შობისა და ახალი წლის თარიღის შესახებ - კვირის პალიტრა

შობისა და ახალი წლის თარიღის შესახებ

შობა-ახალ წლის დღესასწაულთა შესახებ განვმარტავთ, რომ: შობა უდიდესი საეკლესიო დღესასწაულია და სულიერი ღირებულების მქონე, მეორე კი საერო დღესასწაულია და, შესაბამისად, ყოფით სფეროს განეკუთვნება. სწორედ ამ ნიშნითაა მათ შორის არსებითი სხვაობა.

ახალ წელს ტრადიციულად ნაძვის ხის ან ჩიჩილაკის მორთვითა და სუფრით მხიარულად ეგებებიან. მისგან განსხვავებით, მაცხოვრის შობის დღესასწაულს მარხვით, ლოცვით, აღსარებით, ზიარებით, წმიდა წერილის კითხვითა და ღვთისსათნო საქმეთა აღსრულებით ხვდებიან.

აღსანიშნავია ისიც, რომ ახალი წლის თარიღი ერთობ ცვალებადი სიდიდეა. ცნობილი ქართველი მეცნიერის, აკადემიკოს კორნელი კეკელიძის მოკვლევით:

ა) წმიდა ნინოს დროს ქართლში ახალი წელი 6 აგვისტოს იწყებოდა;

ბ) VII საუკუნის დამდეგიდან, რომაული თვეების შემოსვლასთან დაკავშირებით, თანდათან პრაქტიკიდან გადის რა აგვისტოს წელიწადი, მის ადგილს სექტემბრის წელიწადი იკავებს;

გ) IX საუკუნის 20-იან წლებში ფეხს იკიდებს მარტის წელიწადი, რომელიც X  საუკუნის II ნახევრამდე არსებობდა;

დ) X საუკუნის II ნახევრიდან მარტის წელიწადს იანვრის წელიწადი ცვლის, რომელიც დღემდეა დამკვიდრებული.

დიდი მეცნიერის ზემოთ მოყვანილი მონაცემები ნათლად ცხადყოფს ახალი წლის მიწიერ, ამქვეყნიურ საზრისს. ამისგან განსხვავებით, მაცხოვრის შობის დღესასწაულის თარიღი, ძვ. სტილით 25 დეკემბერი, თექვსმეტი საუკუნეა უცვლელია, რაც იმაზე მეტყველებს, რომ იგი განსხვავებულ ღირებულებებზეა ორიენტირებული, თუმცა ქრისტიანულ სამყაროში ამ მხრივ კარგა ხანია ერთსულოვნება არ არის და ეკლესიების ნაწილი მას ახალი სტილით 25 დეკემბერს ზეიმობს.

ახალი სტილი შემოღებულ იქნა 1582 წელს პაპ გრიგოლ XIII -ის დროს და ამიტომ პაპ გრიგოლ XIII-ის კოლეგიის მიერ შემოთავაზებულ დროის ათვლის სისტემას გრიგოლის კალენდარს უწოდებენ.

ძველი სტილი, ანუ იულიუსის კალენდარი 325 წელს მიიღო ნიკეის პირველმა მსოფლიო საეკლესიო კრებამ და ჩვენი ეკლესია მას დღემდე იცავს.

გრიგოლის კალენდრით (რომელსაც ახალი სტილი ეყრდნობა), ერთი წელიწადი მოიცავს 365 დღე-ღამეს, 5 სთ-ს, 49 წთ-სა და 12 წმ-ს. იულიუსის კალენდრით (რომელსაც ეყრდნობა ძველი სტილი), ერთი წელიწადი მოიცავს 365 დღე-ღამეს და 6 სთ-ს. მათ შორის სხვაობა შეადგენს 11 წთ-სა და 48 წმ-ს. ეს ცდომილება ყოველ 128 წელში ერთ დღედ იქცევა. ამიტომაც არის, რომ პირველი მსოფლიო საეკლესიო კრებიდან (325 წ.) მოყოლებული დღემდე სხვაობა იულიუსისა და გრიგოლის კალენდრებს შორის 13 დღე-ღამემდე გაიზარდა.

უნდა ვიცოდეთ, რომ მათემატიკური თვალსაზრისით, გრიგოლის კალენდარში დროთა ათვლა მზის (ანუ ტროპიკულ) წელს უკავშირდება, ხოლ    ო იულიუსის კალენდარში - მზე - ვარსკვლავურ წელს.

მზის წელიწადი მოიცავს 365 დღე-ღამეს, 5 სთ-ს, 48 წთ-სა და 46 წმ-ს. ვარსკვლავური წელი კი - 365 დღე-ღამეს, 6 სთ-ს, 9 წთ-სა და 10 წმ-ს.

მზის წელიწადის სიდიდეს რომ მივუმატოთ ვარსკვლავური წელიწადის სიდიდე და გავყოთ ორზე, მივიღებთ მზე-ვარსკვლავური წლის საშუალო სიდიდეს, რაც შეადგენს 365 დღე-ღამეს, 5 სთ-ს, 58 წთ-სა და 58 წმ-ს.

დეკანოზი ბიძინა გუნია დამიბრუნეთ ჩემი შვილი