პატრიარქის ცხოვრების რამდენიმე ეპიზოდი - კვირის პალიტრა

პატრიარქის ცხოვრების რამდენიმე ეპიზოდი

2015 წლის 4 იანვარს უწმინდესსა და უნეტარესს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსს, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტს, ილია მეორეს დაბადებიდან 82 წელი შეუსრულდა. ვულოცავთ ჩვენს წმინდა, ტკბილ მამას და შევთხოვთ უფალს, ჯანმრთელობა, ძალა და მხნეობა არ მოაკლოს. ვულოცავთ ჩვენს მართლმადიდებელ ერს სულიერი მამის დაბადების დღეს და მისი ცხოვრების რამდენიმე ეპიზოდს შევთავაზებთ.

***  ერთხელ ილია მეორემ ბრძანა, როდესაც ქვეყანას, ერს ემუქრება საშიშროება, პატრიარქმა ეს დარტყმა საკუთარ თავზე უნდა მიიღოს და ქვეყანა და ერი გადაარჩინოს. ასეთი იყო კათოლიკოს-პატრიარქი ამბროსი ხელაია, ასეთები იყვნენ ჩვენი პატრიარქებიო... პატრიარქის ლოცვასა და ცრემლზე დგას საქართველო.

***  2004 წელს ათონელი მონაზვნები ჩამოვიდნენ საქართველოში, ერთმა მათგანმა, მამა ბესარიონ ზოგრაფელმა, ნაცნობ ქართველ მორწმუნეს უთხრა: -”როცა უწმინდესი ილია მეორე შარშან ჩამოვიდა ათონზე და პირველად ვიხილე, დავმუნჯდი: არასოდეს მენახა ასეთი ადამიანი, ალბათ, ასეთები იყვნენ ძველად ათონელი ბერდიდები.

*** დაახლოებით 30 წლის წინ თბილისში ერთ ახალგაზრდა ოჯახში ხანძარმა იმსხვერპლა 9 წლის ბიჭი და 7 წლის გოგონა. მშობლები ხანძრის დროს შინ არ იყვნენ. პატრიარქმა ეს ამბავი რომ შეიტყო, მაშინვე მათთან წავიდა. მან ცოლ-ქმარს საკუთარი სახარება და სანთლები აჩუქა და დიდხანს ესაუბრა. მივიდა მათთან მეორე დღესაც, მესამე დღესაც... ბოლოს სთხოვა, საპატრიარქოში მესტუმრეთო. მათ უარის თქმა ეუხერხულათ და მივიდნენ. საუბრისას გამოტყდნენ, რომ განზრახული ჰქონდათ თავის მოკვლა. რაც პატრიარქმა მათ სიკვდილის შემდგომ საუკუნო სიცოცხლეზე მოუთხრო, მისი ირწმუნეს და მოისურვეს, შვილებს ბუნებრივი სიკვდილის შემდეგ შეხვედროდნენ, და ვიდრე იცოცხლებდნენ, მუდამ თავიანთი შვილებისთვის ილოცებდნენ. პატრიარქმა მათ საპატრიარქოში მუშაობა შესთავაზა. ქმარი სამი წლის წინ გარდაიცვალა - სიცოცხლის ბოლომდე საპატრიარქოს იურისტი გახლდათ, მისი მეუღლე კი დღესაც საპატრიარქოს არქივს ხელმძღვანელობს.

*** 28 წლის წინ მომღერალ თემურ წიკლაურს სამი წლის ვაჟი გარდაეცვალა. პატრიარქმა ბატონი თემური და მისი მეუღლე თავისთან მიიწვია. საუბრისას შეიტყო, რომ ბატონი თემური სცენაზე გამოსვლას აღარ აპირებდა და უთხრა: ყოველი კაცი იქ უნდა ემსახუროს ქვეყანას, სადაც უფალი დაადგენს.  განა რა უფლება გაქვს, ყველაფერი მიატოვო? პატრიარქმა ბატონ თემურს დავითნი გადასცა და აკურთხა, რომ იქიდან ფსალმუნები ყოველდღიურად წაეკითხა. ასევე გადასცა დიდი სანთელი, რომელიც ფსალმუნების წაკითხვისას უნდა აენთო. ბატონმა თემურმა ბავშვის გარდაცვალებიდან მეორმოცე დღეს დაასრულა ფსალმუნების კითხვა და პატრიარქისეული სანთელიც ჩაიღვენთა. ბატონმა თემურმა იგრძნო ღვთის სიტყვის ძალა და განმტკიცდა რწმენაში. მისი სიმღერა კი კვლავ გვატკბობს.

*** უწმინდესს (მაშინ პატრიარქი არ იყო) უნდოდა, მშობლები სამთავროს მონასტრის ეზოში დაესაფლავებინა. მაშინდელმა პატრიარქმა უარი უთხრა, რადგან ისინი სასულიერო დასის წარმომადგენლები არ იყვნენ. როცა თავად გახდა პატრიარქი, ერთმა ახლობელმა შეახსენა - მშობლების ნეშტები სამთავროს მონასტრის ეზოში ხომ არ გადავასვენოთო. უწმინდესმა მიუგო, - მე პატრიარქის კურთხევას ვერ დავარღვევო.

*** გოდერძი ჩოხელი  ბრძანებდა: -  უწმინდესზე რაიმეს თქმა თან ძნელია, თანაც - ადვილი. ძნელია იმიტომ, რომ უდიდესია მისი როლი ქართველთა სულიერ ცხოვრებაში. მან გაპარტახებული ეკლესია ჩაიბარა, ჩაფერფლილ სულიერ ღადარს სული უბერა და კოცონი ააგიზგიზა. უწმინდესის სახით ჩვენ ღვთის მადლი მოგვევლინა. მისი სიდიადე მერე, შორიდან უფრო გამოჩნდება. მასზე საუბარი ადვილი კი იმიტომ არის, რომ ყველას მიმართ საოცრად თბილი და ახლობელია. ბევრჯერ შემომშველებია ამ წუთისოფელში. ჩემთვის მფარველი ანგელოზივით არის, დედაც არის, მამაც, დაც, ძმაც, ნათესავიც და ახლობელიც.

"სამოთხის გვრიტები" და "ლუკას სახარება" რომ გადავიღე, უწმინდესი მეუფეებთან ერთად, კინოსტუდიაში მოვიდა. მეშინოდა, არ გამბრაზებოდა, "სამოთხის გვრიტები" რომ დავარქვი ფილმს. ჩვენების მერე მითხრა: - გოდერძი, ესენი მართლა სამოთხის გვრიტები არიან, მაგრამ შენ საიდან იცი, რომ ადრე ასე ასწავლიდნენ მთაში წერა-კითხვასო?" მე, რა თქმა უნდა, არაფერი ვიცოდი ამის შესახებ. უწმინდესმა მამის მონაყოლი გაიხსენა, თურმე მართლა ასე ასწავლიდნენ წერა-კითხვას...

*** პატრიარქი ილია მეორე (მაშინ ჯერ კიდევ არქიმანდრიტი) 1963 წლიდან 1972 წლამდე მცხეთის სასულიერო სემინარიის რექტორი გახლდათ. სემინარია მაშინ სამთავროს დედათა მონასტრის ტერიტორიაზე მდებარეობდა. ახლოს 5-6 წლის გოგონა ცხოვრობდა. სემინარიის ეზოში ძველისძველი დიდი ქვევრები იდგა. ბავშვი ჩაძვრებოდა ხოლმე ქვევრში და საათობით ელოდებოდა არქიმანდრიტ ილიას ეზოში გამოსვლას. გოგონა მასთან მისვლას ვერ ბედავდა. ერთხელ უწმინდესმა შეამჩნია გოგონა, მივიდა მასთან, გაესაუბრა. ბავშვი გათამამდა, მუხლებზე ჩამოუჯდა და უთხრა: პაპა მღვდელო, რა ლამაზი ხარ! შენ ღმერთი ხარ?“უწმინდესს გულიანად გაეცინა: -„არა, მე ღმერთი არა ვარო. გოგონა ჩაფიქრდა და ჩაილაპარაკა: -„თუ ღმერთი არა ხარ, მაშ, ასეთი ლამაზი რატომ ხარ? ალბათ, როგორი ლამაზი იქნება ღმერთი. უწმინდესი მას სულზე ესაუბრა. მალე გოგონამ დედასთან ერთად ტაძარში დაიწყო სიარული.

*** პატრიარქი ხშირად იგონებს წლებს, როცა ის ცხუმ-აფხაზეთის ეპისკოპოსი იყო. ერთხელ თქვა: აფხაზებისგან გასაოცარ სიყვარულს ვგრძნობდი. ხშირად მოდიოდნენ ჩემთან, დიდხანს ვსაუბრობდით. მაგრამ ყველაზე მეტად დამამახსოვრდა ერთი ქალბატონი, რომელმაც ერთი ქილა შედედებული რძე მომიტანა - მეტი არაფერი ჰქონდა და ამით გამოხატა ჩემდამი სიყვარული. მე ის აფხაზი ქალი დღემდე მახსოვს და მუდამ ვლოცულობ მისთვის, მისი სიკეთის გამო.

*** უცხოელ ჟურნალისტებთან აჭარაში ქრისტიანობის აღორძინებაზე საუბრისას მიტროპოლიტი დიმიტრი (შიოლაშვილი)  აღნიშნავდა ილია მეორის უდიდეს ღვაწლს: -„ეს ღვთის სასწაულია, ამას მხოლოდ ქადაგებით ვერ ახსნი. ადგილობრივი მუსლიმანები დიდ პატივს სცემენ საქართველოს პატრიარქს. ერთხელ მაღალმთიანი აჭარიდან ხოჯას წერილი მივიღე: არ შეიძლება, რომ ილია მეორე მართლმადიდებლებსაც გხელმძღვანელობდეთ და ჩვენ, მუსლიმანებსაცო?

ალბათ, არც ის არის შემთხვევითი, რომ პატრიარქმა ილია მეორემ თავის საგალობელი: "დავიღალე, დავიღალე, მოდი ჩემთან, უფალო!" ბათუმში დაწერა 1980 წელს. უწმინდესი ამბობდა, - ეს ჩემი ცხოვრების რთული პერიოდი იყო... როცა დაიღლებით, სიმძიმეს და გამოუვალ მდგომარეობას იგრძნობთ, ეს საგალობელი იგალობეთ და უფალი შეგეწევათო.“

დავიღალეთ, დავიღალეთ, მოდი ჩვენთან, უფალო!!!