"დედოფალმა" ათონზე იმოგზაურა "უწმინდესმა ამ ხატს "სიხარულის მომნიჭებელი" უწოდა" - კვირის პალიტრა

"დედოფალმა" ათონზე იმოგზაურა "უწმინდესმა ამ ხატს "სიხარულის მომნიჭებელი" უწოდა"

"ღვთისმშობელი მიდიოდა იმ მონასტრებში, ვისაც მისი სტუმრობა სჭირდებოდა"

"მარშრუტი, რომელიც გავიარეთ, ერთმანეთის თანამიმდევრულად რომ გახაზო, ჯვარი ისახება"

ეს არის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატი, რომელიც აბსოლუტური ანალოგია ათონის მთაზე, ივერონის მონასტერში დავანებული დედა ხატის - ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისა, რომელსაც პორტაიტისა (კარიბჭისა) ეწოდება. ახალდაწერილ ღვთისმშობლის ხატს ორი ახალგაზრდა მცველი ჰყავს - რეჟისორი ზურაბ შიოშვილი და მუსიკოსი გიორგი ჭოლოკავა. ხატმა სახელი თავად დაირქვა - "დედოფალი" - ათონის წმინდა მთაზე მოგზაურობისას მომლოცველები და ათონელი მამები მას ხვდებოდნენ შეძახილით: "დედოფალი მობრძანდება!". წმინდა "დედოფალი" სასწაულებრივად ირჩევს, სად მიბრძანდეს - იქნება ეს ტაძარი, თუ სხვა კონკრეტული ადგილი, რათა მორწმუნეებს მასთან მიახლების საშუალება მიეცეთ. ბრწყინვალე შვიდეულში ხატი დაბრძანებული იქნება სამების საკათედრო ტაძარში. უწმინდესმა მას "სიხარულის მომნიჭებელი" უწოდა.

მასალა "დედოფლის" ათონის მთაზე მოგზაურობის შესახებ პირველად ჟურნალ "კარიბჭეში" დაიბეჭდა.

ზურაბ შიოშვილი: - გასული წლის აპრილში მესიზმრა: დედის დაძახილზე გავედი სასტუმრო ოთახში, სადაც ჰაერში ეკიდა პორტაიტისად წოდებული ღვთისმშობლის ხატი. ეს იყო სწორედ ივერონში დაბრძანებული ხატი, რომელიც თითქოს დაბრუნებულიყო ათონიდან და პირველად ჩვენს ოჯახში გამოჩნდა. გავოგნდი, რატომ გაჩნდა ეს ხატი უპირველესად ჩვენთან-მეთქი. მივხვდი: ეს არ იყო ჩვეულებრივი სიზმარი...

ამის შემდეგ მოვლენები ასე განვითარდა: მოულოდნელად უცხო ადამიანმა მოწვევა გამოგვიგზავნა საბერძნეთიდან... გასაგები იყო ნება უფლისა - ათონის მთაზე უნდა წავსულიყავით...

მე და გიორგი ჭოლოკავამ ათონზე გასამგზავრებელი ვიზები ავიღეთ. მივხვდით, რომ აქედან უნდა წაგვებრძანებინა ივერიის ღვთისმშობელი და დავიწყეთ ხატის ძიება. ზოგისა ჩარჩო არ მოგვწონდა, ზოგისა - სხვა დეტალი. წასვლის დრო ახლოვდებოდა. გიორგის ვუთხარი, - ალბათ, ღვთისმშობელი თავად გვეტყვის, რომელი ხატი წავაბრძანოთ-მეთქი. გვინდოდა, წასაბრძანებელი ხატი, პორტაიტისას სრული ასლი და მის მსგავსად, აუცილებლად პერანგით შემოსილი უნდა ყოფილიყო. მართლაც გამოჩნდა ასეთი ხატი. ერთ დილას შეგვხვდა დიდი ხნის უნახავი ნაცნობი. ჩვენი საფიქრალი რომ შეიტყო, გვითხრა, ამა და ამ ადგილას მეგულება კანონიკურად დაწერილი ხატიო. მაშინვე წავედით და მივხვდით, რომ ეს სწორედ ის ხატი იყო...

გიორგი ჭოლოკავა: - ამის შემდეგ დამზადდა კიოტიც. ხატი საკურთხებლად მივაბრძანეთ წმინდა სამების ტაძარში და პირველად დოქიარის ღვთისმშობლის ხატის, "მსწრაფლშემსმენელის", პირისპირ დავაბრძანეთ. ტაძრის ეზოში გაჭირვებულნი და ავადმყოფნი სიხარულით მიეახლებოდნენ ხატს - ყველას მანუგეშებელი გახდა "დედოფალი". ამის შემდეგ დავაბრძანეთ: სიონის ტაძარში სიონის ღვთისმშობლის ხატის პირისპირ, სამთავროს ფერისცვალების ტაძარში მამა გაბრიელის ლუსკუმაზე და ღვთისმშობლის ხატთან, სვეტიცხოველში კი მაცხოვრის კვართთან.

ხატმა საბერძნეთში უამრავ განსაცდელს გადაგვარჩინა, მათ შორის საშინელ ავტოკატასტროფას.

ზურაბი: - ღვთისმშობლის ხატი სამთავროში მივაბრძანეთ, მამა გაბრიელის ლუსკუმასთან მივედი და ბერ გაბრიელს ვთხოვე, - ძალიან მეშინია ათონზე წასვლის და ჩვენთან ერთად უნდა წამოხვიდე-მეთქი...

ნიშანი მეორე დღესვე მივიღეთ. სადაზღვევო კომპანიაში სამოგზაურო დაზღვევა ჯერ გიორგის გამოუწერეს, მერე მე. სალაროს ოპერატორმა მითხრა, - უკაცრავად, იქნებ დაიცადოთო. ხან სად დარეკა, ხან - სად და ბოლოს მომცა მესამე დაზღვევის ბარათიც: რაღაც გაურკვევლობაა და სამი ბარათი გექნებათო. გამეღიმა, - ეტყობა, მამა გაბრიელი მართლაც მოდის-მეთქი...

გიორგი: - ათონზე ნებისმიერ მონასტერში საპასპორტო კონტროლია და ყველგან ვეწერეთ ჩვენ ორნი და კიდევ მესამე პირი. თუმცა, ვერ გავარკვიე, ვინ იყო ის მესამე, რომელსაც ჩვენთან ერთად არეგისტრირებდნენ. გზაშიც¬ჩვენ გვერდით მესამე ადგილი ყოველთვის თავისუფალი იყო... ათონის მონასტრების სატრაპეზოებშიც გვერდით მუდამ გვედო მესამე ცარიელი თეფში, არადა, ზუსტად იმდენი თეფში იდება, რამდენი კაციც ტრაპეზობს. წაღებული გვქონდა წმინდა მამა გაბრიელის საფლავის მიწაც, რომელსაც ყველა მონასტერში მიმოვაბნევდით ხოლმე, ზოგან ბერებსაც ვუტოვებდით ამ სიწმინდეს.

ზურაბი: - გზად ერთი სასწაული მოხდა:

ჩვენი ავტობუსი ისე გადაიხარა, რომ ორ ბორბალზე იდგა იმ მხარეს, სადაც ჩვენ ვისხედით და ღვთისმშობლის ხატი იყო დაბრძანებული. მგზავრები შეშფოთდნენ, ჩვენ მშვიდად ვიყავით. ვიცოდით, ცუდი არაფერი მოხდებოდა.

მართლაც ყველაფერი მშვიდობიანად დასრულდა. მეორე ასეთი სასწაული ასევე ავტობუსში შეგვემთხვა. სასწაულებრივად გადავურჩით უდიდესი სისწრაფით მომავალ ავტომანქანას, რომლის მძღოლსაც ჩასძინებოდა.

ათონზე

ზურაბი: - საბერძნეთში სექტემბრის ბოლოს ჩავედით. ათონზე ყველა მომლოცველი ქალაქ ურანოპოლის პორტიდან შედის ბორნით, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ჩვენ იერისოდან უნდა შევსულიყავით. იერისოდან მხოლოდ განსაკუთრებულ სტუმრებს იღებენ. გასაგები იყო - "დედოფალი" საპატიო შესასვლელიდან უნდა შებრძანებულიყო... პირველად ვათოპედის მონასტერში მივედით. ათონის მონასტრებში ჩვენს "დედოფლის" ხატს ყველა ეგებებოდა - ივერიის ღვთისმშობლის ხატი იქ ყველაზე პატივსაცემია. ვათოპედში, ლოცვის დროს, ბერები ჯერ ტაძრის მთავარ ხატებს ემთხვეოდნენ, მერე ჩვენს "დედოფალს"... ამასთან, ათონის ყველა¬მონასტერში ჩვენი ხატი ღამეს კათოლიკონების (მთავარი ტაძრების) საკურთხევლებში ათევდა.

ლოცვის შემდეგ სიწმინდეების მოსალოცად უნდა შევსულიყავით და თბილისიდან¬ჩვენი მეგობრების მიერ გატანებული ჯვარ-ხატები ამ სიწმინდეებისთვის შეგვეხო.

გიორგიმ გახსნა ჩანთა და საკვირველება ჩვენთან ერთად იქაურმა ბერებმაც იხილეს: ჩანთაში იდო წმინდა მამა გაბრიელის ხატი, რომელიც არავის გამოუტანებია და არც ჩვენ წამოგვიღია.

ვიკითხე - თუ არის ათონზე წმინდა გაბრიელის ხატი-მეთქი. არაო. მივხვდი, რატომაც მოხდა ეს სასწაული და დავუტოვეთ ხატი მამა გაბრიელის საფლავის მიწასთან ერთად. საკვირველია ისიც, რომ მონასტრის კელიაში, სადაც ჩვენ დაგვაბინავეს, სამი საწოლი დაგვხვდა. ყველა მონასტერსა და სასტუმროში ჩვენთვის იყო სამადგილიანი ნომერი... ვათოპედში ყოფნას დაემთხვა ჯვართამაღლების დღესასწაული და ყველაზე სასიხარულო ის იყო, რომ ამ დღესასწაულზე ვეზიარეთ კიდეც, რამაც უდიდესი ძალა შეგვმატა.

გიორგი: - ბერებს ამ ხატის მიმართ განსაკუთრებული კრძალვა ჰქონდათ. ისე გვექცეოდნენ, როგორც ძალიან საპატიო სტუმრებს. ვათოპედის მონასტრის წინამძღვარი, გერონდა ეფრემიც კი, რომელმაც თავის კაბინეტში მიგვიღო, ფეხზე წამოგვიდგა და არც დამჯდარა ჩვენი იქ ყოფნისას, უდიდესი სიხარულით გვესაუბრებოდა, მოიკითხა ჩვენი პატრიარქი...

მეორე დღეს სატრაპეზოდ ჩვენ გარდა ყველა მიიწვიეს. ორმა ბერმა გარეთ გამოსვლა გვთხოვა. დავიბენით, ნუთუ რაიმე დავაშავეთო. შეგვიყვანეს ზეთის შესანახ დარბაზში, სადაც მაგიდის თავში დაბრძანებული იყო ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატი "ზეთმდინარე". გამოდის, თავად ღვთისმშობელმა გვიმასპინძლა. ეს იყო საოცრად ამაღელვებელი. იქაც ერთი ზედმეტი თეფში იდო.

ვათოპედის შემდეგ იწყება სხვა სასწაულებიც.

ზურაბი: - ათონზე რამდენიმე მონასტერი მოვილოცეთ და ივერთა სავანეში დედოფლის გამგზავრებაც გადაწყდა.

ქალაქ კარეასში ჩავედით, რადგან ივერონში ტრანსპორტი მხოლოდ კარეასიდან დადის. კაციშვილი არ ჭაჭანებდა. მოედანზე ვისხედით მშიერ-მწყურვალები, ამასობაში გაავდრდა, თავშესაფარიც არ გვქონდა.¬შორიახლო კაფეში შევედით. მეპატრონემ გვითხრა, - ახლა არანაირი ტრანსპორტი არ იქნება, ერთადერთი გზა ტყით მიდის და ისიც საშიშია, თუ ვინმე გამყოლი არ გყავთო. მტკიცედ გვქონდა გადაწყვეტილი ივერონში "დედოფლის" მიბრძანება და დავადექით ტყის ბილიკს. გზად ყუთლუმუშის მონასტერში შევიარეთ. შეგვეგებნენ¬ერთი ასაკოვანი ბერი და არქონდარი. ხატი რომ დაინახეს, სახე, ცოტა არ იყოს, შეეცვალათ. ხატს ემთხვივნენ და გვკითხეს, ვინ ხართო. გიორგიმ უთხრა, იქნებ ივერონის გზა მიგვასწავლოთო. არქონდარმა გზაზე დაგვაყენა, - რადგან ღვთისმშობლის ნება ასეთია, წადითო...

ტყეში დავიკარგეთ... ბინდდებოდა, თან წვიმდა. პატარა მდინარე დავინახეთ და ფეხს ავუჩქარეთ. ის იყო, ხიდზე უნდა გადავსულიყავით, რომ ფერდობიდან დიდი, შავი ძაღლი¬დაეშვა და ჩვენკენ წამოვიდა. ჯერ გიორგისთან მიირბინა. გიორგის გულზე ჩანთით ხატი ეკიდა. ძაღლმა ხატის ქვედა კიდეს თათები დაადო და დრუნჩი მიაბჯინა, შემდეგ ჩემთან მოირბინა და ხელზე მომადო დრუნჩი.

რატომღაც ძაღლს ვუთხარი, - აბა, წადი ახლა ივერონში-მეთქი. ძაღლი შებრუნდა და ჩვენც გავყევით.

ცნობილია, რომ ძაღლი ტყეში არ ბინადრობს. ან საიდან უნდა მოსულიყო - ახლომახლო მონასტერი არსად იყო. ძალიან უცნაურად იქცეოდა - უცებ გაქრებოდა, მერე მოგვვარდებოდა თათების ცემით. რამდენიმე საათი ვიარეთ წვიმაში. მშივრებმა გადავიარეთ სამი უღელტეხილი. გზადაგზა ძაღლი ჩერდებოდა და თვალებში მოგვაჩერდებოდა, თითქოს ცდიდა ჩვენს რწმენას, გავყვებოდით თუ არა მას ბოლომდე. მოულოდნელად ძაღლმა¬სხვა მხარეს გადაუხვია. მივყევით. ცოტა ხანში წყაროსთან მიგვიყვანა. უძველესი, ქვით ნაშენი წყაროს თავზე ივერიის ღვთისმშობლის ხატი იყო დაბრძანებული. პირჯვარი გამოვისახეთ, წყალი დავლიეთ და გზა გავაგრძელეთ. ტყე გამეჩხერდა. მალე პატარა, განსხვავებული იერის ეკლესიას მივადექით, საოცრად ლამაზი ეზო ჰქონდა. მოგვიანებით გავარკვიეთ, ეკლესია ღვთისმშობლის გამოცხადების ადგილას აუგიათ. მცირე ხანში ტყიდან გამოვედით და ჩვენ თვალწინ ზღვის პირას გაშენებული ივერთა სავანე დავინახეთ. ძაღლი წინ მიდიოდა, თითქოს მოწყენილი იყო - ალბათ, ჩვენთან განშორებას დარდობდა...

მონასტრის ჭიშკარი ღია დაგვხვდა. როდესაც ეზოში შევედი, ცრემლები მომაწვა. ეს იყო დიადი წუთები. ცენტრალური ტაძრის კედელთან ჩანთები დავალაგეთ და სტოაში შევედით. ულამაზესი ვიტრაჟითა და ფრესკებით შემკულ სტოაში საოცარი სიჩუმე იდგა. დავიწყეთ ივერიის ღვთისმშობლის ხატის მცირე ტაძრის ძებნა.¬ის ჭიშკრის გვერდითაა, დიდი ტაძრის ახლოს. დაკეტილი დაგვხვდა. გიორგიმ გასაღების ჭუჭრუტანაში შეიხედა და უცებ თქვა, - აქ არის! სახეზე უბედნიერესი ღიმილი დასთამაშებდა.

გამოვბრუნდით და ისევ მთავარი ტაძრის სტოაში შევედით - იქნებ ვინმემ გამოიაროსო. ცოტა ხანში ერთი ბერი მოვიდა, თან ხატს უყურებდა გაოგნებული. არქონდარის ნახვა გვინდაო, - ვუთხარით.¬ბერი წავიდა...

მალე გასაოცარი გარეგნობის ბერი ჩქარი ნაბიჯით მოგვიახლოვდა და გვკითხა, - ქართველები ხართო? პასუხს არც დალოდებია, ხატს ემთხვია და შემდეგ¬აგვათვალიერა. მერე ხატი გამოგვართვა, სახესთან მიიტანა და დააკვირდა.

თითქოს მთელი ხატი შეისწავლა და ბოლოს გვითხრა, - ეს უზუსტესი ასლია პორტაიტისასი. საოცარია, ეს ზუსტად ის პერანგია, რომლითაც ჩვენ ვმოსავთ პორტაიტისას ხატსო...

მიგვიღეს!!!

ეს ღვთისმშობლის შეწევნით მოხდა, "დედოფალმა" დაივანა ივერონში.

ნატრაპეზევს გვითხრეს, რომ პორტაიტისას სამლოცველო უნდა გაეხსნათ პარაკლისის წასაკითხად. ჩვენც სიხარულითა და გასაოცარი კრძალვით გავწიეთ სამლოცველოსკენ. სამლოცველოები, რომელსაც ათონზე პარაკლისებსაც უწოდებენ, იხსნება მხოლოდ ერთხელ, ისიც ლოცვის კითხვის დროს. იქ ერთ კონკრეტულ ადგილას დგები და განძრევა არ შეიძლება, ლოცვის დასრულების შემდეგ გაძლევენ უფლებას, ხატს ემთხვიო და მაშინვე გახვიდე გარეთ, შემდეგ პარაკლისი 24 საათით იკეტება.

ივერიის ღვთისმშობლის ხატის სამლოცველოს კარიდანვე ჩანდა ზეციური დედოფალი. ეს არის ენით აღუწერელი სილამაზისა და ძალის ხატი.

სამლოცველო პატარაა, ათიოდე კაცი ძლივს ვეტეოდით. თვალს არ ვაშორებდი ხატს, მინდოდა, კარგად დამემახსოვრებინა მისი სახეც და ეს წუთებიც. უცებ ხატის მეთვალყურე ბერმა გვითხრა, ხატს ემთხვიეთ და გადითო. ჩვენ წინ ვიდექით, მაგრამ ფეხი ავითრიე. გიორგის ვუთხარი, ჯერ არ მივიდეთ-მეთქი. ბერები სწრაფად მიეახლებოდნენ ხატს, ემთხვეოდნენ და გადიოდნენ. საოცარი განცდა იყო. განა ოდესმე ვიფიქრებდი, თუ ოცნება ამიხდებოდა და ივერიის ღვთისმშობელს ვნახავდი. და ის წარდგა¬ჩვენ წინ მთელი თავისი დიდებულებით! ჩვენ რიგის ბოლოს დავდექით. ჩვენი "დედოფალი" ხატის მცველს გადავეცი, რათა დედახატის პირისპირ დაებრძანებინა და ლოცვა წაეკითხა. ამის შემდეგაც ხატი კანონიკური ასლი ხდება. ამასობაში ჯერ გიორგიმ გააკეთა დიდი მეტანია, შემდგომ მე.

მეტანიისას გულამოსკვნილი ტირილი ამივარდა. ხატს ორივე ხელი შემოვხვიე, შუბლი მივადე და ვქვითინებდი.

დამშვიდება არც მიცდია. ვტიროდი მოთქმით, სიყვარული მატირებდა ასე. ვერც ვგრძნობდი, გარშემო რა ხდებოდა. გვერდით მოვიხედე. გიორგი ჩემ გვერდით იდგა დაჩოქილი, თვალცრემლიანი. წარმოგიდგენიათ ეს სურათი? ორი ადამიანი ერთდროულად დაჩოქილი ასეთ მკაცრ მონასტერში და ადგომასაც არ აპირებენ. ეს დაუშვებელია ათონზე, მით უფრო ივერონში. წამოდგომა არც მიფიქრია... გონს რომ მოვედი და უკან გავიხედე, დავინახე, ხატის მცველთან ერთად კართან რამდენიმე ბერი იდგა და გვიყურებდნენ. გამიკვირდა, ხატის მცველმა იქ რომ დაგვტოვა მარტოები... მერე შემოვიდა და ბერძნულად გვითხრა რაღაც.

ბერძნული არ ვიცი, მაგრამ მისი ნათქვამი ისე გავიგონე, როგორც მშობლიურ ენაზე წარმოთქმული სიტყვა. გვითხრა, - ყოვლადწმინდა ღვთისმშობელმა დაგლოცოთო და კვლავ გარეთ გავიდა.

კიდევ კარგა ხანს ვიყავით ხატის წინ და "დედოფალიც" პირისახით დედახატთან იყო დაბრძანებული...

ღამე ვერ მოვისვენე და ეზოში ჩამოვედი კელიიდან, მინდოდა, მევლო იმ მიწაზე, სადაც საუკუნეების მანძილზე მოღვაწეობდნენ დიდი ქართველები, სადაც დაბრძანებული იყო უდიდესი სიწმინდე, ივერიის ღვთისმშობელი. მცირე დარბაზში, რამდენიმე ბერთან ერთად ის გასაოცარი გარეგნობის არქონდარიც იყო. მომიახლოვდა და საუბარი დამიწყო... არ დამიმალავს ჩემი უდიდესი სიყვარული ივერთა სავანის მიმართ. უცებ ხელები შემომხვია, გულში ჩამიკრა და თავი დამადო.

მეორე დილას "დედოფალი" ჩავაბრძანეთ იმ ადგილას, სადაც ბერმა გაბრიელმა ივერიის ღვთისმშობლის ხატი გამოაბრძანა ზღვიდან. დავაბრძანეთ სწორედ იმ ადგილას, სადაც წყარომ ამოხეთქა, შემდეგ იმ ადგილზე დავაბრძანეთ, სადაც პორტაიტისას დაასვენებენ წელიწადში ერთხელ ზღვის სანაპიროზე, ბოლოს ამოვაბრძანეთ ივერონის მონასტერში.

გიორგი: - ივერონის შემდეგ მივედით ყუთლუმუშის მონასტერში, სადაც გველოდნენ.¬ხატი ამოვაბრძანეთ ჩანთიდან, რომელთანაც ხელი არავის მიუწვდებოდა, რადგან სულ ჩვენთან იყო, აღმოვაჩინეთ ჯვრები და პატარა სკვნილები. დღემდე უცნობია, როგორ გაჩნდა ეს ჯვრები იქ. იქნებ ეს ივერიის ღვთისმშობლის საჩუქარიც იყო...

ზურაბი: - იყო სხვა სასწაულებიც. მაგალითად, დავგეგმავდით ამა თუ იმ მონასტერში წასვლას, მაგრამ ჩვენი გეგმის მიხედვით არაფერი ხდებოდა. ბოლოს აღმოვაჩინეთ, რომ მარშრუტი, რომელიც გავიარეთ, ერთმანეთის თანამიმდევრულად რომ გახაზო, ჯვარი ისახება. ღვთისმშობელი მიდიოდა იმ მონასტრებში, ვისაც მისი სტუმრობა სჭირდებოდა. ღვთისმშობლის ხატი ყველა მონასტერში ღამეს საკურთხეველში ათევდა. გარდა ამისა,

ხატი დაბრძანებული იყო პირისახით უდიდეს სასწაულმოქმედ ხატებზე, ასევე ათონის მონასტრების უდიდეს სიწმინდეებზე და იმოსებოდა მათი მადლით.

ალბათ, რთული იქნება ყოველი მათგანის ჩამოთვლა, მაგრამ რამდენიმეს მაინც ვახსენებ, ესენია: პანტანასას, დოქიარის "სწრაფლშემსმენელი", ქილანდარის "სამხელა", "ღირს არსი", "ნუგეშისმცემელი" ხატები. სიწმინდეთაგან - ღვთისმშობლის სარტყელი, იოანე ოქროპირის თავის ქალა, ანდრია პირველწოდებულის თავის ქალა, ცხოველმყოფელი ჯვრის ნაწილები, მაცხოვრის კალამი და სხვა მრავალი. ამ სიწმინდეთაგან იკრებდა უდიდეს მადლს ჩვენი "დედოფალი". ხატმა მიგვიყვანა ესფიგმენის მონასტერშიც. ეს განდგომილ ბერთა სავანეა, ისინი ჩაკეტილად ცხოვრობენ, არც მომლოცველებს იღებენ, ელექტროენერგიაც კი არ აქვთ, არადა, სიდიდით ერთ-ერთი უდიდესი მონასტერია. იქ შემთხვევით აღმოვჩნდით, ასეთი იყო ნება "დედოფლისა". როდესაც ხატი დაინახეს, უდიდესი მოწიწებით მიგვიღეს. იქ დაგვხვდა ფუტკრის ფიჭაში გამოჩენილი ღვთისმშობლის ხატი, რომელიც ბოლო დროს ინტერნეტით ხშირად ვრცელდება. ესფიგმენის ბერები მორიდებით მოდიოდნენ ჩვენთან და ძალიან თბილად გვეკითხებოდნენ საქართველოზე - ქართველები ნამდვილი მართლმადიდებლები ხართო. მათაც უდიდესი პატივისცემითა და სითბოთი მოიკითხეს ჩვენი პატრიარქი და გვითხრეს, - თქვენი პატრიარქი უდიდესი მოღვაწეა არა მხოლოდ საქართველოსთვის, მთელი საქრისტიანოსთვის, გაუფრთხილდით და მოუსმინეთ მასო.

ბედნიერები ხართ ქართველები, რომ ასეთი პატრიარქი გყავთ, გვითხრა ბერმა, რომელსაც სახეზე სევდანარევი სიხარული აღბეჭდოდა.

სიმონ-პეტრას მონასტერთან არის პატარა ქართული კელია, რომელშიც ბერი მამა გრიგოლი მსახურობს. ერთი ღამე ამ კელიაშიც გავატარეთ და ცისკარზე მამა გრიგოლთან ერთად ჩავატარეთ წირვა. ჩვენ მედავითნეები ვიყავით. ყველგან, სადაც მივიდოდით, ქართულად ვგალობდით, რათა ქართული გალობა კვლავაც გაჟღერებულიყო ათონის წმინდა მთაზე.

გიორგი: - ბევრი სიწმინდე მოილოცა "დედოფალმა" და მასთან ერთად ჩვენც. უკან დაბრუნება ძალიან გაგვიჭირდა, როდესაც ბორანი ნაპირს მოადგა და ათონი დავტოვეთ, სევდა მოგვერია, მთელი გზა ერთმანეთსაც არ დავლაპარაკებივართ. სამახსოვროდ კი ათონის ტყიდან და მონასტრებიდან ყვავილები წამოვიღეთ, რომლებმაც აქ გაიხარეს. მას შემდგომ ვზრუნავთ ღვთისმშობლის ბაღიდან წამოღებულ ყვავილებზე.

ათონიდან "დედოფალი" მეტეორას მონასტრებში გაემგზავრა. ისიც მოვილოცეთ და დადგა გამომგზავრების დღეც...

ზურაბი:

- საქართველოში დაბრუნების შემდეგ ხატი პატრიარქთან მივაბრძანეთ. მასთან ყველა დეტალზე ვისაუბრეთ. უწმინდესი გარინდებული გვისმენდა. მერე გვითხრა, ეს ძალიან კარგის ნიშანიაო.

ბრძანა, რომ ხატი ჩვენთან უნდა იყოს და არა ტაძარში. თუმცა, გვაკურთხა, რომ მივაბრძანოთ ტაძრებში, რათა ადამიანებმაც შეძლონ მოლოცვა. "ფეისბუკშიც" არის საგანგებოდ შექმნილი გვერდი - "დედოფალი". ათონურ სიწმინდეთა ძალით შემოსილი "დედოფალი" უდიდესი სიყვარულითა და სითბოთი მოილოცა უწმინდესმა ილია II-მ და "სიხარულის მომნიჭებელი" უწოდა. ხატი სასწაულმოქმედი და მსწრაფლშემსმენელია.