ექსკლუზივი - ბეთანიელი წმინდა მამის, იოანე მაისურაძის ჩანაწერები
24-03-2014
ექსკლუზივი - ბეთანიელი წმინდა მამის, იოანე მაისურაძის ჩანაწერები
"მე, ვასო მაისურაძე, ცხრაას სამში წავედი ათონში, მოვბრუნდი სამშობლოში ცხრაას ოცში. ცხრაას ოცდაორში მომიხდა ისევ ბეთანიაში მოსვლა..."

"ვნახე ქართველი ხალხი, მაგრამ გული მაინც იძახის, - დედა მინდა, ესე იგი, სამშობლო. ახლა თავს სასუფეველში ვგრძნობ, მაგრამ მაინც დედასამშობლო მინდა"


საქართველოს ეკლესიის ისტორიის მკვლევარ ლუარსაბ ტოგონიძის მდიდარ არქივში არაერთი უნიკალური ფოტო ინახება. მათ შორის ბეთანიელი წმინდა მამების, იოანე მაისურაძისა და გიორგი მხეიძისა, რომელთაც მკითხველი პირველად "კვირის პალიტრაში" ნახავს. რა გზა გაიარეს წმინდანებმა
ბეთანიის მონასტერში მისვლამდე და როგორ გადაარჩინეს ტაძარი დანგრევას, ამას მამა იოანეს ჩანაწერებით შეიტყობთ. ეს ხელნაწერი რვეული ეროვნულ ცენტრში ინახება. მოგონებები მამა იოანემ გარდაცვალებამდე ორი წლით ადრე დაწერა. ის 1955 წლის 10 ნოემბრით არის დათარიღებული.


გზა ათონისკენ

ლუარსაბ ტოგონიძე:
-„ორივე წმინდანს, არქიმანდრიტებს - გიორგი (იოანე) მხეიძეს,
რომელიც წმინდა მამა გაბრიელის (ურგებაძე) მოძღვარი გახლდათ და იოანე მაისურაძეს ურთულეს პერიოდში მოუხდათ მოღვაწეობა, მაგრამ გაუძლეს და გადაარჩინეს ბერმონაზვნობის ღირსება.
ათონის წმინდა მთა საოცარი კუნძული აღმოჩნდა ბერმონაზვნობისა. აქ საქართველოს ყველა კუთხიდან შეიკრიბნენ მწიგნობრობით, კალიგრაფიით, საღვთისმეტყველო ტრადიციებით გამორჩეული ბერები. აღდგა არათუ ქართული წირვა-ლოცვა, არამედ მწიგნობრობის ტრადიციებიც.
მამა იოანეს ჩანაწერებიდან: "ცხრაას სამში მე უკვე მივდივარ ათონის მთაზე, ავიღე ჩვენი მთავრობის ნებართვა, ჩავედი ბათუმში, თათრის კონსოლმა შემიმოწმა ბილეთი და ჩავჯექი იტალიის დიდ პარახოდში და მივდივარ ტრაპიზონის მხრივა.

შემიღონდა გული, რომ დავტოვე სამშობლო. ჩემი გულისთვის ვინ მოაბრუნებს უკან პარახოდს. ახალგაზრდა ვარ, ოცი წლისა... მარტო ერთი ქართველი. მენანება სამშობლოს დატოვება... მეხუთე დღეა, ბოსფორში რო შევდივართ... შევედით ნამდვილათ სტამბოლში. ახლა ჩვენი პარახოდიცა ჩადგა თავის დანიშნულ ადგილს... მივცურდით ათონის ნავთსადგურში, ღამეა უკვე. შემოვიდნენ პარახოდში სამი ბერი: ერთი პანტელეიმონის მონასტრისა, მეორე ანდრიას სკიტისა, მესამე ილიას სკიტისა. იძახოდნენ: "კტო პანტელეიმონა", "კტო ანდრეივსკ", "კტო ილინსკის". ვინ სად უნდა წასულიყო, ის მას წაჰყვებოდა. მე ივანე პანტელეიმონის ბერს მოვკიდე ხელი. პანტელეიმონის მონასტერი, შეიძლება ითქვას, სამი კილომეტრით იყოს ნავთსადგომიდან. მივედით. ღამეა. არ ვიცი, რამდენი საათი იქნებოდა, მიგვიღო მესტუმრე ბერმა, მოგვასვენა. დარეკეს ცისკრის ლოცვა. წაგვიყვანეს ეკლესიაში. გვალოცეს. მერე მე გამოვედი მონასტრის გარეთ. შევეკითხე ერთ ბერს, ქართველების მონასტერი სად არი. ქართველებს მონასტერი არა აქვსთო. მაშ რა აქვსთ. ქილიო. ეს ქილი არი სამი, ოთხი ან ხუთი კაცის საცხოვრებელი.


ვკითხე, სად არის-მეთქი. შორს, 25 ვერსიაო. გზა  მიჩვენა. დავადექი ამ გზას და ვნახე ბერი ვინმე, ვკითხე ქართველების მონასტერი. გზაზე დამაყენა, დამანახვა, ჯერ კიდევ შორს ჩანდა, მაგრამ შორიდანვე მომეწონა მონასტერი "ივერია" და სადაც ქართველების ახალი მონასტერია, 30 კაცის საცხოვრებელი. ვჩქარობ, მინდა ჩქარა ვნახო ქართველები. ესენიც მონატრულნი არიან ქართველი კაცის ნახვას. მართალია, ვნახე ქართველი ხალხი, მაგრამ გული მაინც იძახის, - დედა მინდა. ვტირი, დედა მინდა, ესე იგი, სამშობლო. ახლა ჩემს თავს სასუფეველში ვგრძნობ, მაგრამ მაინც დედასამშობლო მინდა. რა ვქნათ, რაც მოხდა, მოხდა. მაინც 17 წელიწადი გავატარე ამ ტყვეობაში".

ათონიდან გამოდევნა


ლუარსაბ ტოგონიძე:
-„მე-19 საუკუნის I ნახევარში ათონზე მოღვაწე დიდ მამებს - ბენედიქტე ქიოტიშვილსა და ილარიონ ყანჩაველს (უკვე წმინდანად შერაცხილი) არ ჰქონდათ ბერძნებთან დავის საშუალება, რომ მონასტერზე უფლება აღედგინათ. როგორც კი ქართველებმა დაიწყეს წმინდა მთაზე ჩასვლა, ბერძნებმა ქართველი მამების მიერ შედგენილი მონასტრის შინაგანაწესი უკანონოდ შეცვალეს: საუკუნეთა მანძილზე ივერთა სამონასტრო წესი იყო საზოგადო ცხოვრება, ანუ ერთი ქონება, ერთი ტრაპეზი, ერთი შრომა, ერთი წინამძღვარი...

ბერძნების მიერ შეცვლილი ანდერძით კი რამდენიმე არქიმანდრიტი განაგებდა ყველაფერს. ქართველი მამები ითმენდნენ შევიწროებას, რომელიც ხშირად ყოველგვარ ბერულ და ადამიანურ ურთიერთობებს სცილდებოდა: არ ჰქონდათ ძმის მიყვანის საშუალება, ზამთარში შეშის მოჭრის და დამზადების უფლება. ნუგეშობდნენ ლოცვით და ღვთისმშობელიც არ აკლებდათ მოწყალებას. ათონის მთაზე ბერებმა ბევრი სასწაული იხილეს. 1905 წელს წმინდა მთაზე ძლიერი მიწისძვრა მოხდა. ძალიან ბევრი მონასტერი დაზარალდა, იოანე ღვთისმეტყველის ქართველთა სავანე კი გაუბზარავად გადარჩა. ათონის მონასტერმა დაამზადა ვერცხლის "ღირს არსის" ხატის ასლი, რომელიც წილისყრით ქართველთა - იოანე ღვთისმეტყველის სავანეს ერგო."

მამა იოანეს ჩანაწერებიდან: "ჩვენ რო გამოგვრეკეს ბერძნებმა, ეს ამბავი გაიგო ჟორდანიამ და ორი კაცი გაგზავნა ათონში შესაკითხად - ქართველი ბერები რათ გამორეკეთო და პასუხი ასეთი იყო, კანონს არ ემორჩილებიანო. რაში იყო ეს კანონის დაუმორჩილობლობა, აღარც ის იკითხეს და აღარც სხვა".
„ღვთის სასწაულით გადარჩნენ...“

ათონიდან საქართველოში დაბრუნებული მამა იოანე არმაზის მონასტერში ერთ ბერთან ერთად მოღვაწეობდა.

მამა იოანეს ჩანაწერებიდან:
"არმაზში ვართ. ვნახოთ, კარებსა რეკავენ, გავაღე კარები, ოთხი ვინტოვკიანი სალდათები. რა გინდათ - პური. მივეცი... გზა გვიჩვენეო. მივდივარ წინ, მოდიან უკან. გავარდა ვინტოვკა, მომხვდა მარცხენა ბეჭის ბოლოში, გაიარა გვამი, წამომხეთქა პირიდან სისხლმა. ვაიმე, მომკლეს-მეთქი. გავჩანჩალდი. იმ ღამეს ტყეში ვეგდე. სიკვდილს ველი. გათენდა ცოცხალი ვარ... ავდექი, წამოვედი ცხეთაში. ჩემზე წინ ჩემი ამხანაგი ჩამოვიდა ცხეთაში, ისიც თავშია დაჭრილი. ეუბნევა ცხეთელებსა, - წადით, ივანე მოკლეს, დამარხეთო. მე, ივანე, ცოცხალი ჩამოვედი ცხეთაში. სამი თვე სახლში ვიწექი, არ მოვკვდი. ჩირქით ვიმსებოდი. მომარჩინეს, ორჯელ ოპერაცია მიყვეს. რო ვრჩებოდი, ახლა ტიფი დამემართა... ესეც გადავიტანე,  აღარ წავედი არმაზში, არამედ წავედი მამა ანტონში ცოტა ხანი. ამოვიდა მარტყოფის საბჭო და გამოგვიცხადა, - არ გვინდიხართო. ვაი ჩემს უბედურებას. ეს ერთი კაცი ვეღარ დამიტია ქვეყანამა. ჩამოვედი თბილისში, შევეფარე ამბროსი კათალიკოსს.  ამბროსი კათალიკოსიც თავის სახლშია დაკრძალული, გარეთ გამოსვლის ნება არა აქვს"...

ბეთანიის აღდგენა


იოანე მაისურაძეს კლასიკური განათლება არ ჰქონდა მიღებული. იგი 1882 წელს ცხინვალში დაიბადა. 14 წლის მოზარდი დიდი მონდომებით ეხმარებოდა ბეთანიის მონასტრის აღდგენაში წინამძღვრებს.  
მამა იოანეს ჩანაწერებიდან: "ეხლა ისმინეთ ჩემი ბეთანიაში მოსვლა. ანდრია მაისურაძე და შვილი მისი ვასილი ვიყავით თბილისში. ვხედავდი, ბერი სპირიდონი რო ჩამოდიოდა და ჩემ მეგობრებთან მიდიოდა. იმ დროებში იბეჭდებოდა წმიდანების ცხოვრება. ვყიდულობდი და ვკითხულობდი ბერულ წიგნებსა. ჩამებეჭდა მეც ბერობის სურვილი, ღრმათ დავიწერე პირჯვარი და შევდექი ბეთანიის მონასტრის გზაზე... გამიჭირდა მშიერ-მწყურვალეს, მაგრამ მაინც მოვედი, პური მაჭამეს და - აბა, ჩემო ვასო, ეხლა მობრძანდი ჩვენთან, უნდა იმუშავოო. ვასო, აი, ის დიდი ქვა როა, მომაწოდე, აი, ის პატარა ქვა მომაწოდე, ეხლა ტალახი მომიტანე. მალე დამეჟეჟა ხელები, შებრალება არა სჩანს, რო ვეღარ აუვედი იმდენ მუშაობას. ახლა კი ვიტირე, აღარ შემიძლიან მეტი-თქვა. იმათ ჩემს სიტყვაზე გაიცინეს...

მაშინ ბეთანიის მონასტერი მიგდებულ-მივიწყებული იყო. მინამდინ სპირიდონ ბერი არ მოვიდა, ტაძარი ესრეთ მდგომარეობაში იყო, არავინ არ იყო მისი მსახური, ტყეში გახვეული ზედ სახურავზე ხეები იყო ამოსული.  გუმბათი ჩახვრეტილი იყო, გუმბათის ორი სვეტი გამოვარდნილი, ტაძარი შუაზე გახეთქილი და ტაძრის კედლები ზევიდან ჩამოშლით იყო... წვიმის წყალი ჩადიოდა შიგნით, მხატვრობა ჩამორეცხილი იყო, კიდევ იყო გვერდით კედლებზე მხატვრობა დარჩენილი, როგორც თამარ დედოფლის სურათი და მამისა და ძისა და სხვანი. სადაც მხატვრობა არ იყო, ის ადგილი შევლესეთ გაჯითა. ეს გაჯი დელისიდან მოგვქონდა. გამოივლიდა ბაგებსა, წყნეთსა, სამადლოსა, კვერეთსა და ჩამოვიდოდა ბეთანიაში. რასაკვირველია, გაძნელდა, მაგრამ სუყველაფერი შევძელით. კარები არა ქონდა და ფანჯარა...

თითო-ოროლა შაურით მოკრეფილმა რამოდელა საქმე გააკეთა. შიგნით იატაკი იყო დიდი ქართული აგურით დაგებული, სულ დამტვრეული. დავხურეთ ეკლესია, შიგნითაც გავლესეთ, კანკელი დავდგით, კარები შევაბით, ფანჯრები გაუკეთეთ. შიგნით იატაკი დავაგეთ... ბეთანიის მონასტერსა არა ჰქონდა სახნავი მიწა. მორჩილებმა, სახლი გავაკეთეთ, სახნავი მიწა გავაკეთეთ. ეზო გავწმიდეთ. ამ ეზოში ბევრი მიწა იყო დაგროვილი, ბევრი მუშაობა დაჰშჭირდა. ჩნდებოდა საფლავები ადამიანისა და ძვლებს ვაგროვებდით პადვალაში.  ჯვარი, რომელიც მონასტრის გუმბათს ადგია, თბილისის დეპოში გაკეთდა. დეპოს მუშებმავე მოიტანეს, დეპოს მუშებმავე დაადგეს.

მე, ვასო მაისურაძე, ცხრაას სამში წავედი ათონში, მოვბრუნდი სამშობლოში ცხრაას ოცში. ცხრაას ოცდაორში მომიხდა ისევ ბეთანიაში მოსვლა. 4 გლეხი, რომელიც სპირიდონ ბერმა შემოასახლა, წავიდა თავის სოფელში... მამა სპირიდონმაც შეხედა, ცხოვრება გაჭირდა. წავიდა თავის სამშობლო ხონში, იქიდან ციხეში და ესრეთ დასრულდა სპირიდონ ღვდელმონაზონის სიცოცხლე".

საფლავების გახსნა


ათონიდან დაბრუნებული, სიკვდილს სასწაულებრივად გადარჩენილი ბერი, ბეთანიის მონასტერში მიდის და ტაძრის წინამძღვარი ხდება. ამ პერიოდში მოდის მონასტერში მამა გიორგი, ერისკაცობაში გიორგი მხეიძე. სამხედრო განათლების მიუხედავად, მან მომავალი სასულიერო ცხოვრებას დაუკავშირა.

ლუარსაბ ტოგონიძე: "მამა გიორგი ახალგაზრდობაში ერთხანს ილია ჭვაჭავაძესთან მუშაობდა მდივნად. მაშინ ილიას მოურავი მაქსიმე შარაძე გახლდათ. სწორედ მის სტამბაში იბეჭდებოდა გაზეთი "ივერია". აქვე მუშაობდა ესტატე კერესელიძე, შემდგომში წმინდა ექვთიმე. გაზეთში ბეჭდავდნენ სხვადასხვა წმინდანის ცხოვრებას. მამა გიორგი ჯერ ხირსის მონასტერში მოღვაწეობდა, მოგვიანებით ბეთანიაში გადავიდა. მამა იოანესა და მამა გიორგის ერთმანეთის საოცრად დიდი სიყვარული ჰქონდათ. წმინდა სინოდის განჩინებით, 2003 წელს ორივე ბერი წმინდანებად შერაცხეს. მამა გაბრიელს ნაწინასწარმეტყველი ჰქონდა, რომ ჯერ ბეთანიელი მამების საფლავი უნდა გახსნილიყო და შემდეგ მისი. საფლავები რომ გაიხსნა, აღმოჩნდა, რომ საკმაოდ კარგად იყო შენახული მათი წმინდა ნაწილები, რომელიც მონასტერში დააბრძანეს. მამა გაბრიელის ხელით აშენებულ ეკლესიაში, რომელიც თავისი საცხოვრებელი სახლის ეზოშია, დღემდე ინახება წმინდა მამა იოანე მაისურაძის ფოტო, რომელსაც საზოგადოება ნაკლებად იცნობს".

თორნიკე ყაჯრიშვილი
გიორგი
23 მაისი 2014 11:01
მე ვახსენე წერილში რომ თვენახევარი გამაწამა მეთქი და არ გესიამოვნა, ეს სიმართლეა. თავი მეგონა ქართ.მხატვ. ფილმ "ცისფერი მთები ანუ ტიან შანში" და უფრო უარეს მდგომარეობაში, მახსოვს გესიამოვნა რომ დავინტერესდი ათონის მთით, ვიმეგობროთო- მითხარი. გულუბრყვილო ქრისტიანივით დაგიჯერე მეც, ისიც გითხარი სურათებს თუ მომცემ თქვენ სახელ და გვარს წიგნში ჩავწერ მადლიერებითა და პატივისცემით მეთქი, მაგრამ არ მაღირსე მე კი არა ქართველ მორწმუნე ხალხს არ აღირსე!!! და როდესაც კიდევ ალბათ 50 ჯერ არ აიღე ცემი დარეკილი მობილური, ჩაგეგდე რამედ მაინც და მერე გეპასუხა ხომ შეიძლებოდა.... შენი ჯამრთელობის პრობლემა მეც გავიგე და ძაან მეც შევწუხდი ეს გასაგებია.მაგრამ კარგად დავფიქრდეთ ლუარსაბ,რა ჯობია ძაან მშვენიერი წიგნი გამოგივა შენ, უკეთესიც და არც შემშურდება, პირიქით გამიხარდება. დილეტანტობის დაბრალებას თუ საქმე საქმეზე მივიდა არ გაპატიებ ჩემი ღვიძლი ძმაც რომ იყო და ხალხი არ დაიბნეს სიმართლე უნდა ითქვას შელამაზების გარეშე თუნდაც მსოფლიოს პატრიარქს ეწყინოს ეროვნებით ბერძენს.ათონის მთით დაინტერესებულია ასი ათასობით ქართველი პატრიოტი და არა მარტო ჩვენ და შენ არა ხარ მამა იოანე მაისურაძეზე მეტი,ძველ ქართველ ბერებზე და მოღვაწეებზე დიდი და ბიზანტიის მესამედი რომ ჰქონდა ჩაბარებული დიდ გრიგოლ ბაკურიანის ძეს,ამშენებელს პეტრიწონისას რომელმაც ბრძანებით ბრძანა არ შეეშვათ მის მონასტერში საუკუნეების განმავლობაში ერთ ბერძენზე მეტი,აბა კარგად ბრძანდებოდ,ისევ ქრისტეს, მამა გაბრიელისა და მამა ნიკოლოზისაგან ნასწავლი სიყვარულით გეუბნები და მომიტევე თუ მოსატევებელია
გიორგი
23 მაისი 2014 10:36
რადგან ასე არ სიამოვნებს "ბატონ" ლუარსაბს ამ უცნაური ბარდაძის ხსენება,მაშინ გიორგითი დავრეგისტრირდები. ჩემდამი მოწერილი პასუხი ვნახე რამდენიმე დღეა და ვერ მოვიცალე პასუხის გასაცემად, შეიძლება ეხლაც ვერ შევძლო ამომწურავად პასუხის გაცემა. წინდაწინ ვამბობ, როგორც ტაძარში რომ იდგეს კაცი განგების წინაშე ისე მინდა ამ წუთებშიც ვიგრძნო თავი და მივწერო პასუხი ლუარსაბს.----ჯერ მაგრათ გაბრაზებულხარ რომ ასეთი ვრცელი წერილი მომწერე, არა და სიმართლე ვეცადე დამეწერა, საკუთარ თავს მეცნიერს ეძახი და მე ვყოფილვარ თურმე დილეტანტი, როცა ვცდილობდი ეს წიგნი "მამა იოანე მაისურაძის ხელნაწერი და სხვა იტორიული მასალები ათონელ ქართველებზე" გამომეშვა ჩქარა- პასუხისმგებლობას ვგრძნობდი და ამოს გამო დილეტანტი ვყოფილვარ და შენ თურმე მეცნიერი კაცი ხარ და ეკლესიის ისტორიკოსი. მეცნიერი და ისტორიკოსი რომც ვიყო ამას როგორ დავაფიქსირებ გამჩენის წინაშე? ხალხის წინაშე?ქება და სახელის ძიება საზიზღრობაა ჩემთვის ლუარსაბ! ბერძნებსა და ქართველებს შორის ურთიერთობა უნდა დალაგდეს და მოთმინებით არა მგონია ვინმემ დაალაგოს,სიმართლე რომ გამოვთქვი საშიშია? კი სიმართლის ყველას ეშინია ასე ამბობენ დიდი მამები, რა შუაშია აქ ან პატრიარქ ილია მეორის მოხსენება თითქოს მე არ ვითვალისწინებდე მის აზრს?!
ლუარსაბი
24 აპრილი 2014 17:11
მამა იოანე მაისურაძის მოგონებები ჩემთვის ცნობილი 1998 წელს გახდა.ბეათანია და ათონის წმინდა მთა ჩემთვის ყოველთვის განსაკუთრებულ ინტერესს წარმოადგენდა. ჩემმა წინაპრმა ათანასე ბაქრაძემ ათონის მთაზე სიცოცხლის უკანასკნელი 10 წელი გაატარა და ბუნებრივია ათონი ყოველთვის მშობლიურად მიმაჩნდა. 1998 წლის ათონის წმინდა მთის მოლოცვის შემდგომ აქტიურად დავიწყე დოკუმენტების მოგროვება და უკვე 2001 წელს ორ მეგობართან ერთად 3 თვიანი სამეცნიერო მივლინებით გავემგზავრეთ ათონზე. იმავე წელს შეკრებილი მასალა წარვუდგინე უწმიდესს და უნეტარესს, რომელიც შესანიშნავად ერკვევა ათონის მთის ისტორიაში და მივიღე მისგან კურთხევა გამომეცა ეს მასალები ორ ტომად. დავიწყე გამოსაცემად მზადება მაგრამ უამრავი დოკუმენტი და წერილი გამოჩნდა ამ მზადების პროცესში და შემდგომაც. მე მივხვდი აჩქარებით შესაძლოა საქმე დაზიანებულიყო, რადგან ათონი განსაკუთრებით ბოლო საუკუნეებში მეტად პოლიტიზირებულია და ნებისმიერ დაუფიქრებელი გამოცემა დააბრკოლებდა ათონზე ქართველთა დაბრუნების მნიშვნელოვან საქმეს. ამისათვის ჩემს კოლეგა და მეგობარ გიორგი მაჩურიშვილთან ერთად დავიწყე ხუთტომეული მზადება სადაც თავს მოიყრიდა ყველა დოკუმენტი მე-19 მე-20 საუკუნეებში ათონზე მოღვაწე ქართველების შესახებ.
მამა იოანეს მოგონებებიც აქ მოხვდა ბუნებრივია მაგრამ ჩემი კოლეგების გიორგი მაჩურიშვილის და კახაბერ კენკიშვილის დაჟინებული სურვილით გამოგაქვეყნეთ საპატრიარქოს უწყებანში უცვლელი სახით, მხოლოდ შემდგომ კახამ გადაბეჭდა კარიბჭეში და ასე გავრცელდა ბევრგან, მათ შორის ნიქოზის ეპარქიის ვებ-გვერდზეც.
რაც შეეხება ხუთტომეულს ორი ტომი სადაც შესულია ქართულ პრესაში ათონზე გამოქვეყნრბული ყველა სტატია (1866-1921წ.წ_) და ასევე მიმოწერა ათონელ ქართველ ბერებს და მათ ახლობლებს შორის უკვე მზადაა. ამჯერად ვმუშაობთ დოკუმენტებზე და ბერძნულ გამოცემებზე.

რაც შეეხება bardadze-ს უსამართლო განხადებას. იგი მართლაც მოვიდა ჩემთან რამოდენიმე თვის წინ და მომიტანა მის მიერ შედგენილი ბროშურის მაკეტი. ერთი თვალის გადავლებით მივხვდი რომ საქმე მქონდა დილეტანტთან და მეცნიერული ჩვევების სრულიად არ მქონე ადამიანთან. ყოვლად გაუმართავი ტექსტების, აშკარა შეცდომების და უგემოვნო დიზაინის გარდა, მას აშკარად ტენდენციურად გამოკრიბა ცნობები ბერძენთა ავკაცობაზე და არაქრისტიანულ ქმედებებზე. ეს ის დროა როდესაც მოხდა ისტორიული ფაქტი ქართველ ბერთა ჯგუფს ნება დართეს რომ დამკვიდრებულიყვნენ ათონის მთის ერთ-ერთ სენაკში.
მე მიუთითე bardadze-ს რომ მსგავსი სახით ამ ბროშურის გამოცემა არ იქნებოდა მიზანშეწონილი არც სამეცნიერო და არც სულიერი და არც პოლიტიკური თვალთახედვით. იქვე აღუთქვი სრული დახმარება შეცდომების გამოსწორებაში და გამოცემის სათანადოდ გამართვაში, რაზეც ცივი უარი მივიღე.
იგი ჩემგან მოითხოვდა ფოტოებს და არ აპირებდა ჩემი აზრის გათვალისწინებას. ამის შემდგომ არავითარი სურვილი მის გამოცემაში მონაწილეობის მე არ მქონდა, მაგრამ დიდი დაჟინებული ვინმე აღმოჩნდა დღეში 20-ჯერ მაინც მირეკავდა, შემდგომ მოძებნა ჩემი ნათესავი და იმას არეკინებდა, თან დაკავებული დრო დამემთხვა (როგორც ყოველთის არა უფრო მეტად, აი ჯანმრთელობის პრობლემები რომ იყო) ეს პიროვნება უკვე საყვედურით მირეკავდა თითქოს რაიმე ვალი მქონოდა მისი. მე როგორც მოვიცალე ჩავუწერე ფოტოები და გავუგზავნე დისკი. რის შემდეგ მან დამირეკა და მადლობის მაგიერ საყვედურებით ამავსო ეს რა ფოტოები მომეცი ეს ინტერნეტშიც ხომ არისო. აი ასეთი ისტორიაა ამ უცნაურ bardadze-სთან დაკავშირებით.

რედაქტორის რჩევით