ქართვლის მნათობო... - 4 იანვარი ჩვენი პატრიარქის დაბადების დღეა - კვირის პალიტრა

ქართვლის მნათობო... - 4 იანვარი ჩვენი პატრიარქის დაბადების დღეა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, მცხეთა-თბილისის, ცხუმ-აფხაზეთისა და  ბიჭვინთის მიტროპოლიტს უწმინდეს და უნეტარეს ილია II-ს ვულოცავთ დაბადების  დღეს - 4 იანვარს. ვუსურვებთ დღეგრძელობას, მზეგრძელობასა და სულიერ სიმხნევეს.

ილია II (ერისკაცობაში ირაკლი გიორგის ძე ღუდუშაური-შიოლაშვილი) დაიბადა 1933 წლის 4 იანვარს ქალაქ ვლადიკავკაზში. კათოლიკოს-პატრიარქის მამა - გიორგი შიოლაშვილი - სოფელ სნოდან, დედა - ნატალია კობაიძე კი - სოფელ სიონიდან იყვნენ. 1927 წელს მათ სახლი შეიძინეს ვლადიკავკაზში, სადაც დაიბადა საქართველოს მომავალი პატრიარქი. მშობლებმა სამი დღის ახალშობილი ქრისტეშობის დღეს მონათლეს ქართულ ტაძარში და ყრმას ერეკლეს IIპატივსაცემად ირაკლი უწოდეს. ნათლიები იყვნენ: არქიმანდრიტი ტარასი (კანდელაკი) და მონაზონი ზოილე (დვალიშვილი). დედა ზოილეს პატარა ირაკლი სამთავროს მონასტერში ხშირად დაჰყავდა, სადაც მაშინდელი კათოლიკოს-პატრიარქი კალისტრატე ცინცაძისგან სამი წლის ირაკლის ლოცვა-კურთხევა მიუღია.

პატრიარქი იგონებს: "ჩვენთან, ოჯახში, იყო ასეთი წესი - საღამოობით ყველანი ხატებთან ვიკრიბებოდით. ეს ხატები იმ დროს იყო მოტანილი, როცა ეკლესიები დაიხურა. იქვე იყო სანთელი, კანდელი, ნაკურთხი წყალი, ბზა. ყველანი ერთად ვდგებოდით და მამაჩემი კითხულობდა ლოცვებს, ბოლოს კი ერთ-ერთ ჩვენგანს ოთხმოცდამეათე ფსალმუნს ათქმევინებდა, მერე ნაკურთხ წყალს გვასხურებდა და ვიძინებდით, თვითონ კი ხატებთან რჩებოდა. ცენტრალური ხატი "საქართველოს დიდება" იყო. რამდენი წმინდანიც მასზეა გამოსახული, მამა იმდენჯერ მოიყრიდა მუხლს და ლოცულობდა: "წმიდაო მეფეო თამარ, ევედრე ღმერთსა ჩვენთვის", დავით აღმაშენებელს ევედრებოდა... ვთხოვე, ეგებ ეს აუცილებელი არ იყოს-მეთქი. მიპასუხა, სანამ შევძლებ, ასე უნდა მოვიქცეო. დედაჩემის სიტყვებიც მახსოვს: "რაც არ უნდა გიჭირდეთ, უცხოეთში არ უნდა წახვიდეთ, ეს მძიმე უღელი უნდა ზიდოთო".

ქართვლის მნათობო

ქართვლის მნათობო, ქარ-ბორბალას როგორ გავექცეთ,

თავს დაგვტრიალებ სიხარულის, ტანჯვის დღეებში,

ლოცვით გიჭირავს ეს ცა, თავზე რომ არ დაგვექცეს

და არ ჩაგვმარხოს ბაბილონის ბილწ ნანგრევებში.

ხელით გიპყრია ცრემლ-ლოცვებით გადაბანილი

სამშობლოს გული ნოეს წმინდა კიდობანივით.

იქ მიუწვდომელ ბაღ-ვენახში ჰყვავის ხეხილი,

სიწმინდით შენით მეომარი აღსდგა მონიდან,

დგას საქართველო დამეწყრილი და დამეხილი

და გველ-ვეშაპი მოიჩქარის ბაბილონიდან.

უქარტეხილოდ არც ყოფილან ჩვენი დღეები,

ჩვენ დღეთა მათთა ბინადარნი ვით გვიყელებენ,

რას ღაღადებენ, უწმინდესო, ეს ნანგრევები

ან ეს ცა-მთები, ეს ველები რას მეტყველებენ.

მიწის ბნელეთში შეხიზნულა ყრმა პირტიტველი,

ჭაბუკმან მრწემმან დედის გული ვერ გაახარა,

როგორ დაგღალეთ, ჩვენი ცოდვის ცრემლით მტვირთველო,

ქართული დარდით დაბარდნილა შენი ჭაღარა.

შენი ხმა მამულს ესალბუნებ-ესასოება,

ვენახ-მტევნებში ამართულა, როგორც ხარდანი;

ცოდვებმან ჩვენმან შეაწუხეს ღვთის სათნოება,

ცოდვებმან ჩვენმან განარისხეს ღვთის სამართალი;

შენი ხმა მამულს ესალბუნებ-ესასოება,

ვენახ-მტევნებში ამართულა, როგორც ხარდანი;

ჩვენს ჭრილობებში ჩაბელტილი გველის შხამია,

დაბნეულ ქართველს გულ-გონება გადაეღალა,

ლოცვებმან შენმან შეაკავეს ღვთის მრისხანება

და შენს ცრემლებში დაწმენდილა ჩვენი ქვეყანა.

სოფლისა თავზე მობრიალე არწივ-ლომი ხარ,

ეს კლდე-მინდვრები დაჩეხილი შენი ტანია;

ცრემლით და ლოცვით მოთმინების გზას შესდგომიხარ

და ჩვენი ცოდვა გოლგოთაზე აგიტანია.

შენ გვიხმობ ცისკენ, ჩვენ კი უფალს როგორ დავშორდით,

და მაინც გვინდა ჩვენს განზრახვებს ღმერთის გზა ერქვას...

წმინდა მამაო, გადაგღალეთ ჩვენი ბავშვობით,

თუმცა ამ ცოდვებს ურჯულობა უნდა დაერქვას.

ო, სულნათელო, მაცხოვრისა მოგვეც მშვიდობა,

დღეს ხმალ-აბჯარი შეგვწყდომია ტანზე ღილივით,

გვარწყულ-გვაპურებს ეგ სიმშვიდე და სულდიდობა,

ლოცვით, კურთხევა-სიყვარულით, ღვთიურ ღიმილით,

ჰგავს საქართველო სამშვიდობოს გასულ კიდობანს,

თავს შენი კვერთხი დასდგომია ზეთისხილივით.

მამა ილია (ჩიკვაიძე)