"ხუდონჰესი არ უნდა აშენდეს. ტაძრები და საფლავები იძირება" - კვირის პალიტრა

"ხუდონჰესი არ უნდა აშენდეს. ტაძრები და საფლავები იძირება"

"ხალხი უწმინდესს ცხენებით დახვდა და ისე მოაცილეს ტაძრამდე"

"რომ არა უშგულელები, დღეს შეიძლება ადიშის ოთხთავი და სხვა უდიდესი ეროვნული განძი აღარ ჰქონოდა საქართველოს"

უშგულში ასვლისას ისეთი განცდა გეუფლება, თითქოს სადღაც ახლოს სამოთხეა. სოფელს ღვთისმშობლის მიძინების სახელობის მონასტერი (ლამარია) გადმოჰყურებს. არქიმანდრიტი იონა (გელაშვილი) მონასტრის წინამძღვარია.

-  ამ ტაძრის წინამძღვრობა უდიდესი პატივია, მაგრამ ამავე დროს, უდიდესი ტვირთი. მონასტრის საძმო მაბარია, და საოცარი ხალხის მოძღვარი ვარ. ყოველდღე უდიდეს სიწმინდეებს ვუყურებ და  ვლოცულობ. მეათე საუკუნის მონასტერში  ფრესკები XII-XIII საუკუნით თარიღდება. აქ სამონასტრო ცხოვრება თამარ მეფის დროს ყვაოდა. დღემდე დგას ორი კოშკი, რომელთაც თამარის კოშკები ჰქვია. დღემდე შემორჩა ტაძარი, სადაც თამარი ლოცულობდა.

ჩვენი სოფელი ევროპაში ყველაზე მაღალი დასახლებული პუნქტია, ღმერთთან ყველაზე ახლოს მყოფი ხალხის მოძღვარი ვარ. მონასტერი სოფელს გადმოჰყურებს. ჩვენი სენაკების იქით კი უკვე ყაბარდოა.

-  ძალიან რთულ კლიმატურ პირობებში გიწევთ მოღვაწეობა. ვინ გიდგათ გვერდში?

- აქაურები საოცარი ხალხია -  შეიძლება თვითონ ლუკმა არ შეჭამონ, მაგრამ მოვლენ და მონასტერს დაეხმარებიან. მოგეხსენებათ, სახელმწიფო ყველა სოფელს აძლევს განსაზღვრულ თანხას (ე.წ. "სოფლის დახმარების პროგრამა"), რომ ან გზა გაკეთდეს, ან ხიდი... მათ კი, მაშინ როცა სოფელს უამრავი პრობლემა აქვს, გადაწყვიტეს ჩვენ დაგვხმარებოდნენ - ორი სვანური კოშკი, რომელიც, ფაქტობრივად, ტურისტების საპირფარეშოდ იყო გადაქცეული, ამ დახმარების წყალობით აღვადგინეთ. დღეს იქ საეპისკოპოსო რეზიდენციაა. მეუფე ილარიონი გვერდში გვიდგას. უშგული ქართველებს ღმერთმა  გვიბოძა და გაფრთხილება უნდა.

- თქვენ წლების განმავლობაში მსახურობდით რუის-ურბნისის ეპარქიაში, სურამის კვირაცხოვლის ტაძარში. არ გაგიჭირდათ სრულიად უცხო ადგილას გადმოსვლა?

- თავად ვთხოვე მეუფე ილარიონს, რომ თუ ლამარიას მონასტრის ამოქმედებას აპირებდა, მე გავეგზავნე და მეუფეც დამთანხმდა. 4 დეკემბერს, ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების დღეს ავედი მონასტერში, სიმბოლურად როგორც ღვთისმშობელი მიიყვანეს და დატოვეს ტაძარში, ისე დამტოვა მეუფემ ლამარიას მონასტერში. განსაკუთრებით რთული პირველი წელი იყო, საცხოვრებელში კედლები დაბზარული იყო და ზამთარ-ზაფხულ ქარი შემოდიოდა.

საოცარი განცდაა ლამარიას მონასტერში ლოცვა, თითქოს სულ სხვა მადლია ამ წმინდა ტაძარში, თან, როცა იცი, რომ აქ ერთ დროს მეფე თამარი ლოცულობდა, კიდევ უფრო ძლიერდები.

აუცილებლად უნდა მოვიხსენიო ბატონი ირაკლი გურჩიანი, ამ დიდებული ადამიანის ძალისხმევით მონასტერში ყველაფერი გაკეთდა და შარშან უწმინდესსაც ვუმასპინძლეთ.

- უწმინდესის სტუმრობით უშგული არ არის განებივრებული...

- ძალიან ცუდი ამინდი იდგა, როცა შევიტყვეთ, რომ უწმინდესი მობრძანდებოდა, ფრენაც კი შეუძლებელი იყო. აქ თუ გაავდრდა, შეიძლება ერთი კვირა არ გამოიდაროს, მაგრამ სასწაული მოხდა და მეორე დღეს გამოიდარა. მთელი სოფელი შეიკრიბა, ხალხი უწმინდესს ცხენებით დახვდა და ისე მოაცილეს ტაძრამდე. უწმინდესმა უშგულელებს უთხრა, - თქვენ წმინდა მიწაზე ცხოვრობთ, წმინდანები ხართო. ვიცი, რომ არა ვართ წმინდანები, მაგრამ სვანეთში იმხელა მადლია, რომ ადამიანმა აუცილებლად ღვთის სათნო ცხოვრებით უნდა იცხოვროს და წმინდად შეინახოს ადათ-წესები. ჩვენთან იმხელა სიწმინდეებია დავანებული, ღვთის სათნო ცხოვრებით უნდა ვიცხოვროთ.

ამ ხალხს კომუნისტების ბატონობის პერიოდში,  სიცოცხლის ფასად უხდებოდა ერთი ხატის გადარჩენა, მაგრამ ინახავდნენ. დღესაც აქვთ შინ, რადგან ბოლომდე ვერავის ენდობიან. არც გაემტყუნებათ, ისეთი პერიოდი აქვთ გავლილი - ზოგიერთი ავკაცი ხატსა და სიწმინდეს ისე უყურებდა, როგორც ძვირად ღირებულ ნივთს, ამიტომ ხალხს ნდობა აქვს დაკარგული.

რომ არა უშგულელები, დღეს შეიძლება ადიშის ოთხთავი და სხვა უდიდესი ეროვნული განძი აღარ ჰქონოდა საქართველოს.

- არ შემიძლია, არ გკითხოთ ხუდონ-ჰესსზე.

- ხუდონჰესი არ უნდა აშენდეს. არც მოსახლეობას უნდა მისი აშენება. ტაძრები და საფლავები იძირება. ხალხს კი ეუბნებიან, კანონიკური წესით გადავასვენებთ მიცვალებულებსო და, რა ვიცით, იზამენ ამას?!

ლადო გოგოლაძე