სულთმოფენობა - 31 მაისი - სულიწმიდის გარდამოსვლის დღე
25-05-2015
სულთმოფენობა - 31 მაისი - სულიწმიდის გარდამოსვლის დღე
აღდგომიდან ორმოცდამეათე დღეს ეკლესია აღნიშნავს სულთმოფენობის დღესასწაულს, სულიწმიდის გარდამოსვლის დღეს. ეს დღე ითვლება ქრისტეს ეკლესიის დაარსების დღედაც.
ამაღლების შემდეგ მოწაფეები იერუსალიმში დაბრუნდნენ. ისინი ერთად ელოდებოდნენ დაპირებული ნუგეშისმცემლის - სულიწმიდის - მოვლინებას. და აი, ამაღლებიდან მეათე დღეს, დილის ცხრა საათზე, იერუ­სალიმში ამოვარდა უცნაური ქარი, ციდან გარდამოვიდა ღვთაებრივი ცეცხლი და მოწაფეებს ცეცხლის ენების სახით დაადგა თავზე. მოწაფეებმა საოცარი ძალით დაიწყეს ქადაგება სხვა­დასხვა ენაზე.

სულიწმიდის მადლი ქრისტეს 12 მოწაფეზე გადმოვიდა, მაგრამ უკვე პირველ
დღეს წმ. პეტრე მოციქულის პირველივე ქადაგებამ 3000 ადამიანი მოაქცია.

სულთმოფენობის დღესასწაულზე, რომელიც ასევე თორმეტთაგანია, აღდგომიდან ორმოცდამეათე დღეს ტაძრებში საზეიმო წირვა-ლოცვა სრულდება; წირვის შემდეგ იკითხება მუხლმოდრეკის ლოცვები, რა დროსაც პირველად იყრიან მუხლს აღდგომის დღესასწაულის შემდეგ. ამ დღეს ქრისტიანები ასევე პირველად ამბობენ სულიწმიდის მოწვევის ლოცვას - მეუფეო
ზეცათაო...

სულთმოფენობის დღესას­წაულს მეტად ღრმა სიმბოლური მნიშვნელობა აქვს: როდესაც წმინდა წინასწარმეტყველი მოსე ებრაელებს ეგვიპტიდან გამოუძღვა, მან ისინი მეორმოცე დღეს სინას წმინდა მთასთან მიიყვანა, ხოლო ორმოცდამეათე დღეს მისცა ღვთაებრივი სჯული ძველი აღთქმისა. აქედან მოყოლებული, დღე სჯულის მიღებისა ებრაელებისათვის უდიდესი ყოველწლიური დღესასწაული იყო, რომლის დროსაც იერუსალიმში მთელი მაშინდელი მსოფლიოდან თითქმის ყველა ებრაელი იკრიბებოდა.

ღმერთმა სწორედ ამ დღეს მოუვლინა მოწაფეებს სულიწმიდის მადლი, რაც ძველი სჯულის ახლით შეცვლის ნიშანი იყო. ეს დღე ქრისტეს ეკლესიის დაარსების დღედ ითვლება.

ტრადიციულად, სულთმოფენობის დღესასწაულზე ეკლესიები მწვანით უნდა შეიმოსოს. ტაძარი შიგნიდან ირთვება ყვავილებით, ფოთლებითა და აყვავებული ტოტებით; ძირს ეფინება რაც შეიძლება ბევრი ბალახი. მორწმუნეები წირვაზე მიდიან ყვავილის ლამაზი თაიგულებით; შუაში დამაგრებულია ანთებული სანთლები, რომლებიც წირვის შემდეგ იკურთხება. ეს ყველაფერი საოცარი სანახაობაა. ტაძრის მწვანით შემოსვის ტრადიციაც ძველი აღთქმიდან მოდის: ებრაელები სჯულის მიღების დღესასწაულზე უფალს მადლობის ნიშნად ტაძარში პირველ ნაყოფს­ სწირავდნენ.

იგულისხმება, რომ სულიწმიდის მადლი ამ სიმწვანეზე გადმოდის, რის გამოც მორწმუნეები­ ტაძარში დაფენილ სიმწვანეს, ბალახებს მთელ წელს ინახავენ - ამ ბალახის ნახარშს კურნების სასწაულთმოქმედი ძალა აქვს.
შევთხოვოთ უფალს - სულიწმიდას, რომ მოგვმადლოს ნიჭი სიკეთისა, სიყვარულისა, სიმდაბლისა, სარწმუნოებისა, სიმშვიდისა, ლოცვისა, მარხვისა, მიტევებისა და მოთმინებისა... შევთხოვოთ სულიწმიდას საქართველოს გამთლიანება, გაძლიერება, საქართველოში სიყვარულისა და მშვიდობის დამკვიდრება...
წმიდა წერილის ეჭვიან მკითხველს, კითხვაზე - რატომ მოივლინა სულიწმიდა ცეცხლის სახით

წმინდა მღვდელმთავარი ნიკოლოზ სერბი (ველიმიროვიჩი):
- როდესაც უფალი იორდანეში ინათლებოდა, სულიწმიდა მტრედის სახით მოივლინა. მოივლინა არა იმისთვის, რომ მასში რამე შეევსო, არამედ იმისთვის, რომ სიმბოლურად მიეთითებინა იმაზე, რასაც იგი ფლობდა, - თვინიერებაზე, სიწმინდესა და სიმშვიდეზე. აი, რისი სიმბოლოა მტრედი. ხოლო, როცა მოციქულები ქრისტეს აღდგომიდან ორმოცდამეათე დღეს შეიკრიბნენ, სულიწმიდა მათზე ცეცხლის სახით გარდამოვიდა: გარდამოვიდა, რათა რაღაც განედევნა მათგან, რაღაც კი შეეტანა მათში. განედევნა ცოდვა, უძლურება, შიში და სულიერი უწმიდურება, ხოლო - მიენიჭებინა ძალა, სინათლე და სითბო. ცეცხლი სიმბოლურად ამ სამობის აღმნიშვნელია: ძალა, სინათლე და სითბო. შენც იცი, რა ძლიერია ცეცხლი, როგორ ათბობს და ანათებს­ იგი. მაგრამ, როცა სულიწმიდაზე ლაპარაკობ, ერიდე, რათა არ წარმოიდგინო ეს სხეულებრივად, არამედ - სულიერად. ასე რომ, საუბარია სულიერ ძალაზე, სულიერ ნათელზე, სულიერ სითბოზე, რაშიც იგულისხმება ნებისყოფა, გონების სინათლე, სითბო. ამ სულიერი საჭურვლით შეაიარაღა სულიწმიდამ ქრისტეს მებრძოლნი ამა სოფლის წინააღმდეგ, რომელთაც მასწავლებელმა აუკრძალა ნებისმიერი ფიზიკური იარაღი, თვით ჯოხიც კი.

რატომ მოივლინა ცეცხლოვანი ალი მოციქულთა თავზე ენების სახით? იმიტომ, რომ მოციქულებს ენით უნდა ეუწყებინათ ხალხისთვის კეთილი, სასიხარულო ამბავი - ჭეშმარიტებისა და ცხოვრების სახარება, სწავლება მონანიებისა და პატიებისა. სიტყვით უნდა ესწავლებინათ, სიტყვით განეკურნათ, სიტყვით ენუგეშებინათ, სიტყვით ერჩიათ და ემართათ, სიტყვით შეექმნათ ეკლესია. დაბოლოს, სიტყვით დაეცვათ თავი. რამეთუ უქადაგა და უწინასწარმეტყველა მათ მაცხოვარმა, არ შეშინებოდათ მჩაგვრელების და არ ეზრუნათ, თუ რა ეპასუხათ სამსჯავროზე: "არა თქუენ ხართ მეტყუელნი, არამედ სულიწმიდა?" (მარკ. 13,11). და იყო კი შესაძლებელი, ჩვეულებრივი ადამიანური ენით უდიდესი და სასიხარულო ამბის ხარება - რაც კი ოდესმე მისწვდენია ადამიანების ყურს: ცნობა იმის შესახებ, რომ უფალი მოევლინა ადამიანებს მიწაზე და განუხვნა მათ კარნი უკვდავებისანი? განა ადამიანისა და მოკვდავი ადამიანური ბუნებისაგან იყო შესაძლებელი, დაღვრილიყო ეს ცხოველმოქმედი ბალზამი რომის იმპერიისა და სამყაროს მკვდარ სხეულზე? არა, არასოდეს. მხოლოდ ცეცხლოვანი სულიწმიდისაგან, რომელიც წმინდა მოციქულთა ბაგეებით აფრქვევდა მიწიერ წყვდიადში ზეციურ ნაპერწკლებს­. მაგრამ შენ, ადამიანისშვილო, ნუთუ არასოდეს გიგრძნია შენში სული უფლისა? ნუთუ არასოდეს გაუსხივოსნებიხარ უდიდეს და უბრწყინვალეს აზრს, უთქმელ სიტყვას სულიწმიდისას? ნუთუ არასოდეს აღძრულა შენს გულში უეცრად, როგორც ქარი, სიყვარული შემოქმედისადმი და არ დაგდენია თვალთაგან ცრემლი?

მიენდე უფლის ნებას, ყურადღება მიაქციე იმას, რაც შენს სულში ხდება და შენ შეიცნობ ორმოცდამეათე დღის სასწაულს, რაც მოციქულებს გადახდათ. მშვიდობა შენ და ნუგეში სულიწმიდისაგან.

რედაქტორის რჩევით