შობის მარხვა დაიწყო
02-12-2013
კალენდრის მიხედვით შობის მარხვა  იწყება 15 ნოემბერს ძველი სტილით (ახალი სტილით - 28 ნოემბერს) და 25 დეკემბრამდე (ახალი სტილით - 7 იანვრამდე) გრძელდება. იგი ორმოცდღიან პერიოდს მოიცავს.
სვიმეონ თესალონიკელის სიტყვებით, შობის მარხვა მოსეს მარხვას განასახიერებს, რომელმაც ორმოცდღიანი მარხვის შემდეგ უფლისაგან ქვის ორი ფირფიტა მიიღო, რაზეც ამოტვიფრული იყო უფლის სიტყვები. ჩვენ კი, ორმოცი დღის მარხვის შედეგად, ვიხილავთ და ყოვლადწმინდა ქალწულ მარიამისაგან ვიღებთ ცოცხალ სიტყვას, რომელიც ამჯერად ქვებზე კი არ არის ამოტვიფრული,
არამედ ხორცშესხმული და ხორციელად შობილია, რომლის ღვთაებრივ სისხლსა და ხორცს ვეზიარებით.
საშობაო მარხვა დაწესებულია იმისთვის, რომ ქრისტეშობის დღესასწაულისათვის თავი სინანულით, ლოცვითა და მარხვით განვიწმიდოთ, რათა წმინდა გულით, სულითა და სხეულით შევძლოთ მოწიწებით მივეახლოთ ამქვეყნად მოვლენილ ძე ღვთისას; გარდა ჩვეულებრივი ძღვენისა და მსხვერპლისა, მას ჩვენი წმინდა
გული მივუძღვნათ.

შობის მარხვა დიდმარხვასთან შედარებით მსუბუქია. ამ მარხვის დროს, როგორც წესი, გარდა ოთხშაბათისა და პარასკევისა, თვით ბერ-მონაზვნებისთვისაც კი დაშვებული იყო თევზის, ზეთისა და ღვინის ზომიერად მიღება. საზოგადოდ კი, ისევ შევნიშნოთ: მარხვის სიმკაცრე და სიმსუბუქე ყოველთვის დამოკიდებული იყო (და ასეა დღესაც) მწყემსმთავრის ლოცვა-კურთხევაზე.
დეკანოზი ლევან მათეშვილი

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით