საშობაო ამბები - კვირის პალიტრა

საშობაო ამბები

ეს ამბები გადმოცემებითა ან წიგნებით მოვიდა ჩვენამდე. ზოგი თანადროულობამ წარმოშვა, ზოგიც გულით დაგვაქვს და ქმნის ისეთ კალეიდოსკოპს, რომელსაც შობისეული სიხარული ახლავს.

ეგ სეფისკვერი ზიარებად შემიწირავსო

ერთი მეცხვარე მთის საძოვრიდან მცხეთას ჩამოსულა, მოკრძალებით ხლებია ჩვენს დედატაძარში იმ დროს მოღვაწე დიდ ბერს, არქიმანდრიტ პართენს (აფციაურს) - მამაო, გთხოვთ, მაზიაროთო.

პართენ ბერისთვის ერთ მხლებელს უჩურჩულია: - მამაო, მაგის ზიარება როგორ იქნება, არც აღსარება უთქვამს და არც უმარხულია. ამხელა გზიდან ფეხით მოსული რომ არ გაწბილდეს, სეფისკვერი გაატანეთო.

არავინ უწყის, ეს რჩევა იყო მიზეზი, თუ თავადაც ამას გულისხმაჰყოფდა, მაგრამ ამდგარა მამა პართენი, გამოუტანია საკურთხევლიდან მოზრდილი სეფისკვერი და სტუმრისათვის უთქვამს: - ხვალ, უზმოზე, ეს მიიღეო.

სიხარულით ფრთაშესხმული მწყემსი - მცხეთას პირველად მაზიარესო - მალევე სამწყემსს დაჰბრუნებია, მაგრამ არ გასულა დიდი დრო, რომ უკან მობრუნებულს მთის კაცის პირდაპირობით მიუხლია პართენ ბერისთვის: - მამაო, რატომ მომატყუეთ და ზიარების ნაცვლად სეფისკვერი რად გამატანეთო?!

გაოცებულ დამხვდურთ უკითხავთ: - საიდან იცი, რომ არ გაზიარეთ, ან სეფისკვერი რა არის, ეგ ვიღამ გითხრაო?!@

- შობაღამეს, მთას რომ ავედი, სიზმრად უცხო კაცი ვიხილე. მითხრა, - მწყემსო, შენ მცხეთას არ ზიარებულხარ, რაც გაგატანეს, მაგას სეფისკვერი ჰქვია, მაგრამ შენში ისეთ გულსა და სურვილს ვჭვრეტ, ეგ სეფისკვერი სწორედაც რომ ზიარებად შემიწირავსო.

გაოგნებულ მამა პართენს პირჯვარი გამოუსახავს და უდიდებია ამხელა სასწაულის აღმსრულებელი უფალი, რომელმაც ყოველი არსების გული უწყის.

უპირველესი სტუმარი

ეს საოცარი საშობაო ისტორია გასულ საუკუნეში ერთმა ციმბირელმა კაცმა ჩაიწერა:

- ერთ დღეს ჩვენთან სულ ახალგაზრდა გადმოასახლეს. ხმები დადიოდა, ობლად დარჩენილის გამზრდელმა ბიძამ, რომელიც მის ქონებას დახარბდა, ყოველივე მიითვისა, რის გამოც ტიმოთემ იარაღით დაჭრაო... რადგან ახალგაზრდა გახლდათ, თანაც პირველი გილდიის ვაჭარი, მხოლოდ გადასახლება აკმარეს. მის სულში კარგა ხანს დუღდა წყენა, რის გამოც ყველასგან შორს ეჭირა თავი... მუდამ შინ იჯდა და სასულიერო ლიტერატურას კითხულობდა. ერთმანეთს სწორედ წიგნის სიყვარულმა დაგვაახლოვა. ხშირად ვსტუმრობდი და ისიც დიდი ხალისით მმასპინძლობდა...

თუ ვინმე, ნებსით თუ უნებლიეთ, ბიძას ან გადასახლების მიზეზს უხსენებდა, ფითრდებოდა და მოღუშული დაიწყებდა ხოლმე ბოლთის ცემას. ასეთ დროს აღარც წიგნი ახსოვდა და თვალებიც რისხვით წამოენთებოდა. შემებრალა, ასეთი ამღვრეული სული რომ ჰქონდა... წმინდა წერილი კარგად იცოდა და სხვებსაც ჩინებულად მოძღვრავდა, მაგრამ თავად წყენას ვერ მორეოდა, რადგან, როგორც ჩანს, წმინდა სიტყვას გულამდე არ უშვებდა.

გავიდა ექვსი წელიწადი, მაგრამ უწინდებურად იტანჯებოდა და სადმე ბიძამისს რომ გადაჰყროდა, შურს იძიებდა. მაგრამ ვგრძნობდი, რომ მალე რაღაც შეიცვლებოდა და უფალი ამ სატანჯველისგან გამოიხსნიდა... ტიმოთე იმ დროს 37 წლის იქნებოდა, წესად ჰქონდა, საღამოობით თავის ბაღნარში გამოსულიყო და იქაურობას მოჰფერებოდა, შემდეგ კი სკამზე ჩამომჯდარიყო და ასე ელოცა.

ერთ მშვენიერ დღეს გამოვიდა ბაღში, გადაშალა სახარება და წაიკითხა, როგორ ესტუმრა ქრისტე ფარისეველს, რომელმაც ფეხსაბანად წყალიც კი არ მიართვა... ტიმოთეს იმდენად შეემუსრა გული, რომ ატირდა და სწორედ იმ წუთიდან დაიწყო ყველაფერი... აქედან უკვე მისივე ნაამბობს გავიმეორებ:

,,გარშემო მიმოვიხედე და გავიფიქრე: - რა სიმდიდრესა და ფუფუნებაში ვარ, უფალი ჩემი კი ასე ღარიბი და მიუსაფარი იყო-მეთქი... ისე ამევსო თვალები ცრემლით, ვეღარც ვახამხამებდი, ირგვლივ ყველაფერი გავარდისფრდა, შემდეგ თითქოს გული შემეკუმშა და უეცრად წამოვიძახე: - უფალო, ჩემთან რომ მოსულიყავი, საკუთარ თავსაც არ დაგიჭერდი-მეთქი!

...და უეცრად საიდანღაც სუნთქვასავით გავიგონე: - მოვალ!"

მეორე დღეს ტიმოთემ ცოლს სთხოვა, სუფრასთან ერთი თავისუფალი ადგილი დაეტოვებინა... დასხდებოდნენ სატრაპეზოდ ხუთნი - ტიმოთე და მისი ოჯახი, სუფრის თავში მეექვსე, საპატიო ადგილი კი ცარიელი რჩებოდა. დიასახლისს ცნობისწადილი კლავდა, ვის ეკუთვნოდა ეს ადგილი, ტიმოთე კი პასუხობდა: უპირველესი სტუმრისთვისააო, მაგრამ ჩვენ ორის გარდა არავინ იცოდა, თუ ვის უცდიდა.

...ელოდა ტიმოთე მაცხოვარს ბაღში გაგონილი სიტყვიდან მეორე, მესამე, მეოთხე დღეს... გადიოდა კვირები, თვეები, საეკლესიო დღესასწაულები, მაგრამ მოლოდინს ბოლო არ უჩანდა. იმედი არ დაუკარგავს, სწამდა, რომ უფალი დანაპირებს უცილობლად შეუსრულებდა.

ქრისტეშობა ახლოვდებოდა, უმკაცრესი ზამთარი იდგა... წინა საღამოს ტიმოთემ გამიმხილა: - ძმაო, ხვალ უფალი მესტუმრება...

- რატომ ხარ ასე დარწმუნებული-მეთქი?

- დღეს შევევედრე თუ არა, სულისშემძვრელმა, საყვირივით ხმამ მიპასუხა: - მალე მოვალო.

- გირჩევ, თუ ძვირფას სტუმარს სასოებით ელი, მეგობრები კი არა, მისთვის სათნო კრებული დაახვედრე-მეთქი.

შობა დღეს ოჯახითურთ ვესტუმრე ტიმოთეს... მთელი სახლი სავსე იყო გაჭირვებულებით, მაგიდები ხორაგს ვერ უძლებდა. მალე ყველა მოვიდა. საშინელი ქარბუქი ამოვარდა, მაგრამ უპირველესი სტუმარი არა და არ ჩანდა...

მალე ჩამობნელდა და სუფრასთან დასხდომის დრომაც მოაწია. ყველანი ხატების წინ დანთებული სანთლების შუქზე ვიცდიდით, მასპინძელი კი მოუსვენრად მიმოდიოდა, ხვდებოდა, რომ დიდებული სტუმარი აღარ მოუვიდოდა. ბოლოს ღრმად ამოიოხრა და  მითხრა:

- ვხედავ, რაღაც სათანადოდ ვერ აღვასრულე, ალბათ, ვერ შევძელი იმათი შეკრება, ვინც აქ უნდა ყოფილიყო. იყოს ნება ღვთისა, მოდი, ვილოცოთ და სუფრას მივუსხდეთ...

უეცრად ზღურბლზე ჩამოძონძილი მოხუცი გამოჩნდა, რომელიც სიცივით ისე ცახცახებდა, ძლივსღა იმაგრებდა თავს, რომ არ დაცემულიყო... მალე მის ხელზე თვალში საცემი, დიდი ხნის წინ შეხორცებული და ყინვისაგან გათეთრებული ნატყვიარიც გავარჩიეთ და ტიმოთემ წამოიძახა: - უფალო, ვხედავ და ვიღებ მას შენი სახელისათვის! თავად შენ კი ნუ შემოხვალ, რადგან ბოროტი და ცოდვილი ვარო.

მერე მუხლებზე დაემხო და გულშემუსვრილმა ლოცვა იწყო... შემოიტანეს სანთლები. ტიმოთე წამოდგა, მოაჯირს ჩაბღუჯულ მოხუცს ხელი მოჰკიდა და უპირველესი სტუმრისათვის განკუთვნილ სკამზე დასვა...

ალბათ, მიმიხვდით, ვინც იყო მოხუცი, - ტიმოთეს ბიძა, რომელმაც მოკლედ მოგვითხრო, როგორ წაუვიდა ცხოვრება უკუღმა და როგორ დაკარგა ოჯახიცა და ავლადიდებაც... შემდეგ დიდხანს ეძებდა ტიმოთეს, რომ მისთვის პატიება ეთხოვა... ამ ხეტიალსა და ქარბუქში კი გზა არეოდა, გაყინულიყო და სიკვდილსღა ელოდა...

- მაგრამ უეცრად, - თქვა მოხუცებულმა, - ვიღაც უცნობმა შუქი მომფინა და მითხრა: ,,წადი, გათბი, ჩემთვის განკუთვნილ ადგილას დაჯექი და ჭამე ჩემი ჯამიდან!"”შემდეგ ორივე ხელი წამავლო და გზაზე ისე დამაყენა, თავადაც ვერ მივხვდი.

- ვიცი, ბიძაჩემო, უფალი იყო შენი ჩემამდე მომცილებელი, რომელმაც ბრძანა: "შიოდის თუ მტერსა შენსა, პური ეც მას; და სწყუროდის თუ, ასუ მას.” ჩემთან დაჯექი, მიიღე, რაც გსურს და დარჩი ამ სახლში სიცოცხლის ბოლომდე", - ყველას გასაგონად წარმოთქვა ტიმოთემ.

იმ დღიდან მოხუცი აღარსად წასულა, სიკვდილის წინ აკურთხა ძმისშვილი და როგორც იქნა, ტიმოთემაც ჰპოვა მოსვენება.

ასე განისწავლა კაცი, თუ როგორ განემზადებინა გულში აკვანი მიწაზე შობილი ქრისტესთვის. ყოველ გულს ძალუძს, ასეთ აკვნად იქცეს, თუ აღასრულებს მცნებას: - ,,გიყუარდეთ მტერნი თქუენნი და კეთილსა უყოფდით მოძულეთა თქუენთა".

მოამზადა მანანა ტუაევამ