"რა გვიჭირს საამისო, რომ ამხელა მემკვიდრეობა წყალმა წაიღოს?"
16-09-2013
"რა გვიჭირს საამისო, რომ ამხელა მემკვიდრეობა წყალმა წაიღოს?"
წრომის დიდებული ტაძარი ნადგურდება

რამდენიმე დღის წინ უცხოელმა მეგობარმა შემატყობინა, წრომში ვიყავი, უძველესი ტაძარი ვნახე, დიდებული ძეგლია, მაგრამ ალბათ, მალე ჩამოინგრევა, ტაძრის სახურავი საცერივით დახვრეტილია და შიგნითაც ისე წვიმს, როგორც გარეთო. გაგონილს ნანახი ვამჯობინე და წრომში წავედი. ვერც წარმომედგინა, თუ ასეთი საგანგაშო მდგომარეობა დამხვდებოდა.


წრომში, 626-634 წლებში აგებულ ტაძარში, არქიმანდრიტი გიორგი ედილაშვილი სამი თვის წინ გადმოუყვანიათ წინამძღვრად. პატრიარქის კურთხევით აქ დედათა მონასტერიც ამოქმედდება. მანამდე კი ოთხი მონაზონი სოფელში, ერთ ნათხოვარ
სახლში ცხოვრობს. ტაძრის სახურავი მთლიანად დაზიანებულია, წყალი კი შიგნით და გარეთ ერთნაირად აზიანებს კედლებს; ამასთან, ამორტიზებული სადრენაჟო სისტემა ტაძრის საძირკველს ვეღარ იცავს და VII საუკუნის უნიკალურ ნაგებობას და  IV საუკუნის ბაზილიკის ნაშთებს განადგურება ემუქრება. 

არქიმანდრიტი გიორგი: - წვიმების სეზონი რომ დაიწყება, კედლები ისე სველდება, წვიმიდან
წვიმამდე გამოშრობას ვერ ასწრებს.

- დახმარება არავის სთხოვეთ?
-  კულტურის სამინისტროში გახლდით, ძეგლთა დაცვის სააგენტოშიც, საპატრიარქოს ძეგლთა დაცვის სამსახურშიც, მაგრამ დამაიმედებელი პასუხი ვერსად მივიღე. ბიუჯეტში არ ყოფილა გათვალისწინებული ამ ტაძრის რესტავრაცია და სახურავის შეცვლა. წინამორბედებისგან ვიცი, რომ ისინიც აწუხებდნენ შესაბამის სამსახურებს, მაგრამ არაფერი იცვლებოდა. ეს ტაძარი უძველესი ძეგლი და კულტურული მემკვიდრეობაა და არა მხოლოდ ეკლესია, სადაც  ლიტურგიას წვიმაში კი არა, ყინვასა და თოვლშიც აღვასრულებთ. კულტურის სამინისტროში მითხრეს, გადაიღე, წვიმა სად ჩამოდისო. გადავიღეთ, მერე რა?  ტაძარი მხოლოდ ღვთის იმედად და ჩვენს ამარაა მიტოვებული. ისიც კი მიფიქრია, იქნებ სახალხო მოძრაობა ჩამოყალიბდეს, რომელიც რუის-ურბნისის ეპარქიაში შემავალი ამ დიდებული ძეგლის გადარჩენას ითავებს! რა ქართველები ვიქნებით, ეს უძველესი ტაძარი თუ თავზე დაგვექცევა? კომუნისტების დროს რომ უპატრონოდ იყო მიტოვებული, გასაკვირი არ არის, მაგრამ ახლა რა გვიჭირს საამისო, რომ წვიმამ ჩარეცხოს და წყალმა წაიღოს?

მდგომარეობა უფრო გულსაკლავი ჩანს ტაძრის უზარმაზარი პატრონიკედან, სადაც ოდესღაც დიდებულები და მგალობელთა გუნდი ესწრებოდნენ წირვა-ლოცვას. იქვე საეპისკოპოსო ოთახიც ყოფილა. სარკმლებთან ხელს რომ აუსვამ, ნესტიანი კედელი იფშვნება და ძირს ჩამოდის... ძველი, ქვის კანკელის ნანგრევები კედელთან მიუწყვიათ და მის მაგივრად ორი ათეული წლის წინ ფანერი აუკრავთ... ტაძრის ეზოში ძველისძველი საეპისკოპოსო მარნის და სახლის ნაშთებიღა შემორჩენილა, გალავანი ისე დალეულა,  ხვრელებში კაცი გაეტევა. ჩანს, ტაძრის მნიშვნელობა არა მხოლოდ სახელმწიფოს და სხვა შესაბამის სამსახურებს, აქაურ მოსახლეობასაც არ ესმის. გალავანთან საღამოობით მოილხენენ ხოლმე  და ნამუსრევს იქვე, კედელთან ტოვებენ, არადა, ალბათ, შიგადაშიგ უფალსაც ადიდებენ შექეიფიანებულები და ღმერთსაც სთხოვენ შენდობას, მაგრამ არც კი ახსენდებათ, რომ ნაგავი გაიტანონ და გარემოც არ დააბინძურონ.  უცნაურია, მაგრამ ტურისტულ მარშრუტებში გრემის, იყალთოს და სხვა ტაძრებისგან განსხვავებით, წრომის ტაძარი შეტანილი არ არის, არადა, ძნელი წარმოსადგენია, სხვა რით უნდა გააკვირვო უცხო ან უფრო მეტად რითი უნდა იამაყო, თუ არა მეშვიდე საუკუნეში აგებული ასეთი ძეგლით?

"კვირის პალიტრა" ძეგლთა დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორ მერაბ ბოჭოიძეს დაუკავშირდა: - მონიტორინგის ჯგუფმა შეაფასა მდგომარეობა.  როგორც სხვა მნიშვნელოვან ძეგლებს, მასაც არ დავტოვებთ უმეთვალყურეოდ,  მაგრამ  2013 წელს, ბიუჯეტით  წრომის რეაბილიტაცია არ იყო გათვალისწინებული. 2014 წლის ბიუჯეტში კი აუცილებლად ჩავსვამთ.

- მაგრამ წინ შემოდგომა და ზამთარია, ტაძარში კი წყალი გამუდმებით ჩადის.
- ვეცდებით,  არასამთავრობო ორგანიზაციების  მეშვეობით, არასახელმწიფო თანხებით, დაზიანებული ადგილები დროებით შევაკეთოთ.  

წრომი

წრომში, იქ, სადაც ახლა  VII საუკუნის ტაძარი დგას, ჯერ კიდევ  IV  საუკუნეში ყოფილა მცირე ზომის ბაზილიკა. მემატიანის გადმოცემით, იქ დაუკრძალავთ 457 წელს, აგვისტოში, წამებით მოკლული რაჟდენი, რომელმაც ვახტანგ გორგასლის დროს ქრისტიანობა მიიღო. მეფეს ძალიან ჰყვარებია წმინდა მოწამე რაჟდენი და მოგვიანებით წრომიდან ნიქოზს გადაუსვენებია. თითქმის ორი საუკუნის შემდეგ ძველი ეკლესიის ნანგრევებზე ერისმთავარ სტეფანოზ II-ს აუგია წრომის დღევანდელი გუმბათიანი ტაძარი, რომელიც რამდენჯერმე დაზიანდა და გადაკეთდა. ტაძრის კედლები, კერძოდ, საკურთხევლის კონქი შემკული იყო მოზაიკით (VII ს. I ნახ.), რომლის უმეტესი ნაწილი განადგურებულია. გასული საუკუნის 30-იან წლებში, მოზაიკა „- ქრისტეს დიდების კომპოზიცია მოუხსნიათ და  ქართული დეკადის დღეებზე მატარებლით წაუღიათ მოსკოვში(!). მგზავრობის შედეგად იგი დაზიანებულა, მოგვიანებით კი, როდესაც კედელზე დააბრუნეს, ნაწილი ძირს ჩამოყრილა და განადგურებულა, ნაწილიც ხელოვნების მუზეუმში გადაუტანიათ.
ნია
22 იანვარი 2014 00:17
წრომს გუმბათი მე 20 საუკუნეში, სწორედ კომუნისტების დროს დაედგა, ის მოცულობითი გამოთვლის მეთოდითაა რესტავრირებული.. წინასწარ გაკეთებული იყო რეკვიზიტი, მორგებული ტაძრის მასშტაბს და მოცულობას და მერე 70-იან წლებში განხორციელებული..
ტაძრების აღდგენის მოწინააღმდეგეთა გასაგონად; რომ არა ეს ახალი გუმბათი, ტაძარი დღეს უსახური ნანგრევი იქნებოდა და არა მოქმედი ეკლესია, მიუხედავად დღევანდელი მდგომარეობისა, რაც იოლი გამოსასწორებელია, ეს რესტავრაცია დასტურია იმისა, რომ ნანგრევს - დასრულებული ნაგებობა სჯობს ყოველთვის, მთავარია პროფესიონალიზმი და სიყვარული...
barbare ivanishvili
18 ნოემბერი 2013 23:35
აღშფოტებული ვარ იმით,რომ ეს არაკომპეტენტური და შემთხვევითი პიროვნება კულტურის მინისტრია,ეს ბოჭოიძეც უმაქნისია და არაფრის გამკეთებელი.მეუფე იობს კი საერთოდ არ აინტერესებს ეს დიდებული ტაძარი,წრომი თანაც საკათედრო ტაძარია.
mixeili
17 სექტემბერი 2013 19:24
მივარდებიან იმ წამსვე მამაოებს...
კაი რა ნაგავის დაყრა და უნამუსო გრეობასაც მამაოების ჯიპები სჰტააგონებენ?
გამოიგე ხელი და აგყვები მეც და დავეხმაროთ ვისაც რითი შეგვიძლია.
ინტერნეტში ყველა ლომები ვართ...

რედაქტორის რჩევით