ქსოვილის ამ პატარა ნაჭერმა შემოინახა ადამიანის გამოხსნის უდიდესი საიდუმლოების - უფლის ჯვარცმისა და აღდგომის კვალი
18-04-2016
ქსოვილის ამ პატარა ნაჭერმა შემოინახა ადამიანის გამოხსნის უდიდესი საიდუმლოების - უფლის ჯვარცმისა და აღდგომის კვალი
ყველა ქრისტიანმა უნდა მოინახულოს ეს უდიდესი სიწმინდე - ტურინის სუდარის ასლი და მისი მადლი შეიგრძნოს

ქსოვილის ეს ნაჭერი იოსებ არიმათიელმა ჯვრიდან გარდამოხსნილ მაცხოვრის სხეულს შემოახვია და ასე დაასვენა სამარხში. აღდგომის შემდგომ კი ამ ნაჭერზე სასწაულებრივად აისახა მაცხოვრის ვნების ყოველი წამი


ვიცოდი, რომ ახალქალაქისა და კუმურდოს ეპარქიის მიტროპოლიტმა, მეუფე ნიკოლოზმა, ახალქალაქში ტურინის სუდარის ზუსტი ასლი ჩამოაბრძანა (თავად სუდარა დაცულია იტალიის ქალაქ ტურინში, იოანე ღვთისმეტყველის სახელობის ტაძარში). რაღა თქმა უნდა, ამ ეპარქიის
სხვა სიწმინდეებთან ერთად მისი მოლოცვაც გადავწყვიტეთ. ქსოვილის ეს ნაჭერი იოსებ არიმათიელმა ჯვრიდან გარდამოხსნილ მაცხოვრის სხეულს შემოახვია და ასე დაასვენა სამარხში. აღდგომის შემდგომ კი ამ ნაჭერზე სასწაულებრივად აისახა მაცხოვრის ვნების ყოველი წამი. აი, ამ სუდარის ზუსტი ასლი გ
ახლავთ დაბრძანებული ახალქალაქში, ამ უდიდესი სიწმინდისთვის საგანგებოდ აგებულ ეკვდერში.

ახლა კი ჩვენ მიერ ნანახისა და განცდილის შესახებ მინდა გიამბოთ.

როგორც გვითხრეს, ასლი კარგა­ ხნით დედა სიწმინდესთან ყოფილა დაბრძანებული და მისი მადლმოსილება სრულად მიუღია. თუმცა ამას უთქმელადაც იგრძნობთ ეკვდერში შესვლისას: თქვენ წინ იშლება საოცარი სურათი მაცხოვრის ვნებისა, თითოეული კადრი დგება თვალწინ და ამის მნახველს გიპყრობს უცნაური სევდა, ტკივილი, მადლიერება, ბედნიერება - ათასგვარ გრძნობათა ჰარმონია. გულსა და გონებაში კი ხმიანდება სიტყვები: უფალო, შეგვიწყალე!.. გმადლობ, უფალო!...

სუდარის შუაგულში იკვეთება მაცხოვრის სახის ნაკვთები, შუბლზე ეკლის გვირგვინისგან გაჩენილი სისხლის კვალია, უყურებ და პილატეს ჯარისკაცთა ხარხარი გესმის: - იუდეველთა მეფევ! გიხაროდეს!"

ეს კი გადაჯვარედინებული, ნაწამები ხელებია, მაჯებზე - სამსჭვალისგან სისხლის ნაკვალევი...
გრძნობ, იქვე, შორიახლოს დამდგარან ღვთისმშობელი და მარიამ მაგდალინელი, მათი ქვითინი გესმის და შენც ცრემლი გახრჩობს...
აი, უკვე აღსრულებული მაცხოვრისთვის რომაელი ჯარისკაცის მიერ მარჯვენა ფერდში ნაძგერები მახვილის კვალი... მოგვიტევე, უფალო!...
სუდარის მეორე ნახევარზე აღბეჭდილა მაცხოვრის ზურგის გამოსახულება. მკაფიოდ ჩანს მათრახის კვალიც. მეცნიერებმა ასამდე დარტყმა დაითვალეს. სუდარის შესწავლის საფუძველზე მათრახების მოდელებიც კი დაუდგენიათ...

მაცხოვარი 70 სმ სიმაღლის სვეტზე ჰყავდათ მიბმული და მარცხნიდან და მარჯვნიდან ორი ჯალათი ამათრახებდა. ერთი ტანდაბალი, მეორე - ტანმაღალი. აი, აქ, ამ ტილოზეა ამ ყველაფრის კვალი... გრძნობ, აქვე დგანან ის ჯალათებიც, ხედავ თითოეულ იარას მაცხოვრის ზურგზე და შენც გტკივა. ყურში კი მისი სიტყვები ჩაგესმის: მამაო, მიუტევე ამათ, რამეთუ არა იციან, რასა იქმან!

მერე თვალწინ ცოცხლდება კადრი ცარიელი საფლავისა. ხედავ, როგორ დევს ეს სუდარა საფლავის ქვაზე და როგორ დგანან უფლის აღდგომით გაოცებული მოციქულები და მენელსაცხებლე დედები.
მაშინ ჯერ ვინ იფიქრებდა, რომ ქსოვილის ამ პატარა ნაჭერმა შემოინახა ადამიანის გამოხსნის უდიდესი საიდუმლოების - უფლის ჯვარცმისა და აღდგომის კვალი. დიახ, აღდგომისაც: მეცნიერთა ვარაუდით, სწორედ აღდგომის დროს მოხდა ქიმიისა და ფიზიკის კანონებით აუხსნელი პროცესები, რაც სუდარაზე გამოსახულების მიღების მიზეზი გახდა.

და უეცრად ტანჯვის, ტკივილის განცდას ჩაენაცვლება გულში შემოსული დიდი სიხარული: ქრისტე აღსდგა! ეკვდერის კედლებზე გამოსახული ყველა წმინდანი გიერთდება ამ სიხარულში! ქრისტე აღსდგა! ცოდვით დაცემული კაცობრიობა გამოხსნილია! გზა ხსნისა კი აქვეა, შენს წინ! ქრისტეს გზა! ამ სუდარაზე წერია ყველაფერი:
- გიყვარდეთ ერთმანეთი, როგორც მე შეგიყვარეთ თქვენ!

- მიუტევეთ და მოგეტევებათ!..

რა ტკბილი ხარ, უფალო!
უფალო იესო ქრისტე, ძეო ღვთისაო, შემიწყალე მე, ცოდვილი! - ჩურჩულებ დაუსრულებლად...
ყველამ, ყველა ქრისტიანმა უნდა მოინახულოს ეს უდიდესი სიწმინდე - ტურინის სუდარის ასლი და მისი მადლი შეიგრძნოს.
ახალქალაქში თქვენ გელოდებიან, მეგობრებო!
შეგეწიოთ უფალი!

თამარ მამაცაშვილი
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით