ვნების კვირა - კვირის პალიტრა

ვნების კვირა

მართლმადიდებელი მრევლი ვნების კვირას შეუდგა. ეს კვირა (უფრო სწორად, 6 დღე) იესო ქრისტეს ვნების, ჯვარცმისა და დასაფლავების მოგონებას ეძღვნება. ქრისტიანებმა მთელი ეს პერიოდი მარხვასა და ლოცვაში უნდა გაატარონ. ეს გლოვის დღეებია და ღვთისმსახურებსაც ტაძარში სამგლოვიარო, შავი სამოსი აცვიათ.

მოსაგონებელი მოვლენების უდიდესი მნიშვნელობის გამო ვნების კვირის ყოველ დღეს დიდს ვუწოდებთ.

ორშაბათი, სამშაბათი და ოთხშაბათი იესო ქრისტეს მოწაფეებსა და ხალხთან უკანასკნელი საუბრების გახსენებას ეძღვნება.

დიდი ოთხშაბათი

ეს იუდას მიერ იესო ქრისტეს გაცემის დღეა.

ოთხშაბათის ღამე მაცხოვარმა ბეთანიაში გაატარა. აქ, სიმონ კეთროვნის სახლში, იმ დროს, როცა მღვდელმთავრებს, მწიგნობრებსა და უხუცესებს იესო ქრისტეს მოტყუებით შეპყრობა და მოკვდინება ჰქონდათ გადაწყვეტილი, უცხო დედაკაცმა ძვირფასი ნელსაცხებელი ინახით მჯდომ მაცხოვარს უხვად დაასხა თავზე, რითაც როგორც თავად მაცხოვარმა ბრძანა, იგი დასაფვლელად მოამზადა.

აქვე, დედაკაცის უანგარო საქციელის საპირისპიროდ, იესო ქრისტეს თორმეტთაგან ერთ-ერთი მოწაფის, იუდა ისკარიოტელის უმადურ სულში ჩაისახა ბოროტი აზრი, თავისი მასწავლებელი და უფალი იუდეველთა უკანონო საბჭოსთვის მიეცა. ამიტომ დიდი ოთხშაბათის საეკლესიო მსახურება განადიდებს იმ დედაკაცს, რომელმაც მაცხოვარს ნელსაცხებელი სცხო, იუდას ვერცხლისმოყვარებას და გამცემლობას კი კიცხავს და გმობს.

დიდი ხუთშაბათი

დიდი ხუთშაბათის მსახურებაზე იესო ქრისტეს მიერ მოწაფეთათვის ფეხთა დაბანას, საიდუმლო სერობას, გეთსიმანიის ბაღში იესო ქრისტეს ლოცვას და იუდას მიერ მის გაცემას ვიხსენებთ.

ზიარების საიდუმლო უფალმა დიდ ხუთშაბათს, საიდუმლო სერობის ჟამს დაადგინა.

პირველი წმინდა ზიარება ასე მოხდა: "და როცა ჭამდნენ, აიღო პური იესომ, გატეხა, მისცა მოწაფეებს და უთხრა: მიიღეთ, ჭამეთ, ეს არის ჩემი ხორცი, აიღო სასმისი და აკურთხა, მისცა მათ და თქვა: ამით სვით ყველამ, ეს არის ჩემი სისხლი ახალი აღთქმისა, მრავალთათვის დათხეული - მისატევებლად ცოდვათა". ქრისტიანები ერთი ბარძიმიდან ვიხმევთ პურსა და ღვინოს, რომელიც მღვდელმსახურის მიერ სულიწმიდის მოხმობით, რეალურად გადაიქცევა იესო ქრისტეს წმინდა სისხლად და ხორცად, ზიარების შემდეგ ქრისტე ჩვენში შემოდის, მასთან ზიარებით ერთმანეთთანაც ვერთიანდებით, ვხდებით ქრისტეს სხეულის - ეკლესიის ჭეშმარიტი წევრები, რომლის თავი უფალი იესო ქრისტეა.

დიდი ხუთშაბათი იმითაცაა გამორჩეული, რომ ის ერთადერთი დღეა მთელი წლის განმავლობაში, როცა საჭიროების შემთხვევაში მირონის კურთხევა შეიძლება. ამ განსაკუთრებულ დღეს ყველა ქრისტიანი ცდილობს, არ დარჩეს უზიარებელი.

დიდი ხუთშაბათის საღამოს სრულდება დიდი პარასკევის ცისკარი, რომლის დროსაც ე.წ.„თორმეტი სახარება“ანუ ოთხი სახარებიდან ამოკრებილი 12 ნაწყვეტი იკითხება.

დიდი პარასკევი

დიდი პარასკევის სერობა მაცხოვრის ჯვრიდან გარდამოხსნასა და დასაფლავებას ეძღვნება და, ჩვეულებრივ, შუადღისას, ორ საათზე აღევლინება, რადგან სწორედ ამ დროს მიიცვალა ჯვარზე იესო ქრისტე.

გარდამოხსნა ტაძრის შუაგულში არასრული სამი დღის განმავლობაში რჩება - მაცხოვარი ხომ აღდგომამდე სამი დღე იყო საფლავში. სერობის შემდეგ, საღამოს, ე.წ. ღვთისმშობლის გოდებაც“ აღევლინოს.

დიდი პარასკევი მთელი წლის განმავლობაში ყველაზე მძიმე მარხვის დღეა, როცა მოძღვრის კურთხევით, მორწმუნეთაგან ზოგი მთელი დღის განმავლობაში არაფერს ჭამს, ზოგი კი პურსა და წყალზეა.

ძველი ტრადიციის თანახმად, ამავე დღეს, მზის ჩასვლამდე, წითლად იღებება სააღდგომო კვერცხები. კვერცხი ქრისტიანული ტრადიციით ზოგადად სიცოცხლის სიმბოლოა, წითლად შეღებვა კი იმისა, რომ ჯვარცმული მაცხოვრის სისხლით გამოსყიდულ კაცობრიობას მარადიული სიცოცხლე მიენიჭა.

დიდი შაბათი

დიდი შაბათის ღვთისმსახურება იესო ქრისტეს ხორცით საფლავში, სულით კი ჯოჯოხეთში ჩასვლას და, ბოლოს, მაცხოვრის მკვდრეთით აღდგომას ეძღვნება.

დიდი შაბათის ღვთისმსახურება მართლმადიდებლური ლიტურგიული ტრადიციის მწვერვალია. ეს ღვთისმსახურება ღრმა სულიერი წვდომაა მაცხოვრის იმ ქმედების მარადიულ არსში, რომლითაც მან კაცობრიობა იხსნა.

ეს დღე ერთადერთი შაბათია წელიწადში, როდესაც დაშვებულია და, ამდენად, სავალდებულოც, მკაცრი მარხვის შენახვა. ყოველი წლის აღდგომის წინადღეს, დიდ შაბათს, მაცხოვრის საფლავზე მადლმოსილი ცეცხლის გარდმოსვლა უფლისაგან დადასტურებაა იმისა, რომ ერთადერთი ჭეშმარიტი სარწმუნოება მართლმადიდებლობაა.

დიდ შაბათს, ღამის 12 საათიდან, მორწმუნეები ულოცავენ ერთმანეთს ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომის დღესასწაულს "ქრისტე აღდგა!" - საპასუხო მიმართვით: "ჭეშმარიტად აღდგა!"