მარიამი - ყოველი კაცის მეოხი და მფარველი
25-08-2014
მარიამი - ყოველი კაცის მეოხი და მფარველი
გილოცავთ მარიამობას, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულს. ამ დღეს გარდაიცვალა ქალწული მარიამი და ზეცად ამაღლდა. მას შემდეგ იგი ყოველი კაცის მეოხი და მფარველია.
ამ უწმინდეს დღესასწაულზე გვსურს მისი მეოხების რამდენიმე მაგალითი შემოგთავაზოთ.

სასჯელი უქმეების გატეხისათვის

ეს ამბავი 1901 წლის ღვთისმშობლობას მომხდარა. ამის თაობაზე გაზეთ "მწყემსში" დაბეჭდილია მღვდელ სპირიდონ ჯუღელის წერილი: "სოფელი თავასა არის სკანდის მახლობლად, აღმოსავლეთის მხრით. თავასელმა გლეხმა ე. ქვ. ნაშუადღევის 3 საათზედ ინება სიმინდის სატეხათ ყანაში წასვლა, ხარები დააბა,
ჩალა ჩაუჭრა, თვითონ კი მუშაობა დაიწყო. ამას შეხედა სკანდელმა გლეხმა გ. დ.-მ, ესეც წაბრძანდა, ამან ქვევით დაიწყო სიმინდის ტეხვა, თავასელმა - ზევით. არ გასულა ნახევარი საათი, გადაკოტრიალდა ცალი ხარი და ძლივსძლივობით მიასწრეს დანა. არ გასულა 15 წამი, საიდან იყო და რა შემთხვევამ გადმოაგორა, მოგორავს ქვა.
აქეთ ეცა გლეხი, იქით ეცა, იქნებ როგორმე ავცდეო, მაგრამ ცდამ ამაოთ ჩაუარა საწყალს, ეტაკა ქვა ზედ შუა წვივზედ და ისე დაუმსხვრია წვივი, რომ ექიმმა ძლივს მოუყარა ძვლებს თავი. გადარჩება თუ არა იგი, ღმერთმა იცის. უქმის ტეხვას და მცნების აღუსრულებლობას მოყვა ამისთანა  უბედურება. ვგონებ, ჭკუის სასწავლებლად კმარა. არ ერჩია იმ უბედურს, რომ მეორე დღეს ემუშავნა და ის დღე წმინდად შეენახა?"

გარეჯელი ბერის განკურნება


ერთხელ ერთი გარეჯელი მღვდელმონაზონი ისე დასნეულებულა, რომ სამკურნალოდ ქალაქში ჩამოუყვანიათ. მკურნალთაგან მისი განკურნება ვერავის უდვია თავს. მიწოლილა ბერი სარეცელზე და უნუგეშოდ ატირებულა. ჩასძინებია და ძილში უხილავს, რომ სიონის ტაძრის კარიბჭეში იდგა თავმოდრეკილი, ღვთისმშობლისადმი მლოცველი. ამ დროს წარმოუდგა წმინდა იოანე მანგლელი, რომელიც მანტიით შემოსილი იდგა ღვთისმშობლის ხატთან. ყოვლადწმინდა ქალწულის ხატიდან ნათელი მოდიოდა და მღვდელმთავარს ეფინებოდა. წმინდა იოანე ღვთისმშობელს უკან მდგომ სნეულს უჩვენებდა და მის შეწყალებას ევედრებოდა. დედა ღვთისამაც "მოხედნა სნეულსა მას და განანათლა გული და გონება მისი".
გაღვიძებულმა ბერმა თავი უკეთ იგრძნო, საჭმელიც კი მოითხოვა, ხოლო მცირე ხნის შემდეგ სრულიად განიკურნა.

"ამ ხატის ტარების ღირსი აღარ ვარ"

1621 წელს ისპაჰანიდან შირაზს მიმავალ პიეტრო დე-ლა-ვალეს შაჰ-აბასის მიერ საქართველოდან გადასახლებული ქართველებიც უნახავს. "შირაზის გზაზე შევხვდი ქართველ ბიჭუნას, რომელიც დამკვრელების თანხლებით ქართულს ცეკვავდა. ჩვენ რომ დაგვინახა და მიხვდა, ვინც ვიყავით, მოირბინა ჩემთან, უბეში გადამალული ღვთისმშობლის ხატი ამოიღო, გადმომცა და მითხრა: მე ვერ გავუძელ შიმშილს და სიცივეს, რის გამოც მაჰმადიანობა მივიღე. ამ ხატის ტარების ღირსი აღარ ვარ. გთხოვთ მოუაროთო. მე ჩამოვართვი შემოთავაზებული და მხლებლებს ვუთხარი, განსაკუთრებული ადგილი მიეჩინათ ხატისთვის."

ვარიანის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარი

ერთ-ერთი თავდასხმის დროს ლეკებმა ტაძრიდან სხვა სიმდიდრესთან ერთად ღვთისმშობლის ხატიც გაიტაცეს. ეს ხატი ვის ოჯახშიც შესულა, ძალიან ცუდად წასვლია საქმე. ერთ ლეკს დასიზმრებია, რომ ხატი დაბრუნებას ითხოვდა, თანაც მოზვრის რქებზე უნდა დაემაგრებინათ და ისე გამოესტუმრებინათ. ასეც მოიქცნენ. იარა ხარმა, იარა და მოვიდა აქ, ტაძრის ეზოში. ერთი დაიბღავლა, დაეცა და მოკვდა. ჩამოხსნეს ხატი და ტაძარში მიაბრძანეს.

ამის ჩამდენს ღვთის რისხვა არ ასცდება

ბეთანიელ მამას, ვასილს (ფირცხალავა) უკვე მღვდელმონაზონს, დედამისმა გულისტკივილით შესჩივლა, - ჩვენთან აქტივისტი კომუნისტები მოვიდნენ (ორი ქალი, თანამდებობის პირები), ხატების კუთხე დაარბიეს, სიწმინდეები ფანჯრიდან გადაყარეს. მე ღვთისმშობლის ხატი გულში ჩავიკარი და მხოლოდ მისი გადარჩენა მოვახერხეო.
მამა ვასილს უთქვამს, - ამის ჩამდენს ღვთის რისხვა არ ასცდება და ძვლებიც ისე დაეშლება, როგორც ეს ხატები დაიშალაო. მართლაც, იმ ქალთაგან ერთ-ერთი, სრულიად ჯანმრთელი, მოულოდნელად ძვლების დაშლით მალევე გარდაცვლილა. მეორეს, დასნეულებულს, მამა ვასილისთვის მუხლმოყრით შენდობა უთხოვია და დანაშაული მოუნანიებია.

თქმულება მარიამწყაროზე


1901 წელს გაზეთი "ცნობის ფურცელი" იუწყებოდა, რომ ზემო იმერეთში, ამაშუკეთსა და ღორეშას შუა გამომდინარ წყაროს იმ არემარის მცხოვრებლები ღვთის დედის - მარიამის წყაროს ეძახიან. ლეგენდის მიხედვით, ეს ადგილები ქალწულ მარიამს ყრმა იესოს შობამდე მოუნახულებია.
ამ ლეგენდის ჭეშმარიტება დღესაც სჯერათ აქაურებს. მათი გადმოცემით, უხსოვარ დროში აქ გაუვალი ტყე ყოფილა. ქალწული მარიამი მის შუაგულში მარტოდმარტო მიდიოდა. გადადგამდა ნაბიჯს და უსიერი ტყე განზე იწევდა - აბიბინებული ბილიკი ეფინებოდა ფერხთით. მოგზაურობით დაქანცული ერთ უღრან ადგილას ჯირკზე ჩამოჯდა. მოშივდა და მის გარშემო ნაირ-ნაირი მწიფე ნაყოფით დახუნძლული ხეხილი ამოიზარდა. მოსწყურდა და ანკარა წყარო ამოჩუხჩუხდა. ქალწულმა ხილი იხილა, დანაყრდა, წყაროს დაეწაფა. მას შემდეგ მოჩუხჩუხებს და წყურვილს უკლავს მაშვრალს.

ამბობენ, დედა მარიამმა კაცთა მოდგმის გასამრავლებლად ამ ადგილებში განგებას სამშენებლო ქვისა და სილის სიუხვეც შესთხოვაო, რაც მართლაც უხვია და ულევი.
ამ მხარის მოსახლეობა ღვთისმშობლის პატივსაცემად წყაროსაც და იმ არემარესაც მარიამწყაროს ეძახის.

აფხაზეთის ომში

ძალზე შთამბეჭდავია იღუმენია ელისაბედის (ზედგენიძე) მონათხრობი სოხუმის დაცემის დღეებზე.
მორიგი ზავის შემდეგ მტერმა მოულოდნელად შეუტია სოხუმს. მონასტერში დარჩენილი დედები შიშით ისმენდნენ იმ საშინელ ამბებს, რაც სოხუმის ქუჩებში ხდებოდა. განსაკუთრებული რწმენით ევედრებოდნენ ივერიის ღვთისმშობელს მისი წმინდა ხატის წინაშე და უფლის დედამაც დაიფარა ისინი - მათ სახლში არავინ შესულა.
განთიადისას კარებზე ბრახუნი ატყდა, თურმე ქართველებს მაშველი ჯარი მოუვიდა, ხოლო ნაომარი ბიჭები, სამასი კაცი, სამადლობელოდ მოვიდა ღვთისმშობელთან. პირჯვარს იწერდნენ და ყველას ღაპაღუპით ჩამოსდიოდა ცრემლი. ერთი მათგანი მივიდა დედა ელისაბედთან და ჰკითხა: - თქვენ მთელი ღამე ამ ხატთან ლოცულობდითო? რა იციო? - უკითხავს დედა ელისაბედს.„დილამდე  ღვთისმშობელი იდგა ზეცაში და ჯვარს გვსახავდაო, - უპასუხა ჯარისკაცმა, - იმათი სნაიპერის ტყვია განზე უხვევდა, ჩვენი ნასროლი კი არ ასცდენია მიზანსო.
glaxuna
11 დეკემბერი 2014 17:28


დიდება უფალს,ღვთისმშობელ მარიამს და წმინდანებს!!!

რედაქტორის რჩევით