ზაფხულის მარხვა დაიწყო - კვირის პალიტრა

ზაფხულის მარხვა დაიწყო

მარხვის შესახებ წმინდა მამათა ცხოვრებიდან

სულთმოფენობიდან ერთი კვირის თავზე, 16 ივნისს, წმინდა მოციქულთა მარხვა დაიწყო. ეს მარხვა 12 ივლისს მოციქულთა - პეტრესა და პავლეს ხსენებით გვირგვინდება, ამიტომ სახელიც მათი ჰქვია - პეტრე-პავლობის მარხვა.

ამჟამად მას ზაფხულის მარხვადაც იხსენიებენ. საეკლესიო გადმოცემით, იგი ჯერ კიდევ მოციქულებს დაუწესებიათ.

მარხვა თავშეკავებაა

ერთხელ მაკარი ალექსანდრიელს ყურძნის მტევანი მიართვეს ძღვნად. წმინდა მამას ძალიან უნდოდა, ხილისთვის გემო გაესინჯა, მაგრამ რაკი თავშეკავების გამოჩენა სურდა, მტევანი ერთ-ერთ ძმას გაუგზავნა. ბერს, რომელმაც ძღვნით უზომოდ გაიხარა, ასევე გულით ეწადა ყურძნის შეჭმა, მაგრამ ნდომა დასძლია და მტევანი სხვა ძმას გაუგზავნა. იმ ძმამაც, წინამორბედთა მსგავსად, მტევანი სხვას გაუგზავნა, თუმცა მასაც გულით ეწადა, ხილით დამტკბარიყო. ამგვარად, ყურძნის მტევანმა მთელი საძმო ისე მოიარა, რომ არც ერთ ბერს მისთვის პირი არ დაუკარებია. ბოლოს კი იმ ძმამ, რომელსაც უკანასკნელს ერგო მტევანი, იგი, როგორც ძვირფასი ძღვენი, კვლავ მაკარის მიართვა. წმინდა მამამ მტევანი იცნო, ყოველივე წვრილად გამოიძია და გაოცებულმა და გახარებულმა განადიდა უფალი, რომელმაც საძმოს ასეთი თავშეკავება და მოთმინება მომადლა.

დაბრუნებულ ხილს კი ღვთივსულიერმა ბერმა გემო მაინც არ გაუსინჯა.

მარხვა მოშურნეობაა

მაკარი ალექსანდრიელი დიდად მოშურნე მოღვაწე გახლდათ. თუკი შეიტყობდა, ამა თუ იმ ბერმა განსაკუთრებული მადლი იტვირთაო, თავადაც მსწრაფლ იმასვე აღასრულებდა.

ერთხელ მაკარიმ შეიტყო, რომ ვინმე განდეგილი დღეში მხოლოდ 100-150 გ პურს იხმევდა. წმინდა მაკარი საღვთო მოშურნეობით აღივსო და ამგვარი ღვაწლი იტვირთა: მთელი პური, რაც კი გააჩნდა, და ორცხობილა წვრილ ნატეხებად დაამტვრია და ვიწროყელიან ქოთანში ჩაყარა, რომელშიც ხელის მტევანი გაჭირვებით ეტეოდა. ღირსი მამა მხოლოდ იმდენ პურს ჭამდა, რამდენიც ერთ ამოღებაზე ამოჰყვებოდა ქოთნიდან, ისიც - დღეში ერთხელ. შემდგომში იგი ჰყვებოდა, რომ ხანდახან, როდესაც ქოთანში ხელს ჩაყოფდა, პურის დიდი ნატეხი მოჰყვებოდა ხოლმე, მაგრამ როცა მის ამოღებას დააპირებდა, ქოთნის ვიწრო ყელში ხელი აღარ ეტეოდა და ნატეხიც უკანვე ვარდებოდა. ასე რომ, ჩემი ქოთანი ბევრის ჭამის საშუალებას არ მაძლევდაო, - იტყოდა ხოლმე.

მარხვა სულის ხორცთან ბრძოლაა

წმინდა მარკოზმა ძველი და ახალი აღთქმა სიყრმიდანვე ზეპირად იცოდა. ამასთან, საოცრად თვინიერი და თავმდაბალი მოღვაწე იყო. ერთ-ერთი ახალმოსაგრე ასეთ ეპიზოდს იხსენებდა მისი ცხოვრებიდან: ერთხელ, მოცალეობის ჟამს, მასთან წავედი, მისი სენაკის კართან ჩამოვჯექი და მივაყურადე; მსურდა გამეგო, რას აკეთებდა წმინდა ბერი ან რას ამბობდა. სენაკში სრულიად მარტო მყოფი ასი წლის მონაზონი, რომელსაც კბილებიც კი აღარ შერჩენოდა, კვლავ საკუთარ თავსა და ეშმაკს ებრძოდა. იტყოდა: "კიდევ რა გსურს, ბებერო? ღვინოც გისვამს და ზეთიც მიგირთმევია, რაღას ითხოვ ჩემგან? მხცოვანო მსუნაგო, ღორმუცელავ და თავის შემარცხვენელო!.." შემდეგ ეშმაკს მიმართა: "ჩამომეხსნები თუ არა ბოლოს და ბოლოს, სატანავ! შენც ჩემთან ერთად დაბერდი დაუდევრობასა და მცონარებაში, სხეულის უძლურების საბაბით ბევრჯერ მაიძულე, ღვინო და ზეთი მეხმია და გემოთმოყვარე გამხადე. ნუთუ კიდევ რაიმე მმართებს შენი? ხომ ხედავ, რომ წარსატაცებელი აღარაფერი გამაჩნია, განვედ ჩემგან, კაცთმოძულევ!.." მერე კი, თითქოს ხუმრობით, კვლავ თავის თავს მიუბრუნდა: "ეჰ, შე ლაგამამოუდებელო და მსუნაგო ღორმუცელავ, ხარბო ბეხრეკო, ნეტავ კიდევ დიდხანს უნდა ვიყო შენთან?"

მარხვა ყველასგან დაფარული უნდა იყოს

ღირსი ამონი სამი ათასამდე ბერის სულიერი მამა იყო თებაიდაში. მათ ტაბენესიოტებს უწოდებდნენ. ძმები პახომისეული დიდი წესდების მიმდევრები და დამცველები იყვნენ, ხალენებს ატარებდნენ, სატრაპეზოდ კი დაბურული სახით ცხადდებოდნენ და თავებიც მუდამ დახრილი ჰქონდათ, რათა არ ეხილათ, თუ როგორ იხმევდნენ საზრდოს სხვა ძმები. ყველა მათგანი ისეთ მკაცრ მდუმარებას იცავდა, რომ კაცს თავი უდაბნოში ეგონებოდა. ბერები თავიანთ წესს საიდუმლოდ აღასრულებდნენ, სატრაპეზოდაც მხოლოდ იმიტომ სხდებოდნენ, რომ მმარხველობა სხვათაგან დაეფარათ. ზოგი ერთი-ორჯერ თუ მიიტანდა პირთან ხელს და თითო ლუკმა პურით, ზეთისხილითა თუ სხვა რაიმე მცირედით დაკმაყოფილდებოდა, ზოგი მარტოოდენ პურს ჭამდა, ზოგი კი სამიოდე კოვზი ფაფით იკლავდა შიმშილს.

მარხვა ჯანმრთელობას არ ვნებს

მაკარი ალექსანდრიელის საოცარ ღვაწლზე უკვე გიამბეთ, მხოლოდ იმას დავძენთ, რომ ნეტარმა მამამ ასი წელი იცოცხლა; წმინდა სვიმეონ მესვეტე მთელი დიდი მარხვის განმავლობაში არაფერს იხმევდა და ას სამი წლისა აღესრულა; საკვების გარეშე ატარებდა დიდ მარხვას ღირსი ანთიმოზიც. იგი ას ათი წლისა მიიცვალა. სხვა მოღვაწენი კიდევ უფრო ხანდაზმულ ასაკში გაჰყრიან წუთისოფელს: პავლე თებაიდელი - ას ცამეტი წლისა, ალიპეოს მესვეტე - ას თვრამეტისა...

ასე რომ, მარხვა ჯანმრთელობას არათუ არ ვნებს, აუმჯობესებს კიდეც.