მარხვა სულის ზეიმია - კვირის პალიტრა

მარხვა სულის ზეიმია

ერთმა ახალგაზრდა ბერმა მამა გაბრიელს (ურგებაძე) ჰკითხა, - მარხვა რა არისო. მამა გაბრიელმა მას თავისი დაფარული ცოდვები გამოუცხადა. ატირდა დიდი მოძღვრისა და საკუთარი სინდისისგან მხილებული ბერი, - "მოდი, ახლა პური ვჭამოთო", - შესთავაზა მამა გაბრიელმა. "რას ამბობ, მამაო, - ამოიკვნესა ბერმა, - სადღა მაქვს ჭამის თავიო". "აი, ეგ არის მარხვაო", - მიუგო ბერმა.

გასულ კვირას მართლმადიდებელი ქრისტიანები შეუდგნენ წმინდა დიდმარხვას, რომელიც ორმოცი დღე გრძელდება. დიდმარხვა მზადებაა ვნების კვირის შესახვედრად, რათა მარხვითა და ლოცვით შეძლებისდაგვარად განწმენდილი ქრისტიანის სული თანაზიარი გახდეს უფლის მიწიერი ცხოვრების უკანასკნელი დღეებისა. ვინც ღირსეულად განლევს ვნების კვირასაც, სრულად შეიგრძნობს უფლის ბრწყინვალე აღდგომის დღესასწაულის სიხარულს.

გვსურს მაგალითად დაგისახოთ რამდენიმე ამბავი ქრისტიანთა მარხვისა:

...მამა იერონიმე ეგინელი (+1966) გვასწავლის: იმარხულეთ შეძლებისამებრ, ზომიერად, ისე, როგორც ჯანმრთელობა შეგაძლებინებთ. უზომო, დაე, მხოლოდ სიმდაბლე გქონდეთ. გამოიწრთეთ სხეული, რომ ასი წელი იცოცხლოს, სულისთვის კი ისე იზრუნეთ, თითქოს ხვალ უნდა აღესრულოთ.

...ბოლშევიკების საკონცენტრაციო ბანაკებგამოვლილი მამა სებასტიანე (ყარაღანდელი, +1979) იგონებდა, - არც ციხეში ვარღვევდი მარხვას. თუ მარხვის დღეს ხორციან ბალანდას მოგვიტანდნენ, პურის ნატეხში ვცვლიდიო. "როცა მარხვას უმიზეზოდ არღვევ, - ამბობდა იგი, - მოვა დრო და ავადმყოფობა დაგატყდება თავს. აი, მაშინ კი, გინდა თუ არა, მოგიხდება მარხვის შენახვა, ღმერთი დაუშვებს ამას შენი ცოდვების გამო".

...ქართველთა მეფე, წმინდა ლუარსაბი, შაჰ-აბასმა სპარსეთს იხმო. ერთ დღეს სანადიმოდ მიიწვია.

შაჰი და მისი მეინახენი თავაწყვეტილად ღრეობდნენ. დიდმარხვა იდგა. სპარსეთის მბრძანებელი ლუარსაბს აიძულებდა, თევზი ეჭამა. მან მიუგო:

"წმინდა მამების განწესებით, არ შეიძლება წმინდა დიდმარხვის დღეებში თევზის ჭამა (როგორც იცით, თევზით ხსნილი მხოლოდ ბზობას და მის წინადღეს არის. - კ.კ.), ამიტომ ვერ დავარღვევ მათ დადებულ საზღვარს. შენს ნებას რომ დავყვე და თევზი ვიხმიო, ხორცის ჭამასაც მაიძულებ.

მირჩევნია, მოვკვდე, ვიდრე სარწმუნოებას ვუღალატო". მყისვე გაეცალა სუფრას და თავის კარავს მიაშურა, დილით კი შაჰის ბრძანებით დააპატიმრეს.

წმინდა ლუარსაბი მარხვასა და ლოცვას მიეცა და ბოლოს, მოწამებრივად აღესრულა.

...დიდად მოღვაწე მამა იყო ილარიონ გარეჯელი, უყვარდა მდუმარება, მარხვა და ლოცვა. ერთხელ შეიტყო, დღეში ერთხელ ჭამა მონაზონთა წესია, ორჯერ - ერისკაცთა, სამგზის ყრმათა, მრავალგზის მხოლოდ პირუტყვნი ჭამენო და მას შემდეგ მარხვაში დღეგამოშვებით, ერთხელ, მწუხრის ჟამს იღებდა საზრდელს, ისიც უღვინოდ. მამა ილარიონი, რომ გარდაიცვალა, მის სენაკში კეთილსურნელება დატრიალდა.

...წმინდა გრიგოლ ხანძთელი მარხვით იზრდებოდა. დიდმარხვაში მხოლოდ უმ ყვავილოვან კომბოსტოზე გადაივლიდა, სხვა დროს კი დღეში ერთხელ პურსა და წყალს იღებდა. წმინდა მამა "გარდარეულად დაბერდა" - 102 წლისა გახდა, მაგრამ არც სახის ფერი შესცვლია, არც თვალთ დაჰკლებია და სიკვდილამდე არ დაუძლურებულა, რადგან ძალი ქრისტესი იყო გამაძლიერებელი მისი.

...ათონელ ღირს მამას, ჰაჯი-გიორგის (+1886) ერთხელ წმ. ნიკოლოზი გამოეცხადა და უთხრა: "ოთხშაბათსა და პარასკევს მე ძუძუსაც არ ვწოვდი, დღევანდელ რუსეთში კი მარხვას არ ინახავენ, ამიტომაც მოიწევა მათ თავზე უამრავი განსაცდელი, ბევრ რუსს ვეხმარები, მაგრამ ისინი უწესოდ ცხოვრობენო".

...მამა ვიტალი (სიდორენკო, +1992) მარხულობდა, რომ საქართველოში სამოქალაქო ომი შეწყვეტილიყო და ქართველებს ერთმანეთის სისხლი აღარ დაეღვარათ. დღეებს მდუმარებაში, მარხვასა და ლოცვაში ატარებდა, ხშირად პურსა და წყალზეც უარს ამბობდა. ერთგან წერს: - არაფერი ისე არ მოულბობს უფალს გულს მოქცეული ცოდვილის მიმართ, როგორც მარხვა. ამას გვასწავლის ნინევიელთა მაგალითიო.

...ძმები, ხორციელთან ერთად, სულიერ მარხვასაც გვირჩევენ. ერთმა სკიტელმა ბერმა დაინახა, რომ მამა აქილამ პირიდან სისხლის კოშტი წამოაგდო და განცვიფრდა. ეს გულის სიტყვაა (ფიქრია) ჩემი შემაწუხებელი ძმის მიმართ, - განუმარტა აქილამ, - ვცდილობდი, არ მესაყვედურა მისთვის, უფალს ვევედრებოდი, ჩემი გულიდან აღმოეფხვრა იგი და ეს სიტყვა სისხლად მექცა. წარმოვაგდე, შვება ვიგრძენი და მწუხარება დამავიწყდაო.

...დიდად მმარხველი გახლდათ ღირსი მამა ანტონი დიდი - ხან ოთხი დღით, ხანაც მთელი კვირით დაითმენდა შიმშილს. ერთხელ, ტაძრის დღესასწაულზე ერისკაცები ეწვივნენ. მათ შორის მონადირეც ერია. წირვის შემდეგ მონასტრის ძმებმა სადღესასწაულო ტრაპეზზე ჯეროვნად ინუგეშეს. მონადირემ გულში განიკითხა ბერები: - ამათაც ჰყვარებიათ მოლხენაო. მამა ანტონი დაფარულთმცოდნელი გახლდათ, მონადირის ფიქრი შეიტყო და სთხოვა: - ძმაო, ჩადე ისარი მშვილდში და მოზიდეო. სტუმარი დაემორჩილა. ანტონმა მშვილდის ძლიერად მოზიდვა სთხოვა. ერისკაცმა ეს თხოვნაც შეუსრულა. კიდევო. მონადირემ შეჰბედა, - ზომაზე მეტად თუ მოვზიდავ, გატყდებაო. ჩვენც ასე ვართ, შვილო, ზომაზე მეტად თუ ვიმარხულეთ და ვიღვაწეთ, მშვილდივით გავტყდებითო.

...ერთმა ახალგაზრდა ბერმა მამა გაბრიელს (ურგებაძე) ჰკითხა, - მარხვა რა არისო. მამა გაბრიელმა მას თავისი დაფარული ცოდვები გამოუცხადა. ატირდა დიდი მოძღვრისა და საკუთარი სინდისისგან მხილებული ბერი, - "მოდი, ახლა პური ვჭამოთო", - შესთავაზა მამა გაბრიელმა. "რას ამბობ, მამაო, - ამოიკვნესა ბერმა, - სადღა მაქვს ჭამის თავიო". "აი, ეგ არის მარხვაო", - მიუგო ბერმა.

...ერთ დიდ, სახელგანთქმულ მამასთან ახალგაზრდა და ზარმაცი ბერი ცხოვრობდა. ერთხელ ღირს მამას უთხრა: - ამბობენ, დიდი ღვაწლი კაცს გააამპარტავნებსო. მიუხვდა ბერი გადაკრულს და მიუგო: - თუ სიზარმაცით სიმდაბლე სასარგებლოა, მაშინ წავიდეთ, ცოლები შევირთოთ, ხორცი ვჭამოთ, ღვინო ვსვათ. ვაი ჩვენდა, შვილო, რომ ეშმაკნი დაგვცინიან და ვერ გულისხმავყოფთო.

...განუწყვეტელი მარხვა, მწირი საკვები, მღვიძარება, ფიზიკური შრომა და მცირე დასვენება - ასეთი იყო ძველ მამათა ცხოვრების წესი. მაინც რამდენს გაუძლებდა თანამედროვე ქრისტიანი ასეთ ცხოვრებას? პასუხი თქვენთვის მოგვინდვია, ძველი დროის ღირს მამებს კი ეს ღვაწლი თითქოს სიცოცხლეს უხანგრძლივებდა: პახუმი დიდმა 85 წელი იცხოვრა, ექვთიმე დიდმა - 97, თეოდოსი დიდმა - 105 წელი...

მძიმე იყო მეუდაბნოე მამათა ცხოვრება - დათმენა ყველანაირი ამინდისა და მწირი საზრდოსი, მაგრამ ანტონი დიდმა 105 წელი იცოცხლა, აქედან უდაბნოში 70 წელი გაატარა, მაკარი მეგვიპტელმა 97, ილარიონ დიდმა - 80, მამა კირიაკემ - 107 წელი...

ბევრმა წმინდა მამამ ბნელ მღვიმეებსა და სენაკებში თავი ცოცხლად დაიმარხა - მუდამ მოხრილნი, უმოძრაოდ განლევდნენ დღეებს. თქვენი აზრით, რამდენ ხანს შეიძლებოდა ასეთ მღვიმეში გაძლება? ღირსმა აბრამმა 47 წელი დაყო მღვიმეში, პეტრე ათონელმა - 51 წელი, ანტონი მღვიმელმა - 56 (90 წლისა გარდაიცვალა)...

მესვეტენი ზამთარ-ზაფხულ ღია ცის ქვეშ სვეტზე უმოძრაოდ იდგნენ. განა ერთ კვირასაც გაუძლებს ვინმე მკაცრ მარხვას, დასნეულებული ფეხების ტკივილს, მწირ საზრდოს, მხოლოდ სვეტის მოაჯირზე დაყრდნობით წათვლემას? მაგრამ სვიმონ მესვეტემ 100 წელი იცოცხლა, აქედან სვეტზე 80 წელი იყო დაყუდებული. ავლიპი 118 წლისა გარდაიცვალა, სვეტზე კი 53 წელი იდგა. თეოდოსიმ სვეტზე 50 წელი გაატარა. სწორედ მარხვა იყო, ღვთის შეწევნით, მათი დღეგრძელობის მიზეზი. კაცს ერთადერთი მტერი ჰყავს - ცოდვა, რომელსაც ღირსი მამები ლოცვითა და მარხვით თრგუნავდნენ და საუკუნო სიცოცხლეს იმკვიდრებდნენ...

კახაბერ კენკიშვილი