"მოკლავენ! - ეს ზვიად გამსახურდიაზე იწინასწარმეტყველა" - მამა გაბრიელის წინასწარმეტყველებანი - კვირის პალიტრა

"მოკლავენ! - ეს ზვიად გამსახურდიაზე იწინასწარმეტყველა" - მამა გაბრიელის წინასწარმეტყველებანი

რეპორტაჟი სამთავროდან

"უკუბოოდ, მანტიით დამმარხონ. ყველას გთხოვთ, მთელი სიყვარულით, ოდეს გაივლით ჩემს საფლავის გვერდით, შენდობა სთქვით დიდი ცოდვილისა, მიწა ვიყავ, მიწად მივიქეცი".

მამა გაბრიელის ანდერძის ამონარიდი

მეორე იერუსალიმად წოდებულ საქართველოს უძველეს დედაქალაქში რა ემოცია ტრიალებდა 22 თებერვალს, ამის სიტყვით გადმოცემა შეუძლებელია. თუმცა შევეცადოთ, წარმოვიდგინოთ გაერთიანებული რწმენა, იმედი, სიხარული და სასოება.

22 თებერვალს სამთავროს ფერისცვალების მონასტრის ეზოში წმინდა მამა გაბრიელის საფლავი გახსნეს.

მცხეთაში 21 თებერვალს, საღამოს ჩავედით. ქალაქში ჭირდა მოძრაობა. რამდენიმე წუთში კი ავტომანქანებისთვის დედათა მონასტრის გზები გადაიკეტა. ქუჩებში ჯარისკაცები ჩადგნენ, გზებზე ჯებირები განალაგეს. ჯარისკაცები მონასტრის გალავნის გარშემოც განლაგდნენ. გამკაცრდა უსაფრთხოების ზომები.

მონასტერთან ძალიან ბევრმა ადამიანმა გაათია ღამე - 22 თებერვლის გათენებას გალობითა და ანთებული სანთლებით შეხვდნენ. ზოგი მათგანი მამა გაბრიელს შვილის გადარჩენას სთხოვდა, ზოგი გარდაცვლილი შვილისთვის სამუდამო სასუფევლის დამკვიდრებას, ბევრი ახლობლების ჯანმრთელობისთვის ლოცულობდა.

"დიდი უბედურება გადავიტანე. ჩემი შვილის სულს მამა გაბრიელს ვავედრებ - მინდა ზეცაში ჩემი შვილის მოძღვარი იყოს. ლოცვის გარდა, ამ ქვეყნად აღარაფერი დამრჩენია", - მეუბნება დედათა მონასტრის გალავანთან სანთლით ხელში მლოცველი შავოსანი ქალბატონი.

მონასტრის კარი მოქალაქეებისთვის უკვე ჩაკეტილი იყო. ლოცვა და გალობა დაახშო ყვირილმა: - "შეგვიშვით, შეგვიშვით!" - რამდენიმე ადამიანი სასულიერო პირს შეეკამათა. საბოლოოდ, მდგომარეობა განიმუხტა.

ამასობაში, სამთავროს ფერისცვალების დედათა მონასტრის ეზოში მამა გაბრიელის საფლავის გახსნა უკვე დაწყებული იყო. სავანეში მხოლოდ მონაზვნები, სხვა სასულიერო პირები და საპატრიარქოს წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.

22 თებერვალს, დილით, მამა გაბრიელი საფლავიდან აღმოიყვანეს, ხის ლუსკუმაში ჩაასვენეს და სამთავროს ფერისცვალების ტაძარში გადაასვენეს. დეკანოზი რევაზ სიხარულიძე, რომელიც ამოსვენებას თვალს ადევნებდა, ამბობს, რომ მამა გაბრიელის სხეულის ნაწილი უხრწნელია. კერძოდ, კუნთოვანი ქსოვილები შენარჩუნებულია. "მუხლებამდე დავინახე მისი უხრწნელი სხეული, ხორცი ჩვეულებრივი იყო, ფერი კი მუქი ყავისფერი ჰქონდა", - მითხრა დედა ალისიამ.

დედათა მონასტრის კარის გახსნას რამდენიმე საათი ველოდით. ტაძარში წირვა მიმდინარეობდა. იქ სასულიერო და სამოქალაქო პირები მხოლოდ საპატრიარქოს სპეციალური საშვებით შედიოდნენ.

ტაძრის კარი ღია იყო უძლურებაში მყოფთათვის, რომლებიც სამხედროებს ხელში აყვანილი შეჰყავდათ. "ჩემი შვილი მორჩება", - იმედით აცილებდა დედა დაუძლურებულ პატარას. უნდა მოგესმინათ, რამხელა რწმენა იგრძნობოდა ამ ნათქვამში.

მონასტრის კარები გააღეს. ყველა ცდილობდა, დახურულ ლუსკუმას მთხვეოდა, ზოგი კი მამა გაბრიელს მეოხებას შორიდან ევედრებოდა... წირვისა და პარაკლისის შემდეგ მამა გაბრიელის წმინდა ნაწილების დედათა მონასტრიდან სვეტიცხოველში გადაბრძანების პროცესია დაიწყო.

სამთავროს დედათა მონასტრის კარიბჭიდან სვეტიცხოვლამდე მცხეთის ქუჩები მომლოცველებით იყო სავსე. ისინი მამა გაბრიელს ანთებული სანთლებით შეხვდნენ. ღირსი მამის წმინდანაწილებიან ლუსკუმას მხრით მეუფე გერასიმე და სხვა სასულიერო პირები მიაბრძანებდნენ. პროცესიას წინ დროშებითა და ბაირაღებით ახალგაზრდული მოძრაობა "დავითიანნის" წევრები მიუძღოდნენ.

უფრო წინ კი ჯარისკაცები მიდიოდნენ.

სვეტიცხოველში ღირსი მამის წმინდანაწილებიანი ხის ლუსკუმა უფლის კვართის ახლოს, შუა ტაძარში დაასვენეს. სასულიერო პირებმა გადაიხადეს წმინდანის პარაკლისი. საღამოს ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე მობრძანდა. ლუსკუმას თავი ახადეს. მამა გაბრიელის ნეშტი ბერის მანტიით იყო შემოსილი. გულზე ოლარი და საბუხრეები ეწყო. პატრიარქმა წმინდა ნაწილებს მირონი აპკურა. "მამა გაბრიელის ლოცვა-კურთხევით ღმერთმა მომადლოს საქართველოს მშვიდობა და კეთილდღეობა", - ბრძანა პატრიარქმა...

სვეტიცხოველში წმინდა ნაწილების მოსალოცად ყველასთან ერთად ისინიც მოდიოდნენ, რომლებიც წმინდანს სიცოცხლეში იცნობდნენ, მოსმენილი ჰქონდათ მისი ქადაგებები. იყვნენ ისეთებიც, რომელთაც წმინდანი უკვე გარდაცვალების შემდეგ შეეწია.

ქუთაისის ეპარქიის დეკანოზი ილია ტარკაძე და მისი მეგობარი მამა გაბრიელს სიცოცხლეში შეხვედრიან სიონში, ანდრია სალოსის ხსენების დღეს: "შემოვიდა ასაკოვანი კაცი. არ ვიცი, ვინ არის. ვხედავ, მივა პატრიარქების საფლავთან, ჯერ ერთს მოეფერება, აკოცებს, მერე მეორეს. ჩემმა მეგობარმა ზურამ მითხრა, - ეს იცი, რა კაციაო?! გულში გავიფიქრე: რა კაცია, ლოთია-მეთქი.

ჩემი მეგობარი მივიდა მასთან. ემთხვია, მოეფერა. მე რომ მივედი, ამ კაცმა მითხრა, - “წადი, დაჯექი იქანაო. დამსვა სვეტთან, მალევე გვერდით მომიჯდა და მკითხა: - გინდა ცხონება? მინდა-მეთქი.“კაცი არასოდეს განიკითხოო, - მითხრა. მერე გავიგე, რომ ეს მამა გაბრიელი იყო. ღმერთმა იმის ღირსი გამხადა, რომ სიცოცხლეში ვიცნობდი მას. დღევანდელი დღის სიდიადის ენით გადმოცემა შეუძლებელია ისევე, როგორც დედას არ შეუძლია გადმოსცეს, თუ როგორ უყვარს შვილი. ამას მხოლოდ სულით და გულით მართლმადიდებელი იგრძნობს", - თქვა მამა ილიამ.

მამა გაბრიელს სიცოცხლეში ბორჯომისა და ბაკურიანის მიტროპოლიტი სერაფიმე ჯოჯუაც შეხვედრია. იგი მაშინ მორჩილი იყო. ახსოვს, რომ მამა გაბრიელი ბეთანიელ მამებზე: ღირს იოანე მაისურაძესა და ღირს გიორგი-იოანე მხეიძეზე საუბრობდა. "იცოდეთ, ბეთანიელი მამები: მამა გიორგი და მამა იოანე წმინდანები და უხრწნელი არიანო. მე მის გვერდით ვიჯექი და მწამდა, რომ ის ჭეშმარიტს ქადაგებდა", - დასძინა მეუფე სერაფიმემ.

მიტროპოლიტის განმარტებით, მამა გაბრიელის ნეშტი ჭილოფში იყო შეხვეული. ჭილოფი არ გაუჭრიათ, პირდაპირ ჩაასვენეს ლუსკუმაში და ბერის მანტიით შემოსეს... მეუფემ ბრძანა, რომ საფლავის გახსნა უდიდესი ქრისტიანული ტრადიციაა, წმინდანთა ნაწილების აღმოყვანება ადამიანს რწმენაში აძლიერებს. მისივე თქმით, საქართველოში 200-300 წელია, ერთდროულად სამი საფლავი არ გაუხსნიათ. შეგახსენებთ, რომ მამა გაბრიელის საფლავის გახსნამდე ბეთანიელი წმინდა მამების - გიორგისა და იოანეს საფლავები გახსნეს.“"ძალიან მიხარია და მინდა ვთქვა, რომ ეს უბრალო მოვლენა არ არის. ჭეშმარიტად, ეს განამტკიცებს და გააძლიერებს ერს ღვთის გზაზე და სათნოებაში. ის, რაც ხდებოდა მცხეთაში - უამრავი ხალხი და ასეთი დიდი სიხარული, უბრალო და შემთხვევითი მოვლენა არ არის და ვერც იქნება. ისეთი სახელი, სიყვარული დატოვა ბერმა გაბრიელმა, რომ მთელმა ქართველმა ერმა ის ერთხმად აღიარა უდიდეს თანამედროვე წმინდანად", - ბრძანა მიტროპოლიტმა სერაფიმემ.

მისივე თქმით, წმინდანის ნაწილები შეიძლება იყოს უხრწნელი და შეიძლება იყოს ძვლის სახით შემორჩენილი. მიტროპოლიტ სერაფიმეს განმარტებით, ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, - წმინდანობა არ დასტურდება მხოლოდ უხრწნელობით. არიან წმინდანები, მაგალითად, წმინდა ეკატერინე, წმინდა ბარბარე ან წმინდა საბა განწმენდილი, რომელთა ნაწილები უხრწნელად არის შემორჩენილი. მაგრამ არიან წმინდანებიც (მაგალითად, წმინდა სერაფიმე საროველი), რომელთა ნაწილები ძვლის სახითაა შემორჩენილი.

"მნიშვნელოვანია, რომ ერს ექნება შესაძლებლობა, მამა გაბრიელის წმინდა ნაწილებს ემთხვიოს", - აღნიშნა მეუფე სერაფიმემ.

უკვე წამოსვლას ვაპირებდი, როდესაც სოხუმიდან დევნილი 82 წლის ქალბატონი გამომეცნაურა. მითხრა, მძიმედ დაავადებული ვიყავი და მამა გაბრიელის საფლავზე სიარულის შემდეგ გამოვჯანმრთელდიო...

P.S. როდესაც "კვირის პალიტრის" ეს ნომერი დღის სინათლეს იხილავს, მამა გაბრიელის წმინდა ნაწილები უკვე სამების ტაძარში იქნება გადასვენებული, სადაც ერთი კვირის განმავლობაში მომლოცველებს შეეძლებათ, მის განსასვენებელს ემთხვიონ...

წმინდა გაბრიელის წინასწარმეტყველება!!!

იდება უფალს! აღსრულდა წმინდა გაბრიელის (ურგებაძე) წინასწარმეტყველების ნაწილი. ღირსი გაბრიელი ამბობდა, რომ ჯერ მის მოძღვრებს - მამა იოანეს (მაისურაძე) და მამა იოანე-გიორგის (მხეიძე) შერაცხავდნენ წმინდანებად და მერე მას, რომ ჯერ ბეთანიელი მამების საფლავი გაიხსნებოდა და მერე მისი. ამბობდა, წმინდა იოანე-გიორგის სხეული უხრწნელი იქნებაო: - მე კი არ მწამს, არამედ ვიცი, რომ უხრწნელადა წევს საფლავში. რა უნდა უხრწნელ მამას მიწაში?!.. საფლავი რომ გაიხსნას, მე როგორც დავასაფლავე, ისევე იქნება ჩემი მოძღვარი - გულზე სახარება ადევსო... 20 თებერვალს ბეთანიელი ბერების საფლავი გაიხსნა და წმინდა იოანე-გიორგის წმინდა სხეული დაუშლელი, უხრწნელი აღმოჩნდა. გულზე კი სახარება ედო... დიდება შენდა, ღმერთო!!!

წმინდა გაბრიელმა ბევრს უწინასწარმეტყველა მომავალი. ნათქვამი აქვს, რა ელოდება საქართველოს:

ახლა პატრიარქის ჯვარი დამძიმდა, რამეთუ ღვთისა და ერის წინაშე საკუთარი და მეფის ჯვრის მტვირთველობაც თავად უწევს. სანამ მეფე არ გვეყოლება, არაფერი გვეშველება...

*** ოთხისა დღისა მკვდარი ლაზარე ყარდა, როცა უფალმა აღადგინა, რაიმე აკლდა? საქართველოც დაიშლება, მაგრამ ლაზარესავით აღდგება ნიკოფსიიდან დარუბანდამდე.

*** 1989 წლის 8 აპრილს, მწუხრისას, სტუმრად მისულ ახალგაზრდებს გაბრიელ ბერი აღელვებული დახვდათ: - ახლა ჩემი კელიის წინ დემონები მოგროვდნენ, კარი ჩამიკეტეს და გასაღები დამიმალეს. როცა წავიდნენ, გასაღები კარებში ვნახე. ფრთხილად იყავით, ავია მოსალოდნელიო... ღამის სამ საათზე მონასტერში მამა გაბრიელმა ზარების რეკვა დაიწყო, თან იძახდა: - საქართველოში სისხლი იღვრებაო...

*** 1990 წლის იანვრის ღამეს მამა გაბრიელმა სამთავროს მონასტრის აივნიდან გახედა ზეცას. მთვარეს გარს ერტყა ფერადოვანი სარტყელი. დუმილით შეჰყურებდა ამ მომნუსხველ სანახაობას, შემდეგ კი, თქვა: - ეს არის ნიშანი საქართველოში განსაცდელის დადგომისა, ომებისა და მსხვერპლისა.

*** 1991 წლის გაზაფხულზე, მძიმე მარხვისას, სიონის ტაძრის ეზოში გოდებდა: - დიდი სისხლი დაიღვრება საქართველოში, ვაი, საქართველოო... ამბიონთან მისული მრევლისკენ შეტრიალდა და დაბალი ხმით თქვა: - მოკლავენ! - ეს ზვიად გამსახურდიაზე იწინასწარმეტყველა. ცოტა ხნის შემდეგ სინანულით დასძინა: - მაღლა ცაში უფალი სტირის ქართველი კაცის ცოდვით, ვეღარსად გაჩერდება ადამიანი, მაგრამ არ უნდა შეგეშინდეთ, განა ჩვენ წმინდა ქეთევანი გვეყოლებოდა, რომ შეშინებოდა?

*** ნუ შეგეშინდებათ, ღმერთი ყველგანაა, გული განიწმინდეთ და ისე ილოცეთ, დაგიფარავთ მაცხოვარი. სუსტებს ადრე გაიყვანს უფალი, ძლიერებს დატოვებს, ბოლო ჟამს რომ შეებრძოლონ ანტიქრისტეს საცდურებს. რომ იტყვიან, საქართველო აღარ არისო, მაშინ შეიწყალებს ღვთისმშობელი ჩვენს ქვეყანას და სასწაული მოხდება - მალე იქნება საქართველო ნიკოფსიიდან დარუბანდამდისო...

*** ივერიის ღვთისმშობლის ხატი ათონის მთის დატოვებას რომ დააპირებს, ზარების რეკვა ატყდება. ტაძრები ხილული სახით მოიდრიკებიან ღვთისმშობლის ხატის გასაცილებლად. ცის და ქვეყნის დედუფალს თაყვანს სცემენ და ყველაფერი ტელევიზიით იქნება გადაცემული. ეს იქნება ღვთის დიდი წყალობა, იმისთვის, რომ მსოფლიომ ნახოს და გადასარჩენი სულები აქ ჩამოვიდნენ, საქართველოში.

*** ანტიქრისტეს დროს ბოროტს 666 მახე აქვს დაგებული კაცთათვის. ყველაზე დიდი მახე იქნება ის, რომ ადამიანი ხსნას დაელოდება კოსმოსიდან. მაგრამ, სინამდვილეში, ეს იქნება სახეცვლილი ბოროტების კიდევ ერთი გამოვლინება. ანტიქრისტეს დროს გაჭირვება იქნება. საჭმელს თუ მოიპარავ, ათი მცნება ირღვევა და ამის ჩამდენი მის ბეჭედს მიიღებს. მორწმუნე ღვთის იმედად იქნება და ბოლო ჟამს უფალი ისეთ სასწაულებს მოუვლენს თავის ხალხს, რომ ერთი ფოთლის შეჭმაც კი ერთ თვეს ეყოფა, მიწაც ხომ არ დალეულა? გადასახავ ჯვარს და პურად შეგერგება... ბოლო დროს ანტიქრისტეს მომხრეებიც პირჯვარს გამოისახავენ, ეკლესიაში შემოვლენ და სახარების მცნებებზე იქადაგებენ, მაგრამ საქმით იცნობთ ღვთის მორწმუნეს... ანტიქრისტე მთელ დედამიწაზე გამეფდება და ყველგან იქნება დევნა. საქართველოს ღვთისმშობელი დაიფარავს და ნაკლები დევნა იქნება. როდესაც გაგიჭირდებათ,

მე მოვალ და მოგეხმარებით. ოღონდ თქვენ ვერ დამინახავთ.

მალე მთელი მსოფლიო გაერთიანდება ანტიქრისტეს რიცხვით...

ანტიქრისტეს ბეჭედი არა მარტო უხილავად, არამედ ხილულადაც დაესმება ადამიანს ხელზე და შუბლზე. ყოველ ადამიანს აღწერენ და თავის სიებში შეიტანენ. ამქვეყნიური ძალაუფლება მათ ხელში გადავა. ნებისმიერ პროდუქტს დაადებენ თავიანთ ნიშანს, ჯერ ხაზებით, მერე კი აშკარად. ეს ხაზები უკვე ანტიქრისტეს ნიშანია და ფარულად კოდირებული სამი ექვსიანია. ნუ შეგეშინდებათ, ლოცვა თქვით, ასეთ პროდუქტებს ჯვარი გადასახეთ და ისე მიიღეთ... ეშმაკსაც შეგიძლია, ზურგზე შეაჯდე და ტაძრამდე მიაყვანინო თავი, ოღონდ დემონის შემოთავაზებული სიტყვა და საქმე არ მიიღო, რა კეთილადაც არ მოგეჩვენოს... ბოლო ჟამს ანტიქრისტეს მომხრე უსირცხვილოდ ქუჩაშიც შიშველი ივლის... ქრისტიანი წესიერად ჩაცმული იქნება, ამით იცნობენ და დევნას დაუწყებენ. კაცები ქალად იქცევიან, ქალები - კაცებად!.. ბოლოს, უფალი საქართველოში სამ თესლს ჩამოაგდებს: კაცებისთვის - შერცხვებათ თავისი კაცობის; ქალებისთვის - შერცხვებათ თავისი ქალობის; ღვთის შიში დაეცემა ერს და მიხვდებიან, რომ ღმერთი არსებობს.

მამა გაბრიელი სიცოცხლეშივე ღვთის მადლით ბევრ სასწაულს ახდენდა.

*** ერთ მონაზონს, დედა პელაგიას, შვილი ჰყავდა ავად. ექიმებმა ვერაფერი გაუგეს. მამა გაბრიელმა სნეული თავისთან მიაყვანინა, ღვთისმშობლის დიდი ხატი წყლით ჩამორეცხა, ნაბანი წყალი სნეულს დაალევინა. ქალიშვილი მაშინვე განიკურნა.

*** ერთხელ მამა გაბრიელს სულიერი შვილი ესტუმრა. ბერი წესისამებრ გაუმასპინძლდა. ყმაწვილმა ტაფაში ჩარჩენილი კარტოფილი მოასუფთავა, არ ეყო. დედა პარასკევამ მოძღვარს უთხრა, - დასათლელი კარტოფილიც აღარ გვაქვსო.”ჰო, კარგი,”- ჩაილაპარაკა ბერმა, მერე კი სტუმარს მიმართა: - გადი, აბა, გაიხედე. ეზოში ორი მონაზონი ხომ შემოვიდაო. ყმაწვილი გარეთ გავიდა. მართლაც მონასტრის ეზოში მონაზვნები შემოვიდნენ.”შემოვიდნენო, უთხრა ბერს. კარგი, დაჯექი და კარტოფილი გადაიღეო,”- შესთავაზა მამა გაბრიელმა. ტაფა სავსე იყო შემწვარი კარტოფილით, ვაჟმა საჭმელი თეფშზე გადაიღო, მაგრამ უეცრად ლუკმა ყელში გაეჩხირა: წეღან ხომ ტაფაში აღარაფერი იყო, ბოლო ლუკმა მე შევჭამე, ეს კარტოფილი საიდანღა გაჩნდაო...

*** მამა გაბრიელის სასწაულების მოსმენისას მისმა სულიერმა შვილმა, ქეთევანმა გაიფიქრა: ნეტავ მთების გადადგმა თუ შეუძლიაო. ამ დროს ბერმა ჰკითხა:”გინდა, ეს მთები გადავაადგილო? ქალიშვილმა თავი დაუქნია, გულში კი გაივლო, - მაშინ ყველაფერი დაინგრევაო. მამა გაბრიელმა მის გულისთქმასაც უპასუხა, - არაფერიც არ მოხდებაო. მერე კი დაეჭვებულ სულიერ შვილს უთხრა:”რატომ არ გჯერა ჩემი? ეს ჩემთვის არაფერია, ღმერთს რომ ვთხოვო, შემისრულებს! ღმერთს არა აქვს დაბრკოლება, იცოდე! სასწაული ის კი არ არის, მთა გადაადგილდება თუ არა, არამედ ის, რომ ძროხა მწვანე ბალახს ძოვს, რძე კი თეთრია. ნუთუ არ გიკვირს, ამოდენა დედამიწა რას უკავია? ეს ხომ საოცრებათა საოცრებააო!”

ეკა ბახუტაშვილი,

მინდია აფციაური

კახაბერ კენკიშვილი