მამა სერაფიმე: "თავისუფლად მესმის არამეული ენა, რაც "ქრისტეს ვნებანშია" - კვირის პალიტრა

მამა სერაფიმე: "თავისუფლად მესმის არამეული ენა, რაც "ქრისტეს ვნებანშია"

ქრისტეს ენაზე მოგალობე ბერის ექსტრაორდინარული ცხოვრების გზა

"ყველაზე დიდი ტრავმა მაშინ მივიღე, როცა ბეტონის ამრევ მანქანაში ჩავვარდი. იქიდან ცოცხალი ისტორიაში ჯერ არავინ გამოსულა, ჩემ გარდა"

"ვთქვი: "თუ იქნება სათნო უფლისათვის, მე გავხდები მონაზონი, ოღონდ ის გადარჩეს"

36 წლის ბერ-დიაკვანი, მამა სერაფიმე ასურელია და მისი მშობლიური ენა არამეულია. ბერ-დიაკვანი 24 წლის ასაკამდე საერო ცხოვრებას მისდევდა, აღმოსავლურ ორთაბრძოლაში ასპარეზობდა, უკრაინაში კი დეპუტატების დაცვის სამსახურის უფროსი იყო. თუმცა, მის ცხოვრებაში მოხდა ცვლილებები, რომლებმაც მას მონაზვნად აღკვეცა გადააწყვეტინეს. მამა სერაფიმეს შესახებ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ შეიტყო და საქართველოში მცხოვრებ ასურელ ხალხს ისე წარუდგინა, როგორც "ასურელების მოძღვარი". უწმინდესის იდეა იყო, მამა სერაფიმეს არამეული კარგად შეესწავლა და შემდეგ, ღვთისმსახურება ასურელებისთვის ამ ენაზე შეესრულებინა. ამჟამად მამა სერაფიმე სოფელ ქანდაში მოღვაწეობს, სადაც ვესტუმრეთ კიდეც:

- როგორც ვიცი, 24 წლამდე ზედმიწევნით მიწიერი ცხოვრებით ცხოვრობდით: სპორტის საბრძოლო სახეობებს ეუფლებოდით, დაცვის სამსახურში მუშაობდით. რამ გადაგაწყვეტინათ, რომ ღვთისმსახურების გზაზე დამდგარიყავით?

- ადრე ღმერთის მაინცდამაინც არ მწამდა. შევდიოდი ეკლესიაში, ვანთებდი სანთელს და მეგონა, მორწმუნე ვიყავი. ბიბლია ბავშვობაში, 11 წლის ასაკში უკვე წაკითხული მქონდა, მაგრამ აღვიქვამდი, როგორც ზღაპარს. შემდეგ, როცა მართლა მივხვდი, რომ ღმერთი არსებობს, წავედი და მონაზვნად აღვიკვეცე.

- რამე ისეთი მნიშვნელოვანი მოვლენა ხომ არ მომხდარა თქვენს ცხოვრებაში, რამაც ამისკენ გიბიძგათ?

- ლამის მთელი ბავშვობა და სიჭაბუკე საავადმყოფოში გავატარე. ყველაზე დიდი ტრავმა მაშინ მივიღე, როცა ბეტონის ამრევ მანქანაში ჩავვარდი. იქიდან ცოცხალი ისტორიაში ჯერ არავინ გამოსულა, ჩემ გარდა... 2 წლის განმავლობაში ფეხზე ვერ ვდგებოდი. ჯერ საწოლს ვიყავი მიჯაჭვული, შემდეგ ეტლს, მერე საყრდენად ჯოხები მქონდა.

- კიდევ რა ხიფათი გადაგხდენიათ?

- ერთხელ მანქანამ გამიტანა, ერთხელ კი, შემთხვევით, პერიგიდროლი წყალი მეგონა და დავლიე. ბევრ რამეს გადავრჩენილვარ ბეწვზე, თუნდაც იმას, რომ რამდენიმე მეტრის სიმაღლიდან გადავვარდი. ერთი სიტყვით, საეკლესიო ცხოვრების დაწყებისთვის ბიძგის მომცემი ბევრი რამ იყო. ერთხელ ძალიან დიდ განსაცდელში ჩავვარდი: ახლობლის, ნათესავის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრებოდა. უკანასკნელი ქართველი წმინდანის, მამა გაბრიელის საფლავზე ავედი და ვთქვი: "თუ იქნება სათნო უფლისათვის, მე გავხდები მონაზონი, ოღონდ ის გადარჩეს". როცა ყველანაირი იმედი გადაგვეწურა, მაშინ მოხდა სასწაული და ეს ადამიანი სიკვდილს გადარჩა. ამ პერიოდის შემდგომ კიევში ვცხოვრობდი. აღმოსავლურ ორთაბრძოლებში ამიერკავკასიის ჩემპიონატი მქონდა მოგებული. უკრაინაში შექმნილი ვითარებების გამო, იქაურ დეპუტატთა გუნდებს დაცვა სჭირდებოდათ. ყველამ იცოდა, რომ ვინც საქართველოდან იყო, ერთგული იქნებოდა, ამიტომ ამიყვანეს. მალევე დაცვის უფროსი გავხდი. მერე მოხდა ისეთი რამ, რაზეც მე საერთოდ არ ვსაუბრობ. ეს სასწაული იყო: გინდ ხილვა ეძახეთ, გინდ - სიზმარი. ვნახე, როგორ მიმანიშნეს და მითხრეს, რომ ღმერთს შევპირდი მონაზვნობას და სიტყვა უნდა შემესრულებინა. ეს ხილვა თუ სიზმარი ჩემს სიტყვებს ორი თვის განმავლობაში ყოველდღიურად მახსენებდა, ამიტომ საბოლოოდ, წმინდა სამების იონას მონასტერში, ასე ვთქვათ, მოხდა ჩემი გარდაცვალება და მე ხელახლად დავიბადე, როგორც მონაზონი.

- რა შეგიძლიათ, ასურეთისა და ასურელების შესახებ მოგვიყვეთ?

-  ეს ერთადერთი ერია 21 საუკუნის განმავლობაში, რომელიც ქრისტეს გულისთვის ეწამება. აღმოსავლურ ქვეყნებში, როგორებიცაა ერაყი, ირანი, სირია, დღემდე ომი მიმდინარეობს, ასურელებს ეკლესიებში უვარდებიან, თავებს აჭრიან იმ შემთხვევაში, თუ ისინი ისლამს არ მიიღებენ. მათ მასობრივად ანადგურებენ. აპოკრიფი იმის შესახებ, რომ ასურულები პირველი ქრისტიანები არიან, მოდის იმ ამბიდან, რომელიც მოგვითხრობს, როგორ გადავიდა ქრისტეს სახის გამოსახულება ტილოზე. მან ეს ასურელების ბოლო მეფის, ავგაროზ მეხუთისთვის გააკეთა. ამ პირველი ხატის თაყვანისცემა სწორედ ასურელების მიერ მოხდა ქალაქ ედესაში.

რაც შეეხება ასურელებს საქართველოში, ისინი თითქმის 4 000-ამდე არიან. ნეოარამეული იგივე ასურული ენაა. ბევრი მეცნიერი წერს, რომ ქრისტე ქალდეველურ ენაზე მეტყველებდა, ქალდეველი და ასურელი კი პრაქტიკულად ერთია. როგორც არიან გურულები, იმერლები, მეგრელები საქართველოში, ისე ვართ ქალდეველები და ასურელებიც: ერთნი, მაგრამ ასე ვთქვათ, სხვადასხვა კუთხიდან. ნეოარამეული ენა მინიმუმ 2 500 წლისაა. სასწაული ის გახლავთ, რომ ამ ენაზე შეგვიძლია გავიგოთ ის, რასაც მე-10 საუკუნეში ლაპარაკობდნენ. საქართველოში მცხოვრები 4 000 ასურელიდან 2 000 სოფელ ქანდაში ცხოვრობს, ამ სოფლის 95% ასურელია და რა თქმა უნდა, ყველა თუ არა, 90% მაინც საუბრობს ამ ენაზე.

- არამეული ენის კარგად შესწავლის შემდეგ ამ ენაზე ღვთისმსახურებას აღასრულებთ. ამის გაკეთება რამდენად გაგიჭირდათ და საერთოდ, როგორ მიდის ეს პროცესი?

- იმის გამო, რომ, როგორც ვთქვი, არამეული ენა იგივე ასურულია, ამაზე გაჭირვება არც კი მიგრძნია. უწმინდესმა ჩემ შესახებ რომ შეიტყო, გამოთქვა სურვილი, ასურელი ბრძანდებით და მაქვს ასეთი იდეა, რომ თქვენი ერისთვის, თქვენს ენაზე იმსახუროთო. ძალიან საპასუხისმგებლო სტატუსი მომეცა. როგორია, როცა მამა სერაფიმეს გაგონებაზე უკვე ასურელების მოძღვარი ახსენდებათ. ილია მეორე ძალიან დიდი სიყვარულით და პასუხისმგებლობით ეკიდებოდა ასურელების საკითხს. მე ჩემი უწმინდესი მიყვარს, ძალიან მიყვარს. ადრე ჩემთვის ვიძახდი ყოველთვის: "ალბათ ყველაზე მაგრად უწმინდესი მიყვარს". იმის შემდეგ, რაც ჩამაბარა ეს ხალხი, ასურელები და აქ დავიწყე მსახურება, მივხვდი, რომ თურმე ესენი მიყვარს ყველაზე მეტად. უწმინდესის დიდი მადლობლები ვართ, რომ საქართველოში მოგვეცა უფლება, საკუთარ ენაზე ვადიდოთ უფალი.

- ვიდეო, სადაც თქვენ, საეკლესიო გუნდთან ერთად, არამეულ ენაზე გალობთ, ინტერნეტში დიდი პოპულარობით სარგებლობს. რა არის არამეულ ენაზე გალობის თავისებურებანი? რით განსხვავდება ის სხვა ენაზე, ამ შემთხვევაში, ქართულზე გალობისგან?

- გალობა, გინდ არამეულზე, გინდაც ქართულზე, უნიკალურია. პირველ რიგში, ენაა განსხვავებული, მეორე განსხვავება კი ჰანგია. არამეულზე გალობის სულ სხვა კულტურაა. ეს აღმოსავლურია და ჩვენ ისე ვგალობთ, როგორც წარსულში გალობდნენ უძველეს აღმოსავლეთში. ყოველ შემთხვევაში, ჩვენი გალობა მასთან ძალიან მიახლოვებულია.

- თუ გაქვთ მელ გიბსონის ფილმი, "ქრისტეს ვნებანი" ნანახი, სადაც არამეულად საუბრობენ და გესმით თუ არა ის ენა? იდენტურია თუ არა ის იმ ენისა, რასაც თქვენ ფლობთ?

- ფილმი სამ ენაზე: არამეულ, ლათინურ და ებრაულ ენაზეა გადაღებული. თქვენ გაინტერესებთ, თუ მესმის ის არამეული ენა, რაც "ქრისტეს ვნებანშია" - კი, ჩვეულებრივად, თავისუფლად მესმის, ეს პრაქტიკულად ის ენაა, რასაც მე ვფლობ.

ეკა აბაშიძე (სპეციალურად საიტისთვის)