ლოცვით გამთბარი სამკაულები - კვირის პალიტრა

ლოცვით გამთბარი სამკაულები

"სასოწარკვეთილებას ჩემთან დაყოვნების საშუალება არ მივეცი"

თბილისში გალერეა "შარდენმა" უჩვეულო გამოფენას უმასპინძლა. პირველად ქართული ხელოვნების ისტორიაში დამთვალიერებელი სასულიერო პირის პერსონალურ გამოფენას გაეცნო. აქ ნახავდით საბერძნეთში მოღვაწე ქართველი მონაზვნის - დედა სიდონიას ხელნაკეთ ნამუშევრებს, სხვადასხვა დროს შექმნილ აქსესუარებს, ბისერით შემკულ დაფარნებს, ფოტოკოლაჟებს და პერსონალურ ფოტოებს. ცნობილმა მომღერალმა ნინო ქათამაძემ დედა სიდონიას დამზადებული ფერადი სამაჯური დანახვისთანავე ხელზე მოირგო.

გამოფენის ორგანიზატორების თქმით, ისინი ცდილობენ, საზოგადოებას დაანახონ, რომ ქრისტიანობა არ არის იზოლაციონიზმის მქადაგებელი, ის თავისუფალი სულის მადიდებელი რელიგიაა, რომელიც შეიძლება შემოქმედებაში აისახოს. ამის უკვდავი მაგალითებია მოქვის, ჯრუჭის და სხვა სახარებები, სადაც ილუსტრაციები სცილდება სახვითი ხელოვნების ჩარჩოს და ხელოვნების ფასდაუდებელ ნიმუშებად გვევლინება.

დედა სიდონია ცხრა წელია, საბერძნეთში მოღვაწეობს, საქართველოში ჩამოსულმა კი ყველა მიიწვია საკუთარი მრავალფეროვანი სამყაროს გასაცნობად. გამოფენაზე საბერძნეთიდან საგანგებოდ ჩამოვიდა დედა სიდონიას იღუმენიაც.

"წლების წინ მძიმედ ვიყავი ავად, სენი შემეყარა, რომელთან გამკლავებაც დიდ ძალას ითხოვდა. გამიკეთეს ურთულესი ოპერაცია. შემდეგ დაიწყო ქიმიოთერაპიის მტანჯველი კურსი. სწორედ ამ პერიოდში დავიწყე ფოტოების გადაღება. ამ გზით გადავწყვიტე ჩემი სამყაროს გაფერადება და სასოწარკვეთილებას ჩემთან დაყოვნების საშუალება არ მივეცი. ფოტოხელოვნებას ხელნაკეთების დამზადების სურვილი დაემატა. ჩემს წარმოსახულ ფერთა გამაში სინათლეს ვხედავდი და ეს ფერები გადამქონდა ნაქარგობაში.

ფოტოგრაფია ბავშვობიდან მიყვარდა, ავადმყოფობის დროს კი ამ საქმეს მეტი დრო დავუთმე. ფოტოსაიტებზე ფსევდონიმით დავრეგისტრირდი. იქ ვაქვეყნებდი ჩემს ნამუშევრებს. ყოველი ახალი ფოტო დღის ფოტო ხდებოდა. ეს იწვევდა სიამაყის განცდას, რადგან ვხედავდი, რომ წარმატებას ვაღწევდი არა როგორც სასულიერო პირი (ხომ არსებობს შეხედულება, თითქოს შავოსნებს ყველგან უპირატესობას გვანიჭებენ), ამასობაში სენიც დავამარცხე და გადავრჩი. ქიმიოთერაპიის კურსის დასრულებიდან უმოკლეს დროში - სამ თვეში შევისწავლე ბერძნული ენა, წავედი საბერძნეთში და უნივერსიტეტში ჩავაბარე, სოციოლოგი-ანთროპოლოგი ვარ. ყველას, ვისაც ჰგონია, რომ მათი დამაუძლურებელი არის სენი, თამამად ვეტყვი: ჩვენ ჩვენი შეუპოვრობა, სიცოცხლის სიყვარულის უნარი გვაძლიერებს და მოსალოდნელი მარცხის შიშის გრძნობა გვაუძლურებს.

სამკაულების კეთება კი ცოტა ხნის წინ დავიწყე. ლამაზი მძივები ჩამივარდა ხელთ  და გადავწყვიტე, მათგან ორიგინალური სამკაულები გამეკეთებინა. გამიტაცა ფანტაზიამ და ამასობაში, როგორც დიზაინერები ამბობენ, სერიოზულ და დახვეწილ აქსესუარებამდე მივედი. გამოფენის გამართვა ჩემმა მეგობრებმა მირჩიეს. მათ გადაწყვიტეს, ჩემი ნამუშევრები საზოგადოებისთვის წარედგინათ იმის მაგალითად, რომ მონაზვნებს საქვეყნო შრომაც შეგვიძლია, თვითონ ვქმნით რაღაცას, რითაც შეგვიძლია, თავი ვირჩინოთ, ლამაზი სამყარო შევქმნათ, ეს სილამაზე სხვებსაც გავუზიაროთ."

"შარდენში" ქალები თამამად ირგებდნენ ლოცვით გამთბარ სამკაულებს. დიახ, ლოცვით გამთბარს - ისინი ხომ დაზგაზე არ აუწყვიათ, მათ დედა სიდონიას თითები ქსოვდნენ, აწყობდნენ, ამ დროს კი მონაზონი ლოცულობდა: "უფალო, შეგვიწყალენ!" ამიტომაც მგონია, რომ ამ ნივთებს მხოლოდ გემოვნებიანი კომპოზიცია და ნატიფ ფერთა გამა კი არა, სამყაროს სიყვარულით სავსე მონაზვნის ლოცვაც ამშვენებს.

დათო ქორიძის ფოტო