სასწაულმოქმედი ხატები საქართველოში
სასწაულმოქმედი ხატები საქართველოში
საქართველოში არაერთი სასწაულმოქმედი ხატია დაბრძანებული. მათ ძალას ბევრი სასწაული მიეწერება - ავადმყოფთა განკურნება, უშვილოთა შეწევნა, დაკარგულის დაბრუნება…

წარმოგიდგენთ მათგან რამდენიმეს:

ფოტოგალერეა

"პანტანასა" - "ყოველთა დედოფალი"
ეს სასწაულმოქმედი ხატი XVII საუკუნისაა. მისი ორიგინალი ათონის მთაზე, ვათოპედის მონასტერშია დაბრძანებული. განითქვა "ყოველთა დედოფლის" სახელი, როგორც სულიერ სნეულებათაგან მაკურნებელისა - ბევრია ნარკომანთა განკურნების მაგალითებიც. მაგრამ მალე აშკარა გახდა, რომ ხატი სიმსივნესაც კურნავდა - დაავადებას, რომელსაც მეცნიერებმა მეოცე საუკუნის შავი ჭირი უწოდეს. ბოლო ჟამს ამ
სნეულებისაგან სასუფეველი აივსებაო, ამბობდნენ წმინდა მამები და მართლაც ასეა-სიმსივნურ დაავადებათა სტატისტიკა საშინელი და შიშის მომგვრელია. მაგრამ ის ადამიანები, რომლებიც, ექიმების დასკვნით, ცოცხლები აღარ უნდა ყოფილიყვნენ, ამ ხატთან პარაკლისის გადახდის შემდეგ თავს მშვენივრად გრძნობენ. ხშირია შემთხვევები, როდესაც ადამიანი სრულად კი არ განიკურნა, არამედ სიმსივნე არსებულ სტადიაზე
გაიყინა და აღარ განვითარებულა. "ყოველთა დედოფლის" ასლი საქართველოშიც ჩამოაბრძანეს და ავჭალის წმინდა ქეთევან წამებულის ტაძარში დააბრძანეს… აქაც არ დააყოვნა სასწაულმა: როდესაც უსმენ ადამიანებს, რომლებმაც სიმსივნის სხვადასხვა ფორმა და სტადია დაამარცხეს, უსაზღვრო მადლიერებით გევსება გული ქალწულ მარიამის მიმართ. მართალია, მეცნიერება ვერ მოერია სიმსივნეს, მაგრამ ღვთისმშობელი ხომ შეგვეწევა და გვიფარავს.


წმინდა მეფე თამარის ჯვარი

გურიაში მდებარე აჭის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარს დაუბრუნდა წმინდა კეთილმსახური მეფე თამარის ჯვარი, რომლის დაკარგვის შესახებაც გულისტკივილით მოგვითხრობდა წმინდა ექვთიმე ღვთისკაცი (თაყაიშვილი).
გადმოცემის თანახმად, წმინდა თამარ მეფეს გამარჯვების შემდეგ უხვი საბოძვარი გაუღია აჭის ეკლესიისთვის (VIII-IX ს.ს). უხვ საბოძვართა შორის განსაკუთრებულია ვერცხლის, მოოქროვილი "თამარ მეფის ჯვარი", რომელიც მას აჭის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრისთვის შეუწირავს. ჯვარზე წარწერაა:

"ჰოი ძელო ცხოვრებისაო მეოხ ეყავ შენთა მაკურთხეველთა დღესა მას განკითხვისასა. შეიქმნა ჯვარი ესე ბეთანიას-ღმრთისმშობლისა. ოქროისა და ვერცხლის წმიდისა. უფლებასა დედოფლისა თამარისა. ადიდენ ღმერთმან".
ჯვარში ჩაბრძანებულია ძელი ცხოველის ნაწილი.

დმანისის სიონის ღვთისმშობლის ხატი
"ქართლის ცხოვრების" მიხედვით, დმანისის სიონის ღვთისმშობლის ხატს განუკურნავს უფლისწული გიორგი - დავით ულუს პირმშო.
"ამად მწუხარებასა და უღონოებასა რა მოეცვა მეფე და ყოველნი მკვიდრნი საქართველოსანი, მოეხსენა მეფესა, დმანისისა ღმრთისმშობელი და წარვიდა წინაშე მისსა წარმოაჩინა ვითარ ყოველი უხმარითა ფერხითა მოჰყვებოდეს და მოეგებოდეს, მხურვალითა ცრემლითა წყალობად მათდა აღძრვიდეს.
მაშინ მოისმინა ვედრება მათი წმიდათა უწმიდესისა ღმრთისმშობელმან, და მყის შეხებასავე თანა, და პირსა ზედა შეხებასა, თვალი აახუნა სწრაფლ და ვითარცა უვნებელი წარმოჯდა", - ვკითხულობთ "ქართლის ცხოვრებაში".


ვარძიის ღვთისმშობელი
მონასტერში დაცული იყო ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატი. ბასიანის ბრძოლის წინ წმინდა მეფე თამარი ვარძიის ღვთისმშობელს ავედრებდა თავის ქვეყანას და მუხლმოდრეკილი ევედრებოდა ქართველთა გამარჯვებას. ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შეწევნით, ამ ომში ქართველებმა გაანადგურეს მაჰმადიანთა მრავალრცხოვანი არმია. მემატიანის ცნობით, ამ ხატს გამარჯვებულს უწოდებენ.

პალიასტომის ღვთისმშობლის ხატი
პალიასტომის ღვთისმშობლის ხატი, ამჟამად ქუთაისის სახელმწიფო მუზეუმშია დაცული. გადმოცემის მიხედვით, წინათ ღვთისმშობლის ხატი ციხე-ქალაქ პალიასტომის საკრებულო ტაძარში ბრძნადებოდა თურმე. საყდრის მთავარხუცესმა სილიბისტრომ ამ ხატის შთაგონებით ჩვენება იხილა, თითქოს სიზმარში მას ღვთისმშობელმა უთხრა, რომ სილიბისტრო მთავარხუცესი საკრებულო ტაძარში შესულიყო, მისი ყოვლადწმიდა ხატი აეღო და იმ ციხე-ქალაქ პალიასტომიდან გამოეტანა, რადგან ციხე-ქალაქს წყალში ჩაძირვა ელოდა. მთავარხუცესმა სიზმარს არ დაუჯერა, ამის შემდეგ ღვთისმშობელი მთავარხუცესს ორჯერ გამოეცხადა და იგივე აუწყაო, მთავარხუცესმა არც ახლა დაიჯერა...ღვთის ნება ასრულდა ამ ციხე-ქალაქზე და ხალხითურთ ჩაიძირა იგი, ხოლო ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატი ღვთის ბრძანებით ამ წარღვნისაგან დაცულ იქნა - ხატი ღვთის განგებით ციხე-ქალაქიდან ჰაერზე მოდიოდაო. როცა მთავარხუცესმა ასეთი სასწაული იხილა, მიირბინა და დაეცა სასწაულებრივი ხატის წინაშე, როცა მიუახლოვდა, შეეხო მისი უწმიდესობის ხატს, ყოვლიწმიდის ხატი მის ხელებში მიესვენა...კიდევ გამოეცხადა სიზმარში მთავარხუცესს ღვთისმშობელი და ამ უწმიდესი გამოსახულების ქუთაისის ციხე-ქალაქში გადასვენება უბრძანა. მთავარხუცესმა ღვთისმშობლის ის ხატი ქუთაისში მიასვენა და საკრებულო ტაძარში მოათავსა.

დიდუბის ღვთისმშობელი
კირიონ II-ის დროიდან მოკიდებული, დიდუბის ტაძარში შაბათ-კვირისა და დღესასწაულების გარდა, ორშაბათობით ღვთისმსახურების დასეწება, გადმოცემით, უკავშირდება დიდუბის ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატის პოვნას. ხატი უპოვიათ მაშინ, როდესაც დიდუბეში ეკლესია ჯერ კიდევ არ იყო. ახლანდელი ეკლესიის მიდამოებში ძველად საძოვრები ყოფილა. ერთ კეთილმორწმუნე მწყემსს, რომელიც იქ აძოვებდა სამწყსოს, დასიზმრებია ანგელოზი, რომელმაც თურმე აუწყა, დიდუბის მინდორში, ამა და ამ ადგილას, ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატია დაბრძანებული. მიდი, თაყვანი ეცი და სასწაულს გიჩვენებსო. მეორე დღეს მწყემსმა თავისი ხილვა დედ-მამასა და თანასოფლელებს უამბო. ანგელოზის მიერ ნაუწყები ხატის ნახვა ყველამ მოინდომა, მათ შორის ერთმა ბრმა მოხუცმაც, რომელსაც მწყემსის მონათხრობმა იმედი ჩაუსახა, - ღმერთი ჩემზეც მოიღებს წყალობას და ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატის მადლით თვალისჩინს დამიბრუნებსო.
მთელი სოფელი გაემართა მინიშნებული ადგილისკენ. აქ ნამდვილად აღმოჩნდა ღვთისმშობლის დიდუბის ხატი, რომელსაც მოკრძალებით თაყვანი სცეს და გადააბრძანეს მახლობლად მდებარე ეკლესიაში. ბრმა მოხუცი კი, მისი ხვეწნა-მუდარის მიუხედავად, ამ ლიტანიობაზე არ წაუყვანიათ - მაინც ვერაფერს დაინახავსო. შინ დარჩენილმა მოხუცმა ყოვლადწმინდას "გიხაროდენ" უგალობა, მხურვალედ შეევედრა და განკურნა კიდეც.


აწყურის ღვთისმშობელი
აწყურის ღვთისმშობლის ხატი - ყოვლადწმინდა ქალწულის პირველი გამოსახულებაა, რომელიც შემობრძანდა და დაემკვიდრა საქართველოში. საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის ტრადიციით, ხატის ისტორია ასეთია: მაცხოვრის ამაღლების შემდეგ ქრისტეს მოციქულებმა წილი ყარეს, თუ ვინ სად წასულიყო ქრისტეს საქადაგებლად. მარიამს წილად ივერია ხვდა, მაგრამ ახლოვდებოდა ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების ჟამი და მას უფალი იესო ამ გამოცხადების შემდეგ მარიამ ღვთისმშობლმა ანდრია პირველწოდებულს დაავალა ივერიაში ქრისტეს ქადაგება. ღვთისმშობელმა მოითხოვა ფიცარი, მიიდო სახეზე და სასწაულებრივად, ფიცარზე მისი ხელთუქმნელი ხატი გამოისახა.ანდრია მოციქული ღვთისმშობლისგან კურთხევის აღების შემდეგ ხელთუქმნელი ხატით საქართველოში ჩამობრძანდა...
არსებობს ასეთი გადმომცემა, როდესაც სპარსელებმა დაარბიეს სამცხე, აწყურის ღვთისმშობლის ხატი ტყვედ წაიყვანეს. შეიქმნა დიდი გლოვა და მწუხარება. მესხები ქართლში გადასახლდნენ. სპარსეთს კი ღვთის რისხვა დაატყდა თავს. გამოიძიეს მიზეზი და - ის ხატი აღმოჩნდა. ზოგმა ისიც თქვა, მგზავრობის დროს ვნახეთ სასწაული - საღამოს ბარგის სიღრმეში რომ ჩავდებდით, დილით მაღლა გვხვდებოდა და მზესავით ბრწყინავდაო. გადაწყვიტეს ხატის დაბრუნება - გაუხედნავ რაშზე დააბრძანეს და სამცხისკენ გამოუშვეს. ცხენმა სწრაფად მიაღწია სამცხეს...

წილკნის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატი

წილკნის ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატის შექმნა წმინდა ლუკა მახარებელს უკავშირდება.იგი საქართველოში ბიზანტიიდან ჩამოაბრძანეს მეფე მირიანის ძის-ბაქარის დროს. სავარაუდოა, რომ ხატი თავიდანვე მეფე ბაქარის მიერ წილკანში აშენებულ ეკლესიაში დაააბრძანეს, სადაც იგი უამრავ სასწაულებს ახდებდა. ხატმა თავისი სახელწოდებაც აქედან მიიღო. 1926 წლიდან წილკნის ღვთისმშობლის ხატი საქართველოს მუზეუმის განძთსაცავში ინახება.


ჯიხეთის ღვთისმშობელი
მეოცე საუკუნის დამდეგს ყოვლადწმინდა ღმრთისმშობელმა თავისი ივერიის ხატის ასლი მიჰმადლა გურიის მხარესაც. ათონის მთაზე მოღვაწე ქართველმა მამამ, იოანე ღმრთისმეტყველის სავანის წინამძღვარმა, მღვდელმონაზონმა იონამ, ათონელ ბერებს გურიის ჯიხეთის დედათა მონასტრისათვის დააწერინა ივერიის ღმრთისმშობლის ხატის ასლი და უსახსოვრა დედათა სავანეს. ჯიხეთის ივერიის ხატი შემკულია მამა იონას დაკვეთით შესრულებული წარწერით: "განგებითა ღმრთისათა, და წამისყოფითა დედისა ღმრთისათა, მე მონა მისი მღვდელმონაზონი იონამ, ამჟამად მყოფი ათონის მთაწმიდის ქართველთა წმიდა იოანე მახარებლის სავანის გამგემან, დავახატვინე წმიდა ხატი ესე სახელწოდებით სასწაულმოქმედი დედა ღმრთისას ივერიის და შევსწირე გურიის ჯიხეთის დედათა სავანესა. დედაო ღვთისაო მარიამ, მომიხსენე მე ცოდვილი, ოდეს მოვიდეს ძე შენი დიდებითა მისითა ჩემის მშობლებით, სულიერი და ხორციელი ძმებითურთ. ამინ. 1905 წელსა 1 აგვისტოსა."

იხილეთ ფოტოგალერეა

თეა ცაგურიშვილი (სპეციალურად საიტისთვის)
ლუკა
03 მაისი 2016 00:35
როგორც ჩანს სასწაულმოქმედი ხატების რაოდენობით ერთ სულ მოსახლეზე პირველ ადგილზე უნდა ვიყოთ მსოფლიოში.
neli
02 მაისი 2016 15:59
ყველა სიწმინდე შეეწიოს საქართველოს და მის მოქალაქეებს მშვიდ, სიხარულით სავსე ცხოვრებაში.
ვერასდროს დაედგას თავისი ტახტი საქართველოს მიწაზე სატანას....

რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით, როგორი პრეზიდენტი იქნება სალომე ზურაბიშვილი?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, როგორი პრეზიდენტი იქნება სალომე ზურაბიშვილი?
თვის კითხვადი სტატიები