როგორ შეხვდნენ შერეული ოჯახები აღდგომას - კვირის პალიტრა

როგორ შეხვდნენ შერეული ოჯახები აღდგომას

რამდენიმე დღის წინ მაღაზიაში პროდუქტების შესაძენად შესულს, მოლარის რიგში კარგა ხანს მომიწია დგომამ. რომ ვიფიქრე, ჩემი დროც მოვიდა-მეთქი, მარკეტში ათ წლამდე ასაკის ფერადკანიანი გოგონა შემოვიდა და გამყიდველს გამართული ქართულით მიმართა:„"დედამ დამაბარა, შესაღებად 20 კვერცხი გადამინახეო"... მოლარისგან ვიგებ, რომ დედით ქართველი და მამით ნიგერიელი 9 წლის ლაინი ამ მარკეტის ხშირი სტუმარია და განსაკუთრებით ჰყვარებია აღდგომის დღესასწაული. პატარა ლაინის მშობლები 10 წელია, თბილისში ცხოვრობენ. ქართულ-ნიგერიული ოჯახის მსგავსად,  ჩვენს ქვეყანაში ბევრი შერეული ოჯახი ცხოვრობს. ორი ერის, კულტურისა და  ტრადიციების გაერთიანებით, ხშირად მეუღლეები მრწამსსაც იცვლიან. ჩვენ დავინტერესდით, როგორ ხვდებიან შერეული ოჯახები საქართველოში აღდგომას.

"ერდოგანი ჩემ გამომოინათლა"

ნატალია დაჰკოშვილმა და ერდოგან თუმერმა ქართულ-თურქული ოჯახი ორი წლის წინ შექმნეს. ერდოგანმა მეუღლის სიყვარულით მრწამსი შეიცვალა და შარშან  მართლმადიდებლად მოინათლა. ახლა მისი ნათლობის სახელი გიორგია. წყვილმა შარშან დაიწერა ჯვარი. მათი სიყვარულის ისტორია კი ორი წლის წინ თურქეთში დაიწყო.

ნატალია დაჰკოშვილი: „- ორი წლის წინ თურქეთში წავედი სამუშაოდ. ერთ-ერთ ოჯახში დავიწყე მუშაობა, მაგრამ ორ თვეზე მეტხანს ვერ გავჩერდი. სადაც ვმუშაობდი, ერდოგანი მეზობლად ცხოვრობდა. პირველივე დანახვაზე მოვწონებივარ და მას შემდეგ მოსვენება არ მომცა. სადაც ვმუშაობდი, მათგან ტელეფონის ნომერი გაიგო,  ხან მირეკავდა და ხანაც ესემესებს მწერდა. საქართველოში მეუღლე და შვილი მელოდებოდა. წამოსვლის დღესაც არ დამანება თავი, ჩვენს ავტობუსს ბათუმამდე მანქანით მოჰყვებოდა. მე და ჩემს მეუღლეს დაძაბული ურთიერთობა გვქონდა. ამ ყველაფერს ფინანსური სიდუხჭირეც ემატებოდა და ჩამოსვლიდან ექვს თვეში დავშორდით. თურქეთში ნათესავები მყავს, ერდოგანმა მათგან გაიგო ჩემი მეუღლესთან დაშორების ამბავი და საქართველოში  ჩამოვიდა. ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ თავი ყველაზე ბედნიერ ადამიანად მეგრძნო. როდესაც დაოჯახება გადავწყვიტეთ, უნდოდა, ყველაფერი ოფიციალურად მომხდარიყო. თვითონ შემომთავაზა ჯვრის დაწერა. როდესაც გაიგო, რომ სხვადასხვა რელიგიის გამო ეს შეუძლებელი იყო, მონათვლის სურვილი გამოთქვა. სამსახურის გამო ხშირად უწევს თურქეთში წასვლა, თბილისში დაბრუნებული კი სამების ეკლესიაში მიდის ხოლმე. ანთებს სანთლებს და ღმერთს ჩვენს ჯანმრთელობას სთხოვს. ჩვენი საეკლესიო დღესასწაულებიდან განსაკუთრებით მოსწონს აღდგომის დღესასწაული. ერთად პირველად შარშან შევღებეთ კვერცხები და ძალიან მოეწონა. როგორც შარშან, წელსაც რაიონში ვიყავით წასული და აღდგომას იქ შევხვდით.“

"ბენიმ ფერადი კვერცხიწითელი კვერცხით ჩაანაცვლა"

თინათინ ყაჯრიშვილისა და ფლორიდელი ბენი ბეტლზის ოჯახური იდილია უკვე 15 წელია, გრძელდება. მიუხედავად იმისა, რომ ბენი პროტესტანტია და თინათინი მართლმადიდებელი, ოჯახში აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს ქართულად აღნიშნავენ.

თინათინ ყაჯრიშვილი: -„ამერიკაში სამწლიანი ცხოვრების მანძილზე ენდროს ვერსად ვშოულობდი და იქაური ტრადიციული ფერადი კვერცხებით ვხვდებოდით აღდგომას. საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ კი, ტრადიციულად, წითლად ვღებავთ. ბენის ძალიან უყვარს წითელი კვერცხი, პასქა. ძალიან მოსწონს ქართული კერძები, მათ შორის - ჩაქაფული, ხაჭაპური, ლობიანი. ყოველ აღდგომას კახეთში მივდივართ ხოლმე.

"წითელ პარასკევს კვერცხებსლესლი ღებავს"

ვანო მაჭავარიანმა და ვაშინგტონელმა ლესლი როჯერსმა 1998 წელს იქორწინეს. ლესლი პროტესტანტი იყო და ალავერდში მოინათლა. წყვილმა ჯვარი სვეტიცხოველში დაიწერა. ჰყავთ ორი შვილი, მარიამი და ალექსანდრე. 2004 წელს ქართულ-ამერიკული ოჯახი თბილისში დაბრუნდა საცხოვრებლად. ლესლისთვის ქართული ტრადიციები და საეკლესიო დღესასწაულები უკვე კარგად ნაცნობია, ვანოსთვის კი - ამერიკული.

ვანო მაჭავარიანი:  -„აღდგომას, ტრადიციულად, როგორც ყველა სხვა ქართული ოჯახი, ისე აღვნიშნავთ. პასქის გამოცხობის რა გითხრათ, მაგრამ წითელ პარასკევს კვერცხებს ლესლი ღებავს ენდროთი და ხახვის ფურცლებით. ამერიკაში კათოლიკურ და მართლმადიდებლურ აღდგომას აღვნიშნავდით. საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ, კათოლიკურ აღდგომაზე, ძირითადად, ჩვენი დიპლომატი მეგობრები გვეპატიჟებიან. წელსაც ქართულად, ტრადიციულად, მეგობრებთან ერთად აღვნიშნეთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული.

თორნიკე ყაჯრიშვილი