ძლევამოსილი და უძლეველი ზეციური მხედარი - გიორგობას გილოცავთ! - კვირის პალიტრა

ძლევამოსილი და უძლეველი ზეციური მხედარი - გიორგობას გილოცავთ!

დღეს 6 მაისია - გიორგობა. წმინდა გიორგი ეწამა 30 წლის ასაკში და ეკლესიის ისტორიაში შევიდა, როგორც ძლევამოსილი და უძლეველი ზეციური მხედარი. ეკლესია წმიდა გიორგის ხსენებას დღესასწაულობს ორჯერ: 6 მაისს – წმიდანის აღსრულების დღესდა 10 ნოემბერს – მისი ბორბალზე წამების დღეს. (ამ უკანასკნელ დღესასწაულს ქართულადაც მოიხსენიებენ, რადგან საქართველოში დაწესდა და  გადავიდა სხვა ეკლესიებში.

გილოცავთ ყველას ამ წმინდა დღესასწაულს და რამდენიმე ამბავს შემოგთავაზებთ:

ბოჭორმის წმინდა გიორგი

ძველად მშვენიერ ვაჟკაცზე იტყოდნენ ხოლმე, - ბოჭორმის წმინდა გიორგის ჰგავსო. მართლაც მშვენიერია და დიდებული ბოჭორმის წმინდა გიორგის ხატი. 1800 წელს მეფე გიორგი XII ტფილისელ გაბრიელ ოქრომჭედელს თელავში ბოჭორმის წმინდა გიორგის ხატის პერანგს აახლებინებდა. ეს ხატი თელავში, წმინდა ქეთევან დედოფლის ეკლესიაში, ესვენა და მისი მეოხებით სნეულნი და ეშმაკეულნი იკურნებოდნენ. მკერდზე ვერცხლი აჰყარეს და გამოჩნდა წმინდა მთავარმოწამე გიორგის მკლავი. არავინ იცოდა, რომ იგი ხატში ესვენა. როცა ხატის გაახლება დაასრულეს და წმინდა ნაწილი ისევ ხატში, ძველ ადგილას ჩააბრძანეს, "ჟამსა ამასვე მოეფინა მშვიდობა საქართველოსა ზედა".

ბოჭორმის წმინდა გიორგის ეკლესია მდინარე ივრის მარცხენა ნაპირას, მაღალ მთაზე მდებარე ბოჭორმის ციხის შიდა ეზოში დგას. ეკლესია თარიღდება X საუკუნით.

ალავერდის წმინდა გიორგის სასწაულები

ბათო ყაენმა მეფე დავით-ულუ ურდოში იხმო. წასვლის წინ დავითმა სამეფოს განმგებლად დედოფალი ჯიგდა-ხათუნი და თავისი ერთგული მესტუმრე ჯიქური დატოვა. დაუგვიანდა მეფეს დაბრუნება. გამოგზავნა თხოვნა - სამეფოს თითოეული გოჯი მიწა თითო კაცს შეავედრა. კახეთი პანკისელ თორღვას ჩააბარა და უბრძანა, დედოფლის ნებას დამორჩილებოდა. თორღვამ იფიქრა, მეფე აღარ დაბრუნდებაო და კახეთი დაიჩემა. აღარც დედოფალს ემორჩილებოდა და აღარც ჯიქურს.

შეიწყალა ყაენმა მეფე დავითი და სამშობლოში დიდი პატივით წარმოგზავნა. ჰერეთს რომ მოაღწია, შეეგებნენ ქართლის დიდებულები, ყველა თორღვას გარდა - შეშინებულს პანკისისთვის შეეფარებინა თავი.

დაბრუნდა მეფე. მრავალჯერ მოუწოდა თორღვას, მაგრამ ის გამოჩენას ვერ ბედავდა. ჯიქურმა ხერხი იხმარა: ერთი ხორნაბუჯელი მიუგზავნა თორღვას. მომენდე და მეფესთან წაგიყვანო, - უთხრა ხორნაბუჯელმა. თორღვამ - ალავერდის წმინდა გიორგის წინაშე შემომფიცეო. მივიდნენ წმინდა ხატთან. თორღვამ თქვა: - რასაც მოაწევ ჩემზე, ის გიყოს წმინდა გიორგიმ, რამეთუ მარტო ვარ ამ ქვეყანაზე და ჩემი სიკვდილით უმკვიდრო იქმნების მამული ჩემი, თუ მიღალატებ, უმკვიდრო ჰყოს წმინდა მთავარმოწამემ შენი სახელიცო. შეჰფიცა ხორნაბუჯელმა, მაგრამ ტაბახმელას რა მოაღწიეს, შეიპყრო ჯიქურმა თორღვა და დედოფლის თანხმობით, მეფის უცოდინრად, კლდეკარს კლდიდან გადმოაგდო.

ფიცის გატეხისთვის კი სამაგიერო მიეგო ხორნაბუჯელს: მის ძეს, შალვას, რომელსაც მრავალი შვილი ჰყავდა, ყველა უეცრად დაეხოცა, თვით შალვა თათრებმა გამოასალმეს სიცოცხლეს, ხორნაბუჯელი კი ჯავრს გადაჰყვა. ჯიქურს რამდენიმე წლის შემდეგ ცილი დასწამეს. მეფე დავითმა ის სიმართლის გამოუძიებლად დაახრჩობინა მტკვარში და "არავინ იპოვა დამფლველი მისი, რამეთუ არ ესვა შვილი".

ალავერდის წმინდა გიორგი

აღა-მაჰმად-ხანმა 1797 წელს შუშის ციხე დაიპყრო და ქართლის ერთიანად განადგურება განიზრახა. შეძრწუნდნენ კახნი და მიუვალ ადგილებში იწყეს გახიზვნა.

ალავერდობა იყო. ანტონ კათოლიკოსი, მეფე ერეკლეს ძე, ალავერდში ბრძანდებოდა. ჩამოასვენეს წმინდა გიორგის დიდი ხატი - გადამალვას უპირებდნენ, მაგრამ ბუდეში არა და არ ჩასვენდა. განკვირდნენ სამღვდელონიც და ერისკაცნიც... ამ დროს მოვიდა მახარობლად დიმიტრი გურამიშვილი და მეფეს აღა-მაჰმად-ხანის სიკვდილი აუწყა - მრისხანე მბრძანებელი ღამით მისსავე მსახურებს მოეკლათ.

ასე გადარჩა კახეთი აოხრებას, ხოლო კათოლიკოსმა

ანტონმა ხატის ზურგი მოაჭედვინა და ზედ წააწერინა ეს სასწაული - გადარჩენა სრულიად საქართველოსი.

სარკის (სარყის) წმინდა გიორგი

ლეგენდის მიხედვით, ქარელში, სოფელ საღოლაშენთან არის დედოფლის მინდორი და "დასასრულად" წოდებული ადგილი, რაც წმინდა, შენახულ ადგილს ნიშნავს. აქ გლეხი არ ხნავდა და არც საქონელს უშვებდა. დაცვისა და ხელშეუხებლობის ნიშნად ამ მდელოს ხნულს ავლებდნენ ანუ სარყავდნენ. ერთ-ერთი სარყვისას დაღლილ გუთნისდედას ჩასძინებია და საკვირველი ჩვენება უხილავს. გამოღვიძებულს არავისთვის უთქვამს, მხოლოდ ღვთისაგან მითითებულ ნიშანს ელოდა, რომელსაც ხვნა უნდა შეეფერხებინა. მართლაც, მალე გამოჩნდა თურმე უღლეული, რომელიც ერთ ადგილას შეფერხებულა. მეხრეს გასაფიცხებლად ხარებისთვის შოლტი გადაუკრავს, თან გუთნის შემაფერხებელი მცენარეთა ფესვები შეუკურთხებია და მაშინვე უსულოდ მიწას დანარცხებია.

ენიშნა გუთნისდედას სიზმარეული ჩვენება, გაუთხრიათ ის ადგილი. დიდმოწამე გიორგის ქვაში ნაკვეთი ხატი გამოჩენილა. აქ, "დასარყულ" მინდორზე, დღესაც დევს წმინდა გიორგის ქვის ხატი. სწორედ მასზე ეუწყა გუთნისდედას სიზმარეულ ჩვენებაში: ამოებრძანებინა ის, ურმით ხარებისთვის გაეტანებინა და ღვთის ნებით, სადაც დაღლილი ხარები დაწვებოდნენ, იქ აეგოთ დიდმოწამე გიორგის სახელობის ეკლესია. უღლეულმა თრიალეთის ქედს მიაშურა. ეკლესიის შუა გზაზე, საჯვარედ წოდებულ ადგილზე შეჩერებულა, მუხლის ქარი ამოუღია და გზა გაუგრძელებია (დღეს აქ მორწმუნენი ჩერდებიან, რათა ძალამოკრებილნი შეუდგნენ ეკლესიისკენ აღმართს), ბოლოს, მთის კენწეროზე ხარები არაქათგამოცლილნი დაწოლილან. ამ ადგილას სამი მონაზონი მოსულა, ღვთის შემწეობით აუგია სარყის წმინდა გიორგის ეკლესია და მონასტერი დაუარსებია. ჟამთა სიავით ათეული წლობით შეფერხებული ღვთისმსახურება მაღალყოვლადუსამღვდელოეს ურბნისისა და რუისის მიტროპოლიტ იობის ლოცვა-კურთხევით აღდგა. განახლდა სარკის წმინდა გიორგის ეკლესია, ამოქმედდა მამათა მონასტერი.

ერთხელ ყიფიანებს ცხვარი მიუყვანიათ სარკის წმინდა გიორგის ეკლესიაში. ტრადიციისამებრ, ცხვარი ტაძრისათვის უნდა შემოეტარებინათ.

ჭედილა გაჰქცევიათ და 3 კმ-ით დაშორებული ყინწვისის ეკლესიისკენ წასულა. ცხვარს სამჯერ გარს შემოუვლია ტაძრისთვის და კვლავ სარკის ეკლესიისკენ წასულა. ეკლესიის კარებთან წინა ფეხებით დაჩოქილს თავი მიწაზე დაუდვია. ამის ხილვით შეძრული ხალხი შემოქმედს განადიდებდა და უფალს მადლობდა, რომელმაც პირუტყვის მიერ განსწავლა მცირედ მორწმუნენი თავმდაბლობასა და ღვთისმორჩილებაში.

თანამედროვე სასწაულებზე ჰყვება სარკის წმინდა გიორგის სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვარი სქემიღუმენი გიორგი (ედილაშვილი): - სარკის წმინდა გიორგი განსაკუთრებით შეეწევა უშვილოებს. შვილის შეძენის შემდეგ მადლიერი ოჯახის წევრები მონასტერში შესაწირავით მოდიან ხოლმე. ყველაზე დიდი შესაწირი - მადლიერებაა. ერთ მრევლთაგანს წმინდა გიორგისთვის უთხოვია, ფეხით გეახლებით და შვილი მოგვეციო. მართლაც, სოფლიდან მონასტრამდე ფეხით ამოვიდნენ. მიეცათ შვილი. ერთი სიმსივნით დაავადებული მანდილოსანი ვანუგეშე და ვურჩიე, წმინდა გიორგისთვის შეწევნა ეთხოვა. თვალცრემლიანი ლოცულობდა და წმინდა გიორგის განკურნებას სთხოვდა. რამდენიმე ხანში გერმანიიდან ანალიზის პასუხი მოუვიდა - ჯანმრთელი აღმოჩნდა. რამდენიმე თვის შემდეგ ისევ მოვიდა მონასტერში. ამჯერად წმინდა გიორგის შვილიერებას სთხოვდა. ორი თვის შემდეგ მახარა, - შვილს ველოდებიო. ეს მართლაც ღვთის სასწაული და წყალობაა.

მრავალძალი

მრავალძალის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია რაჭაში, სოფელ მრავალძალის ახლოსაა. ტაძარი თავიდანვე წმინდა გიორგის სახელობის ყოფილა, ხოლო თუ რატომ ეწოდა "მრავალძალი", გვამცნობს 1894 წელს გაზეთ "ივერიაში" გამოქვეყნებული სტატია: "გადმოცემა მოგვითხრობს, რომ თამარის მეფობის შემდეგ ოსმალეთის ჯარმა საქართველოზე გაილაშქრა, სოფელ მრავალძალთან მისვლა და მისი ამუსვრა გადაწყვიტა. როდესაც სოფელს ორ ვერსზე მიუახლოვდა, ერთბაშად დაბნელდა, ნისლ-ბურუსის ზეწარი გადაეფარა არემარეს და ჯარი ვეღარაფერს ხედავდა. ოსმალებს აერიათ გზა-კვალი. უგზო-უკვლოდ ხეტიალში მიუახლოვდნენ უზარმაზარ ჭოლევის კლდეს, რომლის ძირში, ერთი ალაგას, ჭაობიანი ტბა არის... ეს კლდე სარტყელივით აკრავს სოფელს. ჭოლევის კლდიდან რამდენიმე ჯარისკაცი გადავარდა და რადგანაც თვალით ვეღარას ხედავდნენ, ბევრი გადაჰყვა ერთიერთმანეთს. შედგნენ და დაუწყეს გზას ფრთხილად სინჯვა; აღმოჩნდა, რომ გადასდგომოდნენ ზემოხსენებულს კლდეს და იღუპებოდნენ. აღარ იცოდენ, საით გაბრუნებულიყვნენ. იფიქრეს, - სწორედ ღვთის განგებააო, აქ წმინდა გიორგის სალოცავი უნდა იყოსო.

ოსმალოს ჯარმა, დაიწყო ლოცვა: - დაგვიხსენ, ამ განსაცდელისაგან, ვევედრებით შენს დიდებას, დავსდებთ აღთქმას, და სადამდინაც შენი ზარის ხმა მიაღწევს, იქ ჩიტსაც არ ავაფრენთო. ამ ლოცვის შემდეგ ერთბაშად გადაიყარა ჯანღმა და მრავალძლის არემარესაც მოეფინა დღის სინათლე. ჯარისკაცებმა გადაიხედეს და როდესაც დაინახეს ცოტა მოშორებით საყდარი, მივიდნენ ეკლესიასთან. ერთი დღე და ღამე ამ ეკლესიის გალავანში დაჰყვეს და შესთხოვეს, -"წმინდა გიორგი ძლიერო, რადგანაც გადაგვარჩინე ამ განსაცდელს, დაგვიხსენი და რადგან ეგრეთი სასწაულთმოქმედი ხარ, ჰქმენ სასწაული და ამ შენს გალავანში მოიყვანე ის ფური და ხარი, რომელიც ზღვის პირზედ დაგვიტოვებია, უფრო მეტად დაგვიმტკიცე შენი ძლიერებაო.

ამავე ლეგენდის თანახმად, იმ ადგილას ამ უზარმაზარი ხარისა და ფურის მოკვლა არავის შეეძლო. გადმოცემით, უფლის ძალით, ორივე ეკლესიასთან გაჩნდა და ადვილად დანებდა ჯარს დასაკლავად. ოსმალებმაც დაკლეს ცხოველები, ხოლო სასწაულის აღსანიშნად მათი მარჯვენა რქები ვერცხლით შეაჭედვინეს და მრავალძლის ეკლესიას შესწირეს. ეს რქები დღესაც ამ ეკლესიაში ინახება ძველის ვერცხლით შეჭედილი.

ამდენი სასწაულის მნახველმა ოსმალეთის ჯარმა უწოდა ამ ეკლესიას მრავალძალი, ანუ მრავალძლიერი. ამის გამო სოფელსაც ეს სახელი დაერქვა. ნახსენებ ყანწებს ხმარობენ ეკლესიაში დღეობისას, აგრეთვე ქორწილში. ყანწები ფერათ წითელის სისხლივით არიან. ბევრს არა სჯერა, რომ ყანწები ბუნებით არის წითელი. ხალხი იმ აზრისაა, რომ როდესაც იმ ყანწებით ღვინოს სვამს ვინმე, უსათუოდ ფეხზედ უნდა წამოდგეს ქუდი მოიხადოს, პირჯვარი დაიწეროს, სამჯერ ემთხვიოს ყანწს, და ისე დალიოს, თუ ასე არ მოიქცა, ვერ გამოცლის."

XIX საუკუნეში, ტაძრის გადიდებისას, დასავლეთ კედელზე, ტაძრის კარიბჭის თავზე, გამოუსახავთ ხარისა და ძროხის თავები.

მრავალძალის წმინდა გიორგის ეკლესიაში არაერთი ისტორიული ნივთი ინახებოდა. სამწუხაროდ, 1934 წლის გაზაფხულზე ეკლესია გაძარცულა. მკვლევარ გიორგი ბოჭორიძის ცნობით, ყაჩაღებს მთელი ვერცხლეული წაუღიათ. გადარჩენილა ჯალალ-ედ-დინის მუზარადი, გაძარცული შაჰ-აბასის ხმალი და ქარახსები (ყანწები)...

კახაბერ კენკიშვილი