27 იანვარი ქართველთა დიდი დედის, წმინდა ნინოს ხსენების დღეა - კვირის პალიტრა

27 იანვარი ქართველთა დიდი დედის, წმინდა ნინოს ხსენების დღეა

მასთან უზომო ვალში ვართ ივერიელნი, რომელიც მხოლოდ მისნაირი წმინდა ღვთისმოშიში ცხოვრებით შეგვიძლია გადავიხადოთ. ვულოცავთ ჩვენს მკითხველს წმინდა დღესასწაულს და ძღვნად ვთავაზობთ ამბებს იმ ქართველი დედაკაცებისა, რომლებიც წმინდა ნინოს მაგალითით და თავიანთი არსებობით მხნეობას მატებდნენ ქართველი მამაკაცის წუთისოფელს.

თამარულ ჭინჭარაული: ლეკები დასხმიან თავს ხევსურეთს. თამარულ ჭინჭარაული თავის სახლში კარს უკან დამალულა. მტერი სოფელს აწიოკებდა, სახლიდან სახლში გადადიოდა. მიაღწიეს თამარულის ეზო-კარსაც. რამდენიც შევიდოდა სახლში, თამარული ხმლით კლავდა. ერთბაშად შეიჭრნენ ლეკები სახლში, ბრძოლა გაჭირდა, თამარული გარეთ გამოვიდა, შეება მომხდურს და 32 კაციც გაისტუმრა საიქიოს, მხოლოდ სამი გაექცა. მერე მამაკაცებთან ერთად დაედევნა მტერს.

ბრძოლა რომ დამთავრდა, ხალხმა ჰკითხა თამარულს: - რა გინდა, რა გაგიკეთოთო.

- მე არაფერი მინდა, - უპასუხა თამარულმა, - ოღონდ გუდანის ხატში ყოველ დღესასწაულზე, ჩემს მოსაგონრად ერთი ქვაბი ლუდი დაიდგასო.

მართლაც, ხევსურეთში, გუდანის ხატში, ყოველ დღესასწაულზე დგამენ ხოლმე დიდი ქვაბით ლუდს და იტყვიან: "თამარულსაო, კარებ უკან დამალულსაო, შაუნდას ღმერთმაო!"

დედაბერი ქრისტინე: 1794 წელს ხუნძახის ბატონმა ნურსალ ბეგმა ძარცვა-გლეჯით გადმოიარა კახეთი, ქართლში შემოვიდა და მჭადიჯვრის ციხეს შემოადგა. მეფე ერეკლე მცირე ჯარით შეება მტერს. საქმე რომ გაჭირდა, ერეკლე ცხენიდან ჩამოვიდა, სხვებსაც ჩამოქვეითება უბრძანა. ეს არის დღე ვაჟკაცობისა და სიყვარული სჯულისაო, - შესძახა ქართველთ და გაუძღვა წინ. შეიქმნა თოფის სროლა. ქართველებმა მტერი გააქციეს, ხმალდახმალ არაგვამდე მიჰყვნენ.

ამ ომში უმარჯვია მჭადიჯვრელ ქრისტინეს. როგორც თეიმურაზ ბატონიშვილი ბრძანებს, ამ დედაკაცმა მტერს დაუწვა ციხეზე მიტანილი შვიდი საფარი, მერვის დაწვისას მოუკლავთ ლეკებს. ერთ ხალხურ ლექსში ხუნძახელი სარდალი ლაპარაკობს ქრისტინეს გმირობაზე:

"მჭადიჯვარს რომ მივატანეთ, საქმე მაშინ გაჭირდება, იქ რომ ბებერმა საქმე ქნა, ის არ უქნია სხვასაო, ორი ბელადი მოგვიკლა მთელ შეყრილ დაღესტანსაო. მესამე რომ გამოვიდა, დახე, იმ ჭკუამჯდარსაო, ესროლა თოფის მაჟარი, მოარტყა შუა ძვალსაო".

ქართველი ქალი: მრისხანე აღა-მაჰმად ხანს ძღვნად მიჰგვარეს მშვენიერი ქართველი ტყვე ქალი. მას მეუღლე ბრძოლაში დაეღუპა, ძუძუთა ბავშვი მტრებმა დედის თვალწინ დაანარცხეს ქვას. თვითონ კი სილამაზემ გადაარჩინა.

"რად მინდა ქალი, ვინ არის მყიდველიო", - იკითხა საჭურისმა შაჰმა. ქალი მდიდარმა ჯაფარ ბეგმა იყიდა და ნარიყალის ციხეში მიიყვანა. უბრძანა, მაჰმადიანობა მიეღო და მისი გამხდარიყო. ქალმა არაფერი უპასუხა, ჩაფიქრდა, მერე ჯაფარ-ბეგს ხელისგული გაუსინჯა და უთხრა: - შენი ხელისგულის ხაზები მეუბნება, რომ ამაღამ საკუთარი ხანჯლით სიკვდილი გიწერიაო. მერე ბეგს ხანჯალი მოსთხოვა, - შევულოცავ და უვნებელი გახდებიო.

მაჰმადიანებს სწამდათ, რომ ქართველმა ქალებმა იარაღის შელოცვა იცოდნენ. ჯაფარ-ბეგმა ხანჯალი მოიხსნა და ქალს გადასცა. ქალმა ჯერ შეულოცა, მერე ხანჯლის წვერი გულზე მიიდო და ჯაფარ-ბეგს უთხრა: - ვადას დაჰკარი და დარწმუნდები, რომ ვერას მავნებსო. ჯაფარ-ბეგმა თხოვნა შეუსრულა და... ტყვე ქალი გულგანგმირული დაეცა მის ფერხთით.

მზექალა: პარიზში გამომავალ გაზეთში "დამოუკიდებელი საქართველო" 1932 წელს დაიბეჭდა შალვა ამირეჯიბის სტატია "მზექალა", სადაც ის ქაქუცა ჩოლოყაშვილის მონათხრობს იხსენებს: აჯანყების მარცხის მერე ქაქუცა ხევსურეთში გადავიდა. ხევსურებმა სიხარულით მიიღეს და შეჰფიცეს, - რუსებთან შესაბმელად ქუდზე კაცი გამოვალთო. გუდამაყრის მხრიდან თოფი გავარდა. ეს მტრის მოახლოების ნიშანი იყო. ქაქუცამ ოცი კაცი ორწყალში გაგზავნა - სწორედ იქიდან ელოდნენ რუსებს. აჯანყებულებს სამასი ხევსურიც შეუერთდა. შემოსასვლელები გაამაგრეს. ქაქუცას ამ დროს ციება დაემართა და სიცხიანი ნაბადში გახვეული ბორგავდა. უცებ ერთმა ხევსურმა ცხენი მოაგდო და დაიძახა, - რომელია ჩოლოყაშვილიო. ქაქუცაზე მიუთითეს.

მან დახედა და წამოიძახა: "რა დროს წოლაა, ვაჟაო!.. არ გაგიგია, ხევსურეთს მტერი მოადგა?!" შეხედა ჩოლოყაშვილმა, უბელო ცხენზე ახალგაზრდა ქალი იჯდა, ხელში თოფი ეჭირა.  უცნაური სტუმრის მოსვლამ გამოარკვია სნეული, თავი უხერხულად იგრძნო. "ავად ვარო", - ჩაილაპარაკა.

- განა სიკვდილი ავადმყოფს არ შეუძლია? ორწყალში ომია! - უპასუხა ქალმა.

- ვინა ხარ, დისავ?

- მზექალას მეძახიან, არაბულის ქალი ვარ! ნეტაი თუ შენც ჩოლოყაშვილი ხარ?

- გახლავარ, რას მიბრძანებ?

- ბრძანება შენი იყოს, მე ორწყალში მინდა მიგაცილო, ხევსურნი გელოდებიან, - მიუგო და თვალებში ჩააშტერდა.

ქაქუცა მიხვდა, - წაუსვლელობა არ იქნებოდა... მზექალა წინ მიუძღვის, უბილიკო დაღმართებით მიჰყავს ქვემოთ ჩოლოყაშვილი. ტყვიები ზუზუნებენ, მაგრამ ყურადღებას არავინ აქცევს. ვინ გამოგზავნა? არავინ! როგორ მოაგნო, არც ეს იცის ქაქუცამ. ერთ სოფელს რომ გაუსწორდა, ქალმა ცხენი შემოაბრუნა და შინ დარჩენილებს გასძახა. მხოლოდ ძაღლი გამოეხმაურა.

- უკაცოდ, მარტო, ძაღლიც ცოდოა. ჩანს, ყველანი წასულან, - ჩაილაპარაკა მან.

ახლაღა გაარჩია მისი სახე ქაქუცამ. 18 წლის იქნებოდა, სახეკუშტი და ეშხიანი. მკერდმოღეღილს მხრებზე შავი თმა ეყარა. როცა შეფიცულთა სანგრებს მიუახლოვდა, მოვიდა ჩოლოყაშვილიო, დაიძახა ხეობის გასაგონად და თოფი დაცალა.

ბრძოლამ რამდენიმე დღეს გასტანა. ხევსურები მამაცურად იბრძოდნენ, თითქოს სჯობნიდნენ კიდეც, მაგრამ რუსებმა ქართულ სოფლებს  არტილერია დაუშინეს. ამ ხნის განმავლობაში მზექალამ რამდენჯერმე ჩაიქროლა ჩოლოყაშვილის წინ უბელო ცხენით, ხან სანგარში იჯდა და მტერს ესროდა, ხან კარგა ხნით გაქრებოდა და მოჰყავდა ახალი ხალხი.

რუსებმა გადაწვეს ხევსურეთა სოფლები, ხალხიც დახოცეს, მათ შორის ხუთი ქალი იყო. მზექალა მათში არ არის. მისი სიკვდილის ამბავი შემდგომში შეიტყო ქაქუცამ: უკან დახევის დროს ხევსურებმა მთებს მიაშურეს. რუსები შევიდნენ ხალხისგან დაცლილ მზექალას სოფელში და ძარცვა-გლეჯას მიჰყვეს ხელი. ერთი სახლიდან გამოვარდნილმა ორმა ტყვიამ ორი ჯარისკაცი მოინელა.

რუსებმა სროლით უპასუხეს. სახლში შეჭრილ მტერს იატაკზე ახალგაზრდა ქალის გვამი დახვდათ. მზექალა იყო! სანამ ცოცხალი ვარ, ჩემს კერაზე რუსს არ გავატარებო, - დაუფიცია და შეასრულა სიტყვა.

კახაბერ კენკიშვილი