უფალო, აღგვიდგინე ლაზარე-ივერია! - კვირის პალიტრა

უფალო, აღგვიდგინე ლაზარე-ივერია!

27 მარტი - ლაზარეს შაბათი

საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ 1985 წლის ლაზარეს შაბათს, მრავალი საუკუნეების შემდეგ, პირველად იზეიმა ქართული ენის დღესასწაული - ქებაი და დიდებაი ქართულისა ენისაი.

პატრიარქისა და ჩვენი ეკლესიის მამათა მიერ ამ დღესასწაულის საეკლესიო კალენდარში შეტანა გმირობაც იყო და ერთგვარი გამოწვევაც კომუნისტური ხელისუფლებისა - იმ დროს, როცა ყოველნაირად ითრგუნებოდა ქართული სული, როცა მამულის თავისუფლებაზე მეოცნებეებს ციხეში კეტავდნენ, უეცრად ჩვენი სამშობლოს ყველაზე მაღალი ამბიონიდან გაისმა ქადაგება ერთიან, ძლიერ საქართველოზე.

1984 წლის მიწურულს, ალბათ არც ეს მომხდარა შემთხვევით, არაგვის მარცხენა შენაკადის, ნოკორნის ხევის სათავესთან, ტყით დაბურულ მთაზე, სოფელ დავათის ღვთისმშობლის ეკლესიის კედელში ჩატანებული სტელები აღმოაჩინეს. ერთ სტელაზე მთავარანგელოზებს ხელთ თევზი უპყრიათ (თევზი მაცხოვრის ძველქრისტიანული სიმბოლოა), რომლის ტანზეც, თითქოს ქერცლიაო, შვიდ მწკრივადაა გამოყვანილი დაქარაგმებული ქართული ასომთავრული ანბანი. თევზი თავით ქვემოთ არის მიმართული, რაც სიმბოლურად უფლის მეორედ მოსვლაზე მიანიშნებს.

მეცნიერთა ნაწილის აზრით, დავათის სტელა და "ქებაი და დიდებაი" ერთსა და იმავე პერიოდში - IV საუკუნის II ნახევარშია შექმნილი. ზოგი მათსავე რკალს მიაკუთვნებს VI საუკუნის ბრდაძორის სტელას, სადაც მთავარანგელოზებთან ერთად მკვდრეთით აღმდგარი ლაზარეცაა გამოსახული. აქ მთავარანგელოზი მიქაელი მეორედ მოსვლას საყვირით ამცნობს სამყაროს.

სახარება მოგვითხრობს, რომ უფალმა ჩვენმა იესო ქრისტემ  მკვდრეთით აღადგინა ოთხი დღის გარდაცვლილი თავისი მეგობარი ლაზარე, მეორე დღეს კი დიდებით შევიდა იერუსალიმში. ეს შესვლა, მამათა განმარტებით, წინა სახეა უფლის მეორედ მოსვლისა.

ქართველები მართალ ლაზარესთან - უფლის მეგობართან - მუდამ დიდ სულიერ კავშირს გრძნობდნენ. უფლის კვართით დაწინდულნი, ღვთისმშობლის წილხვედრნი, წმინდა ანდრიას ჯვრით მოქცეულნი, წმინდა ნინოსეულ ემბაზში განათლულნი, თვითონაც უფლის მეგობრებად მიიჩნევდნენ თავს.

მათ, როგორც წმინდა კირიონ კათოლიკოსი ბრძანებდა,”გააქრისტიანეს თავისი საუკუნო ეროვნული სარწმუნოება, მისცეს ქრისტიანობას თვისება თავისი ეროვნული ხასიათისა: სირბილე, გულითადობა, სითბო, უბოროტობა, სიმტკიცე. მუდამ გამზადებული ჰქონდათ გულები, მუდამ მორტყმული ჰქონდათ სარტყელი (აკი, კიდევაც უწოდებდნენ სარტყლის ქრისტიანებს, და არა მარტო წმინდა გიორგის დიდი სიყვარულისთვის).

წმინდა დავით აღმაშენებელმა ნიკოფსიიდან დარუბანდამდე გადაჭიმული ქვეყანა დაგვიტოვა. მარტო დავითის საფლავთან დაფიცება, გულში მჯიღის ცემა არ არის საკმარისი ქვეყნის გასაერთიანებლად. შენი ღვთისმოშიშებითა და თავმდაბლობით დავითის სულის ნაწილი მაინც უნდა მოიპოვო. ქვეყანას თუ ვერ გააერთიანებ და სოხუმს ვერ დაიბრუნებ, "ნოსტალგიის განსაქარვებლად" კი მცხეთაში, მტკვარ-არაგვის შესართავთან პლაჟები არ უნდა მოაწყო და ამით ქართველებს ნათლობის ემბაზი არ შეუბილწო, ანდა გამოგონილი ომით არ დაზაფრო ხალხი.

მართალ ლაზარეს ორი წმინდა და ჰყავდა: მართა და მარიამი. მათი ცრემლების გამოც აღადგინა უფალმა ოთხ დღეს საფლავს დადებული ლაზარე. ამიტომაც, დანო და ძმანო, შევიძინოთ ღრმა სარწმუნოება და კეთილი საქმეები, ვითარცა ორნი დანი - მარიამ და მართა, რათა უფალმა ლაზარე-ივერია მკვდრეთით აღგვიდგინოს. მივბაძოთ  მართასა და მარიამს და შევღაღადოთ მაცხოვარს:”უფალო, აჰა, რომელი გიყვარს, სნეულ არს!”

კახაბერ კენკიშვილი