პროექტი გრძელდება - "საქართველოს იმედის" მეორე ნაწილის პირველი წიგნი ღირს გაბრიელს მიეძღვნება! - კვირის პალიტრა

პროექტი გრძელდება - "საქართველოს იმედის" მეორე ნაწილის პირველი წიგნი ღირს გაბრიელს მიეძღვნება!

წიგნების სერიის მეორე ნაწილი კვლავაც ჟურნალ "კარიბჭესთან" ერთად გაიყიდება თვეში ორჯერ და ორი კვირის განმავლობაში მისი შეძენა შეღავათიან ფასად იქნება შესაძლებელი.

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის სურვილით და ლოცვა-კურთხევით შეიქმნა ხატი, "საქართველოს იმედად" წოდებული, რომლის წინა მხარეს ქართველი წმინდანებია გამოსახული, უკანა მხარეს კი მსოფლიო მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდანები.

"კვირის პალიტრამ" ორი წლის წინ, ტრადიციულ სააღდგომო საჩუქრად ამ წმინდა ხატის პირის ასლი და აღწერილობა მიართვა თავის მკითხველს. სწორედ მაშინ გაჩნდა იდეა, ხატზე გამოსახულ წმინდანებზე უფრო ვრცლად მოგვეთხრო. მართლაც, ჟურნალ "კარიბჭის" და გამომცემლობა "პალიტრა L"-ის ერთობლივი პროექტით უკვე გამოიცა 50 წიგნი, რომლებიც ქართველ წმინდანებს მიეძღვნა. ამასობაში ხატის უკანა მხარეც მოიჭედა მსოფლიო მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდანთა მინანქრის ხატებით. ამიტომაც პროექტი გრძელდება.

თამარ მამაცაშვილი, "საქართველოს იმედის" პროექტის ავტორი და ჟურნალ "კარიბჭის" მთავარი რედაქტორი: - "საქართველოს იმედის" წიგნები ჩვენ თვალწინ აცოცხლებს მართლმადიდებელ წმინდანთა ცხოვრებას, მათ სწავლებებსა და დარიგებებს, წიგნის შემდგენლები ცდილობენ, თითოეულ წმინდანზე მოიძიონ მეტ-ნაკლებად სრული საარქივო თუ სამეცნიერო მასალა. ამ შრომის შედეგად ყოველი წიგნი იმ ეპოქის სუნთქვასაც გვაგრძნობინებს, რომელშიც ამა თუ იმ წმინდანს უხდებოდა მოღვაწეობა.

"საქართველოს იმედის" წიგნები ნამდვილი საგანძურია ყველა მორწმუნე ადამიანისთვის, სასიხარულოა, რომ ქართველი მკითხველი დაეწაფა სულიერ წყაროს და პროექტი წარმატებული გახდა. წიგნები კარგი შენაძენია ეკლესია-მონასტრების ბიბლიოთეკებისთვისაც. ახლა კი განზრახული გვაქვს, უფრო ვრცლად ვისაუბროთ ამ წმინდანებზე, რომელთა ლოცვით დგას ჩვენი ქვეყანა და მთელი სამყარო. ამჯერად "საქართველოს იმედის" ხატის“მეორე მხარის აღწერილობას შემოგთავაზებთ.

იმედი გვაქვს, პროექტის მეორე ნაწილს მკითხველთა ახალი ნაკადიც შემოუერთდება, გპირდებით, რომ პროექტის ეს ნაწილი კიდევ უფრო საინტერესო და თქვენი სულისთვის სასარგებლო იქნება.”

წიგნების სერიის მეორე ნაწილი კვლავაც ჟურნალ "კარიბჭესთან" ერთად გაიყიდება თვეში ორჯერ და ორი კვირის განმავლობაში მისი შეძენა შეღავათიან ფასად იქნება შესაძლებელი.

დეკანოზი ლევან მათეშვილი: - ჟურნალ "კარიბჭის" მიერ აწ უკვე განხორციელებული პროექტი "საქართველოს იმედი" მართლაც ბევრი ადამიანისთვის ნუგეში აღმოჩნდა ღმერთის აღმოჩენისა და მისადმი შედგომის ურთულეს, წინააღმდეგობებით აღსავსე გზაზე. საბედნიეროდ, ეს პროექტი გრძელდება და ახლა მკითხველისთვის ასევე მეტად მნიშვნელოვან მიზანს ისახავს: გააცნოს მას მსოფლიო ქრისტიანული სამყაროსთვის უაღრესად მნიშვნელოვანი ადამიანები და მათი ნამოღვაწარი - მსოფლიო ეკლესიის წმინდანები, რომლებმაც გააუკეთესეს სამყარო. მათი დამსახურებაა იმ ფასეულობების დანერგვა ამა სოფლად, რაც იქადაგა იესო ქრისტემ. მათ ღვაწლზე დგას თანამედროვე ცივილიზებული სამყაროს ღირებულებითი სისტემა. ესენი ის წმინდანებია, რომელთა ნაღვაწი დღესაც უნათებს გზას უამრავი პრობლემით დამძიმებულ ადამიანს, რადგან ეს გზა თავის დროზე მათ თავად განვლეს და საკუთარ გამოცდილებას ჩვენ გვიზიარებენ. ეს უაღრესად საინტერესო პროცესია, რასაც განმღრთობის გამოცდილება ჰქვია. შესაბამისად, "კარიბჭეს" ამ უდიდესი პერსპექტივის კარგად წარმოჩენისა და ბევრი ადამიანისთვის მიწოდებისთვის დიდი წარმატება მინდა ვუსურვო!"საქართველოს იმედის" ხატის“მეორე მხარეს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდანებია გამოსახული, კარედი შემკობილია შენაწირი ჯვრებით, ხატებითა და ძვირფასი თვლებით.

კარედის შუაში გამოსახულია აყვავებული ჯვარი, მის მარცხნივ და მარჯვნივ - ადამი და ევა. დაბლა - წმინდა იოანე ნათლისმცემელი. აყვავებულ ჯვარზე შუაში გამოსახულია უფალი ჩვენი იესო ქრისტე, ჯვრის მარცხენა ფრთაზე ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი, მარჯვენა ფრთაზე - წმინდა იოანე ნათლისმცემელი. ჯვრის ზედა ნაწილში მთავარანგელოზი მიქაელი, დაბლა - მთავარანგელოზი გაბრიელი.

კარედის მარცხენა და მარჯვენა ფრთებზე, ზედა ნაწილში ექვსფრთოვანი სერაფიმებია გამოსახული.

კარედის შუაში ხატის სადიდებელი ლოცვა წერია:

სადიდებელი ხატისა ამის "საქართველოს იმედად" წოდებულისა

ჰოი, ყოვლადწმიდაო სამებაო, მამაო, ძეო და სულო წმიდაო, მიუწვდომელო და დაუსაბამოო, წყაროო მოწყალებისაო, და ზღვაო სიყვარულისაო, დიდება და მადლობა შენდა!

ვითარ განდიდნეს საქმენი შენნი უფალო და ყოველივე სიბრძნით ჰქმენ, რამეთუ გამოირჩიე ქალწული წმიდა, რომელმან დაიტია წიაღსა თვისსა შემოქმედი ცათა და ქვეყანისა, და რომელსაცა განგებითა შენითა წილად ხვდა ერი ჩვენი, ქვეყანა საქართველოისა.

ღვთისმშობელო ქალწულო, ყვავილო უხრწნელებისაო  და ხეო ნაყოფელვარეო, სრულიად საქართველოსა და მსოფლიოში გაბრწყინვებულთა  წმინდათა თანა შუამდგომელ გვექმენ წინაშე ძისა შენისა და ღვთისა ჩვენისა, რათა მოხედოს ერსა ჩვენსა მრავალგზის შეჭირვებულსა და აღგვიდგინოს მთლიანობა მამულისა სამკვიდროდ ჩვენად ბოძებულისა და ძალი ჭეშმარიტი სარწმუნოებისა, სასოებისა და სიყვარულისა.

ჰოი, ხატო იდუმალო, მშვიდობად მოვლინებულო, ივერიის აღდგომისა და გაბრწყინების მახარობლად შექმნილს, იმედის თვალით შემოგცქერის დღეს საქართველო, შეგვეწიე და დაგვიცევ, ამინ!

"საქართველოს იმედის" პროექტის მეორე ნაწილში წიგნების ახალი ნუმერაცია და მცირედ შეცვლილი დიზაინი მიიქცევს თქვენს ყურადღებას.

პროექტის პირველი წიგნი მიეძღვნება ღირს გაბრიელს (ურგებაძეს), რომელიც საქართველოს ეკლესიამ ახლახან შერაცხა წმინდანად და "იმედის ხატის" მეორე მხარეს არის გამოსახული მსოფლიო წმინდანებთან ერთად. წიგნი მეტად საინტერესოდაა შედგენილი, აქ თქვენთვის უცნობ არაერთ ამბავს წაიკითხავთ მამა გაბრიელის შესახებ.

მეორე წიგნი პირველ ადამიანებზე - ადამსა და ევაზე იქნება.

"იმედის ხატის" უკანა მხარეს 160-მდე მფარველი წმინდანია გამოსახული, პროექტში ყველა მათგანის ცხოვრება იქნება მოთხრობილი. წმინდა იოანე ნათლისმცემელი, წმინდა მოწამე მაქსიმე, წმინდა მოწამე ანდრიანე ნიკომიდიელი, წმინდა ღირსმოწამე ელისაბედი, მოციქული ტროფიმე ედესელი, ადამი, ევა, ღირსი დედა ქსენია და სხვა...

გეწეოდეთ "საქართველოს იმედის" ხატზე გამოსახული ყველა წმინდანის ლოცვა!