"გაუფრთხილდით მას, რადგან ის გიცავთ თქვენ" - კვირის პალიტრა

"გაუფრთხილდით მას, რადგან ის გიცავთ თქვენ"

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეს სამართლიანობის უმაღლესი ორდენი მიენიჭა

სამართლიანობის უმაღლესი ორდენი - ასე ჰქვია ჯილდოს, რომელიც მსოფლიოს იურისტთა ასოციაციამ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს, მიანიჭა. ასეთივე ჯილდო გადაეცა უკვე ყოფილ პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილს. უწმინდესის დაჯილდოების ცერემონიალი 21 ნოემბერს, საპატრიარქოში გაიმართა.

"ვულოცავთ საქართველოს პატრიარქის ღვაწლის აღიარებას. მისი ღვაწლი მშვიდობისა და სამართლიანობის განვითარებისთვის დიდი ხანია გასცდა საქართველოს საზღვრებს. მინდა გავიხსენო ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტი. ჩვენი ორგანიზაცია ევროპაში ატარებდა დიდ ფორუმს, სადაც მაღალი თანამდებობის პირებს და სხვადასხვა კონფესიის წარმომადგენლებს შევხვდი. ჩემდა საამაყოდ, მათ მითხრეს: "ბედნიერია ქვეყანა და ხალხი, რომელსაც ჰყავს ეკლესიის ისეთი საჭეთმყრობელი, როგორიც არის პატრიარქი ილია მეორე. ილოცეთ მისთვის, რადგან ის ლოცულობს თქვენთვის, გიყვარდეთ ის, რადგან მას უყვარხართ თქვენ, გაუფრთხილდით მას, რადგან ის გიცავთ თქვენ." ეს სიტყვები ძალიან ამაღელვებელი იყო.  ჩვენი ორგანიზაციის  ძირითადი პრინციპი სამართლის უზენაესობის სამსახური და მსოფლიოში სამართლის მეშვეობით მშვიდობის დამყარებაა," - განაცხადა მსოფლიო იურისტთა ასოციაციის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა პაატა ცნობილაძემ.

დაჯილდოების ცერემონიალს ესწრებოდნენ მეორე ვიცე-პრეზიდენტი კიმ კორლი, ორგანიზაციის ყოფილი პრეზიდენტი ვალერი ევდოკიმოვი და მსოფლიო იურისტთა ასოციაციის პრეზიდენტი აშშ-ში ბენ გრიფიტი, რომელმაც ილია მეორეს მართლმადიდებელი სამყაროს პატრიარქი უწოდა.

კათოლიკოს-პატრიარქის თქმით, ორდენით დაჯილდოება მისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა.

"ის ჯილდო, რომელსაც დღეს ვიღებ, სრულიად მოულოდნელია ჩემთვის.

მე ვაკეთებ იმ საქმეს, რასაც უნდა აკეთებდეს ყოველი ადამიანი და მით უმეტეს, პატრიარქი. ეს არის სამართლიანობის აღდგენა - ადამიანისა და კაცობრიობის ყოფაში სამართლიანობა უნდა იყოს უმთავრესი.

მინდა მადლობა მოგახსენოთ თქვენ ყურადღებისათვის. ჩვენ ვიმყოფებით იმ დარბაზში, რომელშიც რომის პაპი იოანე-პავლე მეორე მივიღე. მინდა მოვიყვანო სიტყვები ნეტარი ავგუსტინესი: "მშვიდობა ყველას უნდა, მაგრამ ყველას თავისებურად ესმის ის. მშვიდობა რომ სუფევდეს საზოგადოებაში, საჭიროა სამართლიანობა და კანონის უზენაესობა".

ძველი რომაელები ამბობდნენ: "კანონი რაც უნდა მკაცრი იყოს, ის არის კანონი და უნდა დავემორჩილოთ მას." ჩვენ გამოვიარეთ რთული პერიოდი, ჩავატარეთ დემოკრატიული არჩევნები, გვყავს ახალი პრეზიდენტი და ხელისუფლება. ვფიქრობთ, მშვიდობა იქნება ჩვენთან და ამ მშვიდობას შევინარჩუნებთ", - განაცხადა უწმინდესმა დაჯილდოების შემდეგ.

სამართლიანობის უმაღლესი ორდენი

სხვადასხვა დროს მსოფლიოს იურისტთა ასოციაციამ სამართლიანობის უმაღლესი ორდენი მიანიჭა ცნობილ სასულიერო პირებსა და სახელმწიფო მოღვაწეებს, მათ შორის, რომის აწ გარდაცვლილ პაპ იოანე-პავლე მეორეს და დიდი ბრიტანეთის დედოფალ ელისაბედს.

ორგანიზაცია ამ ჯილდოს წელიწადში ერთხელ გადასცემს უმაღლეს სასულიერო და საერო პირებს მშვიდობისა და სამართლიანობის დამკვიდრების სფეროში საქმიანობისათვის.