ჯვართამაღლება
23-09-2013
ჯვართამაღლება
მართლმადიდებელი ეკლესია 14/27 სექტემბერს ჯვართამაღლებას ზეიმობს

მოციქულთასწორმა წმინდა კონსტანტინე დიდმა (306-337) შეწყვიტა რომის იმპერიაში ქრისტიანთა დევნა და ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად გამოაცხადა. ამას კი წინ უსწრებდა სასწაული: 312 წელს, როცა კონსტანტინე ეომებოდა მაქსენტის, იმპერატორმა და მთელმა ჯარმა დაინახეს ცაზე გამოსახული ჯვარი წარწერით: "ამით სძლიე!" მეორე ღამით იმპერატორს იესო ქრისტე გამოეცხადა ჯვრით ხელში და უთხრა, რომ ჯვრის ძალით სძლევდა მტერს, თან უბრძანა, ბრძოლაში ჯვარი წინ წაემძღვარებინა. იმპერატორი ასეც მოიქცა და გაიმარჯვა.

კონსტანტინემ
ირწმუნა ჯვრის ცხოველმყოფელობა და აღინთო უფლის პატიოსანი ჯვრის პოვნის სურვილით, რომელზეც მაცხოვარი ევნო კაცთათვის. ამ მიზნით იერუსალიმში გაგზავნა დედა, მოციქულთასწორი, წმინდა დედოფალი ელენე. დედოფალმა დიდი ძალისხმევით მიაკვლია ჯვარს გოლგოთაზე.  იქვე იყო ის ფიცარი, რომელზეც პილატემ სამენოვანი - ებრაული, ლათინური და ბერძნული - წარწერა გააკეთებინა ("იესო
ნაზარეველი, მეუფე ჰურიათა") და ის ოთხი სამსჭვალიც, რომლებითაც მაცხოვარი ჯვარზე მიალურსმეს. იმისთვის, რომ შეეტყოთ, ამ სამიდან უფლის ჯვარი რომელი იყო (როგორც ცნობილია, მაცხოვრის ჯვარცმისას ორი ავაზაკიც აცვეს ჯვარს), პატრიარქმა მაკარიოსმა რიგრიგობით შეახო ისინი ერთ მიცვალებულს, რომელსაც იმ დროს დასაკრძალავად მიასვენებდნენ. იგი გაცოცხლდა. გახარებულმა დედოფალმა და მისმა მხლებლებმა თაყვანი სცეს ჯვარს. უამრავმა ადამიანმა ჯვართან მიახლოება ვერ შეძლო. მაშინ პატრიარქს სთხოვეს, აემაღლებინა ჯვარი, რათა ყველას შესძლებოდა, თუნდაც შორიდან დაენახა და თაყვანი ეცა მისთვის. პატრიარქმა და სამღვდელოებამ უფლის პატიოსანი ჯვარი აღამაღლეს. ეს საზეიმო მოვლენა 326 წელს მოხდა.

კონსტანტინემ  აღდგომის სადიდებლად ტაძარი ააშენებინა, რომელიც თავის კედლებში გოლგოთასაც მოიცავდა და უფლის საფლავსაც. ეს ტაძარი  335 წლის 13 სექტემბერს ქრისტიანული წესით აკურთხეს. მეორე დღეს დაწესდა დღესასწაული უფლის პატიოსანი და ცხოველმყოფელი ჯვრის მსოფლიო ამაღლებისა (ჯვართამაღლება), რომელსაც მართლმადიდებელი ეკლესია 14/27 სექტემბერს ზეიმობს. დღესასწაულის შემდგომ ხდება ცხოველმყოფელი ჯვრის საზეიმოდ აღმართვა და შებრძანება საკურთხეველში, სადაც მას ტრაპეზზე დაასვენებენ.

რაც შეეხება უფლის ჯვრისა და სამსჭვალების შემდგომ ისტორიას: კონსტანტინოპოლში ელენე დედოფალმა თან წაიღო იერუსალიმიდან ნაწილი უფლის პატიოსანი ჯვრისა და სამსჭვალები. ძელიცხოვლის ნაწილები მთელ ქრისტიანულ სამყაროში მიმოიფანტა, მათ შორის საქართველოშიც მოხვდა.
IV საუკუნეში, მას შემდეგ, რაც წმინდა მირიანთან ერთად მთელი ქართლი მოინათლა, ახალგაქრისტიანებულმა მეფემ ბიზანტიაში წარავლინა ეპისკოპოსი იოანე და იმპერატორს სთხოვა, ებოძებინა ქართველთათვის ნაწილი ძელიცხოვლისა. გაუხარდა კონსტანტინე კეისარს ქართველთა გაქრისტიანება და მირიანს წმინდა ჯვრის ნაწილები გამოუგზავნა: ფიცარი, რომელზეც უფლის ფერხნი იყო დამსჭვალული და ორი ლურსმანი.
ქართლისკენ მომავალ იოანეს გზადაგზა დაუტოვებია ეს სიწმინდენი: ერუშეთს - განძის ნაწილი და უფლის სამსჭვალი, მანგლისში - ფერხთა ფიცარი.

...XIII  საუკუნის დასაწყისში დავით ნარინს უფლის სამსჭვალისთვის გაუმზადებია ჩასაბრძანებელი - ძვირფასი ქვებით შემკული ოქროს მიტრა, რომელიც მანგლელი ეპისკოპოსისთვის შეუწირავს. მოგვიანებით სამსჭვალი და მიტრა თბილისის სიონის ტაძარში იქნა გადატანილი.
მეფე არჩილს ქრისტეს სამსჭვალთა დიდი სასოება ჰქონდა. თურმე მის წინ აფიცებდა ორგულებს. როცა ყაენმა არჩილის საქართველოდან გაძევება მოითხოვა, მან, მეფე გიორგის ნებართვით, რუსეთში წაიღო სიწმინდეები. ეს იყო 1681 წელს.

არჩილმა სიწმინდენი კრემლის მიძინების ეკლესიას მიაბარა შესანახად... XX საუკუნის 50-იან წლებში, მანგლისის ტაძრის შესახებ მონოგრაფიაზე მუშაობისას, ბატონი მალაქია დვალი დაინტერესებულა სამსჭვალისა და მანგლელი მიტროპოლიტის მიტრის ბედით და მათი მოძებნა უცდია. "ლურსმანი და მიტრა რომ ნამდვილად კრემლის მიძინების ეკლესიაში იყო დაცული, ჩანს ნიკოლოზ I-ის მიერ 1849 წელს გამოცემული ალბომიდან, სადაც სამსჭვალისა და მიტრის ფერადი ჩანახატია მოთავსებული. იქვე მითითებულია, ეს ნივთები მოსკოვში, მიძინების ეკლესიაში ინახებაო", - ბრძანებს ბატონი მალაქია. 1917 წლის რევოლუციის შემდეგ ეკლესიის საგანძური კრემლში იარაღის პალატას გადაეცა. ბატონ მალაქიას უნახავს კიდეც მუზეუმის საცავებში უფლის სამსჭვალი, მიტრისთვის კი ვერ მიუკვლევია. ძელიცხოვლის ნაწილი ჩატანებული იყო წმინდა თამარ მეფის გულსაკიდ ჯვარში.

წმინდა ექვთიმე თაყაიშვილს 1910 წელს, ლეჩხუმ-სვანეთში მოგზაურობისას, უნახავს კალას ეკლესიაში დაცული ხატი-სანაწილე, რომელიც ძელი ჭეშმარიტის შესანახად ყოფილა განკუთვნილი. მისივე თქმით, ბრიტანეთის მუზეუმს შეუძენია წმინდა გიორგის გულსაკიდი ხატი, რომელიც წმინდა ქეთევანს ეკუთვნოდა. დედოფლის წამების შემდეგ ხატში მოთავსებული ძელიცხოვლის ნაწილისთვის ქეთევანის წმინდა ნაწილიც მიუმატებიათ. ექვთიმესავე თქმით, მარტვილის ეკლესიაში ინახებოდა ქაიხოსრო გელოვანის თანამეცხედრის, როდამ დგებუაძისეული შეწირული ძელი ჭეშმარიტის ნაწილიანი ოქროს ჯვარი. პლატონ იოსელიანის ცნობით, ნიქოზის ტაძარში 1798 წლამდე ინახებოდა ძელიცხოვლის ნაწილების ჯვარი. 1798 წლის ივლისში ნიქოზის ეპისკოპოს ათანასეს ბრძანებით ჯვარი ეკლესიის გარეთ საწიგნეზე დაუსვენებიათ და მის წინ დაუფიცებიათ თავადთ. ფიცის შემდეგ ძელი ჭეშმარიტის შენახვა დავიწყებიათ, მწუხრის შემდეგ მოუკითხავთ, მაგრამ ვეღარ უპოვიათ. ამის გამო გიორგი XII-მ ათანასე ნიქოზელს კათედრა ჩამოართვა და გარეჯის მონასტერში გაგზავნა.

ძელიცხოვლის ნაწილები ჩატანებული ყოფილა  IX-X  საუკუნეების მარტვილის ენკოლპიონისა (რომელიც ხოსროვანუშ დედოფალს ეკუთვნოდა) და ე.წ. კვირიკეს ჯვარში, რომელიც  X  საუკუნეში მეფე კვირიკესთვის შეიქმნა, ასევე - ერმიტაჟში დაცულ ჭედურ სტავროთეკაში, ე.წ. შალიანის ხატში, რომელიც მთელ სვანეთში იყო განთქმული თავისი ძლიერებით, სილიხანის ოთხსცენიან ხატსა და წალენჯიხის მაცხოვრის ხატში, ქუთაისის ისტორიულ მუზეუმში დაცულ ე.წ. საჰაკდუხტის სანაწილეშიც.

1109 წელს იერუსალიმში წმინდა საფლავის კანტორმა ანსელუსმა შეიძინა ძელიცხოვლისგან ამოღებული ჯვარი და პარიზის ღვთისმშობლის ტაძარს უძღვნა. მისი თქმით, ეს ჯვარი მან ქართველთა მეფის, დავითის ქვრივისგან შეიძინა. რამდენად სარწმუნოა ეს ცნობა, თავად განსაჯეთ - წმინდა მეფე დავითი ხომ ამ დროს ჯანმრთელი და საღ-სალამათი იყო.

დაბოლოს, ერთი რამ უნდა გვახსოვდეს: ცხოველმყოფელი ჯვრის ამაღლება არ იყო ოდენ ისტორიული მოვლენა; ეს მაგალითია თითოეული ქრისტიანისათვის - ისევე როგორც ჯვარი ამაღლდა, იესო ქრისტეს მასზე ჯვარცმით განდიდდა და გაბრწყინდა, ასევე ჩვენც უნდა ავმაღლდეთ შინაგანი და სულიერი სამყაროთი, რათა ღირსი შევიქნეთ იესო ქრისტესთან ურცხვენელი შეხვედრისა.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით