ყველაფერი, რასაც იტყვი, თუ გააკეთებ, მარადისობის საზომით გაზომე!!!
23-12-2013
ყველაფერი, რასაც იტყვი, თუ გააკეთებ, მარადისობის საზომით გაზომე!!!
კიდევ ერთი წლით მივუახლოვდით მარადისობას. ჩვენი ცხოვრების ყოველი წუთი აღრიცხულია ღვთის წინაშე. ამ წელიწადის მიწურულს გავიხსენოთ წმინდა მამათა სწავლებანი და კიდევ ერთხელ დავფიქრდეთ, ვინ ვართ, რისთვის მოვედით და საითკენ გაგვიწევია.

სამშობლოს თავისუფლების დაკარგვა დიდად განიცადა წმინდა მიტროპოლიტმა ნაზარმა (ლეჟავამ), არა მარტო სიტყვით მოუწოდებდა სამწყსოს, "მტკიცედ მდგარიყვნენ ქრისტეს სარწმუნოებაზედ", საქმითაც ბევრს აკეთებდა დედაეკლესიის დასაცავად. 1922 წელს დააპატიმრეს. ბრალად დასდეს საეკლესიო განძეულის გადამალვა და გენუის საერთაშორისო კონფერენციისადმი მიმართვაში მონაწილეობა. ჯერ დახვრეტა მიუსაჯეს,
მერე პატიმრობით შეუცვალეს და ორი წლის შემდეგ ამნისტიით გაათავისუფლეს. მაგრამ მტერს ცოცხალი მიტროპოლიტი არ სჭირდებოდა, დრო იხელთეს და სოფელ სვირში ეკლესიის კურთხევისას ისევ დააპატიმრეს. მწუხრ-ცისკრის ლოცვის შემდეგ სამღვდელო კრებული მოსასვენებლად მათე ჯაჯანიძის ოჯახში წაიყვანეს. შუაღამისას დაესხნენ თავს მილიციელები, პერანგისამარანი ურმებზე დააკრეს და სვირის კანცელარიაში წაიყვანეს.

"ნაზარი ტიტველი დავსვით ურემზე, ვეცადეთ, ტანზე ჩაგვეცვა, მაგრამ ვერ ჩავაცვითო", - ირწმუნებოდა მილიციის უფროსი მაღლაკელიძე. ამბობდა, - "შემკარით ბაწრით, ისე უნდა მაწამოთ, როგორც აწამეს იესო ქრისტე, რადგანაც თქვენს მოსარჯულებლად ვარ მოსული"... რამდენიმე დღე დილეგში ამყოფეს, შემდეგ დასახვრეტად გაიყვანეს. "მიტროპოლიტი კაბის ამარა შემობრუნდა და ანაფორა ჩაიცვა, - ჰყვება დახვრეტას გადარჩენილი დეკანოზი ვასილ დოლაბერიძე, - გამოგვეთხოვა და გვითხრა: "არ შეშინდეთ, მხნედ იყავით, სიკვდილი ყველასთვის ერთიაო". 1924 წლის 1-ელ სექტემბერს მიტროპოლიტი ნაზარი და კიდევ ოთხი სამღვდელო პირი ებრაელთა სასაფლაოს ბოლოში, თხრილის პირას დახვრიტეს. ამბობენ, ზემოდან წაყრილი მიწა დიდხანს სუნთქავდაო...

**** * *
ჩვენი პატრიარქის მშობლებს, გიორგის და ნატალიას, ჯვარი მღვდელმა გიორგი მალანიამ დასწერა. კურთხეული გამოდგა ეს ჯვრისწერა. კურთხეული გახლდათ თვითონ ნეტარხსენებული მამა გიორგი. იმ საშინელ წლებში მტკიცედ იდგა სარწმუნოებაზე. დამფრთხალი ცოლი ურჩევდა, - იქნებ გაგეკრიჭა წვერი, საერო ცხოვრება დაგეწყო და დაგვასვენებდნენო, მაგრამ მოძღვარმა მტკიცე უარი განაცხადა.
1932 წლის 19 იანვარს შეიმოსა და ჯვრით ხელში მდინარისკენ წავიდა წყლის საკურთხებლად. ეს ამბავი ვინმე მაბეზღარმა ყაზბეგში, რაიკომს აცნობა. მოძღვარი კი ნელა მიდიოდა, იმედი ჰქონდა, ხალხი შემომიერთდებაო, მაგრამ მთავრობის შიშით გვერდით არავინ დასდგომია. მარტომ აკურთხა წყალი (ეს იყო უკანასკნელი წყლის კურთხევა ხევში, სანამ უწმინდესმა პატრიარქმა ილია მეორემ იქ მღვდლები არ გაგზავნა). მამა გიორგის შინ მისვლა არ აცალეს, ცოლ-შვილთან დამშვიდობების ნებაც არ მისცეს, ისე გაუყენეს შუა აზიის გზას. ციხეში ბევრს ლოცულობდა, ყველას მიუტევა - მტერსა თუ მოყვასს, თავის დამბეზღებელსაც. გულმა ვერ გაუძლო... ხორცით ტაშკენტის ციხის სასაფლაოზე დაკრძალეს, სულით კი შეუერთდა მარადისობას.

**** * *
1924 წლის აჯანყების ჩახშობის შემდეგ ჩეკისტებმა კავთისხეველებიც გარეკეს დასახვრეტად. ეს რომ მღვდელმა, მამა პანტელეიმონ გედევანიშვილმა გაიგო, ავადმყოფი ლოგინიდან წამოდგა, შეიმოსა, ჯვარი იპყრა ხელთ და განწირულთა კვალს დაადგა.  უდანაშაულოთა ჯგუფს რომ წამოეწია, გაკვირვებულმა ბადრაგის მეთაურმა ჰკითხა, - საით გაგიწევია ასეთ ამინდშიო.

- მოძღვარი ჭირშიც და ლხინშიც თავისიანებთან უნდა იყოს, რას გვერჩით, ვის რა დავუშავეთ...
- შენ არას გერჩით, ესენი მშრომელი ხალხის მტრები არიან, უნდა აგონ პასუხი.
- არ დაიჯერო, შვილო, ამ საცოდავებს მტრობა არ შეუძლიათ. ამათი საქმე მიწის მოვლა-პატრონობაა, - არ შეეპუა მოძღვარი.
- ამათ გორში ჩავიყვან და იქ გაირკვევა მტყუან-მართალი, - "დაჰპირდა" ჩეკისტი.
მამა პანტელეიმონი მიხვდა, ატყუებდნენ და დაჩოქილი შეევედრა: - ესენი გაუშვი, რადგან მართალნი არიან ღმერთთანაც და კაცთანაც. თუ ცოდვა აქვთ ჩადენილი, მე მაზღვევინეთ, როგორც ამათ მოძღვარსო.
- რა გააჭირა საქმე, თუ ასე სწადია, შეაგდეთ ესეც მაგ ვირიშვილებთანო, - ბრძანა ბადრაგის უფროსმა.
შორს აღარ წაუყვანიათ, კარგად რომ ჩამობნელდა, სოფლის მოშორებით ჩაამწკრივეს კავთისხეველები და ხალხის სახელით დახვრეტა მიუსაჯეს. გაფითრდა მამა პანტელეიმონი, გამოიჭრა, პატიმრებს ანაფორა გადააფარა და აყვირდა: - ნუ მაყურებინებთ უდანაშაულო ადამიანების ცოდვასო. ეს სათხოვარი "დიდსულოვნად" შეუსრულეს - პირველი მამა პანტელეიმონი დახვრიტეს.

**** * *
1923 წლის 20 მაისს კომუნისტებმა 15 ქართველი ვაჟკაცი დახვრიტეს სამშობლოს სიყვარულისთვის. მათ შორის იყო ილია მართლის დისწული კოტე აფხაზი. სიკვდილის წინ მან ასე მიმართა ჯალათებს: "მე ვკვდები სიხარულით, რადგან ღირსი გავხდი სამშობლოს სამსხვერპლოზე ზვარაკად მიტანისა, ჩვენი სიკვდილი გამარჯვებას მოუტანს საქართველოს". კოტესთან ერთად დახვრიტეს 26 წლის ლევან კლიმიაშვილი. "სჯობს სიცოცხლესა ნაძრახსა, სიკვდილი სახელოვანი", - წაუწერია სიკვდილის წინ ლევანს მეტეხის ციხის კედელზე. რამდენიმე დღის შემდეგ, როცა ქართველ გმირებს ქაშვეთის ეკლესიაში პანაშვიდს უხდიდნენ, ლევანის დედამ, სოფიო ზაალიშვილმა, ჭირისუფლებს მიმართა: "ნუ ტირით, ჩვენ გმირები გავზარდეთ... მოვა დრო და ჯალათები თავისას მიიღებენ. ღმერთი არ მიატოვებს ჩვენს საქართველოს, ტყუილად არ დაღვრილა ჩვენი შვილების სისხლი". გავიდა წლები... სამწუხაროდ, დღემდე არ მიუგიათ სათანადო პატივი მათი სახელებისთვის...***

მოამზადა კახაბერ კენკიშვილმა
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით