"საქართველოს სიყვარული ჩვენგანაც ისწავლეთ" - კვირის პალიტრა

"საქართველოს სიყვარული ჩვენგანაც ისწავლეთ"

"ერთი ფერეიდნელი ახალგაზრდა საქართველოში ჩამოსულა და აჭარაში, საბაჟოზე, ვიზა არ მიუციათ, - ვერ შეგიშვებთო. მაშინ 2 წუთით გადამიშვით, მიწას ვაკოცებ და გამოვბრუნდებიო... მებაჟეს შერცხვენია და 10-დღიანი ვიზა მიუცია..."

ფერეიდნელი ქართველების განცხადებამ, ქართული ენის შესწავლასთან დაკავშირებით, საზოგადოება დააინტერესა. ფერეიდნელები თხოვნით მიმართავდნენ ქართველებს, გაეგზავნათ დაწყებითი კლასის ქართული სახელმძღვანელოები. დემოგრაფიული განვითარების ფონდის ხელმძღვანელ ზვიად ტომარაძის თაოსნობით წიგნები შეგროვდა.

- ფერეიდნელი ქართველების გასაჭირი მნიშვნელოვანია ჩვენთვის, ამიტომ გადავწყვიტეთ, მათთვის ქართული წიგნები ჩაგვეტანა.

გაზეთმა "კვირის პალიტრამ"და გამომცემლობა "პალიტრა L"-მა 160 წიგნი - ქართველი კლასიკოსების ნაწარმოებები და ქართული ზღაპრები გადმოგვცა. წიგნები მოგვიტანეს მოქალაქეებმაც. სამწუხაროდ, განათლების სამინისტრო ვერ დაგვეხმარა, მაგრამ დაგვპირდა, ფერეიდნელებისთვის საგანგებოდ დავბეჭდავთ წიგნებსო.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროშიც და ირანის საელჩოშიც ჯერ მითხრეს, საზღვარზე ქართული წიგნების გადატანა არ დაბრკოლდებაო, მაგრამ მერე შეყოყმანდნენ, - შეიძლება ირანში ქართული წიგნებით არ გადაგიშვანო. მიუხედავად ამისა, მაინც გავემგზავრე თეირანში. გამიმართლა: იმ დროს წიგნების საერთაშორისო ფესტივალი იყო და ამას მივაწერე ჩემი ქართული წიგნებით ჩასვლა. ფესტივალში მონაწილეობა მივიღე და ქართული წიგნებიც დავტოვე. შემდგომ გავემგზავრე ფერეიდანში და შევხვდი იქაურ ქართველებს.

- რა პრობლემები აქვთ მათ დღეს?

- ცუდად არ ცხოვრობენ, თუმცა ხელისუფლება სათანადო ყურადღებას მაინც ვერ აქცევს - ხშირად აბუჩად იგდებენ, მათ თხოვნა-განცხადებებს არ ითვალისწინებენ, ვერც სრულფასოვან განათლებას იღებენ, განსაკუთრებით ისინი, ვინც ქართულ გვარებს ატარებენ. ერთ-ერთ ფერეიდნელს ვკითხე, - როგორ ასწავლით ბავშვებს ქართულს-მეთქი და მითხრა:

ბავშვი რომ მეკითხება რაიმეს სპარსულად, არ ვპასუხობ. სხვა გზა არ რჩება და ქართულად მელაპარაკებაო.

პრობლემური გახდა ვიზის აღება. ერთ-ერთმა ფერეიდნელმა შემომჩივლა,

აგვისტოს ომის დროს ბევრს უნდოდა საქართველოში საომრად წასვლა,  მივმართეთ საქართველოს საელჩოს, მაგრამ უარი მივიღეთ - არ არის საჭირო თქვენი ჩარევაო... არადა ჩვენი წინაპრების მიწის დაცვა გვინდოდა.

ფერეიდნელმა ქართველებმა შემოთვალეს, საქართველოს სიყვარული ჩვენგანაც ისწავლეთო.

- ქართულანბანიანი ძეგლის აღებამ ძალიან შეაწუხა ფერეიდნელი ქართველები.

- ქართველმა ფერეიდნელებმა ეს ძეგლი ქართული ანბანისადმი მოწიწების ნიშნად აღმართეს (სამწუხაროდ, ეს უნებართვოდ გაკეთდა). ძეგლის დემონტაჟისას ურთიერთობა დაიძაბა ფერეიდნელ ქართველებსა და ბაჰთიარებს (ირანული ტომი, ავტ.) შორის. საბედნიეროდ, პოლიციამ ვითარება დროულად განმუხტა...

ფერეიდანში მეორე საქართველო ვნახე. უმრავლესობა მხოლოდ ქართულ სიმღერებს უსმენს, ტელეფონშიც ქართული შრიფტი აქვთ, შინაც შეძლებისდაგვარად ქართულად ლაპარაკობენ. დამშვიდობებისას აუცილებლად გეტყვიან, - ღმერთს ებარებოდეო...

საქართველოში ფერეიდნელების 10% თუ იქნება ნამყოფი. ერთი ახალგაზრდა გავიცანი, რომელიც შარშან ჩამოსულა, აჭარაში, საბაჟოზე, ვიზა არ მიუციათ, - ვერ შეგიშვებთო. ფერეიდნელს უთქვამს, მაშინ 2 წუთით გადამიშვით, მიწას ვაკოცებ და გამოვბრუნდებიო... მებაჟეს შერცხვენია და 10-დღიანი ვიზა მიუცია...

ჩემი ფერეიდნელი მასპინძელი, ჰამლეტ (ჰადი) ლაჩინაშვილი ოჯახთან ერთად შარშან საქართველოში ჩამოსულა. წასვლისას ჰადის ვაჟს მამისთვის ტირილით უთქვამს, - თქვენ წადით და მე აქ, ჩემს სამშობლოში დამტოვეთო.

ბევრი ტკივილის და წვალების მიუხედავად, ფერეიდნელი ქართველები დღეს საქართველოს ნატვრით და სიყვარულით აგრძელებენ ცხოვრებას.

ეკა გადახაბაძე