნენ და... მთაც ჩამოინგრა. ბავშვებმა მშობლებს უთხრეს, იქ ჩვენი გადამრჩენელი პაპა დაიღუპაო. მუშებმა მიწა გამოთხარეს, მაგრამ ცხედარს ვერ მიაგნეს. ამ ამბის მერე ერთ-ერთი ბავშვი რკინიგზის სადგურზე მოხვდა. როცა მან წმინდა ნიკოლოზის ხატს მოჰკრა თვალი, იყვირა: - აი, ის ბერიკაცი, რომელმაც მთის ძირიდან გამოგვყარაო.

* * *

წმ. ნიკოლოზ სერბი გვიყვება ერთ საოცარ ამბავს: ბოლშევიკების ხელისუფლებაში მოსვლის მერე დაახლოებით 300 რუსმა ოფიცერმა დატოვა სამშობლო და გემით კონსტანტინოპოლისკენ გაეშურა. ადრიატიკის ზღვაში საშინელი ქარიშხალი დაატყდათ თავს. გადარჩენის იმედი გადაეწურათ. უეცრად გემზე წმინდა ნიკოლოზი იხილეს. დიდებულმა და მშვიდმა წმინდანმა ახლოს მყოფ სამ ოფიცერს უთხრა, - ნუ გეშინიათ,  გადარჩენილები ხართო და გაქრა. ქარიშხალი უმალ შეწყდა.

* * *

სერბეთის მეფე ილუტინის ერთადერთ ვაჟს, სტეფანეს, დედინაცვალმა ცილი დასწამა, მამის მოკვლა და ტახტის დასაკუთრება უნდაო. მამამ მოღალატე შვილისთვის თვალების დათხრა ბრძანა. ეს საზარელი საქმე ჯალათებმა წმინდა ნიკოლოზის ტაძრის ახლოს აღასრულეს. ტკივილით გაწამებულ სტეფანეს წმინდა ნიკოლოზი წარმოუდგა. ხელისგულზე მისი თვალები ეწყო და უთხრა: - ნუ შიშობ, სტეფანე, შენი თვალები ჩემს ხელთააო. სტეფანემ იგრძნო, რომ ტკივილი დაუცხრა. მამამ, ცოლის რჩევით, შვილი აღმოსავლეთ ბიზანტიის იმპერატორს გაუგზავნა და სთხოვა, მკაცრად უთვალთვალეო. უფლისწული კონსტანტინოპოლის ერთ-ერთ მონასტერში გამოკეტეს. მალე მან არათუ ბერების, თვით იმპერატორის კეთილგანწყობაც დაიმსახურა. მონასტერში ცხოვრების ხუთ წლისთავზე, ნიკოლოზობას, ძილში წმინდა ნიკოლოზი გამოეცხადა და უთხრა: - გახსოვს, მაშინ რომ გითხარი, შენი თვალები ჩემს ხელთაა-მეთქი? ახლა მათ დასაბრუნებლად გამომგზავნესო. ამ სიტყვებთან ერთად აკურთხა სტეფანე, ჩავარდნილი თვალების ქუთუთოებზე შეეხო და უთხრა: - ბრმადშობილის განმკურნებელი, უფალი ჩვენი იესო ქრისტე გიბრუნებს მხედველობასო. როცა უფლისწულს გამოეღვიძა, ყველაფერი დაინახა. მაგრამ დედინაცვლისგან შეშინებულს თვალთაგან სახვევი მაინც არ მოუხსნია. ამასობაში მეფე ილუტინმა შეინანა თავისი საქციელი და შვილი უკან დააბრუნა. მხოლოდ მამის გარდაცვალების შემდეგ მოიხსნა სტეფანემ სახვევი და წმინდა ნიკოლოზის სასწაული გამოაცხადა. როცა ამ ღვთისმოშიში ადამიანის ამ სოფლიდან გასვლის დრომ მოაწია, ღამით წმ. ნიკოლოზი გამოეცხადა და მხიარულად აუწყა: - სტეფანე, განემზადე ამ სოფლიდან გასვლისათვისო.

* * *

კალაბრია ვანდალებმა ცეცხლს მისცეს. ამ დროს ერთმა ვანდალმა ქრისტიანის სახლში წმინდა ნიკოლოზის ხატი ნახა. მოეწონა და თან წაიღო, თუმცა არ იცოდა, ვინ იყო. ტყვე ქრისტიანებმა უთხრეს, ხატზე ჩვენი სათაყვანებელი წმინდა ნიკოლოზია გამოსახულიო. აფრიკაში  დაბრუნებულმა ვანდალმა ხატი ოთახში დაასვენა. ერთხელაც, სადღაც წასვლამ მოუწია. წასვლის წინ მივიდა ხატთან და უთხრა: - მთელ ჩემს ქონებას შენ გაბარებ. თუ ვერ უპატრონებ, რომ დაბრუნდები, საშინლად დაგსჯიო. ვანდალის წასვლის მერე მის სახლში ქურდები შეიპარნენ, ყველაფერი წაიღეს, წმინდა ნიკოლოზის ხატის გარდა. შინ დაბრუნებულმა ვანდალმა მთელი რისხვა წმინდა ნიკოლოზის ხატს დაატეხა: - რაკი ჩემი არ ისმინე, ქურდების ნაცვლად შენ გაგასამართლებ. თუ მოპარული არ გამოჩნდება, ცეცხლში დაგწვავო.

ქურდებს ნადავლის გაყოფისას გამოეცხადათ წმინდა ნიკოლოზი და მკაცრად მიმართა: - თქვენ შესცოდეთ, დამნაშავე კი მე გამოვედი. შეხედეთ, რა სასტიკად მცემა ვანდალმა, როგორ დამასისხლიანა. სასწრაფოდ დაუბრუნეთ მოპარული, თორემ სამარცხვინოდ დაისჯებითო. განცვიფრებულმა ქურდებმა ჰკითხეს, - ვინ ხარ და რა უფლებით გველაპარაკებით ასეო. მან უპასუხა: "მე ნიკოლოზი ვარ, მონა უფლისა ჩემისა იესუ ქრისტესი". ამ სახელის გაგონებაზე ქურდები დაფრთხნენ და ყველაფერი დაუბრუნეს ვანდალს. ამის შემდეგ მათ ქურდობა დაუტევეს და დარჩენილი ცხოვრება ღვთისთვის მოსაწონად გალიეს. ვანდალმა გაიგო ყველაფერი, რაც შეემთხვათ ქურდებს, ირწმუნა ქრისტე, მოინათლა და წმ. ნიკოლოზის სახელზე ეკლესია ააგო. მას შემდეგ წმინდანის სახელი განითქვა ბარბაროსთა შორის, მთელ ჩრდილო აფრიკაში.

დაბოლოს, გულისტკივილსაც ვერ დაგიმალავთ: მალე ახალი წელი დადგება. ჩვენში მეკვლეს ჩანაცვლებულ თოვლის ბაბუას სხვათა მიბაძვით - ახლა სანტა კლაუსი ჩაანაცვლეს. ქუჩაში ბევრი სანტა კლაუსი გამოჩნდება, მაგრამ გვავიწყდება, რომ სანტა კლაუსი იგივე წმინდა ნიკოლოზია და თუ მიბაძავ, ცხოვრებით, სარწმუნოებითა და ღვთისმოშიშებით უნდა მიბაძო, თორემ ეს ე.წ. "სანტაკლაუსობა" ზოგჯერ ბოლშევიკების დროინდელ სიწმინდეთმკრეხელობას ემსგავსება.

კახაბერ კენკიშვილმა