"უფლის დედა დროის უმეტეს ნაწილს დედამიწაზე ატარებს ადამიანთა შესაწევნელად" - კვირის პალიტრა

"უფლის დედა დროის უმეტეს ნაწილს დედამიწაზე ატარებს ადამიანთა შესაწევნელად"

გილოცავთ მარიამობას, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულს. ამ დღეს გარდაიცვალა ქალწული მარიამი და ზეცად ამაღლდა. მას შემდეგ იგი ყოველი კაცის მეოხი და მფარველია. ერთ ღირს მამას სამოთხე მოუხილავს და იქ ღვთისმშობელი ვერ უნახავს. გაოცებულს უკითხავს: - უფლის დედა სად არისო.

უფლის დედა დროის უმეტეს ნაწილს დედამიწაზე ატარებს ადამიანთა შესაწევნელადო, - მიუგიათ.  გისურვებთ, დანო და ძმანო, ლხინისა და შეჭირვებისას თქვენს სახლებშიც შემობრძანდეს ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი, განუგეშოთ და მოგეფეროთ.

ამ უწმინდეს დღესასწაულზე გვსურს გაგაცნოთ ღვთისმშობლის იმ რამდენიმე სასწაულთმოქმედი ხატის ისტორია, რომელთა მიმართაც მართლმადიდებელ ქრისტიანებს დიდი სასოება აქვთ.

კასოპეს ღვთისმშობელი. საბერძნეთის კუნძულ კორფუზე, სოფელ კასოპეში დასვენებული ღვთისმშობლის ხატის მიერ მოხდენილ უამრავ სასწაულთაგან ერთი განსაკუთრებით გამორჩეულია. 1530 წელი იდგა. კუნძულს ვენეციელი სიმეონ ბალბი მართავდა. თოთხმეტიოდე წლის სოფლელი ბიჭი, სტეფანოსი, კორფუდან შინ ბრუნდებოდა. ქალაქის განაპირას თანამგზავრები გამოუჩნდა. ცოტა ხანში შემოხვდნენ ფქვილის ტომრებმოკიდებული ახალგაზრდები. სტეფანოსის თანამგზავრებმა მათ ფქვილი წაართვეს და გაიქცნენ. ყმაწვილმა მათი შეჩერება სცადა. ვინ უსმინა. სოფელში დაბრუნებულმა დაზარალებულებმა მძარცველები აღწერეს და მათ სტეფანოსიც მიათვალეს. ამიტომ კორფუში მეორედ მისულს ხელი სტაცეს და მმართველს მიჰგვარეს. ბალბიმ ყაჩაღად მიჩნეულს "შესთავაზა" - ან ხელს დაემშვიდობე, ან ორსავ თვალსო. სასოწარკვეთილმა ყმაწვილმა თვალების დაკარგვა არჩია. საცოდავმა დედამ ბრმა შვილი ნუგეშისთვის კასოპეს ღვთისმშობელთან მიიყვანა. ხატთან ილოცეს და იქაურ ბერს ღამის გასათევი სთხოვეს. სასტუმრო ოთახები დაკეტილი იყო, მათი გასაღები ბერს არ ჰქონდა და ეკლესიაში დარჩენა შესთავაზა. დაღლილ დედას ჩაეძინა. ტკივილით გათანგული ყმაწვილი დროდადრო ჩათვლემდა. შუაღამისას აშკარად იგრძნო, რომ ვიღაცამ ხელები თვალებზე დააჭირა. შეშინებული წამოხტა და დედა გააღვიძა - ღვთისმშობლის ხატის წინ გაუქრობელი კანდელი ჩამქრალაო. კანდელი მართლაც ჩამქრალიყო. "შვილო, ამის დანახვა როგორ შეძელი, შენ ხომ თვალები აღარა გაქვსო", - ამოიკვნესა დედამ. შვილმა კი მოუთმენლად შეაწყვეტინა, ყველაფერს ვხედავო. დედამ ლამპის შუქზე შეხედა - სტეფანოსს ორივე თვალი თავის ადგილას ჰქონდა! სტეფანოსს ადრე ყავისფერი თვალები ჰქონდა, ღვთისგან ახალბოძებული კი ცისფერი იყო. გახარებული დედა-შვილის ტირილზე მასპინძელ ბერსაც გაეღვიძა. ღვთისმშობლის სასწაული რომ იხილა, მაშინვე მმართველთან სამხილებლად წავიდა. გაოცდა ბალბი და დიდებულებთან ერთად კასოპეს მიაშურა. "კაცი შეცვალესო", - ასავსავებდა ხელებს, მაგრამ ყმაწვილს სახეზე აჩნდა რკინის მარწუხებით მიყენებული დაზიანებები. ქალაქში დაბრუნებულმა ბალბიმ მოიკითხა ჯალათი. მან სტეფანოსის ამოთხრილი თვალის კაკლები აჩვენა. შემცბარმა მმართველმა ყმაწვილს ბოდიში მოუხადა, უხვად დააჯილდოვა და სამადლობელოდ კასოპეს ღვთისმშობლის ხატი განამშვენა.

სამხელა ღვთისმშობელი. VIII საუკუნეში, როცა ბიზანტიის იმპერიაში ხატმებრძოლობა მძვინვარებდა და ხატებს ანადგურებდნენ, დამასკელმა ქრისტიანმა იოანემ, რომელიც ხალიფის კარის დიდმოხელე იყო, წმინდა ხატების დასაცავად რამდენიმე წერილი გაგზავნა ბიზანტიაში. წერილი ხატმებრძოლებს ჩაუვარდათ ხელთ, მათ კალიგრაფებს იოანეს ხელწერით შეადგენინეს წერილი, რომლითაც თითქოს ის ხალიფას ღალატობდა. ყალბმა წერილმა ხალიფამდეც მიაღწია. მან კი ბრძანა, იოანესთვის ის ხელი მოეკვეთათ, რომლითაც ეს წერილი დაწერა. ხელი საჯაროდ მთავარ მოედანზე გამოფინეს. საღამოს, როცა ხალიფას რისხვა ჩაუცხრა, წმ. იოანემ მეგობრების პირით სთხოვა, ჩემს მოკვეთილ მარჯვენას ავიღებო. ხალიფამ ნება დართო. შუაღამისას ღირსი იოანე დაემხო ღვთისმშობლის ხატის წინ და განკურნება შესთხოვა, თან მოკვეთილ ხელს მონაკვეთ ადგილზე იდებდა. ამ ვაებაში ჩასთვლიმა. ძილში გამოეცხადა ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი და უთხრა: "აი, შენი ხელი უკვე გამრთელდა, მეტს ნუღარ იდარდებ და შეასრულე ის, რასაც დამპირდიო". გამოღვიძებულ იოანეს ხელი განმრთელებული დახვდა. მონაკვეთ ადგილს ნაიარევი ზოლივით დაჰყვებოდა, რაც უცილობელს ხდიდა სასწაულს. ბევრს ეხვეწა ხალიფა, თანამდებობას დაუბრუნდიო, მაგრამ წმ. იოანემ ბერობა არჩია, ხოლო სასწაულებრივი კურნების სამადლობელოდ ღვთისმშობლის ხატს ვერცხლის ხელი მიამაგრა. ეს წმინდა ხატი შემდგომში ათონის მთაზე ქილანდრის სერბულ მონასტერში მოხვდა და ახლაც იქვე ასვენია.

შვება ანუ ნუგეშისცემა. ასე ჰქვია ათონზე, ვათოპედის მონასტერში დასვენებულ ღვთისმშობლის ხატს. დიდი ხნის წინათ, ავაზაკებმა ვათოპედის მონასტრის გაძარცვა მოინდომეს. მის მახლობლად ჩასაფრდნენ და კარების გაღებას ელოდნენ, რომ შიგ შეჭრილიყვნენ. იმ ღამეს, როცა ბერები ცისკრის ლოცვის შემდეგ კელიებში დაბრუნდნენ, ტაძარში მარტო დარჩენილ მონასტრის წინამძღვარს ღვთისმშობლის ხატიდან მოესმა: "მონასტრის კარებს ნუ გააღებთ, ადით გალავანზე და განდევნეთ ავაზაკები". დაბნეულმა იღუმენმა ღვთისმშობლის ხატს გახედა. ხატი გაცოცხლდა. გაცოცხლდა მის მკლავებში განაბული ყრმა იესოც. ყრმამ მარჯვენა ხელი ბაგეზე დააფარა დედას, სახე მიუბრუნა და უთხრა: "არა, დედაო ჩემო, ნუ ეტყვი მათ ამას; დაე, მიიღონ დამსახურებული სასჯელი." მაგრამ ღვთისმშობელმა თავის ძეს ხელი დაუჭირა, სახე მისგან მარჯვნივ მიაბრუნა და კვლავ ორჯერ წარმოთქვა: "ნუ გააღებთ დღეს სავანის კარებს, ადით მონასტრის გალავანზე და ავაზაკები განდევნეთ". ამ სასწაულით შეშინებულმა იღუმენმა შეკრიბა მონასტრის ძმები და ნანახი მოუთხრო. მათ გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა, როცა შეამჩნიეს, რომ ღვთისმშობლის ხატი წინანდელზე განსხვავებული იყო. განრისხებულ ყრმა იესოს დედისთვის ბაგეზე ხელი აეფარებინა, ღვთისმშობელი კი ცდილობს მისი მარჯვენის მოშორებას, რათა თავის რჩეულებს განსაცდელი უწინასწარმეტყველოს...

შეგახსენებთ, რომ სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, უწმინდესი და უნეტარესი ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, ათონის მთაზე დაიწერა ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატების - ("ნუგეშისცემა" და "სამხელიანი")  ასლები. ხატები დაბრძანებულია სამების საკათედრო ტაძარში.

მალევის ღვთისმშობლის ხატი. ასე ჰქვია წმინდა ხატს, რომელზეც ღვთისმშობლის მიძინებაა გამოსახული და გადმოცემით წმინდა ლუკა მახარებელს დაუხატავს. 1964 წლის მარტში ხატი კეთილსურნელებას გამოსცემდა, 17 აპრილს კი მირონის დენა დაიწყო და დღემდე სდის. ხატს ძირში ბამბას უფენენ და მირონით გაჟღენთილს მომლოცველებს უნაწილებენ! მონასტერი, სადაც ეს წმინდა ხატი ასვენია, საბერძნეთის მთებში დგას. ამბობენ, ამ მირონისგან უხვად იფრქვევა კეთილსურნელება და რა უცნაურიც უნდა იყოს, მთებში გზააბნეული მომლოცველები ხშირად გრძნობენ ამ კეთილსურნელებას, რომელსაც ისინი მონასტრამდე მიჰყავთ, რადგან რაც უფრო უახლოვდებიან მონაზონთა სამყოფელს, უფრო და უფრო ძლიერდება იგი. ერთხელ, მონასტერში ავტობუსით მიმავალ გზააბნეულ მომლოცველებს ღვთისმშობელი გამოეცხადათ. ჟესტით გააჩერა ისინი, მძღოლს უთხრა, არასწორად მიდიხარო და გზა მიასწავლა. მერე კი უჩინარი შეიქმნა. ავტობუსი კი კეთილსურნელებით აივსო.