"კრების გამართვის მთავარი პრინციპი უკვე დარღვეულია!.." - კვირის პალიტრა

"კრების გამართვის მთავარი პრინციპი უკვე დარღვეულია!.."

"უთანხმოების მთავარი მიზეზი სამი დოკუმენტი გახდა"

უკვე გადაწყდა, რომ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია საბერძნეთში, კუნძულ კრეტაზე დაგეგმილ წმინდა და დიდ კრებაში მონაწილეობას არ მიიღებს. ეს გადაწყვეტილება წმინდა სინოდმა მიიღო სხდომაზე, რომელსაც საქართველოს პატრიარქი ილია მეორე უძღვებოდა. კრება კუნძულ კრეტაზე 16-27 ივნისს უნდა გაიმართოს. დღის წესრიგის შესათანხმებლად ჟენევაში 22-27 იანვარს მართლმადიდებელ ეკლესიათა მეთაურების შეხვედრა გაიმართა, სადაც გამოვლინდა, რომ ზოგიერთი საკითხისადმი მართლმადიდებელ ეკლესიებს განსხვავებული დამოკიდებულება აქვთ. კრეტაზე იმსჯელებენ ისეთ საკითხებზე, როგორიც არის: მართლმადიდებელი ეკლესიის ურთიერთობა დანარჩენ ქრისტიანულ სამყაროსთან, ქორწინების დამაბრკოლებელი მიზეზები - კერძოდ, შერეული ქორწინებები მართლმადიდებლებსა და არამართლმადიდებლებს შორის და სხვ. ცნობილია, რომ კრებას კონსტანტინოპოლის პატრიარქი ბართლომეოსი უწინამძღვრებს.

გიორგი ზვიადაძე, სასულიერო აკადემიის რექტორი, პროტოპრესვიტერი:

- არსებითი არის ის, რომ დიდი და წმინდა კრების გამართვამდე ერთიანობისა და თანხმობის პრინციპი უკვე დარღვეულია.

ილია მეორემ ჯერ კიდევ კონსტანტინოპოლში, პატრიარქების შეკრებისას განაცხადა, რომ ამ კრებამ მსოფლიოს უნდა აჩვენოს მართლმადიდებელი ეკლესიის ერთიანობა და არა დაპირისპირება. პატრიარქმა ისიც აღნიშნა, რომ ყველა საკითხზე მართლმადიდებელი ეკლესიის თანხმობაა საჭირო.

- რატომ ფიქრობთ, რომ კონსენსუსის პრინციპი უკვე დარღვეულია?

- ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების მეთაურები შეთანხმდნენ, რომ ყველა საკითხი როგორც კრებაზე, ისე კრების წინა, მოსამზადებელ შეხვედრებზე კონსენსუსით გადაწყვეტილიყო, რაც იმას ნიშნავს, რომ თუ ერთი რომელიმე ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესია წინააღმდეგი იქნებოდა ამა თუ იმ დოკუმენტისა, კრება მას არ განიხილავდა. ანტიოქიის ეკლესიამ არ მოაწერა ხელი დოკუმენტს, რომელიც ქორწინების დამაბრკოლებელ მიზეზებს ეხებოდა, ამიტომ წესით, კრების დღის წესრიგში ის არ უნდა შესულიყო. ამ დოკუმენტს არც საქართველოს ეკლესიამ მოაწერა ხელი, რადგან იგი არ ასახავდა მართლმადიდებელი ეკლესიის სწავლებას შერეულ ქორწინებასთან დაკავშირებით, მაგრამ ამის მიუხედავად, ეს დოკუმენტი დღის წესრიგში მაინც შევიდა. ანტიოქიამ ხელი არც კრების რეგლამენტს მოაწერა, რაც იმას ნიშნავს, რომ კონსენსუსი ამ საკითხშიც არ არის. ამდენად, კრების გამართვის მთავარი პრინციპი უკვე დარღვეულია.

- შეიძლება ბევრმა იფიქროს, მერე რა, თუ სხვადასხვა რწმენის ადამიანები იქორწინებენ, ამის გამო რატომ უნდა მომხდარიყო უთანხმოებაო.

- წმინდა ეკლესიის სწავლების უცდომელობა ვლინდება წმინდა წერილში, წმინდა გარდამოცემაში, ლიტურგიაში, დიდი სჯულის კანონში... არ შეიძლება რომელიმე კრებამ მიიღოს ისეთი დადგენილება, რომელიც მსოფლიო საეკლესიო კრების კანონს დაუპირისპირდება. მეექვსე საეკლესიო კრების 72-ე კანონი ადგენს, რომ ეკლესია არ აკურთხებს ქორწინებას მართლმადიდებელსა და არამართლმადიდებელს შორის. ქორწინების საიდუმლოს აღსრულება მართლმადიდებელსა და არამართლმადიდებელს შორის დაუშვებელია. მომავალი კრების განსახილველ დოკუმენტში კი ნათქვამია, რომ შერეული ქორწინება იკონომიით დასაშვებია იმ პირობით, თუ შერეული ქორწინების შედეგად დაბადებული ბავშვები მოინათლებიან მართლმადიდებელ ეკლესიაში და მართლმადიდებლური რწმენით აღიზრდებიან. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ცდილობდა, აღმოფხვრილიყო ყველა ხარვეზი, რომლებიც ხელს შეუშლიდა კრების გამართვას და ყველაფერი გააკეთა, რომ დოკუმენტში აღმოფხვრილიყო ეკლესიის სწავლებასთან არსებული შეუსაბამობა. დაუშვებელია ეკლესიის კანონიკური სწავლების საწინააღმდეგო რამ დაადგინოს რომელიმე კრებამ.

- უთანხმოება კიდევ რამ გამოიწვია?

- უთანხმოების მთავარი მიზეზი სამი დოკუმენტი გახდა: პირველი - მართლმადიდებელი ეკლესიის მისია თანამედროვე მსოფლიოში, მეორე - მართლმადიდებელი ეკლესიის დამოკიდებულება დანარჩენ ქრისტიანულ სამყაროსთან; მესამე - ქორწინების დამაბრკოლებელი მიზეზები.

ეს სამი დოკუმენტი ისეთ დოგმატურ ცდომილებებს შეიცავს, რომელთა შესწორებისა და აღმოფხვრის გარეშე მათი მიღება შეუძლებელია.

- მსოფლიო კრებას კუნძულ კრეტაზე ყველა მართლმადიდებელი ეკლესია არ ესწრება. ჩნდება კითხვა: ეს ხომ არ გამოიწვევს განხეთქილებას ერთმორწმუნე ეკლესიებს შორის?

- ჩვენ ამას არ ვისურვებდით, რადგან ეკლესიის მთლიანობა უაღრესად მნიშვნელოვანია. ამავე დროს, ყველაზე მთავარი და არსებითია ის, რომ ეკლესიამ დღესაც დაამოწმოს მთელი მსოფლიოს წინაშე ჭეშმარიტი სწავლება, მაცხოვნებელი მოძღვრება. ეკლესიას აქვს მარად უცვლელი სწავლება, რასაც ის მოწმობდა ყველა ეპოქაში.

- კრება რამდენჯერმე გადადეს. ხომ არ შეიძლება ის კიდევ ერთხელ გადაიდოს?

- კრების გამართვა თვითმიზანი ხომ არ უნდა იყოს? საქართველოს ეკლესია აქტიურად მონაწილეობდა კრების წინა, მოსამზადებელ შეხვედრებში, რომ დოკუმენტებში არსებული ხარვეზები გამოსწორებულიყო, მაგრამ ყოველივე ზემოთქმულისა და ამასთან, იმ გარემოებების გათვალისწინებით, რაც კრების გამართვის წინ შეიქმნა, საქართველოს ეკლესია მასში მონაწილეობას ვერ მიიღებს, რაც წმინდა სინოდმა ერთხმად განაცხადა კიდეც. ჩვენი პოზიცია ასეთია: უნდა გასწორდეს დოგმატური ცდომილებები, რომლებიც კრების დოკუმენტებში გვხვდება, უნდა მივაღწიოთ საყოველთაო კონსენსუსს და ამის შემდეგ შეიძლება ჩატარდეს კრება, რომელიც მართლმადიდებელთა ერთიანობასა და თანხმობაზე იქნება დაფუძნებული.

- დაბოლოს, მამა გიორგი, რომელი ეკლესიები არ მონაწილეობენ დიდი და წმინდა კრების მუშაობაში და თუ არის ცნობილი, მათ კიდევ რომელი ქვეყნები მიემატება?

- კრებაში მონაწილეობაზე უარი თქვეს ანტიოქიის, სერბეთისა და ბულგარეთის ეკლესიებმაც. ჯერჯერობით სხვა ეკლესიებს ოფიციალურად არაფერი განუცხადებიათ...

ხათუნა ჩიგოგიძე