ბერი კირიონი: "მოვითხოვე, დამაპატიმრეთ-მეთქი!" - კვირის პალიტრა

ბერი კირიონი: "მოვითხოვე, დამაპატიმრეთ-მეთქი!"

"აზერბაიჯანელი მესაზღვრეები შეეცადნენ მოვეტყუებინეთ"

აზერბაიჯანის ტერიტორიაზე ქართველებს უმიზეზოდ აპატიმრებენ და ქრისტიანულად ლოცვას უკრძალავენ. საქართველოს ისტორიულ მიწაზე, საინგილოში, ჰერეთსა და დავითგარეჯის ლავრის მიმდებარედ არსებულ ეკლესია-მონასტრებში, რომელთაც ამჯერად აზერბაიჯანის იურისდიქცია აკონტროლებს, საქართველოს მოქალაქეების შეშვება იკრძალება. მომლოცველებს საზღვარზე არ უშვებენ, ან ტაძარში შესვლამდე აპატიმრებენ. რამდენიმე დღის წინ ოთხი ქართველი მორაგბე დააკავეს.

ისინი დავითგარეჯის სამონასტრო კომპლექსში შემავალ, აზერბაიჯანის ტერიტორიაზე მდებარე ბერთუბნის მონასტრის მოლოცვას აპირებდნენ. პასპორტები წაართვეს და დააკავეს. ერთი წლის წინ ასევე მოექცნენ სასულიერო პირებს: გარეჯის ლავრის მონასტრის ბერებს, მღვდელმონაზვნებს, კირიონსა (ონიანი) და ანდრიას (აბულაძე) და რესტავრატორს, ფოტოხელოვან გოგიტა ბუხაიძეს. ამჯერად სწორედ მღვდელმონაზონი კირიონი ცდილობდა სპორტსმენების გამოხსნას.

მღვდელმონაზონი კირიონი (ონიანი): - ზუსტად ერთი წლის წინ სამი ადამიანი კანონის სრული დაცვით, სასაზღვრო გამშვები პუნქტიდან (ისევე, როგორც ამჯერად სპორტსმენები) შევედით აზერბაიჯანის ტერიტორიაზე. ბერთუბანში რომ უდაბნოდან გავსულიყავით, საზღვარს დავარღვევდით, რაც არავის გვსურს. თუმცა, აზერბაიჯანული მხარე რატომღაც ცდილობს, საზღვრის დამრღვევებად გამოგვაცხადოს. სად მიდიხართო? - გვკითხეს წითელ ხიდზე გადასვლისთანავე, ფოილოს პუნქტში. ავუხსენით, რომ მივდიოდით ისტორიულ მონასტერში. დაუბრკოლებლად გაგვიშვეს. მონასტრის ზედა მხარეს დგას სასაზღვრო ნაწილის შენობა. შეგვეძლო მისი გვერდის ავლით შევსულიყავით მონასტერში, მაგრამ დასამალი რა გვქონდა? მესაზღვრეებს ვუთხარით, რომ ტაძარში ჩავდიოდით. პასპორტები მოითხოვეს და დაგვიწყეს მტკიცება, თუ ცენტრალურ შტაბს არ შევატყობინებთ, ვერ შეგიშვებთო. რა საჭიროა ამდენი აჟიოტაჟი, 2 საათი გვინდა, რომ მოვილოცოთ-მეთქი?

ოთხსაათიანი ლოდინის შემდეგ გამოგვიცხადეს, პოლკოვნიკი გელოდებათ და მასთან უნდა გავარკვიოთო. გავყევით, მაგრამ პოლკოვნიკი კარგა ხანს არ გამოჩნდა. ღამდებოდა, ამიტომაც პოლკოვნიკი რომ მოვიდა, ვთხოვეთ, პასპორტები დაებრუნებინათ, ღამეა, უნდა წავიდეთ, სხვა დროს ჩამოვალთ-მეთქი. პასპორტებს ვერ მოგცემთ, ჩვენი სასაზღვრო კანონი დაარღვიეთო... შევეკამათე, სასაზღვრო პუნქტის გამოვლით მოვედით, რა კანონი დავარღვიეთ-მეთქი! პუნქტში (წითელ ხიდზე) არ იცოდნენ, აქ მოსვლა რომ იკრძალებაო. პასუხი მათ მოსთხოვეთ-მეთქი! რომ არ შევეპუეთ, მოგვცეს საბუთები, მაგრამ შემოგვთავაზეს ჯანდარის ტბიდან საზღვარზე გადმოსვლა. იქ 2004-2005 წლამდე არსებული სასაზღვრო პუნქტი დახურული იყო და პასპორტში ბეჭედს ვერავინ ჩაგვირტყამდა. მეორედ რომ მოგვინდებოდა აზერბაიჯანში შესვლა, გვეტყოდნენ, აი, საზღვარზე გადმოსულხართ, მაგრამ უკან არ დაბრუნებულხართ, არადა, ისევ შემოდიხართ, ეს როგორო? პასპორტებს გაგვიხვრეტდნენ და აზერბაიჯანში პერსონა ნონ გრატად გამოგვაცხადებდნენ. მოკლედ, მესაზღვრეები შეეცადნენ, მოვეტყუებინეთ. მივუხვდი და კატეგორიულად მოვითხოვე გამშვებ პუნქტთან მისვლა. ჩაგვიყვანეს ვახტანგისში, სადაც როგორც საზღვარზე უკანონოდ გადასულებს, ოქმი შეგვიდგინეს.

-  საზღვარი ხომ არ დაგირღვევიათ?

- რა თქმა უნდა, არა. ამიტომაც ვუსაყვედურე, სახელმწიფოებს შორის შესანიშნავი დამოკიდებულებაა, თქვენ კი ისე იქცევით, შესაძლოა, მძიმე შედეგი მივიღოთ. მოვითხოვ, თუ დამნაშავე ვარ, დამაპატიმრეთ-მეთქი. გაოცდნენ, მიჩვეული არიან საზღვარზე ხალხის დაშინებას და მათ მონურ მორჩილებას. იქით დამიწყეს ხვეწნა, რატომ უნდა დაგაპატიმროთ, ჩვენ ხომ მეგობარი სახელმწიფოები ვართო. რომელ მეგობრობაზე მელაპარაკებით, ყველამ გაიგოს სიმართლე, ჩამსვით ციხეში და ჩემი სახელმწიფოც გაარკვევს, როგორი დაუცველი არიან მისი მოქალაქეები-მეთქი. ამასობაში ჩვენი ამბავი თბილისშიც გაიგეს. დაგვირეკა პატრიარქმა, რომელთანაც იმ დროს მეუფე იაკობი ყოფილა... მოკლედ, პასპორტებში ბეჭდები ჩაგვირტყეს და გადმოვედით ვახტანგისში, მანამდე კი მოვითხოვე, ოქმი ჩვენ თვალწინ დაეხიათ... ამჯერადაც იგივე მოხდა, სპორტსმენები პოლიციის განყოფილებაშიც კი წაიყვანეს. როგორც კი ეს ამბავი შემატყობინეს, მაშინვე საქმის კურსში ჩავაყენე საგარეო და შს სამინისტროები, რომელთაც სასწრაფოდ მოითხოვეს ჩვენი მოქალაქეების გათავისუფლება, აზერბაიჯანელებმა კი ბიჭები საზღვრამდე ხუთი კილომეტრის მოშორებით გააჩერეს და უთხრეს, თქვენი მესაზღვრეები არ გიღებენო. ატყუებდნენ. სინამდვილეში ისევე ცდილობდნენ მათი პასპორტების გაფუჭებას, როგორც ჩვენ გვიპირებდნენ. ქართველი მესაზღვრეები კატეგორიულად ითხოვდნენ, ბიჭები გამშვები პუნქტის გავლით დაებრუნებინათ უკან. იმის გამო, რომ ხელისუფლება ჩაერია, სხვა გზა აღარ ჰქონდათ და ბეჭდიანი პასპორტებით გამოუშვეს.

- ამ ფაქტთან დაკავშირებით აზერბაიჯანში საქართველოს კონსულმა განაცხადა, რომ საგანგაშო არაფერი ხდება და საქართველოს მოქალაქეებს არავინ ავიწროებსო.

- ბაქოში ბიზნესინტერესებით ჩასულ ქართველებს გადასარევად ხვდებიან, რადგან ფული შესდით, მაგრამ როგორც კი ეროვნულ ინტერესს გამოამჟღავნებ, ნახავ, როგორ ექცევიან ქართველებს. ამის უმძიმესი მაგალითები გვაქვს საინგილოში, ისტორიულ ჰერეთში. ქურმუხში, კახში ეკლესიებში არ გვიშვებენ, გარეჯის მონასტრებთან რასაც ცდილობენ, კი ვხედავთ.... თუმცა, ამაში აზერბაიჯანს არ ვადანაშაულებ. ჩვენ არ გვაქვს მტკიცე პოზიცია. ვერ გავარკვიეთ, ეროვნული ინტერესების შესაბამისად, რა პოზიცია გვქონდეს აზერბაიჯანთან. ჩვენს სახელმწიფოში მრავლად არიან აზერბაიჯანელები, მათ უფლებებს იცავს სახელმწიფო და თავის მხრივ, აზერბაიჯანს სრულ თავისუფლებას ვაძლევთ, რომ ამ ხალხზე იზრუნოს, მაგრამ ჩვენ გვაძლევენ იმავე უფლებებს საინგილოში? საზღვარზე გიმოწმებენ ჩანთებს, მანქანებს, ქართული ფილმები ხომ არ მიგაქვს შენს ხალხთან...