გულისყურით წავიკითხოთ ეპისტოლე!
13-01-2014
გულისყურით წავიკითხოთ  ეპისტოლე!
ეპისტოლეს და ხალხის ამბავი თესლისა და მთესველის იგავს ჰგავს. ყველა იმას შეისმენს, რისი შესმენაც უნდა
და თავის გულს, როგორც საუკეთესო ნიადაგს, მიაგებებს ან არ მიაგებებს ეკლესიის წინამძღოლის სიტყვას.

როგორ ფიქრობთ, სიცოცხლის მაცივარში გამოკეტვის ან განადგურების მიმართ ოდესმე ლიბერალური დამოკიდებულება ექნება მართლმადიდებლურ ეკლესიას?!


უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის საშობაო ეპისტოლეს ერთ ეპიზოდს აჟიოტაჟი რომ მოჰყვა, ამას რამდენიმე მიზეზი აქვს. კერძოდ, მავანმა ჩათვალა, რომ პატრიარქისთვის კბილის გაკვრის კარგი საშუალება
მიეცა, მავანი კი სხვების ფეხის ხმას აჰყვა და არ ჩათვალა საჭიროდ ეპისტოლეს გულდასმით წაკითხვა. სრულად მოვიყვანთ ეპისტოლეს იმ ნაწილს, რომელიც რამდენიმე დღეა ცხარე განხილვის საგანია:


"თანამედროვე მსოფლიოში ოჯახურ ფასეულობებს ენაცვლება მხარეთა მერკანტილური ინტერესები. ე. წ. პარტნიორული ურთიერთობები, რომელსაც თან სდევს გარეშე თანაცხოვრების სხვადასხვა ფორმა. მეცნიერულ-ტექნიკურმა
წინსვლამ კი ისეთი მძიმე ეთიკური საკითხები დააყენა დღის წესრიგში, როგორიც მანამდე არ სმენოდა კაცობრიობას: ხელოვნური განაყოფიერება, სინჯარაში ჩასახული ბავშვები, სუროგატი დედები, გენების შერწყმა, კლონირება და ა.შ... "ჰუმანისტები" მხარს უჭერენ აბორტს, ევთანაზიასა და თვითმკვლელობას. ამასთან, მათთვის მეცნიერული პროგრესი აბსოლუტიზირებულია და მიიჩნევენ, რომ რისი გაკეთებაც შესაძლებელია, უნდა გაკეთდეს. ეს ეთიკური სოფიზმია, რადგან ის, რაც ტექნოლოგიურად მიღწევადია, ყველაფერი როდია მორალური და სასარგებლო.  მიზანი ამართლებს საშუალებას -  ესეც მათი ცხოვრების წესია და ესეც სოფიზმია, რადგან არც ყველა მიზანია კარგი და არც ყველა საშუალება მისაღები, თუნდაც კარგი მიზნისათვის. მაგალითად, ფაშისტებს ჰქონდათ ებრაელების განადგურების სურვილი. განა ეს მიზანი შეიძლება ნორმალურად ჩაითვალოს?!

ანდა იმისთვის, რომ კაცობრიობის ჯანსაღი ნაწილი მეტად იყოს დაცული, ნუთუ შეიძლება ვინმემ გაამართლოს შიდსით დაავადებულთათვის სიცოცხლის მოსწრაფება? განა შეიძლება ბედნიერი იყოს ის ოჯახი, სადაც აბორტი კეთდება და უსუსური პატარა არსებების უღვთოდ დაჩეხილი სხეულების აჩრდილები დადიან? და როგორი საშინელებაა იმის წარმოდგენაც კი, რომ ყოველ წელს, არაოფიციალური მონაცემებით, მილიონამდე აბორტი კეთდება საქართველოში და ამის შემჩერებელი ჯერჯერობით არავინ არის. შეიძლება ოჯახი იყოს ბედნიერი, სადაც სუროგატი დედის მიერ დაბადებული ბავშვი იზრდება? ეს პატარა ხომ თავიდანვე გაწირეს უსიყვარულობისათვის, მიუსაფრობისა და მარტოობისათვის. იგი კეთილდღეობაშიც რომ გაიზარდოს, მუცლადყოფნის პერიოდის ამ სიმძიმეს ვერაფერი შეცვლის და ეს აუცილებლად იჩენს თავს ზრდასრულ ასაკში.

პრობლემატურნი იქნებიან ის ბავშვებიც, რომლებიც ხელოვნური განაყოფიერებით დაიბადნენ და მათი სიცოცხლე მრავალი ემბრიონის განადგურების შედეგად განვითარდა. ის, რომ კაცთა მოდგმას არ შეუქმნია ოკეანე, ხმელეთი, ციური სხეულები და ბალახიც კი (აღარაფერს ვამბობთ ადამიანზე), ცხადზე ცხადია. აქამდე მხოლოდ ბიოლოგიურად საინტერესო ქიმიკატები (მაგ. ამინომჟავები) მიიღეს, შეჯვარდა და შეაერთეს სიცოცხლის უკვე არსებული ფორმები და სხვა არაფერი.
ხოლო, თუ ჩვენ არ მოგვიტანია სიცოცხლე ამ წუთისოფელში, რა უფლება გვაქვს მოვინდომოთ ბატონობა მასზე? რატომ ვისაკუთრებთ მას, რაც ჩვენი არ არის?

ფაქტია ისიც, რომ მიუხედავად მეცნიერულ-ტექნიკური დიდი წინსვლისა, არ შეგვიძლია თავი დავაღწიოთ სიკვდილს. რატომ? ჩვენ ხომ ყოვლისშემძლენი ვართ? სინამდვილე კი სხვა არის. უფალი ეუბნება მოსეს: ,,მე ვკლავ და მე ვაცოცხლებ" (IIრჯ. 32, 39)".

ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაციის პოზიციას აქ არ მოვიყვანთ, ბოლოს და ბოლოს, საქართველო ფორმალურად მაინც თავისუფალი ქვეყანაა და ვისაც რა უნდა, იმას ამბობს და ისე ახდენს კონკრეტული ტექსტის ინტერპრეტირებას. ისიც ნათელია, რომ ზოგიერთი მათგანი შანსს ელოდება, რომ საპატრიარქოზე შეტევის მორიგი საშუალება მიეცეს, მაგრამ როდესაც საჯარო მოხელე ხარ, ალბათ, ორ-სამჯერ მაინც უნდა გადაიკითხო ეპისტოლე, კარგად გააანალიზო და შემდეგ გააკეთო განცხადება. თამარ ჩუგოშვილს ვგულისხმობ, პრემიერ-მინისტრის მრჩეველს:

"განსაკუთრებით ვულოცავ ხელოვნური განაყოფიერებისა და სუროგაციის გზით დაბადებულ სრულიად არაჩვეულებრივ პატარებს, მათ ოჯახებს, სუროგატ დედებს, უმცირესობათა ჯგუფის წარმომადგენლებს; ქალებს, რომლებიც თურმე ვიღაცას უნდა დავემორჩილოთ; გოგონებს, რომლებიც თურმე ფსევდოკულტურითა და ცრუ თავისუფლებით არიან გატაცებული და ყველა სხვას, ვისაც დღეს გული ეტკინა. დარწმუნებული ვარ, ღმერთს განსაკუთრებულად ვუყვარვართ... და მიუხედავად იმისა, რომ ბუნებრივი ჩასახვით დაბადებული ეთნიკურად ქართველი, მართლმადიდებელი, ჰეტეროსექსუალი მამაკაცის გარდა ყველა არასრულფასოვნები გამოვდივართ, მაინც მათაც მრავალ ბედნიერ შობას ვუსურვებ", - წერდა ჩუგოშვილი.

იმ ადამიანს, რომელსაც ეპისტოლე არ წაუკითხავს და ჩუგოშვილის განცხადებას დაეყრდნობა, დარჩება შთაბეჭდილება, რომ თითქოს პატრიარქმა დაგმო  სუროგაციის გზით გაჩენილი ბავშვები. ასევე, ზოგიერთმა ჩვენმა თანამოქალაქემ შესაძლოა, პრემიერის მრჩევლის ცინიკური განცხადება ისე აღიქვას, რომ ხელისუფლება პატრიარქს დაუპირისპირდა.

ჩუგოშვილს მხარი აუბა გიგი უგულავამაც, რომელმაც განაცხადა, ეპისტოლე შვილის ყოლის უფლებას ვერც ერთ ოჯახს ვერ წაართმევს, რადგან ეს მაცხოვრის წყალობააო. აი, ეს ციტატა კი უცვლელად უნდა შემოგთავაზოთ: "ბეთლემი, სადაც მაცხოვარი იშვა, ასევე ნაზარეთი, სადაც აღიზარდა, ძველ იუდეაში ყველაზე მიუვალი, თანამედროვე ჟარგონი რომ მოვიშველიოთ, ყველაზე ბანძი”ადგილები იყო". ეტყობა, უგულავას მერის უფლებამოსილების შეჩერებამ გონება დაუბინდა. წინააღმდეგ შემთხვევაში, იქნებ განმარტოს, სად წერია ეპისტოლეში, რომ ადამიანს არ უნდა ჰქონდეს უფლება, შვილი ჰყავდეს და რა შუაშია ხელოვნურ განაყოფიერებასა და სუროგაციასთან დაკავშირებულ ეპიზოდთან“"ბანძი ბეთლემი და ნაზარეთი"?

ცნობისთვის: ეს ის უგულავაა, რომელმაც გაბედა და 2012 წელს ჩაასწორა პატრიარქის საშობაო ეპისტოლე. კერძოდ, ის ნაწილი ამოიღო, რომელშიც საპატრიარქო "ბუდა-ბარისა" და კაზინოს მშენებლობას გმობდა.
შეგნებულმა თუ შეუგნებელმა ინტერპრეტაციებმა შესაძლოა, საზოგადოების ნაწილი მართლაც შეიყვანა შეცდომაში. ზოგიერთს შესაძლოა, არა აქვს წაკითხული საპატრიარქოს შემდეგი განცხადებაც:

"ეპისტოლემ საზოგადოებაში დიდი და დადებითი გამოხმაურება გამოიწვია. ერთი ნაწილი კი, გააღიზიანა იმ ადგილმა, სადაც სუროგატ დედებსა და ხელოვნურ განაყოფიერებაზეა საუბარი. ზოგიერთმა ისიც კი ჩათვალა, თითქოს ეკლესია ასეთი მეთოდით დაბადებულ ბავშვებს უპირისპირდება, რაც სრული აბსურდია. პირიქით, ამ პატარებს ეკლესიისგან მეტი სითბო, სიყვარული და დალოცვა სჭირდებათ. ამიტომაც არის, რომ ასეთი ბავშვები პატრიარქის ნათლულებიც არიან და ამაში გასაკვირი არაფერია. თუმცა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ აღნიშნული მეთოდი მისაღებია. შევნიშნავთ იმასაც, რომ თითქმის ყველა ტრადიციული რელიგია ეწინააღმდეგება მას და ცოდვად მიიჩნევს. კათოლიკოს-პატრიარქიც და სასულიერო პირებიც ვალდებულნი არიან, გააფრთხილონ მრევლი და საზოგადოება. ეკლესია პატივს სცემს ნებისმიერი ადამიანის თავისუფალ არჩევანს, მაგრამ სადაც თვლის, რომ არასწორ ქმედებას აქვს ადგილი, უთითებს. ეს ეკლესიის მოვალეობაა".

ყურადღებით წავიკითხოთ ეპისტოლე და მივხვდებით, რომ უწმინდესი გამოხატავს თავის გულისტკივილს და პრობლემაზე ამახვილებს ყურადღებას. სხვათა შორის, სუროგაციის პრობლემაზე პატრიარქი პირველად სულაც არ საუბრობს. კერძოდ, უწმინდესი 2011 წლის სააღდგომო ეპისტოლეში წერდა: "სავსებით ნათელია, რომ ძალადობრივი, ნიჰილისტური და უხამსი ფილმებითა და გადაცემებით აღზრდილი თაობა ჯანსაღ ატმოსფეროს ვერ შექმნის და ოჯახსაც მნიშვნელოვნად დააზიანებს. არადა, როგორი მონდომებაა, რომ უძლიერესი ფსიქოლოგიური საშუალებით - მასმედიით ბოროტება და ცოდვითი ცხოვრება აღზევდეს, ვულგარიზებული, ტექნოლოგიური საზოგადოება ჩამოყალიბდეს და მის ბატონ-პატრონად ფული იქცეს, რომ ადამიანებმა, განსაკუთრებით კი ახალგაზრდებმა, სწორი ორიენტირები დაკარგონ და ქრისტეს მცნებები წარსულის გადმონაშთად მიიჩნიონ. რა თქმა უნდა, ეს ყოველივე მოქმედებს ხალხზე. დღეს უკვე ადამიანებს გაცილებით უადვილდებათ ოჯახის დანგრევა, თავისუფალი ურთიერთობების დამყარება, მამათმავლობის ჩვეულებრივ მდგომარეობად წარმოჩენა, ოჯახური ანომალიების გახმაურება... არავინ ასწავლის თუნდაც იმას, რომ აბორტის გაკეთება და საკუთარი შვილის სიცოცხლის ხელყოფა ან ე. წ. სუროგატი დედების ინსტიტუტის შექმნა უმძიმესი დანაშაულია, რომლის გამოსყიდვა ადვილი არ არის".

ასევე, გაუთვითცნობიერებელ ადამიანებს მოკრძალებით ვურჩევთ, ზემოხსენებულ პრობლემას ეკლესიის პოზიციით, ქრისტიანული მორალის თვალით შეხედონ.
უხეშად რომ ავხსნათ, ინ-ვიტრო განაყოფიერებისას ლაბორატორიულ პირობებში ქალის კვერცხუჯრედს (ეფექტურობის გაზრდისთვის რამდენიმე კვერცხუჯრედსაც იყენებენ) ანაყოფიერებენ სპერმატოზოიდით, ემბრიონებს კი სპეციალურ ინკუბატორში ათავსებენ რამდენიმე დღით. გავრცელებული პრაქტიკით, ქალის საშვილოსნოში ორი ემბრიონი შეჰყავთ. როგორც ექსპერტებმა გვითხრეს, ზედმეტ, სიცოცხლისუნარიან ემბრიონებს ყინავენ (თხევადი აზოტით). კერძოდ, თუ პირველი ცდისას ქალი არ დაფეხმძიმდა, მას აქვს მეორე, მესამე თუ მეოთხე ცდა (ემბრიონების მარაგს გააჩნია).

ექსპერტების განმარტებით, შესაძლებელია, სპეციალისტებმა მხოლოდ ორი ემბრიონი გამოიყვანონ. თუმცა არის რისკი, რომ ქალი პირველი ცდისას არ დაფეხმძიმდეს. საქართველოში კი ინ-ვიტრო განაყოფიერების ფასი 3.000-3.600 ლარიდან იწყება და შესაძლოა ზოგჯერ, სამ-ოთხჯერ მეტიც დაჯდეს. თუ სპეციალისტები მხოლოდ ორ ემბრიონს გამოიყვანენ და პაციენტი არ დაფეხმძიმდება, მას ყოველი შემდგომი ცდისას ზემოხსენებული თანხის გადახდა მოუწევს ამიტომაც ექიმები თავს იზღვევენ და ანაყოფიერებენ არა აუცილებელ ორ, არამედ ათ, თხუთმეტ და მეტ ემბრიონს, რომლებიდანაც შემდეგ გამოარჩევენ ორს. დასკვნების გამოტანა თქვენთვის მოგვინდვია.
ვთქვათ, ქალი დაფეხმძიმდა პირველი ცდისას. სიცოცხლისუნარიანი ემბრიონები "ელიან", მოინდომებს თუ არა ქალი მეორე ან მესამე შვილს. თუ არ მოინდომა, ამ კონკრეტულ ემბრიონებს სხვა კლიენტს შესთავაზებენ. თუმცა ექსპერტთა განმარტებით, პაციენტთა უდიდეს ნაწილს სურს, მისი კვერცხუჯრედი ქმრის სპერმატოზოიდით განაყოფიერდეს. სიცოცხლისუნარიან ემბრიონებს, რომლებზეც მოთხოვნა არ არის, რა ბედი ელის, ამაზე დასკვნის გამოტანა კვლავ თქვენთვის მოგვინდვია.

მოდი, ამ პროცესს ქრისტიანული მორალის თვალსაზრისით შევხედოთ. სასულიერო პირების განმარტებით, საღმრთო წერილის მიხედვით, ემბრიონში უკვე არის სამშვინველი, ანუ სული. როგორ ფიქრობთ, სიცოცხლის მაცივარში გამოკეტვის ან განადგურების მიმართ ოდესმე ლიბერალური დამოკიდებულება ექნება მართლმადიდებლურ ეკლესიას?! არც ის დაგავიწყდეთ, რომ ეკლესიისთვის ეს პროცესი ჩუკენობისა (ონანიზმი) და შვილის მკვლელობის (აბორტი) თანაზიარია.

თუმცა რატომ ვლაპარაკობთ მხოლოდ მართლმადიდებლურ ეკლესიაზე? კათოლიკური ეკლესია ინ-ვიტრო განაყოფიერებას ამორალურად და არაბუნებრივად მიიჩნევს. მისი წარმომადგენლები კი“ზედმეტი  ემბრიონების გაყიდვას ან გაჩუქებას მონათვაჭრობას ადარებენ(!).
რაც შეეხება სუროგაციას, შეგახსენებთ, რომ ასეთ დროს ქალს უნერგავენ უკვე განაყოფიერებულ კვერცხუჯრედს და ის, ასე ვთქვათ, ცოცხალი ინკუბატორის როლს ასრულებს. როცა დრო მოუწევს, გააჩენს შვილს, რომლის გენეტიკური მშობელი თვითონ არ იქნება.

ინფორმაციისთვის გეტყვით, რომ გერმანიაში, აშშ-ის საკმაოდ ბევრ შტატში (თუმცა ასევე ბევრ შტატში დაშვებულია),  საფრანგეთში, იტალიაში, შვეიცარიაში, შვედეთში, ნორვეგიაში, საფრანგეთში, ლათინური ამერიკის ქვეყნების უმრავლესობაში სუროგაცია კანონითაა აკრძალული. დანიაში დაშვებულია მკაცრი შეზღუდვებით. ისრაელში, კანადასა და ჰოლანდიაში აკრძალულია სუროგატი დედობის რეკლამა ან სუროგაციის შეთავაზება. საქართველო კი, რუსეთთან, ყაზახეთთან, უკრაინასთან, ბელორუსიასა და სამხრეთ აფრიკასთან ერთად, მიეკუთვნება იმ ქვეყნების რიცხვს, სადაც ე.წ. კომერციული სუროგაციაა დაშვებული.

ჩვენს ქვეყანაში ეს "სიამოვნება", არაოფიციალური ინფორმაციით, 15.000-18.000 ლარი ღირს.
დასავლურ ქვეყნებში სუროგაცია რამდენიმე მიზეზით არის აკრძალული. უმთავრესი კი ის არის, რომ ხედავენ საფრთხეს - სუროგატი დედობა არ იქცეს ბიზნესად, ბავშვი კი “- საქონლად. შიშობენ, რომ სუროგაციის წახალისებით შესაძლოა, შეიქმნას სიტუაცია, რომ შეძლებულმა ადამიანებმა აღარ მოინდომონ "წვალება" და შთამომავლობა სუროგატ დედებს გააჩენინონ. ასევე, ზემოხსენებულ ქვეყნებში ფიქრობენ, რომ ქალი, რომელიც 9 თვე ბავშვს მუცლით ატარებს და შემდეგ გაასხვისებს, ფსიქოლოგიურ ტრავმას იღებს. სუროგაცია ქალზე ძალადობის აქტი და ადამიანის ღირსების შელახვაა. მოკლედ, აკრძალვა ემყარება მორალს და არა ახირებებს. განსაკუთრებული სიმკაცრით გერმანიის კანონმდებლობა გამოირჩევა: ექიმი, რომელიც სუროგაციის ოპერაციას ჩაატარებს, დაახლოებით იმდენი ხნით ჩაჯდება ციხეში, რამდენითაც ნარკოტიკების გამავრცელებელი. თუ, მაგალითად, ცოლ-ქმარი გერმანელია და სუროგატი დედა უცხოელი, ბავშვს გერმანიის მოქალაქეობას არ მისცემენ.
აბა, ველოდებით ზოგიერთ ჩვენს უფლებადამცველს ევროპის ქვეყნების საელჩოებთან პლაკატებით ხელში "ევროპა ოჯახებს ბავშვის ყოლას უკრძალავს".

ზემოხსენებულიდან გამომდინარე, რჩება შთაბეჭდილება, რომ პატრიარქმა დაგვინდო და ამ პრობლემის შეფასებისას უფრო მკაცრი სიტყვები არ გამოიყენა. რა არის გასაკვირი, რომ უწმინდესს, რომელიც დღედაღამ ქართული ოჯახის გაძლიერებაზე ლაპარაკობს და ფიქრობს, აწუხებდეს, დედობა - ბიზნესად, შვილი კი "შეკვეთით დამზადებულ პროდუქტად" არ იქცეს (თანამედროვე მსოფლიოში ოჯახურ ფასეულობებს ენაცვლება მხარეთა მერკანტილური ინტერესები)?! რა არის გასაკვირი იმაში, რომ უწმინდესმა იკითხოს,“შეიძლება თუ არა ოჯახი იყოს ბედნიერი, სადაც სუროგატი დედის მიერ დაბადებული ბავშვი იზრდება?”პატრიარქს ეს აწუხებს და ამიტომაც სვამს კითხვას.

ისიც ვიცით, თუ რამხელა ტვირთის ზიდვა უწევს უშვილო ოჯახს. დარწმუნებული ვარ, პატრიარქზე დიდი ქომაგი მათ არა ჰყავთ. საუბარი ბავშვის შვილად აყვანის პრობლემის მოგვარებაზე სახელმწიფოს მხრიდან უნდა გაგრძელდეს, მათ შორის - ეკლესიის მონაწილეობითაც.

ნანა ჩაჩუა, ფსიქოლოგი: - მეოცე საუკუნის დასასრულის და 21-ე საუკუნის დასაწყისის პრობლემაა ის, რომ მოვლენებს და ფაქტებს წინასწარი განწყობით ვხვდებით და უკვე მზა ფორმულირებით ვიღებთ ამა თუ იმ ინფორმაციას. ამიტომ არ ან ვერ ვკითხულობთ ტექსტს და ვერ ვიგებთ ნათქვამს. ჩვენი განწყობა ხელს უშლის ადეკვატურ აღქმას და გაცნობიერებას. ეპისტოლესადმი აგრესიაც იმან გამოიწვია, რომ მისი შინაარსი ვერ გაიგეს. საზოგადოებამ გავრცელებული ინფორმაცია ზედაპირულად აღიქვა, არადა ეპისტოლეს არა ფრაგმენტულად,  არა კონტექსტიდან ამოგლეჯილად, არამედ მთლიანად აღქმისა და გაცნობიერების შემთხვევაში პატრიარქის პოზიციას ის ადამიანებიც კი გაიზიარებდნენ, რომელთაც შვილი არ ჰყავთ. არსებობს ორდონიანი ინფორმაცია - ტექსტი და ქვეტექსტი. როდესაც უკვე გამზადებული ქვეტექსტით კითხულობ ტექსტს, მიიღებ არა იმ ინფორმაციას, რომლის საფუძველზეც იგი მომზადდა, არამედ იმას, რასაც შენი წინასწარი განწყობა გკარნახობს. ტექსტი რომ ქვეტექსტების გარეშე წაიკითხო და პრობლემა (ამ შემთხვევაში ხელოვნური განაყოფიერების და სუროგაციის პრობლემა) დაინახო, გასაგები იქნება, რა საკითხებს ეხება პატრიარქი. მდგომარეობა დაამძიმა იმან, რომ საზოგადოების ნაწილმა ძალიან იჩქარა შეფასება და რომ იტყვიან, ცეცხლზე ნავთი დაასხა.

პატრიარქის განცხადებაში მოვლენის გონივრული ანალიზი ჩანს. იგი გვიბიძგებს, ნათლად დავინახოთ ჩვენი აწმყო და მომავალი. უწმინდესის სიტყვაც და საქმეც გამორიცხავს ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას. ის ნათლავს ბავშვებს,  ტოლერანტულია ღირებულებების მიმართ და არასდროს ახარისხებს ბავშვებს ასეთებად და ისეთებად.  როდესაც ეპისტოლე წავიკითხე, დავინახე მოწოდება, თუ როგორ უნდა გავუფრთხილდეთ დედამიწაზე მოვლენილ სიცოცხლეს და დედობრივ ინსტინქტს, რომელიც როგორც უპირობო სიყვარულის საფუძველი, ამ სამყაროს არსებობის ღერძია. უნდა დავფიქრდეთ, როგორი გაფრთხილება სჭირდება ადამიანს, რატომ იმატა უშვილოთა რაოდენობამ, რა ვუშველოთ იმას, რომ მომავალ დედებს ხვდებათ დაბინძურებული ჰაერი, მიწა, წყალი, დაბინძურებული ადამიანური ურთიერთობები. მე ეპისტოლეში ამ ყველაფრის გამო წუხილი და გამოსავლის ძებნის სურვილი დავინახე. აქ გამახვილებულია ყურადღება სუროგატ დედებზეც. ხალხი მეკითხება, ახდენს თუ არა ნაყოფზე გავლენას მუცლადყოფნის პერიოდში იმ სხეულიდან, ორგანიზმიდან მიღებული ინფორმაცია, რომელშიც ის იზრდება? საგაზეთო ინტერვიუში ამაზე პასუხის გაცემა ძალიან გამიჭირდება, მაგრამ ვინც ასეთ საკითხებზე  დაიწყებს მსჯელობას, აუცილებელია, პოზიტიური შედეგებიც ახსენოს და ნეგატიურიც. ამიტომ ყველას ვურჩევ, გაეცნონ სტანისლავ გროფის ნაშრომებს და ამის შემდეგ თვითონ განსაჯონ, არის თუ არა სუროგაცია პრობლემა.
კლინიკა "ინვიტროს" დამფუძნებელი და დირექტორი, მედიცინის დოქტორი ნატალია ხონელიძე აცხადებს, რომ ხელოვნური განაყოფიერების დროს ნადგურდება არა ემბრიონი, არამედ კვერცხუჯრედი, რომელიც ცოცხალ ორგანიზმად არ ითვლება. მისივე თქმით, თანამედროვე ტექნოლოგიური მიღწევების შედეგად შესაძლებელია მინიმალური ოდენობის ებრიონის მიღება, თითქმის იმდენის, რამდენიც საჭიროა ორსულობისთვის.

ტექნოლოგიურმა მიღწევებმა მოგვცა შესაძლებლობა, მსუბუქი სტიმულაციის შედეგად არ მივიღოთ ემბრიონების დიდი რაოდენობა. ამასთან, შესაძლებელია დარჩენილის გაყინვა. დიახ, გავყინავთ, არ ვკლავთ. თუკი წყვილი კვლავ ითხოვს განაყოფიერებას, გაყინულ ემბრიონს გავალღობთ და გამოვიყენებთ. გაუგებარია სუროგატი დედებისადმი დამოკიდებულებაც. ის არის ინკუბატორი, სადაც გამოიზრდება ნაყოფი. სუროგატმა იცის, როგორ უნდა მოიქცეს ორსულობის დროს, ნაყოფმა კი არ იცის, ვის მუცელში ზის - სუროგატის თუ ბიოლოგიური დედის. ამასთან, გაუგებარია, რატომ არის ასე დაბადებული ბავშვი განსხვავებული? ჩვეულებრივი, ბიოლოგიური შვილები არიან თავიანთი მშობლების, მათი გენეტიკური მემკვიდრეები. რა ქნან მათმა მშობლებმა, თუ  ბუნებრივად ბავშვის გაჩენა არ შეუძლიათ? ეკლესია დილემის წინაშე აყენებს იმ ადამიანებს, ვისაც ინ-ვიტრო განაყოფიერება აქვს გაკეთებული ან სუროგატებისგან აჩენს შვილებს. რა ვუთხრათ მათ, როდესაც  წლების მანძილზე ბუნებრივად სცადეს შვილის გაჩენა, მაგრამ სხვადასხვა დაავადების თერაპიული, მედიკამენტური, ქირურგიული მკურნალობის მიუხედავად შედეგი ვერ მიიღეს? ამასთან, აღსანიშნავია, რომ თუკი ზოგიერთ ქვეყანაში აკრძალულია ზოგადად სუროგაცია, ზოგან დაშვებულია ალტრუისტული სუროგაცია, როდესაც ქალს სურს, უშვილო წყვილს უანგაროდ დაეხმაროს. ასეთი ალტრუისტი სუროგატი შესაძლოა იყოს წყვილის ახლო ნათესავი. ჩვენთან კანონით დაშვებულია ინ-ვიტრო განაყოფიერება, სუროგაცია და დონაცია. კანონის თანახმად ვაკეთებთ იმას, რაც უნდა გააკეთოს ექიმმა...


დეკანოზი თეოდორე გიგნაძე მიიჩნევს, რომ სუროგატი დედობა ქალის დამცირების ყველაზე სასტიკი ფორმაა.
- ეს არის სხეულის გაყიდვა, ოღონდ არა - ინტიმური ერთობისთვის. ეს არის მონობის რაღაც სახეობა, დამცირების ყველაზე საშინელი ფორმა, რაც კი ქალის წინააღმდეგ მოუგონიათ. მეძაობაზე უარესიც კია, როდესაც ქალს ფაბრიკასავით ამუშავებ. წარმოიდგინეთ ბავშვის მდგომარეობა, როდესაც არის იმ ქალის ორგანიზმში, რომელსაც ერთი სული აქვს, გამოაგდოს ნაყოფი და ორ წელიწადში თავიდან დაიწყოს იგივე, რათა კვლავ იშოვოს ფული. შესაძლოა, ის ბავშვი ულამაზესი დაიბადოს, სახეზე არაფერი ეტყობოდეს, მაგრამ ხომ ცნობილია, მთელი ცხოვრების განმავლობაში როგორ გაგვდევს ბავშვობაში, ჩვილობაში, დედის წიაღში ყოფნის დროს ჩვენში დალექილი პრობლემები, რომლებიც ჩვენ არ გვახსოვს, მაგრამ სხვადასხვა კომპლექსის სახით ვლინდება. რა შრომა გვიწევს ამ კომპლექსებისგან გასათავისუფლებლად?! ზოგჯერ კი ეს კომპლექსი კი არა, ფიზიკური ავადმყოფობაა. წარმოგიდგენიათ, როგორ და რისთვის წირავენ ბავშვს, რომელიც სინჯარაში, ცივ, ლაბორატორიულ გარემოში და სუროგატი დედის წიაღში, არაბუნებრივ და მრავალმხრივ ცოდვის თანაზიარ გარემოში ისახება და იზრდება. ამიტომ ამბობს პატრიარქი, რომ ასეთ პირობებში ჩასახული სიცოცხლე პრობლემური იქნება. რა არის აქ გაუგებარი? პატრიარქი შეეხო ზნეობრივ საკითხს, ოღონდ ცოტა მწვავედ. ზემოთ რომ ასწიოს ნიშნული და ისევე შეეხოს სულიერ თემებს, როგორც ქრისტე (ეს ჩვენი ვალდებულებაა), წარმოგიდგენიათ, რა მოხდება? ძაღლებივით მიესევიან ქართველები, მეტსაც გეტყვით - მღვდლები მივესევით ძაღლებივით და ცოცხლად შევჭამთ, როგორ გაბედე, როგორ გვაკადრეო.

დოსტოევსკის "დიდი ინკვიზიტორის" მსგავსნი ვართ. ინკვიზიტორი ქრისტეს მიმართავს, არ გვჭირდები, შენი საკეთებელი უკვე თქვი და დაამთავრეო. ჩვენ ვიცით, როგორ მოვექცეთ ხალხს. მასას მივცემთ ცოდვის უფლებას და ისინი ჩვენ შეგვიყვარებენო. დღესაც ამის სურვილი ჩანს - პატრიარქი და სასულიერო საზოგადოება გამოვიდეს და ცოდვის, ფარისევლობის, ნებისმიერი გარყვნილების უფლება მისცენ ხალხს... ამით უფალს ვუღალატებთ და ამიტომაც ამის უფლებას ჩვენს თავს ვერ მივცემთ. ხვალ თუ პატრიარქი სულიერ თემებს შეეხება, მერე გამოჩნდება, ვინ დაგლეჯს მას, ან თუ არ დავგლეჯთ, გვეყოფა თუ არა ვაჟკაცობა, გვერდით დავუდგეთ. ფარისევლობა ყველაფრის წამლეკავი და ყველაფრის მკადრებელია, რადგან ფარისევლური სული ქრისტეს ვერ იტანს, ვერ ჰგუობს. წარმოგიდგენიათ, რა მოხდება, თუ პატრიარქმა არა თავისი, არამედ ქრისტეს  სიტყვებით მოგვიწოდა, უარვყოთ ჩვენი თავი და შევუდგეთ უფალს, მან მიგვანიშნა ჩვენ, სასულიერო პირებს, როგორ ვცოდავთ, ვფარისევლობთ, ადამიანებს, მრევლს ვაძლევთ ცოდვის უფლებას, ღმერთსა და ადამიანს შორის ბარიერებს ვქმნით და სხვადასხვა ლაბირინთით ღვთისკენ სავალ გზას ვაცდენთ კაცთ. ხშირად ჩვენკენ მოგვყავს, ჩვენ ვხდებით მათი კერპი და ღმერთს კარგავენ. პატრიარქის ყოველი სიტყვა იყო სრული სიმართლე. იმედი მაქვს, ხვალ პატრიარქი უფრო ზემოთ ასწევს შეგონებათა ნიშნულს და კიდევ უფრო მეტი  მტერი ეყოლება, ჩვენც მეტი გულმხურვალება, სიფხიზლე და მღვიძარება დაგვჭირდება. ამ შემთხვევაში პატრიარქის დაცვით ქრისტეს მხარეზე დადგება საზოგადოება, ოღონდ არა მუშტი-კრივით, არამედ ისე, როგორც ქრისტემ გვასწავლა - სწორი, ქრისტიანული ცხოვრებით. უფალი იყოს ჩვენთან და უფლის სახელით ვებრძოლოთ ბოროტებას და არა პეტრეს მსგავსად, რომელმაც მახვილი იშიშვლა და ყური მოათალა ბოროტს. ასე არ გამოვა. 

ეპისტოლეზე მოსაზრება გამოთქვა ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ. მან განაცხადა, რომ ინ-ვიტრო განაყოფიერების და სუროგაციის თემა ძალიან ფაქიზი და სპეციფიკურია, ამიტომაც თვით ამ ტექნოლოგიების მამამთავარ რობერტ ედვარდსაც კი სიცოცხლის ბოლომდე ჰქონდა უამრავი პასუხგაუცემელი კითხვა.

სამეცნიერო წრეებში დღემდე მსჯელობენ საფრთხეებსა და მომავალ, ხანგრძლივ შედეგებზე. კითხვები ჩნდება არა მხოლოდ რელიგიური, არამედ ბიოეთიკური თვალსაზრისითაც. ამიტომაც მინისტრის აზრით, მეცნიერებს, ექსპერტებს, ვინც პატრიარქს ამ ტექნოლოგიებთან დაკავშირებით მასალები მიაწოდა, მართებდათ, უფრო ღრმად შეესწავლათ საკითხი და სრულყოფილი ანალიზი მოემზადებინათ.  

P.S. ეპისტოლეს თანახმად, ქრისტიანობა გვასწავლის, რა არის კარგი და რა - მიუღებელი, რა არის ცოდვა და რა - მადლი, მაგრამ არჩევის უფლებას პიროვნებას უტოვებს. ქრისტიანული პრინციპია: მე პატივს ვცემ შენი არჩევანის უფლებას, მაგრამ არა - შენს ნებისმიერ არჩევანს; ყველაფერი ნებადართულია, მაგრამ ყველაფერი როდია სარგო (Iკორ., 10;23). ეპისტოლეს და ხალხის ამბავი თესლისა და მთესველის იგავს ჰგავს. ყველა იმას შეისმენს, რისი შესმენაც უნდა და თავის გულს, როგორც საუკეთესო ნიადაგს, მიაგებებს ან არ მიაგებებს ეკლესიის წინამძღოლის სიტყვას.

P.P.S.. ასეთი მწვავე რეაქცია რომ მოსალოდნელი იყო, აღნიშნულია ეპისტოლეს დასაწყისშიც, სადაც უწმინდესი ბრძანებს: "ყველა დროში ქრისტიანობას თავისი გამოწვევები ჰქონდა, მაგრამ თანამედროვე პოსტმოდერნისტული ეპოქა გამორჩეულია მეგა-გამოწვევებით... დიდად სამწუხაროა, რომ უმცირესობათა ჯგუფები, რომლებიც ქრისტიანობისთვის მკვეთრად უარყოფითი იდეებით გამოირჩევიან, ჰუმანიზმის აღიარებულ წარმომადგენლებად სახელდებიან. მათ აქვთ პრივილეგიები, რეკლამა, მათზე მუშაობს მასმედია, დაცული არიან სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ; მათი მიზნების განხორციელებისათვის ხდება კანონმდებლობების შეცვლაც და სხვა; ხოლო ვინც ეწინააღმდეგება ამ პროცესებს, განსაკუთრებით ეკლესია, დისკრედიტირების ნიაღვარში ექცევა, საზოგადოებაში კი მთავარი დარტყმის ობიექტი ოჯახია. ეს პროცესები მეტ-ნაკლებად ჩვენს ქვეყანაშიც მიმდინარეობს და სწორედ ამიტომ ვამახვილებთ ამ თემებზე ყურადღებას. კრიზისის მთავარ გამოვლინებას სექსუალური უმცირესობების ურთიერთობების, ქალისა და მამაკაცის ქორწინებასთან გათანაბრების და ერთსქესიანი წყვილებისათვის ბავშვის შვილად აყვანის უფლების მინიჭების საშიშროება წარმოადგენს. ასეთი კანონი ქორწინების მთელ აზრს აუკუღმართებს და ბავშვსაც, ფაქტობრივად, ნივთად აქცევს, რომლის ფლობაც ყველას შეუძლია".


"შესანიშნავი ხუთეული?"

ანაზღაურებადი სუროგაცია მსოფლიოს მხოლოდ ხუთ ქვეყანაშია დაშვებული, მათ შორის საქართველოში

სუროგაციის თემა დასავლეთის (და აღმოსავლეთის) განვითარებულ ქვეყნებშიც კამათის საგანია და ბევრგან საერთოდ კანონგარეშედ არის გამოცხადებული. მაგალითად, გერმანიაში, საფრანგეთში, ესპანეთში, პოლონეთში, პორტუგალიასა და თურქეთში სუროგაცია უნივერსალურად იკრძალება, მაშინ როცა რიგ ქვეყნებში (ავსტრალია, უნგრეთი, დანია, ნიდერლანდები, ბელგია, დიდი ბრიტანეთი) იგი მხოლოდ ალტრუისტული მოტივებითაა დასაშვები, კომერციული სუროგაცია კი, როდესაც სუროგატი დედა ბავშვის გაჩენაში ფულს იღებს, იკრძალება. სუროგაციის წინააღმდეგ არსებობს როგორც სამართლებრივი, ასევე ეთიკური და რელიგიური არგუმენტები.
სამართლებრივი არგუმენტები ძირითადად ეხება კომერციული სუროგაციის მართლზომიერებას და სუროგატი მშობლების სამართლებრივ სტატუსს (თუ, მაგალითად, ცოლ-ქმარი გერმანელია და სუროგატი დედა უცხოელი, ბავშვს გერმანიის მოქალაქეობას არ მისცემენ).

ეთიკური მოსაზრებებიდან გამომდინარე, სუროგაციის მოწინააღმდეგენი შიშობენ, რომ ამ პროცესის საბოლოო შედეგი ბავშვების საბაზრო საქონლად გადაქცევა იქნება. რას ნიშნავს დედობა? - აი ეთიკური დილემა, რომლითაც სუროგაციის მოწინააღმდეგეები ხშირად აპელირებენ.

რაც შეეხება რელიგიურ არგუმენტებს, კონფესიების დიდი ნაწილი სუროგაციას ერთმნიშვნელოვნად ეწინააღმდეგება. სუროგაციას კრძალავს როგორც მართლმადიდებლობა და კათოლიციზმი, ასევე ისლამი და იუდაიზმი. მთავარი არგუმენტი ძირითადად ერთი და იგივეა: ახალი სიცოცხლის შექმნა მხოლოდ შემოქმედის პრეროგატივაა.

"ბავშვის ჩასახვისთვის ერთადერთი ადგილი ცოლქმრული სარეცელია!"

გასული წლის თებერვალში ყოფილმა პაპმა ბენედიქტ მეთექვსმეტემ მოუწოდა წყვილებს, თავი შეეკავებინათ ხელოვნური განაყოფიერებისაგან და სიცოცხლის შექმნის მსგავს მეთოდებს ღვთის წინაშე ამპარტავნობა უწოდა. პაპის განცხადებით, ერთადერთი მისაღები ადგილი ბავშვის ჩასასახად ცოლქმრული სარეცელია. მისი თქმით, უნაყოფო წყვილებმა თავი უნდა შეიკავონ არაბუნებრივი მეთოდების გამოყენებისაგან. ასეთი პრაქტიკა მოკლებულია სულიერებას, რაც ასე ძვირფასს ხდის ქორწინების საიდუმლოს - განაცხადა პაპმა და მოუწოდა ხელოვნური განაყოფიერების დარგში მომუშავე მეცნიერებსა და ექიმებს, გონს მოგებოდნენ და გამკლავებოდნენ ”ტექნოლოგიით თავბრუდახვევას, არ გაკადნიერებულიყვნენ და არ ეცადათ, დაეკავებინათ შემოქმედის ადგილი. ”ზედმეტი ფოკუსი მეცნიერებაზე და ადვილი ფულის შოვნის სურვილი - აი ორი მთავარი მოტივი ხელოვნური განაყოფიერების სფეროში”- განაცხადა პაპმა.

გიორგი კვიტაშვილი
ეკა ლომიძე
NINO
16 მარტი 2014 15:14
მე პირადად, და ეს ჩემი სუბიექტური აზრია,სუროგაციაში ცუდს ვერაფერს ვხედავ,რადგან ამ გზით ოჯახი ბედნიერდება შვილის ყოლით და არც იმ აზრს ვიზიარებ,რომ ასეთი ბავშვები ბედნიერები არ იქნებიან,ეს წინასწარ არავინ იცის! არც ის მიმაჩნია სწორად,რომ ეს ბავშვები რითიმე განვასხვავოთ სხვა ბავშვებისაგან,ბავშვი ბავშვია და თუ ის მოსიყვარულე,მზრუნველ გარემოში გაიზრდება,არ მგონია ჩვეულებრივი გზით დაბადებულ ბავშვზე ნაკლები გამოვიდეს ან გონიერებით ან ქცევით!
ავტორს
06 მარტი 2014 12:57
აბსოლუტურად ვიზიარებ ავტორის პოზიციას...
Nia
24 თებერვალი 2014 10:46
სუროგაციის ცენტრმა ამიხსნას, რატომ მომდის სმს-ბი 27 წლის გოგოს, "იყავი გულისხმიერი, დაეხმარე სხვას კვერცხუჯრედის დონაციით"? რამდენიც არ უნდა გადამიხადონ, ეს იგივეა საკუთარი შვილი გავყიდო!!!! კვერცხუჯრედი შეიცავს ჩემს გენომს, ჩემს დნმ-ს და ექნება მხოლოდ იმ ბავშვს, რომელსაც მე გავაჩენ, ჩემთვის!!!!!!
მამა თეოდორე მართალია - ქალის დამცირებისთვის ყველანაირ მეთოდს მიმართავენ.

რედაქტორის რჩევით