უნივთო ცეცხლმა გააბრწყინა მაცხოვრის საფლავი - კვირის პალიტრა

უნივთო ცეცხლმა გააბრწყინა მაცხოვრის საფლავი

მადლმოსილი ცეცხლი ზეციდან მხოლოდ მართლმადიდებელთა კანდელზე გადმოდის

უფლის საფლავის გამოქვაბულის მარჯვენა მხარეს მარმარილოს ფილით დაფარული ქვის სარეცელია. თაროზე დაბრძანებულია აღდგომის 3 ხატი. მათ ქვეშ დაფენილ წითელ ხავერდზე ბერძნულად წერია: "ქრისტე აღდგა"

ყოველი აღდგომის წინადღეს, დიდ შაბათს, მაცხოვრის საფლავზე მადლმოსილი ცეცხლის გარდამოსვლა საკვირველად ამტკიცებს მართლმადიდებელი სარწმუნოების ჭეშმარიტებასა და დიდებულებას. მოციქულთა და წმინდა მამათა მოწმობით, უნივთო ცეცხლმა ჯერ კიდევ ქრისტეს აღდგომისას გააბრწყინა მაცხოვრის საფლავი.

ზეციური ცეცხლი იერუსალიმის აღდგომის ტაძარში პირველად III საუკუნეში გადმოსულა. ჟამთააღმწერელი ჰიმნოფილოსი მოგვითხრობს, რომ სააღდგომო ლიტანიობაზე კანდელში ზეთი შემოაკლდათ და პატრიარქ ნარცისის კურთხევით, მათში სილოამის ემბაზის წყალი ჩაასხეს. უეცრად ზეციდან ცეცხლი გადმოვიდა და აანთო კანდელები, რომლებიც მთელი ლიტანიობის მანძილზე არ ჩამქრალა.

ისტორიკოს ევსევი კესარიელის ცნობით, ქრისტეს საფლავზე მადლმოსილი ცეცხლი აღდგომის ტაძრის აშენებისთანავე (IV ს.) გადმოედინა.

მაცხოვრის საფლავი აღდგომის ტაძარშია, რომელიც IV საუკუნეში ბიზანტიის დედოფალ ელენეს ბრძანებით აიგო. უფლის საფლავზე აღმართულია სამლოცველო - კუვუკლია.

საფლავის გამოქვაბულის მარჯვენა მხარეს მარმარილოს ფილით დაფარული ქვის სარეცელია. თაროზე დაბრძანებულია აღდგომის 3 ხატი. მათ ქვეშ დაფენილ წითელ ხავერდზე ბერძნულად წერია: "ქრისტე აღდგა".

ისტორიული წყაროებით - ღვთაებრივი ცეცხლის გადმოსვლისათვის აუცილებელია: ამ საიდუმლოში უთუოდ უნდა მონაწილეობდნენ არაბი ქრისტიანები თავიანთი ხმაურიანი"ლოცვა-ვედრებით. სწორედ ასე ლოცულობდნენ ძველი ებრაელები მტრის ქალაქ იერიქონთან, როცა მისი კედლები ინგრეოდა. ასევე როკავდა და გალობდა დავით წინასწარმეტყველი აღთქმის კიდობნის წინაშე. არაბებმა დღემდე შეინარჩუნეს ძველაღთქმისეული ლოცვა-ღაღადისი.

ბრიტანეთის ბატონობის წლებში ინგლისელმა გუბერნატორმა სცადა, აეკრძალა ეს "ველური" როკვა, მაგრამ ცეცხლი მანამ არ გადმოვიდა, სანამ იერუსალიმის პატრიარქის ბრძანებით ტაძარში არაბმა მართლმადიდებლებმა ლოცვა არ აღავლინეს. მეორე პირობაა საბაწმინდელი ბერების ლოცვა. საბაწმიდელ ბერებს ტაძარში მოაქვთ ისიქასტური ლოცვის შინაგანი დაძაბულობა, რომელიც ადამიანთა გულებში საიდუმლოდ აღანთებს გონიერ ღვთაებრივ ცეცხლს.

დაბოლოს, ამ მოვლენის უმთავრესი მონაწილეა პატრიარქი - მსოფლიოში უძველესი იერუსალიმის ეკლესიის მეთაური.

საგულისხმოა, რომ მადლმოსილი ცეცხლი ზეციდან მხოლოდ მართლმადიდებელთა კანდელზე გადმოდის. სამლოცველოში შესვლისას პატრიარქი ჩოქვით მიეახლება მაცხოვრის საფლავს... იერუსალიმის ერთ-ერთი პატრიარქი ასე აღგვიწერს ცეცხლის გარდამოსვლას: "შევედი ანგელოზის ეკვდერში. კარი ჩემ უკან დაიხშო. ქვაბულში ბნელოდა. მკრთალი სინათლე ძლივს აღწევდა წმინდა საფლავის როტონდის ორი ხვრელიდან. ვეღარც კი ვარჩევდი, რა მეჭირა ხელში - ლოცვანი თუ სხვა რამ. სიბნელეში ძლივს მოჩანდა მაცხოვრის საფლავის მარმარილოს თეთრი ფილა. ლოცვანი გადავშალე - გაუჭირვებლად შემეძლო კითხვა... უაღრესი სულიერი მღელვარებით წავიკითხე სამი-ოთხი სტრიქონი და ისევ მაცხოვრის საფლავს შევხედე. ფილა უფრო და უფრო ნათდებოდა. უცებ დავინახე საუცხოო ფერებად მოელვარე მძივის მარცვლებივით მიმობნეული "მარგალიტები". ფილა ძლიერ ნათელს გამოსცემდა. გაოგნებულმა ბამბით შევაგროვე ეს "მარგალიტები", რომლებიც ზეთის წვეთებივით ეკვროდა ერთმანეთს და მივუახლოვე სანთელს. პატრუქი დენთივით აბრიალდა. გამობრწყინდა აღდგომის სამი ხატი. დამყურებდა ღვთისმშობლის სათნო სახე. მაცხოვრის საფლავთან ყველა კანდელი განათდა".

როდესაც ცეცხლი გადმოდის, ტაძრის მთელ სივრცეს მოცისფრო ელვა ანათებს. პატრიარქი მადლმოსილ ცეცხლს იპოდიაკვნებს გადასცემს, რომლებიც სწრაფად მოატარებენ მას მთელ ტაძარში. მადლი გარდამოედინება... მაცხოვრის საფლავზე გადმოსული ცეცხლი თბილია, საამო, არ წვავს - ეს მისი ღვთაებრივი წარმოშობის ნიშანია. დაახლოებით 10-15 წუთის განმავლობაში ამ ცეცხლს ჩვეულებრივი ცეცხლის თვისებები არ გააჩნია.

მადლმოსილი ცეცხლი მოწოდებაა სინანულისკენ. უფალი მთელ კაცობრიობას გადარჩენის კიდევ ერთ შესაძლებლობას ანიჭებს.

ქართველები ყოველი აღდგომის წინა შაბათს სიხარულით ეგებებოდნენ მაცხოვრის საფლავზე გარდამოსულ ღვთაებრივ ცეცხლს. ისინი დიდი ხნის მანძილზე მაცხოვრის საფლავის მეპატრონენიც იყვნენ. როდესაც იერუსალიმისკენ მიმავალი გზა გადაეკეტათ, სვეტიცხოვლის სამხრეთი შესასვლელის მარჯვნივ ჩადგეს ქვის პატარა სამლოცველო - მაცხოვრის საფლავის კუვუკლიის ასლი. იერუსალიმიდან მცხეთაში ჩამოტანილმა უფლის კვართმა სულიერი ჯაჭვით შეკრა პალესტინა და საქართველო, აღდგომის ტაძარი და სვეტიცხოველი. ამ სიწმინდის გამო იწოდა მცხეთა მეორე იერუსალიმად.

თამარ მამაცაშვილი