ბერძნულ სახელმძღვანელოში დღემდე უცნობი ქართული მინიატიურები აღმოჩნდა - კვირის პალიტრა

ბერძნულ სახელმძღვანელოში დღემდე უცნობი ქართული მინიატიურები აღმოჩნდა

როგორ მივაკვლიოთ ხელნაწერს? ვინ იყო ამ გამოსახულებების შემქმნელი?

ისტორიის თვალსაწიერზე ჩვენს წინაპრებს არავისთან ჰქონიათ ისეთი მჭიდრო სულიერი ერთობა, როგორიც ბერძნებთან. ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების შემდეგ (რომის იმპერიაში 313 წელს; საქართველოში - 326 წელს), საუკუნეების განმავლობაში, ქართველთა შორის ნიჭიერ ყმაწვილებს  ბიზანტიაში გზავნიდნენ, სადაც ისინი ბერძნულ კულტურას, განათლებას და რელიგიურ ფილოსოფიას ნაზიარებნი, თავად იწყებდნენ მოღვაწეობას, რაც თავდაპირველად წმინდა წიგნების მშობლიურ ენაზე თარგმანებში გამოიხატებოდა. VI საუკუნისთვის თითქმის ყველა წმინდა წიგნი თარგმნილი იყო. გარდა მთარგმნელობისა, ქართველი მოღვაწეები ბიზანტიაში აშენებდნენ ეკლესია-მონასტრებს, აარსებდნენ რელიგიურ-ფილოსოფიურ სკოლებს, ქართულ და ბერძნულ ენებზე ქმნიდნენ ნაწარმოებებს, ამდიდრებდნენ ზოგადქრისტიანულ კულტურას. შეგახსენებთ რჩეულთა შორის მხოლოდ რჩეულებს: პეტრე იბერი, იოანე, ექვთიმე, გიორგი ათონელები, იოანე მოსხი, იოანე ლაზი, არსენ იყალთოელი, იოანე პეტრიწი...

ბევრი რამ არის ცნობილი ბიზანტიაში მოღვაწე ქართველების შესახებ. მიუხედავად ამისა, ეს საკითხი მაინც ჯეროვან შესწავლას მოითხოვს. ამაზე მეტყველებს თუნდაც ის ფაქტი, რომლის შესახებაც ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა კანდიდატი ლაზარე ბერძენიშვილი მოგვითხრობს: - საქართველოში რჯულის საყმაწვილო სახელმძღვანელოები - დეკანოზ ნესტორ ყუბანეიშვილის და იაკობ გოგებაშვილისა, დაახლოებით ასი წლის წინ დაიწერა და გამოიცა. მას შემდეგ,  ამგვარი სახელმძღვანელო არ შექმნილა. ბოლო 10-15 წელიწადია, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის კურთხევით, ვმუშაობთ მათ შესაქმნელად.

ერთხელ, როცა ჩვენს ძველ სახელმძღვანელოებს უცხო მართლმადიდებელი ქვეყნების ანალოგიურ წიგნებს ვადარებდი, აღმოჩნდა, რომ ბერძნულ სახელმძღვანელოში, რომლითაც მეოთხე კლასელებს ასწავლიდნენ, მახარებლების სიმბოლოების საჩვენებლად გამოყენებული იყო ქართული ასომთავრულწარწერებიანი ხატები. გარდა იმისა, რომ ასომთავრული წარწერა ამშვენებს წმინდა მათეს ხატს, ქვედა არშიის დაბლა ხუცური ასოებიც იკითხება. შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ეს გახლავთ ოთხთავის ხელნაწერის თავფურცლები.

გარდა ამისა, თვით მახარებლებს უკავიათ ხელში ხუცურწარწერიანი გრაგნილები და წიგნები... გაირკვა, რომ გამოსახულებები, რომელსაც მე ხატები ვუწოდე, ხელნაწერში ჩართული თავფურცლები, მინიატიურებია, ხოლო ეს ქართული ხელნაწერი და თვითონ გამოსახულებები საქართველოში დღემდე უცნობია. საინტერესოა, ვინ იყო ამ გამოსახულებების შემქმნელი, რომელი ხელნაწერის ნაწილია და  როგორ მოხვდა მინიატიურები ბერძნულ სახელმძღვანელოში. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის თანამშრომელმა, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორმა, ქალბატონმა ელენე მაჭავარიანმა გვითხრა, რომ სიმბოლოებიანი მახარებელთა გამოსახულებები სულ ორია საქართველოში: ერთი გელათის ოთხთავში, მეორე კი ალავერდის ოთხთავში.

- გამოდის, აღმოჩენილია უცნობი ქართული ხელნაწერი, რომელსაც იშვიათი გამოსახულებები ამშვენებს. ოთხთავის გადამწერი ქართველი იქნებოდა, მაგრამ მხატვარი შეიძლება ბერძენი ყოფილიყო?

- მინიატიურები უთუოდ ქართველი ხატმწერის შესრულებულია. ბერძენ ხატმწერს, როგორც უნდა ჰყვარებოდა ქართველები, გამორიცხულია, თავის დაწერილ ხატზე ქართულად წაეწერა მახარებელთა სახელები.

- ესე იგი, უცნობი ქართველი ხატმწერიც აღმოჩნდა.

- შეიძლება მისი ვინაობა ვერ დავადგინოთ, რადგან ქრისტიან შემოქმედთა უმეტესობა ამპარტავნობად თვლიდა თავის გამოჩენას.

- ბიზანტიური კულტურის მემკვიდრე ბერძნები არასოდეს უჩიოდნენ წმინდანთა გამოსახულებების ნაკლებობას და რაღა მაინცდამაინც ქართულწარწერიანი გამოსახულებები აიღეს საილუსტრაციოდ?

- ფაქტია, რომ სახელმძღვანელოს შემდგენლებმა ყურადღება გაამახვილეს მათეს, მარკოზის, ლუკას და იოანეს სიმბოლოებზე და ბერძენ ბავშვებს თვალსაჩინოებად შესთავაზეს ქართული მინიატიურები. იქვეა დაბეჭდილი ბერძენი პოეტის ანგელოს სიკელიანოსის ლექსი, რომლის პწკარედული თარგმანი ასეთია: "ჰყავს მათეს ანგელოზი და მარკოზს ლომი, ჰყავს ლუკას თავის ფეხრთით უბიწო ხარი,/და იოანეს მის გვერდით ფარი და შუბი,/და არწივი გასაფრენად გამზადებული".

-  როგორ მივაკვლიოთ ამ ხელნაწერს?

- ბერძნული სახელმძღვანელოების წიგნის შემდგენლებმა მიუთითეს გამოყენებული ლიტერატურა, ალბომები, საეკლესიო კალენდრები, რომელთა მეშვეობით შეიძლება დადგინდეს, საიდან არის აღებული მახარებელთა სიმბოლოებიანი გამოსახულებები. ეს იქნება პირველი ეტაპი, თვით ხელნაწერების მოძიება ალბათ, უფრო გართულდება.

ეს საკითხი უსათუოდ ხელისუფლების დონეზე უნდა გადაწყდეს. საქმეში უნდა ჩაერთოს ჩვენი საელჩო საბერძნეთში და საქართველოდან გაგზავნონ ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის და საპატრიარქოს წარმომადგენლები, რომლებიც მიზანდასახულ მეცნიერულ კვლევა-ძიებას ჩაატარებენ.

თამაზ ჟორჟოლიანი