იყალთოს ტაძარს საფრთხე არ ემუქრება! - კვირის პალიტრა

იყალთოს ტაძარს საფრთხე არ ემუქრება!

"რამდენიმე დღის წინ იყალთოს სამონასტრო კომპლექსში გახლდით უცხოელ ტურისტებთან ერთად. ტაძრის და სხვა ნაგებობების ჭერში უზარმაზარი ბზარებია. ერთგან გახსნილი სახურავიდან ცაც კი ჩანდა. ავარიული მდგომარეობის გამო შენობაში არ შეგვიშვეს. იქნებ გაარკვიოთ, რატომ არის ტაძარი მიტოვებული?

ალექსანდრე გეგეშიძე, თბილისი"

მკითხველის წერილის მიხედვით, ტაძარში შექმნილი საგანგაშო, ავარიული მდგომარეობის შესამოწმებლად "კვირის პალიტრა" იყალთოს ეწვია. ცოტა ხნის წინ იყალთოში სამწლიანი სარესტავრაციო-სარეაბილიტაციო პროექტი დასრულდა. სამონასტრო კომპლექსში სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობდა, თუმცა არა ტაძარში, არამედ შესასვლელში მდებარე სამღვდელო, ანუ წინამძღვრის სახლში, რომელიც ნამდვილად ყოფილა ავარიულ მდგომარეობაში, მაგრამ ტაძრის მრევლის შემოწირულობით უკვე რემონტდება. თვალში საცემია ბზარები VIII-IX საუკუნეების ფერისცვალების ტაძრის კედლებზე, კარ-ფანჯარაც შესაცვლელია.

დეკანოზი ზაქარია ჩიხრაძე, იყალთოს ფერისცვალების ტაძრის წინამძღვარი: - "ეს ბზარები ამოსავსები კი არის, თუმცა სახიფათო ნამდვილად არ გახლავთ. მართალია, ერთი პროექტი განხორციელდა, მაგრამ ეს არ კმარა სარეაბილიტაციო სამუშაოების დასასრულებლად. სამონასტრო კომპლექსი დიდია, ძველი და, შესაბამისად, ხანგრძლივ მუშაობას საჭიროებს. მთავარია, რომ დამღუპველმა საფრთხემ გაიარა. სამწლიანი სარეაბილიტაციო პროექტის ფარგლებში მეტრ-ნახევრის სიღრმეზე, რკინა-ბეტონით გამაგრდა ფუნდამენტი, საიდანაც საგანგაშო ბზარები მოდიოდა.

გადაიხურა ჭერი, რომელიც ძალიან დაზიანებული იყო. კედლებს მოაშორეს რუსების მიერ გაკეთებული თეთრი საფარი, რომელიც მალავდა ქვის და აგურის შესანიშნავ წყობას. ტაძრის გარშემო ჩატარდა არქეოლოგიური კვლევები და რასაც ახლა ტაძრის მიმდებარედ ხედავთ, უმეტესწილად სწორედ ამ სამუშაოს წყალობით გამოჩნდა. ბევრი გაკეთდა, მაგრამ მეტია გასაკეთებელი, რასაც ერთი და ორი პროექტი არ ეყოფა. შესაცვლელია კარ-ფანჯარა. რეაბილიტაციის დროს მხოლოდ შემოსასვლელი კარი შეიცვალა. ამ ეტაპზე სამღვდელო სახლს ჩვენი სახსრებით მივხედეთ. შენობას ჭერი გარღვეული ჰქონდა. მალე გადავხურავთ. მართალია, ეს ნაგებობაც ძველია, მაგრამ ის არ არის იმდენად მნიშვნელოვანი, როგორც ტაძარი.

"კვირის პალიტრა" ძეგლთა დაცვის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებსაც ესაუბრა, რომლებმაც დაადასტურეს, რომ ტაძარში და მის გარშემო კიდევ დიდი და ხანგრძლივი სამუშაო უნდა ჩატარდეს, მაგრამ, როგორც გვითხრეს, ამ ეტაპზე საგანგაშო არაფერია.

მერაბ ბოჭოიძე, ძეგლთა დაცვის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი: - ტაძრის ინტერიერის ბზარები არ არის პროგრესირებადი საფრთხე. ჩვენ, როგორც პაციენტებს, ისე ვუყურებთ ძეგლებს და ვიცით, დაუყოვნებლივ სად უნდა ჩავერიოთ. ერთი თვის წინაც გახლდით იყალთოში. მაშინ ტაძარიც დავათვალიერე და საგანგაშო არაფერი შემინიშნავს. წინამძღვარსაც არ უთქვამას, რომ იქ რამე ავარიულია. სიამოვნებით გეტყვით, რომ არქეოლოგიური გათხრების დროს, ტაძრიდან მოშორებით, გზის მეორე მხარეს, აღმოჩნდა მცირე ეკლესიის ნაშთი. ჩვენი რეკომენდაციებით მოხდება მისი რეაბილიტაცია და დაკონსერვება.

იყალთოს აკადემიაში შოთა რუსთაველი სწავლობდა

იყალთოს სამონასტრო კომპლექსი თელავის ჩრდილოეთით, რამდენიმე კილომეტრში მდებარეობს. იგი VI  საუკუნეში დაუარსებია ერთ-ერთ ასურელ მამას, ზენონს. მოგვიანებით, XI-XII საუკუნეებში, ტაძრის ეზოში სასულიერო აკადემია გაუხსნია უდიდეს საეკლესიო მოღვაწეს არსენ იყალთოელს. სამწუხაროდ, ჩვენამდე მოღწეული ხელნაწერები შედარებით გვიანდელი ხანისაა და იყალთოს აკადემიის შესახებ ცნობებს არ შეიცავს. გადმოცემების თანახმად, იყალთოს აკადემიაში სწავლობდა შოთა რუსთაველი.

მონასტრის ტერიტორიაზე შემორჩენილია 3 ეკლესია, სხვადასხვა დანიშნულების ნაგებობათა, აკადემიისა და სატრაპეზოს ნანგრევები. ეკლესიათაგან მთავარია VIII-IX საუკუნეების ფერისცვალების ტაძარი "ღვთაება" (აგებულია ძველი ეკლესიის ადგილას, რომელშიც დაკრძალული იყო ზენონი).

იხილეთ სიუჟეტი www.palitratv.ge-ზე