"მხნე იყავ და განძლიერდი" - გილოცავთ გიორგობას! - კვირის პალიტრა

"მხნე იყავ და განძლიერდი" - გილოცავთ გიორგობას!

დამდგარიყო წელი 303-ე - კიდევ ერთი წელი რომის იმპერატორის დიოკლეტიანეს ზეობისა, რომელიც ნერონის მსგავსად, ქრისტიანთა სიძულვილით გამოირჩეოდა.

თავისი გამგებლობის ბოლო წლებში მან სასტიკი ბრძოლა გამოუცხადა "ნაზარეველის მიმდევრებს", სრული თავისუფლება მიანიჭა პროვინციის მმართველთ და მხარდაჭერა აღუთქვა ქრისტიანთა დევნისას (ეს სწორედ ის დიოკლეტიანეა, რომელსაც ამსოფლიური ამაოების განცდამ მიწიერი დიდების უმაღლესი მწვერვალიც მოაყირჭა, - რომის უზარმაზარი იმპერიის მმართველის ტახტი დაათმობინა და სულიერი სიმშვიდე ბოსტნეულის მოყვანით მოაპოვებინა).

დიოკლეტიანეს პირადი მცველი იყო კეთილსახიერი, ახოვანი, უშიშარი ჭაბუკი გიორგი - ტომით კაპადოკიელი, დედით და მამით ქრისტიანი. მისი ოჯახი ქრისტეს დიდი სიყვარულით გამოირჩეოდა - მამამისი მოწამებრივად აღესრულა, ხოლო დაქვრივებულმა დედამისმა ყველაფერი გააკეთა, რომ შვილისთვის ქრისტიანული აღზრდა მიეცა.

კეთილმსახური და სახიერი ჭაბუკი რომის ლაშქარში განმწესდა მხედრად. ჯერ იმპერატორის პირადი მცველი გახდა, შემდეგ კი მხედართმთავრის წოდებაც დაიმსახურა.

უზომოდ უყვარდა ქრისტე-ღმერთი, რომელიც თავის ქმნილებათა სიყვარულის გამო განკაცდა და ეცვა ჯვარს. მშვენივრად უწყოდა, რომ ვისაც უყვარს უფალი, ის სძულს სოფელს; რომ ქრისტიანობა მოწამეობაა - საკუთარი სურვილებისა და ვნებების, ზოგჯერ კი სიცოცხლის დათმობის ფასად რომ ემოწმები განკაცებული უფლის ჭეშმარიტ სწავლებას; რომ ქრისტეს უარმყოფელთ თავად ქრისტეც უარყოფს წინაშე მამისა თვისისა ზეცათაისა, ხოლო თავის ერთგულთ მიანიჭებს ძლევას ამა სოფელზე, რადგან თავად სძლია სიკვდილს, ხრწნილებასა და ამაოებას.

ისიც კარგად უწყოდა გიორგიმ, რომ ძალა უფლისა უძლურებაში განცხადდება. მთავარია, სასოებდე და მიენდო მას. სწორედ უფლის ძალამ და სიყვარულმა დაათმენინა ბორბლის მჭრელი დანებით დასერილი სხეულის ტკივილი, გულზე დადებული ლოდის სიმძიმე, საკირეში დანთებული ცეცხლის სიმხურვალე, რკინის სამსჭვალიანი სანდლებით სიარულის დროს განცდილი ტანჯვა, საპყრობილის სისასტიკე და მათრახებით ნაგვემი სხეულის წუხილი. ტკიოდა, როგორ არ ტკიოდა - როცა გახურებულსამსჭვალებიანი სანდლები ჩააცვეს, სიარული ვეღარ შეძლო - "თრევით მიმოათრევდნენ". აკი ევედრებოდა კიდეც უფალს: "მომანიჭე მე მოთმინებაი ვიდრე აღსასრულამდე, რაითა არა თქუას მტერმა გულსა თვისსა, ვითარმედ სადა არს ღმერთი იგი მისი". უფალსაც არასოდეს მიუტოვებია თავისი მონა: "გარდამოვიდა ბორბალიდან მთელი.. მყის გამოვიდა ანთებული საკირედან უვნებელი". მისი ტანჯვა 23 ნოემბერს ბორბალზე გაკვრით დაიწყო და 6 მაისამდე გაგრძელდა. 5 თვეზე მეტს აწამებდნენ, მაგრამ რომ ვერაფრით მოდრიკეს, ბოლოს, 6 მაისს თავი წარკვეთეს უფლის ერთგულს.

წმინდა გიორგიმ თავისი წამების 5 თვის განმავლობაში უამრავი ადამიანი აზიარა ჭეშმარიტებას. აღსასრულის შემდეგ კი სნეულთა მკურნალად და მეფეთა წინამძღოლად იქცა, ტყვეთა განმათავისუფლებლად და გლახაკთა ხელის აღმპყრობელად.

გიორგობას გილოცავთ ყველას!

მარიამ ბურჯანაძე