"ტაძარში გათბობა სასულიერო პირების კომფორტისთვის არ გაკეთებულა"
19-08-2013
"ტაძარში გათბობა სასულიერო პირების კომფორტისთვის არ გაკეთებულა"
"ბაზილიკის კედლების და საძირკვლის გამოჩენის შემდეგ მხოლოდ რამდენიმე საფლავს შევუცვალეთ მდებარეობა"

ბოლო დროს, მიუხედავად მნიშვნელოვანი აღმოჩენებისა, ხუროთმოძღვრების უნიკალური ძეგლი სამთავისი ყურადღების ცენტრში კრიტიკული შენიშვნების გამო მოექცა. ტაძარში დაკრძალული ამილახვრების მემკვიდრე ნინო ერისთავი რესტავრატორებს, არქეოლოგებსა და სასულიერო პირებს წარსულის წაშლის მცდელობასა და ტაძრის დამახინჯებაში ადანაშაულებს: "ტაძრის იატაკქვეშ გათბობის სისტემის გაყვანის შედეგად განადგურდა XIX საუკუნეში დაგებული მოზაიკა, შეურაცხყვეს სამარხები და კულტურულ სიძველეებად ქცეული საფლავის ქვები ნაწილობრივ გაანადგურეს. საფლავების ძველი ფილების ნაცვლად, უსახური
ფილები უნდა დააგონ. საბოლოოდ რა შეგვრჩა? წინაპართა შეურაცხყოფილი საფლავები. ტაძარში შედიხარ და თავი აბანოში გგონია, მხოლოდ იმიტომ, რომ თვეში რამდენიმე საათი წირვა გამთბარ იატაკზე ჩატარდეს. საინტერესოა, 11 საუკუნის განმავლობაში როგორ გაუძლეს ეკლესიის მსახურებმა სიცივეს?".


სამთავისში გულგახეთქილი წავედი. ვიფიქრე ადგილზე მძიმე სურათი დამხვდებოდა. ტაძრის არქეოლოგიური და
სარესტავრაციო სამუშაოები სახელმწიფოს, კულტურის სამინისტროს, ძეგლთა დაცვის ეროვნული სააგენტოს და საპატრიარქოს ხუროთმოძღვრების კომისიის პროექტით და ზედამხედველობით მიმდინარეობს. ისინი სამარხებიდან ამოღებულ იმ ძვლებს სწავლობენ, რომლებიც, ნინო ერისთავის თქმით, ეზოში ბავშვების სათამაშოდ ყოფილა მიმოფანტული. არქეოლოგების განმარტებით, VII  საუკუნის ბაზილიკის საფრის გახსნაზე მუშაობისას შეხვდათ სხვადასხვა საუკუნის სამარხები, სადაც ერთმანეთში იყო არეული ქალის, კაცის და ბავშვების ძვლები, თითქოს ვიღაცას ერთად მიეხვეტა.

გიორგი მახარაძე, სამთავისის არქეოლოგიურ-სარესტავრაციო ექსპედიციის ხელმძღვანელი: - იმის გამო, რომ არაფერი დაგვეზიანებინა, ფრთხილად ვმუშაობთ. ვეცადეთ, ყველაფერი სანიმუშოდ გაგვეკეთებინა, მაგრამ ნინო ერისთავის დაუმსახურებელ კრიტიკას ვერ ავცდით. გაცხარებული მუშაობისას მოგვადგა, - საფლავები დაკარგულა, დედაჩემის საფლავსაც ვერ ვპოულობო. აღმოჩნდა, რომ დედის საფლავზე არც ჯვარი ჰქონია და სარეველასაც გადაევლო ზედ. გვაბრალებს, მოზაიკის იატაკი დააზიანესო. არქიტექტორი რიპარდი საუკუნე-ნახევრის წინ, რესტავრაციის პროცესში იძულებული გახდა ტაძრის იატაკი აემაღლებინა და დაეფარა არაფრით გამორჩეული მოზაიკით. შედეგად დაიმალა სვეტების ძირში გამოსახული ფრესკული მხატვრობა.

ასევე გაურკვეველი დარჩა, რა იმალებოდა იატაკის ქვეშ. ამ ხნის განმავლობაში რიპარდის იატაკიც სახიფათო გახდა. სამარხები სპეციფიკური ფორმის იყო, აგურით ნაშენები, ზედ გადებული ძელებით, რომელზეც ეწყო საფლავის ქვები. ძელები სიმძიმისგან დროთა განმავლობაში გაიზნიქა და გაჩნდა საფრთხე, მლოცველი სამარხში ჩავარდნილიყო. ამიტომ იატაკი შესაცვლელი გახდა. ქალბატონი ნინო სამარხების შეურაცხყოფასაც გვდებს ბრალად. საჭირო გახდა ზოგიერთი საფლავის გადატანა ტაძრის სხვა ნაწილში, რადგან XI საუკუნეში აშენებულ ნაგებობაში ჩატანებულია V და VII საუკუნეების ტაძრების ნაშთიც, აქვე აღმოჩენილია წმინდა ისიდორე სამთავნელის საფლავიც. ეს ნაწილი გაიხსნა, გაკეთდა მინის იატაკი და მნახველს შეეძლება იხილოს წმინდანების საფლავები და უძველესი ბაზილიკის კედლები. ბაზილიკის კედლების და საძირკვლის გამოჩენის შემდეგ მხოლოდ რამდენიმე საფლავს შევუცვალეთ მდებარეობა.

უცვლელი დავტოვეთ საფლავების ფილები, რომელთაგან ზოგი ხელოვნების ნიმუშია. გარეთ გავიტანეთ საფლავის უზარმაზარი ქვები და დავასვენეთ პატივით".

არქეოლოგიური სამუშაოები ალბათ კიდევ კარგა ხანს არ დაიწყებოდა, რომ არა  დაზიანებული სახურავი, ტაძრის კედლები წყლით ნადგურდებოდა.

მეუფე ანდრია (გვაზავა): - 9 წლის წინ, სადრენაჟო სისტემის მოსაწყობად და სახურავის შესაცვლელად სამუშაოების დაწყებისას, გამოჩნდა არქეოლოგიური ნაშთი, რის შემდეგ საქმეში ჩაერთო ძეგლთა დაცვის სამსახური. ნიკა ვაჩეიშვილმა მოითხოვა, ხელი არაფერს ახლოთ, სამუშაოები საგანგებო პროექტის მიხედვით უნდა წარიმართოსო. ასეც ხდება უკვე 9 წელია. აქ სასულიერო პირებს თვითნებურად არაფერი გაუკეთებიათ... ჩვენ ნამდვილად გვაქვს ღირსი ისიდორე სამთავნელის საფლავი და შეგვიძლია მეტი თავდაჯერებით ვივარაუდოთ, რომ მეორე საფლავი თადეოზ სტეფანწმინდელს ეკუთვნის. ამ აღმოჩენებმა დაადასტურა სინას მთაზე დაცული უძველესი ცნობების ნამდვილობა.

- ერისთავების და ამილახვრების შთამომავალი პრეტენზიას აცხადებს საფლავის ადგილმდებარეობის თაობაზე. მისი თქმით, თურმე იატაკქვეშა გათბობის გამო შეავიწროეს საფლავები.

- როდესაც აღმოჩნდა, რომ უძველესი ბაზილიკა შემოდის ტაძრის ნაწილში, არქეოლოგებმა და ხელოვნებათმცოდნეებმა გამოთქვეს აზრი, გაეხსნათ ტაძრის ინტერიერის ნაწილი უძველესი კედლის გასწვრივ. აქ განთავსებული იყო XVIII საუკუნის ბოლოს და XIX საუკუნეში დაკრძალულთა სამარხები. არქეოლოგიური ფენის გახსნის გამო გარდაუვალი გახდა რამდენიმე საფლავის გადატანა ტაძრის სხვა ნაწილში. რაც შეეხება გათბობას, ის არ ყოფილა გათვლილი სასულიერო პირების კომფორტისთვის. ხელოვნებათმცოდნეების განმარტებით, ფრესკულ მხატვრობას ყველაზე მეტად აზიანებს მძიმე კლიმატური პირობები, მკვეთრი ტემპერატურული სხვაობა. სამთავისში ზამთარში წყალი იყინება. კლიმატის სიმძიმე განსაკუთრებით თვალში საცემი გახდა სამი წლის წინ, როდესაც ახალაღმოჩენილი და ახალდაკონსერვებული ბაზილიკა ყინვამ დააზიანა. მაშინ გადაწყდა, რომ გაკეთებულიყო გათბობაც. ამისთვის იატაკი ყველაზე მოსახერხებელია, რადგან არც ინტერიერი მახინჯდება და გარეთა ფასადზეც არაფრის დამატება არ გიწევს. სამთავისი მხოლოდ წმინდა ადგილი ხომ არ არის?! ის მნიშვნელოვანია ისტორიული და კულტურული თვალსაზრისითაც. ახლა აქ უწმინდესის ლოცვა-კურთხევით, დედათა მონასტერი განახლდა, მაგრამ იმის გამო, რომ ტაძრის ისტორიული სივრცე თვალსაჩინო ყოფილიყო, მონასტრის საცხოვრებელ ნაწილს გალავნის გარეთ ვაშენებთ. 

P.S. მალე დასრულდება სამთავისის XI საუკუნის ტაძარში მიმდინარე არქეოლოგიურ-სარესტავრაციო სამუშაოები. ბოლო 9 წლის კვლევებით გამოვლინდა ვახტანგ გორგასლის მიერ V საუკუნეში აშენებული ტაძრის და დღემდე უცნობი, VII საუკუნის უზარმაზარი, ხუთნავიანი ბაზილიკის ნაშთები. ამასთან, ერთ-ერთ სამარეში აღმოჩენილია ორი წმინდანის ნეშტი. ერთი ანტიოქიელი წმინდა მამის, ისიდორე სამთავნელისა, მეორე კი, სინას მთაზე დაცული უძველესი ხელნაწერების მიხედვით, წმინდა თადეოზ სტეფანწმინდელისა უნდა იყოს.     
iana
17 სექტემბერი 2013 12:25
რამ გადაგრიათ ხალხო, ტაძარს, ღვთის სახლს ჭირდებაო ვერ გაიგეთ? ტემპერატურის ცვლილება რომ ყველაფერს აზიანებს არ გაგიგიათ? მარტო ცუდს რატომ ხედავთ რესტავრაციაში, არ შევავლებთ ხელს და წლების შემდეგ მხოლოდ ნანგრევებს და ქვის ყორეს მივიღებთ
08 სექტემბერი 2013 10:16
ზაფხულში რა უნდა ქნათ კონდინციონერები დააყენეთ და პატარა ბარი მოაწყეთ რო გაგრილდეს ლოცვებისგან გადაღლილი ადამიანი.. მრევლს ჭირდება სიგრილე..
t a m a r i
31 აგვისტო 2013 21:00
კომფორტი და ფრესკის დაზიანება შეგიძლიათ განასხვაოთ?რაც ფუჭდება იმ ყველაფერზე რატომ არ შფოთავთ ?არაფერი არ იხვრიტება ჯერ ერთი,ოჯახებს მიხედეთ და ჭურჭელს სახლში.

რედაქტორის რჩევით